პროზა როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები "წითელქუდას" - იდეა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა! შეუერთდით თქვენც! 2016, 2 სექტემბერი, 16:49 სოციალურ ქსელში ინტელექტუალური გვერდის, "იდეის" მიერ გავრცელდა პოსტი, რომელშიც წარმოდგენილია ვერსიები იმის შესახებ, თუ როგორ დაწერდნენ სხვადასხვა მწერლები ყველასათვის ცნობილ ზღაპარს "წითელქუდა". პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, რომლებშიც მომხმარებლები საკუთარ ვერსიებს გვთავაზობენ. ამგვარი, ერი მხრივ სახალისო იდეა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ სასიხარულო ფაქტს, რომ საქართველოში წიგნის საკმაოდ ბევრი მოყვარული არსებობს. "როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები "წითელქუდას": *** ერიხ მარია რემარკი - მოდი ჩემთან. - მშვიდად წარმოთქვა მგელმა. წითელქუდამ ორი ჭიქა აავსო კონიაკით და მგელს სასთუმალთან მიუჯდა. ისინი ხარბად ისუნთქავდნენ კონიაკის ნაცნობ არომატს. ამ არომატში იყო ჩაქსოვილი მოწყენილობა და დაღლილობა, რომლებსაც მზის ჩასვლის იერი დაჰკრავდა. კონიაკი იყო თავმოყრილი მთელი ცხოვრება. - მოვალ - უპასუხა წითელქუდამ - სხვა გზა ხომ არც ერთს არ გვაქვს. არც მე და არც შენ მომავალი არ გვაქვს. მგელი დუმდა. ის წითელქუდას ნათქვამს ეთანხმებოდა. *** ჯეკ ლონდონი წითელქუდა ხომ მისი რასის ღირსეული წარმომადგენელი იყო. მის ძარღვებში ჩქეფდა ჩრდილოეთის დამპყრობელი თეთრკანიანების ძლიერი სისხლი. წითელქუდა თვალის დაუხამხამებლად ეკვეთა მგელს და ერთი ძლიერი, კლასიკური აპერკოტით ყბა მოამტვრია. შეშინებული მგელი გაიქცა, წითელქუდამ კი ის თავისი მშვენიერი, ქალური ღიმილით გააცილა. *** ვიქტორ ჰიუგო წითელქუდა აკანკალდა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ის მარტო იყო, როგორც ნემსი უდაბნოში, როგორც მტვერი ვარსკვლავებს შორის, როგორც არენაზე ლომებთან საბრძოლოდ გამზადებული გლადიატორი. *** გი დე მოპასანი მგელი მას შეხვდა. ის უყურებდა წითელქუდას, როგორც გამოცდილი პარიზელი გარყვნილი მამაკაცი უყურებს პროვინციიდან ჩამოსულ გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი თავი უმანკოდ წარმოჩენას. მაგრამ მამაკაცს მისი უმანკოების გოგონაზე მეტად ნამდვილად არ სჯერა და უკვე თვალწინ უდგება, თუ როგორ იწყებს მის გახდას, როგორ აცლის ფენებად ტანსაცმელს იქამდე, სანამ გოგონა მხოლოდ თხელი პერანგის ამარა არ რჩება, რომელიც თვალსაჩინოდ წამოაჩენს მისი სხეულის ფორმებს. *** რადიარდ კიპლინგი - ჩვენ ერთი სისხლის ვართ! - დაუყვირა წითელქუდამ მგელს - წარმატებულ ნადირობას