მხატვრობა რატომ გავიდნენ მხატვრები პლენერზე? 2017, 25 იანვარი, 3:23 პეიზაჟის განვითარების ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს XIX საუკუნის ფრანგმა მხატვრებმა, რომელთაც იმპრესიონისტები უწოდეს. სწორედ ამ მხატვართა შემოქმედებაში დამკვიდრდა ღია ცის ქვეშ, ანუ პლენერზე ხატვა.
მართალია მანამდე ბარბიზონელებიც გავიდნენ პლენერზე, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ ბარბიზონელები ხატვას სახელოსნოში ასრულებდნენ, იმპრესიონისტები კი ბუნებაში.
1874 წელს პარიზში ნადარის ფოტოატელიეში შემდგარი გამოფენის მონაწილე მხატვრები არაკეთილგანწყობილმა ჟურნალისტმა ლუი ლერუამ "შთაბეჭდილების მხატვრებად" მონათლა. განსაკუთრებული კრიტიკის საგნად კი სწორედ მონეს სურათი "მზის ამოსვლა : შთაბეჭდილება" იქცა. მალე ამ მხატვრებს ოფიციალურადაც იმპრესიონისტებს უწოდებდნენ. ეს მხატვრები კი იყვნენ:
კლოდ მონე
ოგიუსტ რენუარი ედგარ დეგა კამილ პისარო ალფრედ სისლეი ეს სახელი მხატვრებს მხოლოდ მოცემული სურათის გამო როდი უწოდეს. იმპრესიონისტები ცდილობდნენ ტილოზე აღებეჭდათ წამიერი შთაბეჭდილებები, გადმოეცათ სინათლისა და ამინდის უმცირესი ცვალებადობაც კი, რაც მხოლოდ ბუნებაზე გამუდმებით დაკვირვების შედეგად იყო შესაძლებელი. ზედმიწევნით ზუსტად რომ აესახათ ბუნების სურათები, მხატვრები გავიდნენ პლენერზე, ამისთვის ესაჭიროებოდათ დასაკეცი მოლბერტი, სკამი, ყუთით საღებავები (ამ დროისთვის დაიწყო საღებავის გამოშვება ტუბებში), ტილოები და ფუნჯები. მხატვრები მუშაობდნენ სწრაფი მონასმებით, წინასწარი ესკიზების გარეშე, უშუალო შთაბეჭდილებები პირდაპირ ტილოზე გადაჰქონდათ. "დაივიწყეთ თუ რას ხედავთ თქვენს წინაშე - იქნება ეს ხე, სახლი თუ მინდორი... უბრალოდ ხატეთ არა საგნები, არამედ მათი ფერითი შედგენილობები, " - წერდა მზისა და სინათლის დიდოსტატი კლოდ მონე. იმპრესიონისტთა პეიზაჟებში ბუნება მუდმივ მოძრაობაშია. მათ იტაცებთ შუქჩრდილის მრავალგვარი კომბინაციებით წარმოქმნილი მცევარეთა უცნაური სილუეტები, წყალზე არეკლილი მზის სხივების ფერადოვნება. ყოველივე ამის დასაფიქსირებლად კლოდ მონე ქმნიდა სურათებს - "თივის ზვინი", "ალვის ხეები", "რუანის ტაძარი", "დუმფარები". მხატვარი ამ საგნებს სხვადასხვაგვარი განათების პირობებში, დღეღამის სხვადასხვა მონაკვეთში აკვირდებოდა. თითოეული თემა მხატვარმა წარმოგვიდგინა სხვადასხვა სახით. ასე, მაგალითად სერია რუანის ტაძარი 50 სურათს მოიცავს. იმპრესიონისტებმა ზღვის პეიზაჟებშიც შეიტანეს სიახლე - წყლის სივრცე მათთან ყოველთვის მოძრავია, მუდმივად იცვლის ფერს. იმპრესიონისტთა პეიზაჟებში ცაც მოძრავი და დინამიკურია მას არ მიენიჭება მარტივი ფონის როლი. რამდენიმე მონასმით ამ მხატვრებს შეეძლოთ გამოესახათ მოახლოებული ჭექაქუხილი, ღრუბელთა სწრაფი გადაადგილება და ა.შ. კლოდ მონე და ოდიუსტ რენუარი ერთხანს ერთსა და იმავე სიუჟეტებზე მუშაობდნენ შემოქმედებითი მეთოდების შედარების მიზნით (მეგობრული პაექრობა). ამ სურათებზე გამოსახული პარიზელებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილი "ლა გრენუიერი" (მოცურავე კაფე). ორივე მხატვარმა ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილიდან დახატა ის. თუმცა მათ შორის განსხვავება უდაოდ იგრძნობა. იმპრესიონისტებს იტაცებდათ აგრეთვე ქალაქის, ანუ ურბანისტული პეიზაჟი. პარიზი კი იმხანად ყველაზე თანამედროვე ევროპული ქალაქი იყო. იმპრესიონისტები გამოსახავდნენ ახალ, ფართო ბულვარებს, პარკებს, მდინარე სენას სანაპიროებს, მოსეირნე პარიზელებს... 519 2-ს მოსწონს
|