x
image
კოლა22
ოსტეოპოროზი უხილავი დაავადება

image19 წლის ანა ის-ის იყო კვების მოშლილობისგან, ნერვული ანორექსიიგან განიკურნა, რომ უეცრად ზურგის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო. მან მიიღო წელის ორი მალის მოტეხილობა და სიმაღლეში 5 სანტიმეტრი დაიკლო. ამის მიზეზი ოსტეოპოროზი იყო.
სიტყვა „ოსტეო“ ნიშნავს ძვალს, ხოლო „პოროზი“ ნასვრეტს. ოსტეოპოროზს უწოდებენ უხილავ დაავადებას, რადგან ძლოვანი მასის რღვევა უხილავად მიმდინარეობს; ძვალი იმდენად მყიფე ხდება, რომ მოულოდნელი დაძაბულობის, დარტყმისა თუ დაცემის შემთხვევაში ადვილად იღებს მოტეხილობას. ამ დაავადების დროს, ძირითადად, ბარძაყის, ნეკნების, მალებისა და მაჯის მოტეხილობა ხდება. ბევრი ფიქრობს, რომ ოსტეოპოროზი მხოლოდ ხანდაზმულ ქალებს ემართებათ. მაგრამ, როგორც ანას შემთხვევიდან გამოჩნდა, ეს დაავადება ახალგაზრდებშიც ვლინდება.
სერიოზული საფრთხე ჯანმრთელობისთვის
ოსტეოპოროზის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, რომ „ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში ყოველ 30 წამში იღებენ ოსტეოპოროზით გამოწვეულ მოტეხილობას“. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 მილიონია ოსტეოპოროზით დაავადებული, ხოლო 34 მილიონი ძვლოვანი მასის დაქვეითების რისკის წინაშე დგას. უფრო მეტიც, აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშით, დაახლოებით 50 წლის ქალებიდან ყოველი მეორე, ხოლო მამაკაცებიდან ყოველი მეოთხე ამ დაავადებით გამოწვეულ მოტეხილობებს იღებს“. სამწუხაროდ, ოსტეოპოროზისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენში ნათქვამია, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობები გაორმაგდება. ეს წინასწარი გამოანგარიშება შესაძლოა იმის საფუძველზე გაკეთდა, რომ ასაკოვნებში უფრო იზრდება ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები. ეს დაავადება სავალალო შედეგებს იწვევს. ოსტეოპოროზით დაავადებულთა უმრავლესობა სრულიად უმოქმედო ხდება და კვდება კიდეც. დაახლოებით 50 წლის ასაკის დაავადებულთა თითქმის 25 პროცენტი, რომლებმაც ბარძაყის მოტეხილობა მიიღეს, გართულებების შედეგად შეიძლება ერთ წელიწადში დაიღუპონ.
თქვენც რისკის ქვეშ ხართ?
ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ დაავადების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორი გენეტიკაა. თუ მშობელმა ოსტეოპოროზის შედეგად ბარძაყის მოტეხილობა მიიღო, ეს დაავადება შვილებში გაცილებით რთული ფორმით იჩენს თავს. სხვა რისკ-ფაქტორია ორსულობის პერიოდში ნაყოფის არასწორი კვება, რის გამოც ზრდის პროცესში ძვლოვანი ქსოვილის მასა მცირდება. ამ დაავადების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია ასაკი. ასაკოვნების ძვლოვანი მასა, ჩვეულებრივ, მყიფე ხდება. გარდა ამისა, ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერთირეოზი და კუშინგის სინდრომი ზრდის ოსტეოპოროზით დაავადების რისკ-ფაქტორს.
მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში მცირდება ესტროგენები, რაც ხელს უწყობს ძვლის მასის სიმკვრივეს. სწორედ ამ მიზეზით კაცებთან შედარებით ოთხჯერ უფრო მეტი ქალი ავადდება ოსტეოპოროზით. ესტროგენების სიმცირეს აგრეთვე განაპირობებს საკვერცხეების ამოკვეთის შედეგად განვითარებული ნაადრევი მენოპაუზა.