გისურვებ!" სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ დამატებული ვერსიები: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი მესამე ეპოქის 2258 წელი იდგა.. შუაზაფხულის ბუნიობა გადასული იყო. ბოროტება ძალას იკრებდა.. მორდორის უდაბურ მიწებზე, ორკთა არმიები მრავლდებოდნენ. ამ დროს მირკვუდის ტყის ბნელ ბილიკზე ადამიანთა ქალაქ დეილისკენ მიმავალ წითელქუდას, სადაც მისი ბებია ცხოვორბდა, წინ სისხლისმსმელი თეთრი ვარგი შემოხვდა. ეს სწორედ ის ვარგი იყო რომელზეც ამხედრებული აზოგ წამბილწველი უამრავ ქალაქს და სოფელს არბევდა. წითელქუდას სულ გადააიწყდა დედის მიერ გამოტანებული ელფთა რეცეპტით მომწადებული ლემასები, კალათა იქვე მიაგდო და გაიქცა. შორიდან ესმოდა ვარგთა მეფის ღრეანა და ხვდებოდა მალე მის ხახაში აღმოჩნდებოდა და სწორედ ასეც მოხდა. ონორე დე ბალზაკი მგელმა ბებიის სახლს მიაღწია და დააკაკუნა. კარი გაკეთებული გახლდათ XVII საუკუნეში მცხოვრები უცნობი ხელოსნის მიერ. მან კარი გამოათალა იმ დროისათვის ძალზედ მოდური კანადური მუხისაგან, მისცა მას კლასიკური ფორმა და ჩამოჰკიდა რკინის ანჯამებზე, რომლებიც, თავის დროზე იქნებ კარგად მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ დროს თავისი ნიშა დაეტო და ახლა საშინლად ჭრიალებდნენ. კარზე არ იყო არავითარი ორნამენტები და ჩუქურთმები, მხოლოდ მარჯვენა, ქვედა კუთხეში ოდნავ ემჩნეოდა პატარა ნაფხაჭნი, რომელზეც ამბობდნენ, რომ თავად სელესტენ დე შავარდმა - მარია ანტუანეტას ფავორიტმა და წითელქუდას დიდი ბაბუის ბიძაშვილის შვილიშვიმა გაფხაჭნაო დაშნით. სხვა მხრივ კი კარი ჩვეულებრივი იყო და არ ღირს მასზედ დაწვრილმანება. დანტე ალიგიერი: უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ჯერ კიდევ ადრეულ გზაზე ანაზდეულად გამოფხიზლდა წითელქუდა გზადაკარგული. ენა ვერ იტყვის, თუ რამდენად იყო ტყე იგი უკაცრიელი, უდაბური და გაუვალი. როდესაც გზას მიმავალს ბებოსაკენ მან საბოლოოდ შეადგა ფეხი, ანაზდეულად წითელქუდას წამოენთო შიშისა ზარი, ვინაიდან გამოეცხადა დაღრენილი, მძვინვარე მგელი, ფორეჯებიან, ჭრელი ბეწვით გარემოსილი. უთვალთვალებდა და არც ლამობდა აქცევას გზისას... როდესაც მოძუნძულე მშიერმა მგელმა ბოლო მოუღო ბებოს ცხოვრებას, გზას არეულს მწარეს, წითელქუდა წარემართა და განგებით დიდის იხილა ბებო თვისი ჯოჯოხეთის კარიპჭის მიღმა. გაბრიელ გარსია მარკესი და გაიხსენებს მგლის დაფჩენილი ხახის შემყურე წითელქუდა დედას. მარია ხუაკიმენეს წითელჩადრიანს, რომელსაც იმდენად მშვენიერი თვალები ჰქონდა ხალხი შეშინებული უვლიდა გვერდს როცა იგი პორტში ჩაივლიდა და