პირველი პროფესიონალი მხატვარი, რომელმაც
განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. მაისურაძე იყო ალექსანდრე
ჭავჭავაძის ყმა. მან ბავშვობიდან
გამოამჟღავნა ხატვისადმი ინტერესი. ამიტომ ალექსანდრე ჭავჭავაძემ მას ხელი შეუწყო
პეტერბურგის აკადემიაში ჩასაბარებლად. გრიგოლ მაისურაძე 1837 წ.-ს პორტრეტისტ კარლ
ბრიულოვის კლასში ჩაირიცხა ე.წ. „კლასგარეშე მოწაფედ“. (მანამდე, 1835 წელს გაემგზავრა მოსკოვში,
სადაც 2 წელი სწავლობდა ხატვას). მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მაისურაძე
შეეცადა კლასგარეშე კურსის ვადამდე ადრე დამთავრებას. მაისურაძეს დახმარებას
უწევდა ბაგრატ ბატონიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ, ჭავჭავაძემ ჩააბარა ახალგაზრდა
მხატვარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონიშვილიც ხელმოკლედ ცხოვრობდა. ბატონიშვილმა
1838 წ.-ს თხოვნით მიმართა აკადემიის პრეზიდენტს კ. ოლენინს მაისურაძე ჩაერიცხა
მოწაფედ სახელმწიფოს ხარჯზე. მაგრამ ასეთი ფორმით მოწაფეების ჩარიცხვა აკადემიაში
აკრძალული იყო. უმნიშვნელო დახმარებით გამოეხმაურა აკადემიის გამგეობა 1840 წელს
დაწერილ გრიგოლ მაისურაძის თხოვნასაც.
1841 წ.-ს მან აკადემიის საბჭოს წარუდგინა
პორტრეტი და ითხოვა მიენიჭებინათ კლასგარეშე მხატვრის წოდება.მაგრამ საბჭომ
წარდგენილი პორტრეტი არ ჩათვალა საკმარისად აღნიშნული წოდების მისანიჭებლად. 1842
წ.-ს გრიგოლ მაისურაძე აკადემიის საბჭოს ნებართვას სთხოვს კლასგარეშე მხატვრის
სტატუსის მისაღებად დაწეროს თავად გეროკაძის პორტრეტი.საბჭო თხოვნას აკმაყოფილებას
და თან ავალებს-პორტრეტთან ერთად წარმოადგინოს სათანადო მტიკიცება, რომ პორტრეტი
ნამდვილად მან დაწერა. 1843 წ.-ს მაისურაძე ისევ პეტერბურგშია. მის შესახებ კარლ
ბრიულოვის წარდგინებაში ნათქვამია:“გიორგი მაისურაძე...წარმატებას იჩენს
მხატვრობაში, მაგრამ უკიდურესად ღარიბია, საშუალება არ აქვს გადაიხადოს ბილეთის
ფასი ნატურიდან ხატვასა და სამხატვრო სკოლაში მეცადინეობის დასწრებისათვის. ამიტომ
გთხოვთ აკადემიის საბჭოს დახმარება გაუწიოთ მას...“ 1844 წ.-ს აკადემიის საბჭო
იწონებს გეროკაძის პორტრეტს და „პორტრეტულ ფერწერაში კარგი ცოდნის“ გამოჩენისათვის
გრიგოლ მაისურაძეს ანიჭებს კლასგარეშე თავისუფალი მხატვრის წოდებას.
უნდა
აღინიშნოს, რომ ბრიულოვის სახელოსნოში მაისურაძე უკარაინელ მწერალსა და მხატვრთან
ტარას შევჩენკოსთან ერთად სწავლობდა.(ტარასმა აკადემიაში სწვალის დროს დახატა
„კატერინა“ და დაწერა „კობზარი“). პეტერბურგიდან მაისურაძე ჭავჭავაძის ოჯახს
დაუბრუნდა. 1850წ.-ს მუშაობა დაიწყო ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის სუფთა წერის,
ხატვისა და ხაზვის მასწავლებლად. გარდა ამისა, ქუთაისაა და მიმდებარე სოფლებში
ბევრი ეკლესიის კანკელია
გრიგოლ მაისურაძის ნახელოვნები. 1855 წ.-ს
ქუთაისის საგიმნაზიო ეკლესიისათვის შეუწირავს მაცხოვრის ხატი, რის გამოც
დაუჯილდოვებიათ „მუქი ბრინჯაოს მედლით წმინდა ანდრია პირველ მოციქულის ლენტზე“.
ნაპოვნია მის მიერ შესრულებული სამი ხატი : „სახე უფლისა“, “იოანე მახარობელი“,
„ლომისის წმინდა გიორგი“. სამივე დიღმის წმინდა გიორგის საყდარში კანკელზე იყო
მოთავსებული.
ქუთაისში სოცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობაც ამ
ქალაქშია გაფანტული.