სხვა SOS - სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმი ინგრევა 2016, 16 აგვისტო, 19:55 მავანი იტყვის, ლესია უკრაინკას მუზეუმზე კრიტიკული სტატიის წერას, ჯერ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოგეკითხა იქვე, სიახლოვეშიო, მაგრამ არ იქნება ალბათ მართალი, რადგან - წმინდანს იმდენი მხარდამჭერი და მოამაგე ყავს (თუმცა არაფერი გამოსდით მაინც იქ, ზემოთ (!) განათლებულებთან (!) დავაში) და აი, ლესია უკრაინკას... კი - მოამაგე ცოტაა, არადა...
თავიდანვე მინდა გითხრათ, ვინც არ იცით ლესია უკრაინკა ვინ იყო, მათ არ დააინტერესებთ არც ეს კრიტიკული სტატია და არც ეს საშინელი ფოტო-რეპორტაჟი ამ მუზეუმიდან და ვერც აქ შევუდგები ახსნა-განათლებას ვინ იყო ლესია, მარტივია - "დაგუგლეთ" და ბოლო-ბოლო "ვიკიპედიაში" მაინც ნახავთ ამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი პოეტის და მწერლის შესახებ მასალებს. პოეტი ქალბატონი სურამში თავისი ავადმყოფობის მიზეზით მოხვდა, სამკურნალოდ (განუკურნებელი სენი - ძვლის ჭლექი აღმოაჩნდა), მერედამერე ხშირად მოგზაურობდა ხოლმე საქართველოზე შეყვარებული ქალბატონი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სურამში ჩასული ლესია ახლობლებთან ერთად აპავების სახლში დაბინავდა ზინდისის გორაკზე, პოეტს უვლიდნენ დედა-ოლენა პჩილკა, დები - ოლგა და დორა, ექიმ პაშიკოს ავადმყოფის მოვლაში ეხმარებოდა იქაური მცხოვრები სოფიო ცუცქირიძე. პოეტი 1913 წლის 19 ივლისს (1-ლ აგვისტოს) გარდაიცვალა. მისი ნეშტი წასვენებული იქნა სამშობლოში და დაიკრძალა კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე. სიმბოლურიცაა, რომ მოძმე უკრაინელებისთვის ჩვენი დავით გურამიშვილი (უკრაინაში გადრაცვლილი) მათი ლესია უკრაინკას (ლარისა პეტროვნა კოსაჩ-კვიტკა) დარი და ტოლია, ამიტომაც ალბათ ურთიერთპატივისცემის ამბავია და მეტი არაფერი, როცა ქართველების სახეზე უხერხულობა აღიბეჭდება ხოლმე, როცა ყოველ წელს, სურამში, ლესიაობას დღესასწაულზე ჩამოსულ უკრაინელ სტუმრებს მათი სასიქადულო პოეტის მუზეუმი ასეთ მდგომარეობაში ხვდებათ. მუზეუმს რამდენიმე ქალბატონი უვლის, რომლებსაც პირდაპირ გმირებად მოვიხსენიებ, რადგან ისინი ავარიულ (ნგრევისთვის განწირულ) შენობაში მუშაობენ, თვეში 250 ლარის ხელფასით და ყოველდღე სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რადგან ამ მუზეუმში არათუ დამთვარიებლის, მათი შესვლაც კი არ უნდა შეიძლებოდეს! რატომ? გადახედეთ ფოტორეპორტაჟს და მიხვდებით! მუზეუმი არ ზის კულტურის სამინისტროს ბალანსზე, ის ადგილობრივი ხელისუფლების პროტეჟეობის ქვეშაა და როგორც გავიგეთ უკრაინელ მეგობრებთან ერთად, სავარაუდოდ მალე უნდა დაინგრეს და მის ადგილზე ახალი მუზეუმი აშენდეს, მაგრამ ეს "მალე" რაღაც ძააააალიან გაიწელა, არავინ იცის არის თუ არა ბიუჯეტში ამისთვის ფული გამოყოფილი, თუ უკრაინის საელჩოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მაგრამ - მუზეუმში (!) შესვლისთვის, ბილეთში გადახდილი 2 ლარი ვერ იქნება დიდი შვება ამ ყველაფრისთვის! მოკლედ საქმე ასეა: - მუზეუმი სასწრაფოდ უნდა დაიცალოს უნიკალური ბიბლიოთეკიდან (რომელიც ამ დასანგრევად განწირული შენობის ერთ 30 კვადრატულიან ოთახშია), სასწრაფოდ უნდა დაინგრეს შენობა და მის ადგილზე თანამედროვე, პატარა, კოპწია მუზეუმი უნდა გაკეთდეს, მერე სერიოზული პიარ-კომპანია უნდა ჩატარდეს, რადგან სურამში დამსვენებელთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ აქ დიდი უკრაინელი პოეტის და მწერლის მუზეუმი არსებობს, ან საერთოდ რა აკავშირებს ლესია უკრაინკას - სურამთან და საქართველსოთან. დამერწმუნეთ უკრაინელი ტურისტების უმეტესობა ზუსტად იგივე მონდომებით მოინახულებდა სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმს, როგორც ნებისმიერი ნაღდი (!) ქართველი უკრაინაში ჩასვლის დროს დავით გურამიშვილის უკრაინულ მუზეუმს. ხოდა თავის შესარცხვენად ისედაც ბევრი ფაქტი გვაქვს ქართველებს მეგობრებთან და მოდით, მოძმე ერის, უკრაინელების საყვარელი პოეტის, ამ პატარა მუზეუმსაც მიხედონ ვისაც ეს ევალება (!)... და გამოიყენონ... დიახ, დიახ - გამოიყენონ ბევრი კარგი საქმისთის! ჰო, მართლა სურამში - ლესიაობის დღესასწაული ახლოვდება! მორიგი... ეს, ლესია უკრაინკას მუზეუმია სურამში...! 221 2-ს მოსწონს |
ლესია უკრაინკა მივა დიმიტრი ყიფიანთან,კაცმა საქართველოსთვის რაც გააკეთა და ბოლოს სამშობლოს შეეწირა? და განადგურებულია მისი სახლკარი.