წითელი ჩადრიდან შეანათბდა, რკინის მუაჯირთან შეჩერდებოდა და მისი ახალგაზრდა სულივით ვნებისგენ მშფოთვარე ზღვას გაჰყურებდა. შემოდიოდნენ გემები სათითაოდ, მაგრამ არც ერთს არ მოჰყოლია ის. მუცელი იზრდებოდა. და გაიხსენებს მშიერი მგლის დაფჩენილი ხახის შემყურე წითელქუდა თუ როგორ წაიყვანა დედამ პირველად პორტში ზღვის სანახავად... მიხეილ ჯავახიშვილი "ერთი წუთის შემდეგ ურემი ოდნავ შეინძრა. ისედაც ბნელ ფარდულში მუქი ჩრდილი ჩამოწვა. იმავე დროს წითელქუდამ თავის ფეხზე მგლის მძიმე თათი იგრძნო. მგელი ურემზე ამოდიოდა. - მგელო, რა გინდა? - სუ შენი წირი მე, სუ! არ დაიყვირებდე... - მგელო, სად მოხვალ? - ცოტა იქით მიიწევდე. წითელქუდაჯან... საწყალ მგელს შეგცივდა... ცოტა გაგათბობდე მგელსა, გენაცვალოს იმის თავი. წითელქუდამ წამოიწია: - მაშ მე გადავალ ურმიდან. გვიანღა იყო. მგელმა დაფეთებული წითელქუდა ისევ გულაღმა გადააქცია. მძიმე დათვივით დააწვა, ჩაჰბღუჭა და ჩაჰბუბნა. - მხეცო, რას შვრები?! პირუტყვო!.. ვერაგო!.. ავაზაკო!.. მგელმა ერთი სიტყვის აზრიც ვერ გაიგო. წითელქუდას ნათლიმამა დინჯად სცდილობდა ნათლიდედის დამორჩილებას: დაუნდობლად სთელავდა, ხელ-ფეხს უმტვრევდა. თანაც არხეინად არიგებდა: - კარგი, გენაცვალოს მგელი, კარგი!... აბა, რათ გინდებოდეს ჩხუბი? რა კნეინას საქმე ხარ ჩხუბი?.. აბა, აქ ვინ მოგეშველებოდეს?!... სუ, შენი წირი მე, სუ! გაჩუმდებოდეს, თორემა... - მხეცო!... ჰარამზადავ! გამიშვი... მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ!- მგელი ოდნავ განრისხდა. - სუ! გაჩუმდებოდე მეთქი, თორემა დაგახრჩობდე!... სუ მეთქი! - და ერთი თათით წითელქუდას მთელი პირისახე დაუფარა და მისი ყელი და კისერი ჩაჰბღუჯა. მგელმა იმძლავრა. " სტივენ კინგი ბნელ ხეებს შორის საზარლად გამოანათა ორმა ყვითლმა თვალმა. წითელქუდას ტანში გასცრა და შიშისგან ადგილზე გაიყინა. ირგვლივ ჩამოწოლილ სამარისებურ სიჩუმეს მხოლო ალაგ-ალაგ ზარნაშოს კივილი არღვევდა. თვალები ისევ დაჟინებით უცქერდნენ შიშისგან გაფითრებულ წითელქუდას. სავსე მთვარის მარგალიტიებრი შუქი უფრო თეთრს აჩენდა მის სახეს... უეცრად, სიჩუმე ხმელი ტოტების ტკაცუნმა დაარღვია. თვალები წითელქუდასკენ მოიწევდნენ, და მათი ნათება სულ უფრო თვალისმომჭრელი ეჩვენებოდა. წითელქუდა გონს მოეგო, მიხვდა რომ რამე უნდა ეღონა, კალათას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაქცა. უკნიდან. მძიმე ნაბიჯების ხმა სულ უფრო ახლოდან ესმოდა. ეს არ იყო სირბილი. თითქოს არსება მას ეთამაშებოდა და წრეებს უვლიდა. წითელქუდა კი გარბოდა. ხმები მიწყნარდა. ტყე ისევ მდუმარებამ მოიცვა. გულამომჯდარი