x
image
კოლა22
არის ფეხით სიარული ვარჯიში?

imageმილიონობით ადამიანის აზრით, ვარჯიში მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ იქნება, თუ ხშირად არ ივლიან და დიდ დროს არ დახარჯავენ ისეთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ დაწესებულებაში, სადაც საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ და აბაზანების მისაღებად. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის დ-რი, რასელ პეიტი, ამბობს: „ვფიქრობ, ოფიციალურად მოგვიწევს ყველასთვის რჩევის მიცემა, რომ სასურველია, სადილის შემდეგ აუჩქარებელი ნაბიჯით გაისეირნონ ახლომახლო ტერიტორიაზე“.
ნამდვილად სასარგებლოა ფეხით სიარული? მართლა მნიშვნელოვნად უწყობს ის ხელს ჯანმრთელობას?

ფეხით სიარული ჯანმრთელობის საწინდარია


ფეხით სიარული ჯანმრთელობის საწინდარია
ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ფეხით სიარულს „ადამიანისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებად“ მიიჩნევდა. ერთი ანდაზა კი ამბობს: „ორი მკურნალი მყავს — მარჯვენა და მარცხენა ფეხი“. ნამდვილად ასე გამაჯანსაღებელია ფეხით სიარული?
გამოკვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დადიან ფეხით, უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც უმოძრაო ცხოვრებას ეწევიან. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფეხით სიარული ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის საშიშროებას; დიაბეტის დროს ორგანიზმს ხელს უწყობს ინსულინის უკეთ ათვისებაში; ამაგრებს ძვლებს და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას. სიარული ძალებს გვმატებს და მოქნილობასა და ამტანობას გვიმუშავებს; თავიდან გვაცილებს ჭარბ კილოგრამებს და სასურველ წონას გვინარჩუნებს. გარდა ამისა, სიარული გვიუმჯობესებს ძილს, ზრდის ჩვენს გონებრივ აქტივობას და დეპრესიასთან ბრძოლაშიც დამხმარეა.
რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ მწუხარებისა და დაძაბულობის დროს 15-წუთიან სეირნობას უფრო მეტი შვება მოაქვს, ვიდრე მსუბუქ დამამშვიდებელ საშუალებებს! სხვა ფიზიკური ვარჯიშების მსგავსად, სიარულის დროს ტვინში წარმოიქმნება ენდორფინები, რომლებიც აყუჩებს ტკივილს და ადუნებს სხეულს, ამშვიდებს და კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს.
კანადაში გამომავალი გაზეთის „მედიკალ პოსტის“ თანახმად, თანაბარი, აუჩქარებელი ნაბიჯით სეირნობაც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალის“ მიერ გამოქვეყნებული ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც დღეში, სულ რაღაც, 800 მეტრს გადიან ფეხით, შედარებით დიდხანს ცოცხლობენ. უახლესმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დღეში სამჯერ 10-წუთიანი ვარჯიში არაფრით ჩამოუვარდება დღეში ერთხელ 30-წუთიან ვარჯიშს. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით დააყენოთ და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიაროთ, ან დღის განმავლობაში ცოტა მაინც გაისეირნოთ.
უფრო მეტად სასარგებლო სწრაფი ნაბიჯით სიარულია. ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დოქტორმა კარლ კასპერსენმა თქვა: „თუ მთელი დღე ჯდომა გიწევთ, კარგი იქნება, კვირაში რამდენჯერმე 30 წუთის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯით იაროთ. ამით მრავალ დაავადებას აიცილებთ თავიდან. სიარულის ერთ-ერთი კარგი თავისებურება ისიცაა, რომ ყველანაირი ასაკისა და თითქმის ყველანაირი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ეს. ამასთანავე, სიარულს არც სპეციალური მომზადება სჭირდება და არც განსაკუთრებული ათლეტური მონაცემები; ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ — ერთი წყვილი შესაფერისი ფეხსაცმელია.

ჩაიცვით მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი. უფრო თბილად იქნებით, თუ რამდენიმე ფენად ჩაიცვამთ; თანაც, თუ დაგცხებათ, გაიხდით. ფეხსაცმელი დრეკადი და მსუბუქი უნდა იყოს, ქუსლთან ცოტა შემაღლებული და თითებთან განიერი. ის შედარებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე თქვენი ყოველდღიური ფეხსაცმელი. თუ ნახევარ საათზე მეტი გინდათ იაროთ და გზად დასალევი წყალი არ არის, შეგიძლიათ ის პატარა ბოთლით წაიღოთ. „გასახურებლად“ პირველი ხუთი წუთის განმავლობაში აუჩქარებელი ტემპით იარეთ. ტანი სწორად დაიჭირეთ, იდაყვები და მუხლები ცოტა მოხარეთ და ხელები მომუჭეთ, ოღონდ ძალიან არ მოუჭიროთ.
„გახურების“ შემდეგ გადადით ჩვეულებრივ სწრაფ ნაბიჯზე: მიწაზე პირველად ქუსლი დადგით და მერე ტერფზე გადაიტანეთ სიმძიმე. ამისთვის კი ელასტიური ფეხსაცმელია საჭირო. გიჭირთ ყველა რჩევის დამახსოვრება? დამშვიდდით: ადამიანთა უმეტესობა, ჩვეულებრივ, სწორად დადის. სიარულისას ისეთი ტემპი უნდა შეინარჩუნოთ, რომ ქოშინის გარეშე საუბარი შეგეძლოთ. თუ ამ სახის ვარჯიში ახალი დაწყებული გაქვთ, თანდათანობით გაზარდეთ სიარულის დრო, მანძილი და სიჩქარე. დამთავრებამდე ტემპი შეანელეთ და ნელ ნაბიჯზე გადადით.
ფიზიკური დატვირთვისას ნორმალურია გულისცემისა და სუნთქვის გახშირება და ცოტაოდენი ოფლის გამოყოფა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება კუნთები აგტკივდეთ. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმის რეაქციას. თუ გრძნობთ, რომ გადაიტვირთეთ, შეცვალეთ ტემპი ან მცირე ხნით შეისვენეთ. მაგრამ, თუ შეატყობთ, რომ სუნთქვა გიჭირთ ან გულის არეში ტკივილს გრძნობთ, გაკანკალებთ, თავბრუ გეხვევათ, გაღებინებთ ან სული გეხუთებათ, შეწყვიტეთ სიარული და დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს.
სირბილსა და აერობიკასთან შედარებით, სიარული აშკარად უპირატესობს, რადგან ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება; სახსრებიც ნაკლებად ზიანდება და კუნთებიც არ იჭიმება. მართლაც, ფეხით სიარული საუკეთესო ვარჯიშია, რომელსაც სპეციალისტებიც გვირჩევენ. ამიტომ, იმისათვის რომ თავი კარგად იგრძნოთ, იარეთ ფეხით!




0
1439
3-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
1439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0