x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
XX საუკუნის ცამეტი ყველაზე გახმაურებული ავიადანაშაული
გასულ საუკუნეში, თვითმფრინავების ეპოქის დადგომისთანავე დამნაშავეებსა და ტერორისტებს მიეცათ საშუალება თავიანთი ბინძური საქმეები ჩაედინათ არამარტო დედამიწაზე, არამედ ცაშიც. დღევანდელ პოსტში მინდა გავიხსენო რამოდენიმე გახმაურებული ავიადანაშაული, რომელიც გასულ XX საუკუნეში მოხდა.


image



1970 წელი, ცნობილი "შავი სექტემბერი"


image


ხუთი თვითმფრინავი, რომლებიც ამერიკულ ავიაკომპანიებს TWA-ს, Pan Am-ს და ისრაელის ავიაკომპანია El Al-ს ეკუთვნოდა, გაიტაცა ტერორისტების ჯგუფმა, რომლებიც თავს " პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის" წევრებს უწოდებდნენ. ლაინერები ევროპის თავზე სამი დღის განმავლობაში დაფრინავდნენ. მგზავრების განთავისუფლების შემდეგ გამტაცებლებმა ხუთი თვითმფრინავიდან სამი იორდანიის აეროპორტში დასვეს, ასაფეთქებელი ნივთიერებით გაავსეს და ააფეთქეს. დანარჩენი ორი თვითმფრინავი კი ეგვიპტეში ააფეთქეს.

სურათზე თქვენ ხედავთ გათავისუფლებულ მძევლებს. თვითმფრინავების გატაცება თავის თავზე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ "შავი სექტემბერი". გამტაცებლები მოითხოვდნენ აშშ-ს შეეწყვიტა ისრაელის დახმარება.


1971 წელი


image

ადამიანმა, რომელიც თავის თავს დ. კუპერს უწოდებდა, გაიტაცა ავიაკომპანია Northwest Orient-ის კუთვნილი Boeing 727, რომელიც რეისს ასრულებდა პორტლენდიდან სიეტლში. გამტაცებელი იმუქრებოდა ლაინერის აფეთქებით, თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდნენ: კუპერი მილიონნახევარ დოლარს ითხოვდა. მგზავრების უსაფრთოების მიზნით მას მოთხოვნა შეუსრულეს. ვაშინგტონის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ის პარაშუტით გადმოხტა თვითმფრინავიდან და თან წაიღო საკმაოდ მსხვილი თანხა. ამის შემდეგ კუპერი აღარავის უნახავს და არც მასზე სმენიათ რამე.


1972 წელი


image

რეისზე Cathay Pacific, რომელიც ბანგკოკიდან ჰონგკონგში მიფრინავდა, მომხდარი აფეთქების შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა. დანაშაული ჩაიდინა ტაილანდის პოლიციის ოფიცერმა, რომელსაც ამ ხერხით სურდა თვითმფრინავში მყოფი ყოფილი საცოლის მოკვლა.


1973 წელი


image

განხორციელდა მცდელობა თვითმფრინავი Ту-104-ის გატაცებისა, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-ჩელიაბინსკი-ირკუტსკი- ჩიტა. ბოროტმოქმედი გახლდათ ჩინგიზ იუსუპ-ოღლი რზაევი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე ირკუტსკში ავიდა. რეისის გამცილებელმა მილიციელმა გამტაცებელს ზურგში ესროლა, თუმცა ტყვია სასიკვდილო არ აღმოჩნდა და დაჭრილმა რზაევმა მოახერხა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა. თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და ეკიპაჟის რვა წევრის და 72 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.


1976 წელი


image

ავიაკომპანია Air France-ის კუთვნილი თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ტელ-ავივიდან პარიზში. ის გატაცებული იქნა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რევოლუციური ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივი ძალებით. ლაინერი ჯერ ლიბიაში, შემდეგ კი უგანდაში გაიტაცეს. უგანდის ქალქ ენტებეში 105 ადამიანი მძევლად დარჩა მანამ, სანამ ისრაელის თავდაცვის არმიის სპეციალურმა რაზმმა არ გაათავისუფლა ისინი. ოპერაციის დროს დაიღუპა 3 მგზავრი, 7 ტერორისტი, ერთი ებრაელი ოფიცერი და 40-მდე უგანდელი ჯარისკაცი. მოკლული ებრაელი ოფიცერი იოანათან ნეთანიაჰუ იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსი ძმა.

სურათზე: ისრაელელი პილოტი, რომელსაც სამშობლოში დიდი პატივით შეხვდნენ.


