სხვა პიროვნების ფსიქიკა ფროიდის მიხედვით 2016, 30 ივნისი, 18:28
ფროიდის მიხედვით ფსიქიკა სამი კომპონენტისგან შედგება, რომელსაც იგი ტოპოგრაფიულ მოდელს უწოდებს. ამ მოდელის თანახმად ფსიქიკურ ცხოვრებაში არსებობს შემდეგი სამი დონე:
ცნობიერი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც ფროიდამდე ყველაზე მეტად აინტერესებდათ მკვლევარებს. ცნობიერი შედგება იმ შეგრძნებებისა და განცდებისაგან, რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ დროის მოცემულ მომენტში. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (აზრები, აღქმა, გრძნობა, მეხსიერება) ცნობიერდება. წინაცნობიერი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელიც შეიძლება ადვილად იქცეს ცნობიერად. ეს არის ის, რასაც ჩვეულერივ მეხსიერებას ვუწოდებთ. სწორედ აქ ინახება ის უამრავი შინაარსი და შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენს გამოცდილებაშია. ფაქტობრივად ისიც არაცნობიერ მდგომარეობაშია, რადგან ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ რამდენიმე შთაბეჭდილება შეიძლება იქცეს ცნობიერების საგნად. მაგრამ ფროიდის არაცნობიერებისგან განსხვავებით ეს შინაარსები ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში ამოვიტანოთ ცნობიერებაში-გავიხსენოთ. მოდით მოვიყვანოთ მაგალითი, რათა უკეთ დავინახოთ განსხვავება ცნობიერსა და წინაცნობიერს შორის. წარმოიდგინეთ საკუთარი სახლი, სადაც თავმოყრილია ის ნივთები, რომლებიც აუცილებელია თქვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ეს ნივთები შეიძლება იყოს საწოლი, მაცივარი, გაზქურა, ტანისამოსი, სარკე, პირადი ჰიგიენის ნივთები და ა.შ. ხოლო ის ნივთები, რომლებიც არასეზონურია და აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი ყოველდღიური მოხმარება, მაგალითად თხილამურები შეიძლება დროებით გადავინახოთ სარდაფში. თუ ჩვენ ყველა არსებულ ნივთს მოვათავსებთ ერთ ოთახში და არ შევეცდებით ზოგიერთი მათგანის გადანახვას დროებით, მაშინ წარმოიდგინეთ რა საშინელი არეულობა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ასე ხდება ჩვენს ფსიქიკაშიც, სახლში განლაგებული ძირითადი ნივთები ჩვენი ცნობიერი ნაწილია, რომელიც ყოველთვის გვჭირდება, ხოლო თხილამურები კი წინაცნობიერია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამოვიტანთ სარდაფიდან. არაცნობიერი. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ აზრები და გრძნობები, რომლებიც ცნობიერებაში ჩნდება არავითარ კავშირში არ არის იმ გრძნობებთან და აზრებთან, რომლებიც მათ წინ უძღოდა. ფროიდმა ივარაუდა ეს ურთიერთკავშირი, ოღონდ არაცნობიერ დონეზე. "ჩვენ ფსიქიკურ პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ და მისი არსებობა იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, მაგრამ არაფერი ვიცით მის შესახებ"-წერდა ფროიდი 1933 წელს. არაცნობიერში განთავსებულია არა მხოლოდ ინსტინქტები, რომელნიც ცნობიერებისთვის ყოველთვის მიუწვდომელია, არამედ ისეთი მასალაც, რომელნიც განსხვავებულია, ცენზურას ექვემდებარება და განდევნილია ცნობიერებიდან. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვობის დავიწყებული ტრავმები, მშობლების მიმართ ფარული, მტრული გრძნობები, ჩახშობილი სექსუალური სურვილები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. ფროიდის მიხედვით არაცნობიერის მასალა განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას. ეს მასალა, ეს შინაარსები არ არის დაკარგული და არ არის დავიწყებული, მაგრამ მისი მოგონება არასოდეს არ ხდება. მიუხედავად ამისა ისინი მაინც მოქმედებენ ცნობიერებაზე. არაცნობიერში განთავსებული შინაარსები ქრონოლოგიურად არ არიან განლაგებულნი, ამიტომაც შინაარსები, რომლებიც ათეულ წელს ითვლიან, როდესაც ამოდიან ცნობიერებაში არ კარგავენ თავის ძალას და ისეთივე ემოციური სიძლიერის არიან, როგორც სულ პირველად. ცნობიერი, წინაცნობიერი და არაცნობიერი ჩვენი ფსიქიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არსებული სიტუაციის მიხედვით მოქმედებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაცნობიერის დანიშნულება, რომელიც მართალია ვერ ცნობიერდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა და მისი კონტროლი თავისთავად შეუძლებელია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დაავიწყდა პაემანზე მისვლა. მან შეიძლება იფიქროს ის, თუ როგორ დაემართა ეს და ძალიან ბრაზობდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს სინამდვილეში მისი არაცნობიერის შედეგია, ის რომ მას აღარ უყვარს საკუთარი პარტნიორი, თუმცა ამას ვერ აცნობიერებს. აი ამიტომაც მართავს არაცნობიერი ძალა ჩვენს ცხოვრებას. 829 3-ს მოსწონს 1-ს არა
|