ტროას ომი
ძვ.წ. VIII საუკუნეში ბერძენმა პოეტმა ჰომეროსმა ლეგენდარული ომის შესახებ გავრცელებულ ეპოსს ხორცი შეასხა და დასავლური ლიტერატურის უდიდეს ძეგლად აქცია. ეს არის ამბავი, სადაც რთულია გამოიყოს ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. ეპიკური პოემა, რომელიც 24 ქებას აერთიანებს, მშვენიერი ელენესა და ტროელი
უფლისწულ პარისის, აქილევსის, მენელაესა და აგამნენონის სასტიკი ბრძოლის და ღმერთების კეთილშობილება-ვერაგობის ამბავს მოგვითხრობს. ღმერთებითა და გმირებით დასახლებული სამყარო, რომელიც გააცოცხლა კიდევ ერთხელ ჰომეროსმა „ილიადასა“ და „ოდისეაში“, ტროას ომი გადარჩა დამწერლობის შემოღებამდე სახალხო მგოსნების წყალობით.
„ილიადა“ და „ოდისეა“
„ილიადაში“ ავტორი ტროას ომის უკანასკნელი, მეათე წლიდან იწყებს თხრობას. რაც შეეხება ომის პოეტურ სცენარს, მისი შინაარსი ასეთია: მოქმედება ხდება მცირე აზიაში, ჰელესპონტის (ამჟამინდელი დარდანელის სრუტე) დასავლეთით. ათასობით გემმა მენელაეს ძმის, მეფე აგამნენონის (მიკენეს მეფე) მეთაურობით ბეოტიის პორტიდან ტროას მიაშურა. თავისი მნიშვნელობით ტროა მიკენურ ხანასა და ცივილიზაციასთან იყო გაიგივებული. აქაველთა (აქაველები რიგით მეორე დამპყრობლები იყვნენ, ვინც ანტიკური საბერძნეთის ინდოევროპული ოჯახის ენა მიითვისა) სამხედრო ფლოტი ათენელების, სალამინელების, კრეტელების, მირმიდონების, არკადიელებისა და ლაკედემონელებისგან შედგებოდა. ამ სამხედრო ექსპედიციის მიზანი იყო მოტაცებული ელენეს გამოხსნა და ტროელებზე შურისძიება. მოწინააღმდეგე მხარეს ტროელი მეომრები და თრაკიელები, ფრიგიელები, დარდანელებ იყვნენ. ოლიმპოზე კი ღმერთები დაკავებულნი იყვნენ ტრაგედიის ძაფების ხლართვით, ადამიანებს ხან ერთ ჯგუფთან აახლოებდნენ, ხან მეორესთან, ატყუებდნენ, ხან ხოცავდნენ და ხანაც საბრძოლო სტიმულს აძლევდნენ.
ომის დაწყების მიზეზები
ოლიმპოს ღმერთები ხშირად უსამართლობას სჩადიოდნენ. აქილევსის მშობლების, თეტიდასა და მოკვდავი პელევსის ქორწილში განხეთქილების ქალღმერთი ერიდა არ დაპატიჟეს, რის გამოც განაწყენებულმა ლხინზე შეაგორა ოქრის ვაშლი წარწერით
„უმშვენიერესს“. ქორწილში იყვნენ ქალღმერთები: ჰერა, აფროდიტე და ათენა. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი, რომელიც გახდა დავის
საგანი ამ სამ ქალღმერთს შორის.
დავაში თვით ზევსიც კი ჩაერია, რომელიც ფატალური ოქროს ვაშლის ბედი (მოკვდავ) პარისს არგუნა. სწორედ მას უნდა მიერთმია ვაშლი იმ ქალღმერთისთვის, ვისაც ის უმშვენიერესად ჩათვლიდა. ვაშლი აფროდიტეს ერგო, რომელიც პარისს დაჰპირდა სპარტელი ელენეს სიყვარულს. უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ერთნი ელენეს მოტაცებაზე ლაპარაკობდნენ, მეორენი კი ცოლ-ქმრულ ღალატზე. გმირებმა და ღმერთებმა პოზიციები თავიდანვე გააინაწილეს. ზევსი იდის მთიდან ადევნებდა თვალს საომარ შეტაკებებს. ჰერამ პოსეიდონი სიყვარულის მახეში გააბა და შემდეგ ღრმა ძილს მიეცა. ამით ისარგებლა, ჰერას ძმამ, პოსეიდონმა და აგამნენონის დახმარება სცადა. მაგრამ ზევსის გამოღვიძებით ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. აქაველებმა შეუტიეს ტროას მიუდგომელ კედლებს, რამაც განარისხა ქალაქის მფარველი აპოლონი და აიძულა პარისის ძმა ჰექტორი ბრძოლაში ჩაბმულიყო. ამ ბრძოლაში დაიღუპა პატროკლე აქილევსის მეგობარი, რომლის სიკვდილმაც აქილევსი გააცოფა. ქალღმერთი ათენა ზევსის დავალებით აქილევსს გასაძლიერებლად ღმერთების საკვებს, ამბროსიასა და ნექტარს აძლევდა, თუმცა აქილევსის სიკვდილი მოახლოებული იყო. აქილევსმა მოკლა ტროელი უფლისწული ჰექტორი ( მან მოკლა პატროკლე).მან ჰექტორის ცხედარი ეტლს გამოაბა და ქალაქის კედლებს შორის ათრია. დიდი თხოვნის შემდეგ კი ცხედარი ჰექტორის მამას დაუბრუნა. „ილიადა“ მთავრდება ჰექტორის დაკრძალვის რიტუალით.
