სისხლის სამართალი ერთადერთი არასრულწლოვანი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს (+12) 2016, 16 მაისი, 18:07 ერთადერთი მოზარდი, რომელსაც სსრკ-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, იყო 15 წლის არკადი ნეილანდი, რომელიც ლენინგრადში, ერთ ნაკლებადუზრუნველყოფილ ოჯახში იზრდებოდა.
არკადი 1949 წელს დაიბადა ლენინგრადში, მუშის ოჯახში. დედა სანიტრად მუშაობდა საავადმყოფოში, ხოლო მამა ზეინკალი იყო, თუმცა მან არკადის დაბადებისთანავე მიატოვა ცოლ-შვილი და ბავშვის დედა სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ბიჭუნა პატარაობიდანვე ჯიუტი და ზედმეტად ცელქი იყო და ამიტამაც მუდმივად უხდებოდა დედისა და მამინაცვლისაგან ცემისა და უხეში მოპყრობის ატანა. ის პირველად 7 წლის ასაკში გაიქცა სახლიდან, რის გამოც მილიციაში, ბავშვთა ოთახში აღრიცხვაზე დააყენეს, როგორც ძნელადაღსაზრდელი ბავშვი. 12 წლის ასაკში ბიჭი ინტერნატში მოხვდა, საიდანაც მალე გაიქცა და დანაშაულებრივ გზას დაადგა. 1963 წელს არკადის იძულებით დააწყებინეს მუშაობა "ლენინგრადის კვების მანქანათმშენებლობაში". იქ მან არაერთხელ ჩაიდინა ქურდობა და ხულიგნობა, რის გამოც მრავალჯერ მოხვდა მილიციაში. მალე მოზარდი ციხეში აღმოჩნდა, საიდანაც მალევე მოახერხა გაქცევა. სწორედ მაშინ მოიფიქრა მან შემზარავი დანაშაული, რომლითაც, ერთი მხრივ, შურს იძიებდა მილიციელებზე, მეორე მხრივ კი იშოვიდა ფულს სოხუმში გასაქცევად, სადაც ის ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა. 1964 წლის 27 იანვარს ნაჯახით შეიარაღებული ნეილანდი გაემართა მდიდრული ბინის საძებნელად. ის შეჩერდა სესტრორეცკაიას ნომერ შვიდ სახლთან და ამოარჩია №3 ბინა, რომლის კარებსაც ტყავის საფარველი ჰქონდა გადაკრული (ბიჭის აზრით, ასე მხოლოდ მდიდრები აკეთებდნენ). ნეილანდი 37 წლის ლარისა კუპრეევას სახლში აღმოჩნდა, რომელიც ბინაში თავის სამი წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. არკადიმ თავი ფოსტის თანამშრომელელად გაასაღა და მოახერხა ქალის ნდობის მოპოვება. შეაღწია რა ბინაში, ბიჭმა ქალს დაუწყო უმოწყალოდ ცემა ნაჯახით. შემზარავი ყვირილის ხმას არკადის მიერ ხმამაღლა ჩართული რადიომიმღების ხმები ახშობდა. ქალის მოკვლის შემდეგ დაუნდობელმა და ცივსისხლიანმა დამნაშავემ არც პატარა ბიჭუნა შეიბრალა და ისიც გამოასალმა ნაჯახით სიცოცხლეს. ამ საშინელების ჩადენის შემდეგ ნეილანდი მშვიდად შევიდა სამზარეულოში, მიირთვა დიასახლისის მიერ მომზადებული სადილი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ბინის ძარცვას. მან იპოვა ცოტაოდენი ფული და ფოტოაპარატი, რითაც თავის მსხვერპლს რამოდენიმე სურათი გადაუღო. იმისათვის, რომ მკვლელობის კვალი დაეფარა, მან ცეცხლი მოუკიდა ხის იატაკს და გაზი ჩართო სამზარეულოში, თუმცა დროულად მოსულმა მეხანძრეებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მილიციამ ნახევრადდამწვარ ბინაში ცხედრები, მკვლელობის იარაღი და ნეილანდის ანაბეჭდები იპოვა. მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ დაინახეს ბინიდან გამოსული, სისხლით მოსვრილი ნეილანდი. გამოცხადდა საკავშირო ძებნა საშიში ბოროტმოქმედის დასაჭერად. 30 იანვარს მკვლელი სოხუმში დააკავეს. ის მაშინვე გამოტყდა ყველაფერში და დაწვრილებით მოუყვა გამომძიებლებს, თუ როგორ ჩაიდინა საშინელი მკვლელობა. ნეილანდი ჩადენილ საქციელს საერთოდ არ ნანობდა და ეგონა, რომ არასრულწოვნების გამო მას სათანადოდ ვერ დასჯიდნენ. 1964 წლის 23 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებით არკადი ნეილანდს სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილი მიუსაჯეს მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კანონმდებლობა ამ სასჯელს მხოლოდ 18-დან 60 წლამდე დამნაშავეების მიმართ იყენებდა. საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებული იყო ამ შემზარავი დანაშაულით და მოითხოვდა მკვლელის უმკაცრესად დასჯას, თუმცა ინტელიგენციის ნაწილმა გააპროტესტა განაჩენი იმ მიზეზით, რომ არასრულწლოვანის სიკვდილით დასჯა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად სასამართლოში შესული შეწყალების და განაჩენის ოდნავ მაინც შერბილების თხოვნისა 1964 წლის 11 აგვისტოს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. 1577 11-ს მოსწონს
|