წითელქუდა ერთ ბებერ დამპალ ხესთან შეჩერდა, რომლის ტოტებიც ცაში მკვდრების ძვლეებივით ჩამოკიდებულიყვნენ. დამფრთხალმა, ირგვლივ მიმოიხედა. სამყარო თითქოს ერთ ადგილას იყო გაჩერებული მის წინ. ისეთი სიმშვიდე სუფევდა, წამის წინ მომხდარი რომ არა, წითელქუდა ნასიამოვნებიც კი ინქებოდა აქაურეობიდა... უეცრად, წითელქოდამ კეფაზე ცხელი ნიავი იგრძნო და ყურთან ღრენანარევი ჩურჩული გაიგონა: - დაგიჭირე. ყველაფერი სიბნელემ შთანთქა... ფიოდორ დოსტოევსკი დეკემბრის მიწურულს, საღამოს 9 საათზე, მზე რომ კარგახნის გადასული იყო, დაბურულ ტყეში მგელი და წითელქუდა კვლავ გადაეყარნენ ერთმანეთ, ორივემ იცოდა, ამჯერად ეს შეხვედრა უკანასკნელი იყო...''გვეყოს ამდენი გატაცება, დროა ჭკუას მოვუხმოთ'' ჩაილაპარაკა მგელმა.'' ''ვნებით თავბრუდახვეული მგელი, ისიც ხანში შესული, პირწმინდად ბრმავდება და, საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს, იმედს მაინც არ ეშვება. კიდევ მეტი, გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც უნდა იყოს, ბრიყვი ბალღივით იქცევა.'' წარმოსთქვა წითელქუდამ, მოსასხამი შეისწორა და უკამ მოუხედავად გაუჩინარდა უსასრულო სიბნელეში. ენტონი ბეჯერსი „ჰა, ვშვებით რამეს? ოთხნი ვიყავით: სამი ჩემი ბრატკა- ბაბუშკა, მამოჩკა, მონადირე ბიჭი და მე - კრასნაია შაპოჩკა. ოთხივე მაგარი დაზმანულები დავდიოდით. მე თმას მოკლეზე ვიჭრიდი - სკოლაში რო გვთხოვდნენ ისე, სამაგიეროდ კალათა მქონდა უმაღლესი - დასარტყმელად პირველი იყო. „ვშვებით - მეთქი რამეს?“ და გავედით ჩვენ ოთხნი გარეთ, ქარიან ქუჩას გავუყევით და, ღმერთმანი ძმებო, პირველსავე მოსახვევში გულის გადასაყოლებელი რამ ვიპოვეთ - ერთი ბებერი აჩკარიკი ვოლკი მოჩანჩალებდა. ნაღდად უღრანი ტყიდან მოდიოდა. ჯერ ნელა დავუპადხოდეთ და ვეუბნებით : „ პატარა საქმე გვაქვს გასარჩევი თქვენთან “... მერე ბაბუშკამ თათები გადაუგრიხა უკან, მამოჩკამ ყანყრატოში წაავლო, მონადირე ბიჭმა კი დანა გაუქანა და სტომაქიდან ნაწლავები დააყრევინა... ზვერა ახლა ბუყბუყს მოჰყვა და თან ცოფიანივით იდორბლებოდა... „კაი ჯანავიკი ყოფილა ეგ ჩემისა “ - წაიბურტყუნა უცებ ბაბუშკამ. შვეხედე და ძმებო, გულმა რეჩხი მიყო - აჩაჩული, თმააბურძგნული, საყელოც მოგლეჯაზე ჰქონდა- მოკლედ ნაჩხუბარსა ჰგავდა... პოლიციაც წამში გამოჩნდა, მარა მალე კი წავედნენ. ძაან ძაან მკაცრად კი დაგველაპარაკნენ, ჩვენ კიდე ტუჩები ავუწრუპნეთ, თან ისე, ვითომ ჩვენთვის არაფერი.. ოღონდ ეს ცოტატი მიანც გამიტყდა... თუმცა ნაღდი ღამე ჯერ სად იყო." ელიფ შაფაქი ( ვითომ მგელმა აღარ შეჭამა წითელქუდა ) " შორიახლოს თოლიამ ჩაუფრინა, რაღაც დაშიფრულ შეტყობინებას დასჭყიოდა, შეტყობინებას, რომელსაც მგელი ის-ის იყო გამოიცნობდა.