რაც შეეხება „ოდისეას“ ის 24 თავისგან შედგება და დასასრულიც ბედნიერი აქვს. მასში მოთხრობილია ოდისევსის თავგადასავალი. „ოდისეაში“ ჰომეროსი „ილიადაში“ მოთხრობილ ზოგიერთ ეპიზოდს შეგვახსენებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტროას ცხენის ისტორია.
არსებობდა თუ არა ნამდვილად ტროას ცხენი?
ითვლება, რომ ტროას ცხენი კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური საომარი ხრიკია. ჰომეროსი „ოდისეას“ მერვე ქებაშ ყვება ოდისევსის იმ პათერაკიან თავგადასავალს, რაც ოდისევსს სამშობლოში ანუ ითაკაშ დაბრუნების დროს გადახდა.
ფეაკთა მეფე ალკინოეს სასახლეში მეგობრულად შეეგებნენ ოდისევსს და დაეხმარნენ. სწორედ ამ ეპიზოდში იჩენს თავს ცხენის ისტორიაც. ოდისევსმა უსინათლო მომღერალ დემოდოკეს მიმართა და სთხოვა, „ხის ცხენის ამბავი ემღერა, რომელიც ეპეიოსმა ტროელთა გასაცურებლად ააგო. ოდისევსმა კი აკროპილისამდე მიაგორა, ხის ცხენი
მეომრებით გაავსეს და ამ საომარი ხრიკის გამოყენებით ტროა მიწასთან გაასწორეს“.
ძვ.წ. I საუკუნეში პოეტ ვირგილიუსის ლათინურ ენაზე დაწერილი პოემა „ენეიდა“ რიგით მეორე წიგნია, სადაც იხსენიება ტროას ცხენი. ტროას ცხენს ტრიუმფალური სვლა არ შეუწყვეტია.
ბევრმა ისტორიკოსმა ცხენის არსებობა ეჭქვეშ დააყენა. ძვ.წ II საუკუნის გეოგრაფის პავსანიას მოსაზრებით ცხენი ტარანის მსგავსი ერთგვარი იარაღი იყო, რომელითაც უნდოდათ აქაველებს ტროას კედლების შენგრევა. კიდევ ერთი შეხედულებით, ცხენი ბერძნული ფლოტის მეტაფორა უნდა ყოფილიყო, რადგან ჰომეროსმა ზღვის ღმერთ პოსეიდონის სიმბოლურ გამოხატულებად ხომალდებს „ზღვის ცხენები“ უწოდა.
ვინ ააგო ტროას ცხენი?
ჰომეროსის გადმოცემით, ცხენის აგების იდეა ოდისევსს გაუჩნდა. სინამდვილეში კი ეპეიოსმა მთა იდიდან ჩამოტანილი ფიჭვის ხით ცხენი გამოთალა. პანოპევსის ვაჟი ეპეიოსი მეომარი იყო, რომელიც ტროასი საომარი ექსპედიციის დროს 30 ხომალდს მეთაურობდა და მხოლოდ ერთადერთხელ იხსენიება, ისიც ცხენის კონსტრუქტორად. ბერძნებს საჭირო ტექნოლოგიები ჰქონდათ ცხენის ასაგებად. თუმცა მიუხედავად არსებული ინფორმაციებისა, ცხენის არსებობისა და მისი ამგები ოსტატის ვინაობის შესახებს სარწმუნო ცნობები დღემდე არაა მოძიებული.
ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ხის ცხენი შესაძლოა ბერძნულ მითლოგიაში ხმელეთისა და ძღვის ღვთაებათა პოსეიდონის სიმბოლო იყო. მრავალი ბერძნული ქალაქის მფარველი პოსეიდონი ქალების საცდუნებლად ხშირად ცხენად გადაიქცეოდა
ხოლმე.
იყო თუ არა ცარიელი ტროას ცხენი?
ცნობილია, რომ ცხენში ჩამალული მომრების რაოდენობის შესახებ არც „ოდისეასა“ და არც „ენეიდაში“ არაფერია ნათქვამი.
კორნელის უნივერსიტეტის კლასიკური ისტორიის პროფესორი, წიგნის „ტროას ომი“ ავტორი ბარი შტრაუსი აცხადებდა, რომ ტროას ცხენი, შესაძლოა, ქალაქში ელიტური ჯარის შესაგზავნად გამოიყენეს, თუმცა, ამავე დროს, ამ საომარი ხრიკის ამოცნობის
რისკიც მაღალი იყო. მისი აზრით, თუკი ცხენი მართლაც არსებობდა, ის ცარიელი უნდა ყოფილიყო. ქალაქში მეომრების შეგზავნის გაცილებით მარტივი და უსაფრთხო გზებიც არსებობდა.
ცხადია, მართლაც არსებობდა ტროა და ომიც ნამდვილად მოხდა, შესაძლოა არაერთიც. თანამედროვე გეოგრაფიული მნაცემები გვიჩვენებს, რომ ჰომეროსის მიერ
აღწერილი ტროა და მისი შემოგარენი ზედმიწევნით ზუსტია. ერთადერთი რასაც ვერასდროს გავიგებთ, არის ის, მართლა ათ წელიწადს გრძელდებოდა თ არა ომი. ნამდვილად იმ მიზეზით დაიწყო ბრძოლა, როგორც ჰომეროსი აღწერს და მართლაც არსებობდა თუ არა ტროას ცხენი. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ლეგენდებმა რომელიც ტროაზე შეიქმნა საუკუნეებს გაუძლო და დიდი ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.