1985 წელი


image

შიიტმა ბოევიკებმა გაიტაცეს ავიაკომპანია TWA-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ათენი-რომი. მათ მგზავრები ორი კვირის განმავლობაში ჰყვადათ მძევლებად აყვანილი. ერთადერთი მსხვერპლი იყო ამერიკელი სამხედრო მყვინთავი, რომელიც დახვრიტეს და აეროპორტის მოედანზე გადმოაგდეს თვითმფრინავიდან. საბოლოოდ ყველა სხვა მძევალი გაათავისუფლეს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ციხიდან გამოეშვათ 700-ზე მეტი შიიტი.

სურათზე: თვითმფრინავის გამტაცებელი შიიტები.


1985 წელი, 23 ივნისი


image

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 747 ასრულებდა რეისს ტორონტო-ბომბეი. ჩრდილო ატლანტიკის თავზე გადაფრენის დროს ის ააფეთქეს ბოევიკმა სიკჰებმა. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტი- დაიღუპა 329 ადამიანი. მეორე ბომბი, რომელიც Air India-ს კიდევ ერთ Boeing 747-ში უნდა ჩაედოთ, ნაადრევად აფეთქდა ტოკიოში და საბედნიეროდ, მისი თვითმფრინავში შეტანა ვერ მოასწრეს.


1987 წელი


image

ლოს-ანჟელესის აეროპორტში სამსახურიდან ცოტაოდენი ხნის წინ გათავისუფლებულმა მოლარემ მოახერხა დაცვის თანამშრომლების გვერდის ავლით პისტოლეტი შეეტანა Pacific Southwest Airlines (PSA)-ის კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც სან-ფრანცისკოში მიფრინავდა. ფრენის დროს ის შეიჭრა ეკიპაჟის კაბინაში, მოკლა ორივე პილოტი, შემდეგ კი თვითმფრინავი ცხვირით დაანარცხა მიწას კალოფორნიის ქალაქ ჰარმონთან ახლოს. კატასტროფის შედეგად ყველა 44-ვე მგზავრი დაიღუპა.


1988 წელი


image

ავიაკომპანია Pan Am-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 259 მგზავრი იმყოფებოდა, შოტლანდიის ქალაქ ლოკერბისთან ახლოს განიცადა კატასტროფა მას შემდეგ, რაც მასში ჩადებული ბომბი აფეთქდა. ეს იყო ერთ - ერთი ყველაზე რთული გამოძიება ავიაკატასტროფების ისტორიაში: ხანგრძლივი მოკვლევის შემდეგ განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა ორი ლიბიელი ბოევიკი- ალ-ამინპ-ხალიფ ფიმახი და აბდელ-ბასეტ ალი ალ-მეგრახი. ფიმახი გაამართლეს, ხოლო ალ-მეგრახი დამნაშავედ მიიჩნიეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2009 წელს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ის ამნისტიით გაათავისუფლეს.


1989 წელი


image

იმ მიზნით, რომ პოლიციის ინფორმატორები მოეკლათ, ნარკოკარტელის წევრებმა ააფეთქეს ავიაკომპანია Avianca-ს კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს ასრულებდა ბოგოტადან კალეში. შედეგი: არცერთი ცოცხლად გადარჩენილი ეკიპაჟის 7 წევრიდან და 103 მგზავრიდან.


1994 წელი


image

Federal Express-ის მფრინავი ობერნ კელოუეი, ეკიპაჟის დამატებითი წევრი, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებოდა, თავს დაესხა DC-10-ის სამ პილოტს ჩაქუჩითა და ნაჯახით და საშინლად დაასახიჩრა ისინი. კელოუეი აპირებდა თვითმფრინავის გატაცებას და მემფისში მდებარე FedEx-ის შტაბ-ბინის შენობაზე მის დაცემას, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა. სისხლისაგან ნახევრადდაცლილმა და ღონემიხდილმა პილოტებმა მაინც შეძლეს ბოროტმოქმედის გაუვნებელყოფა.


1999 წელი


image

ინციდენტი ბოტსვანაში მოხდა: Air Botswana-ს მეთაურმა გაიტაცა ცარიელი ATR და შეასკდა ორ პარკირებულ თვითმფრინავს. ბოროტმოქმედი ადგილზე დაიღუპა, მაგრამ ამ ვანდალური აქტით გაანადგურა თავისი ქვეყნის ისედაც მიზერული ავიაპარკი.



1983 წელი, "თვითმფრინავის ბიჭები"


image

1983 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში მოხდა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით ქართველების მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A. თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთა შორის იყო ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი."აეროფლოტის" სამგზავრო თვითმფრინავი 6833 თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო. თბილისის აეროპორტში შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა ლაინერში იარაღის შეტანა, მათი მიზანი საბჭოთა საქართველოდან დასავლეთში გაქცევა იყო-ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავი უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თურქეთში უნდა დამჯდარიყო. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა. ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი ჰქონდა. ლაინერში 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. სულ შტურმის დროს დაიღუპა შვიდი ადამიანი: ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა, თავი მოიკლა.



0
520
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0