ოსტეოპოროზის განვითარების რის-ფაქტორების შემცირება შესაძლებელია სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრებით. თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება კალციუმი და D ვიტამინი, ძვლოვანი ქსოვილის მასა ქვეითდება. მარილის გადაჭარბებით მიღებაც ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას, რადგან ამ დროს ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით გამოიდევნება კალციუმი. ალკოჰოლის უზომოდ სმაც, რასაც ხშირად უმადობა სდევს თან, ძვლოვანი მასის რღვევას იწვევს.
სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ანას კვების დარღვევის შედეგად განუვითარდა ოსტეოპოროზი. ამ დარღვევის გამო მის ორგანიზმს აღარ მიეწოდებოდა ნოყიერი, ვიტამინებით გაჯერებული საკვები, მან წონაშიც დაიკლო და მენსტრუალური ციკლიც შეუწყდა. შედეგად, მის ორგანიზმში აღარ გამოიყოფოდა ესტროგენები, რამაც ძვლოვანი ქსოვილის სიმყიფე გამოიწვია.
კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი ფიზიკური უმოძრაობაა. თამბაქოს მოწევაც ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას, რადგან მოწევის დროს მცირდება ძვლის მასის სიმტკიცე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, ბარძაყის მოტეხილობის რვიდან ერთი შემთხვევა სწორედ მოწევის შედეგია. გამოკვლევები აჩვენებს, რომ სიგარეტის გადაგდების შემდეგ მცირდება ძვლოვანი მასის რღვევისა და მოტეხილობის მიღების რისკ-ფაქტორი.
როგორ დავიცვათ თავი ოსტეოპოროზისგან?
ოსტეოპოროზის მკურნალობა პატარაობაში ან მოზარდობის ასაკში უნდა დაიწყოს. ადამიანის ძვლის მასის 90 პროცენტი სწორედ ამ დროს ყალიბდება. კალციუმი, რომელიც ძვლოვანი სტრუქტურის ფორმირებისთვის მთავარი მასაზრდოებელი ნივთიერებაა, ძირითადად ძვლებს ასაზრდოებს. კალციუმით გაჯერებულია რძე და რძის პროდუქტები, მაგალითად, იოგურტი და ყველი; აგრეთვე ცოცხალი სარდინი, დაკონსერვებული ორაგული (ორივე იჭმება ფხიანად), ნუში, შვრიის ფაფა, სეზამის მარცვლები, ტოფუ (ყველის სახეობა) და ცოცხალი სალათები.
ორგანიზმმა კალციუმი რომ შეითვისოს, აუცილებელია D ვიტამინი. ეს ვიტამინი ორგანიზმში მზის სინათლის ზემოქმედებით გამომუშავდება. მექსიკის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი მანუელ მირასუ ამბობს: „დღეში ათი წუთიც კი მზის აბაზანების მიღება ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას, რადგან მზის სინათლე წარმოქმნის D ვიტამინის დაახლოებით 600 კომპონენტს“ (Bone and Mineral Metabolism Association). D ვიტამინი აგრეთვე საკმაო რაოდენობითაა კვერცხის გულში, ზღვის თევზსა და ღვიძლში.
ოსტეოპოროზის თავიდან აცილება რეგულარული ვარჯიშითაც შესაძლებელია. პატარაობაში ან მოზარდობის ასაკში ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას, ხანდაზმულობის ასაკში კი — ძვლის მასის სიმტკიცის შენარჩუნებას. ამ დროს ყველაზე მეტად სასარგებლოა კუნთების დამჭიმავი ვარჯიშები, რომლის დროსაც სიმძიმეებს ქვემოდან ზემოთ წევენ ისე, რომ ძვლებსა და სახსრებს ზედმეტი ძალა არ ადგება. კუნთების დამჭიმავ ვარჯიშებში აგრეთვე შედის ფეხით სიარული, კიბეებზე ასვლა და ცეკვაც კი.
როგორც დავინახეთ, ამ უხილავი დაავადების სამკურნალოდ მრავალი საშუალება არსებობს. ძვლის მასის შენარჩუნებას და ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას ხელს უწყობს სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. მართალია, ბევრისთვის, ვინც ფიზიკურად ნაკლებს მოძრაობს, შეიძლება რთული იყოს აქტიური ცხოვრების დაწყება, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად! მათ შეუძლიათ თავიდან აირიდონ ოსტეოპოროზი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში მილიონებს აწუხებს.

0
1188
5-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
1188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0