ნახევარი წუთის განმავლობაში მგელს სწამდს რომ რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო."ეს რატომ არ გამაკეთებინე ალაჰ? - თავადაც გაიგონა, როგორ ჩაიბუტბუტა, მაგრამ როგორც კი სიტყვები ბაგეებს მოსწყდა, შეშინებულმა მაშინვე მოუბოდიშა საკუთარ თავში ჩაბუდებულ მხეცს" ნაბოკოვი ის იყო წითელქუდა, უბრალოდ წითელ ქუდა, წითელი ქუდითა და მხოლოდ ხუთი ფუტი, ის იყო სახლში წითო, სკოლაში წითელა, ბებიასთან ქუდა. მაგრამ მგლის მკლავებში ის ყოველთვის იქნება წი თელ ქუ და ... ფოლკნერი თვალებში უყურებს, ბებია ჰგონია. ბებიას პირი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ნაზუქებია კალათაში. ახლა ნაზუქებიც ისეთივე წითელია, როგორიც გოგონას ქუდი და ბებია უფრო რუხია ვიდრე ცა, რომელიც სახლს აკრავს და ახრჩობს. ბებიას უყურებს, აღარ სჯერა, რომ ის ბებიაა და აღარც ბებიას სჯერა, რომ ის მგელი არ არის, ნაზუქები ისეთივე წითელია, როგორიც გოგონას ქუდი. ჟოზე სარამაგუ კარებზე ზარია... მობრძანდით ბოხი სიცრუე შეპარული ხმით მიუგო მგელმა. თვალდაბნელებულმა წითელქუდამ რის ვაივაგლახით შეაღო კარები განუსაზღვრელ თეთრ წყვდიადში. სულ რაღაც ორი ნაბიჯი დარჩენოდა ბებიას რო ჩახუტებოდა მოეყოლა თავისი განსაცდელის შესახებ, რომ დიდ და ბოროტ მგელს ჩაუვარდა კლანჭებში.. შეეხო მგელი და გადავარდა წყვდიადში სითეთრე და შიშმა სულ დაავიწყა გოგონას თეთრი გემრიელი ხორცი. მონადირეები გოფონას გადასარჩენად შეცვივდნენ სახლში და ისინიც დაბრმავდნენ და ვშიშობ რომ თუ გავაგრძელე ეხლა მეც დავბრმავდები და მერწმუნეთ არ არსებობს ქვეყანაზე ოფთომოლოგი რომ გამკურნოს ამ უბედურებისგან. აკუტაგავა ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ, საღამოს პირზე, ვინმე მსახური რასიომონის კარიბჭის ქვეშ წვიმას შეჰფარვოდა და გადადარებას უცდიდა. ფართო კარიბჭეში არავინ იყო მის გარდა. მარტო ერთი ჭრიჭინა იჯდა მსხვილ, მრგვალ სვეტზე, ალაგ-ალაგ რომ გადასცლოდა წითელი ლაქი. რაკი რასიომონის კარიბჭე სუძაკუს ხალხმრავალ ქუჩაზეა აღმართული, მის ქვშ იტიმეგასათი თუ მომიებოსით თავშემკულ ბარე რამდენიმე ქალსა და ჯეელ კაცს შეეძლო წვიმაში გადაყუდება. არადა, მსახურის მეტი არავინ იყო. ეს იმით აიხსნებოდა, რომ მახლობელ ტყეში მრისხანე და საძულველ მგელს დაედო ბინა. მთელ კიოტოს მოსახლეობას თავზარს სცემდა არსებობით. ხმები როგორც დადიოდა მისივე ეშვებს ემსხვერპლა წითელქუდა და მთელი მისი კლანი.... გამსახურდია მიდის წითელქუდა და გარშემო ტურებს აქვთ გამართული შემზარავი კონცერტი. ისე შემზარავად კივიან, თითქოს გრძნობენ ჯერაც უხრწნელი ქალიშვილის ბედშავ მომავალს და სიხარულით ევსებათ გულები. ჰქრის ქარი საშინელი და გულშემზარავი. მოულოდნელად გადმოხტა მგელი იადონის კისრისფერი ბუჩქებიდან, შეაფეთა ლოპინარისფერი, სვანეთის უფსკრულებისებრ ღრმა და ბოროტი თვალები. იგივმიუწვდომელი ბოროტება გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან. მოდის საომარ ლოინსავით ყელმოღერებული და ისეთი კმაყოფილებით იღიმოდა, როგორც თემურ ლენგს ჩაეღიმებოდა ხოლმე მტრის ციხესიმაგრის უკანასკნელი კედლის ჩამოშლისას.... როულინგი უეცრად წითელქუდა მრუდე ტყეში აღმოჩნდა თან ხელთ ჯადოსნური კალათი ეკავა სადაც უამრავი ნივთი ჰქონდა, იარაღი. ცოცხი მრავალწლიანი ნაყენი 3 წყვილი თბილი წინდა 2 ცალი გოგრის ღვეზელი, უჩირმაჩინის მოსასხამი და წარმატების ელექსირი. წითელქუდამ მგელი დაინახა მობრუნდა და ომახიანად შესძახა ექსპექტო პატრონუმ მისი ჯადოსნური ჯოხიდან საოცარ ფერაბად იშლებოდა მისი ძალა. წითელქუდა გადარჩა. იმის სახელს კი აღარავინ ამბობ ჩვენ რომ ვიცით ბულგაკოვი ვინა თქვა ნამდვილი ზღაპარი არ არსებობსო? ენა უნდა ამოაგლიჯო იმ მატყუარას. წამოდი წითელქუდა მე გაჩვენებ ნამდვილ ზღაპრულ სამყაროს, რომლისკენაც გზა ჩემს ფაშვზე გადის. არასოდეს არავის არაფერი სთხოვო, არასოდეს! განსაკუთრებით მას ვინც შენზე ძლიერია, ყველაფერს თვითონ შემოგთავაზებენ. მაშ მომყევი წითელქუდა.... შარლოტა ბრონტე წითელქუდას უყვარდა მგელი, თუმცა იცოდა რომ შეუძლებელი იყო მათი კავშირი.. მან მოიგო საკუთარ თავთან ბრძოლა და გამთენიისას სწრაფად დაეშვა ბილიკზე რომ მისგან შორს გაქცეულიყო. თუმცა ბედისწერა ფეხდაფეხ მიყვებოდა წითელქუდას და მგელთან შეხვედრას კვლავ უქადდა. უკვე სამუდამოდ. კამიუ იცით რად შეჭამეს ის, ვისზედაც შეეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ?.. წითელქუდასუ შესაჭმელად მიზეზს რა დალევს, იმის მიზეზს კი ძნელად მიაგნებ, რად იცოცხლოს.. კაფკა ერთხელ დილით, როცა წითელქუდამ დამქანცველი დღის შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა რომ მგლის მუცელში მოკალათებულ, საშინელ სანოვაგედ ქცეულიყო. იგი მარჯვენა გვერდზე გაუნძრევლად იწვა და მარცხნივ გადატრიალებისას, მოკუნტული ბებიის სილუეტს ლანდავდა. დაძინება სცადა, მაგრამ ამაოდ. თავში აზრები ქაოტურად ირეოდნენ. გაახსენდა რომ დილით ადრე ასადგომი და სკოლაში წასასვლელია. -ჯანდაბა! როგორ მომბეზრდა ეს წყეული სასწავლებელი. იქნებ უკეთესია მგელმა რომ შემჭამა? იქნებ გამრიცხონ? მშობლები რომ არა, სკოლა დიდი ხნის მიგდებული მექნებოდა. ჰოდა, აინდე! 794 10-ს მოსწონს 1-ს არა
|