ომი რომსა და კართაგენს შორის ძვ. წ. აღრ. 264 წ. დაიწყო და საუკუნეზე მეტ ხანს, პერმანენტული ბრძოლების სახით გრძელდებოდა. რომის არმიას ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მხედართმთავარი, ჰანიბალი (ძვ. წ. აღრ. 275 – 187 წწ.) უპირისპირდებოდა. ყველაზე დიდი ბრძოლა, დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის, რომელიც კანეს (იტალია) მახლობლად გაიმართა, პუნების არმიის გამარჯვებით დასრულდა. კართაგენთან ომი იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ სენატორი მარკუს პორციუს კატონი (უფროსი), თავის ყველა გამოსვლას, ერთი და იგივე ფრაზით – «კართაგენი უნდა დაინგრეს» (ლათ. Carthago delenda est) ამთავრებდა.
კართაგენთან ომის პარალელურად, რომი ცდილობდა რა, მტრის შესუსტებას, კართაგენის მოკავშირე ქვეყნებსაც ეომებოდა. ძვ. წ. აღრ. 146 წ. კორინთის (საბერძნეთი) ბრძოლიის შემდეგ, ალ. მაკედონელის ელინისტური იმპერიაც რომს შეუერთდა და ბრძოლებში მოპოვებული უამრავი გამარჯვების მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, კართაგენიც დაეცა...
რომაელმა მეომრებმა, კართაგენში შეჭრის შემდეგ, უზარმაზერი ზღვისპირა ქალაქი მიწასთან გაასწორეს და შეიძლება ითქვას, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს: მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ქალაქის იერიშის დროს დაიღუპა, დანარჩენი ტვედ აიყვანეს და მონებად გაყიდეს. ხოლო, ქალაქს, გაძარცვის შემდეგ, დამპყრობლებმა ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარი 17 დღე გრძელდებოდა... როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩაქრა, რომაელებმა ნაქალაქარს მარილი დააყარეს, რომ იმ ადგილზე ბალახიც კი არ გაზრდილიყო. კართაგენის იმპერია კი, რომის აფრიკულ პროვინციად იქცა.
სამუდამოდ «დაწყევლის» მიუხედავად, კართაგენის ყოფილი დედაქალაქის ადგილზე, უკვე ძვ. წ. აღრ. 123 წელს, რომის ახალი კოლონიის დედაქალაქის – იუნონიას (მითოლოგიური ქალღმერთის იუნონას საპატივცემულოდ) აშენება გადაწყდა. თუმცა, რომის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების გამო, პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ნაქალაქარზე ქალაქის აშენების იდეა, ძვ. წ. აღრ. 46 წ. იულიუს კეისარსაც გაუჩნდა. მაგრამ, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რადგან შეთქმულების მსხვერპლი გახდა. იმ ადგილზე, ახალი ქალაქის დაარსება, მხოლოდ ძვ. წ. აღრ. 29 წ. მისმა მემკვიდრემ, ოქტავიანე ავგუსტუსმა შეძლო და ცეზარის საპატივცემულოდ, მას «Colonia Julia Carthago» (იულიუსის კართაგენული კოლონია) დაარქვა. ბირსის ბორცვი, სადაც ადრე ძველი ქალაქის ცენტრი იყო, მთლიანად გადათხარეს და რომაული პროექტის მიხედვით, ქალაქი ახლიდან ააშენეს. აშენებიდან სულ მალე, მისი მოსახლეობა 300 ათას კაცს შეადგენდა. ხოლო ქალაქში, აშენდა ცირკი, 60 ათას მაყურებელზე, თეატრი, თერმები, აკვედუკები — მოკლედ, ყველაფერი საუკეთესო, რაც რომის ცივილიზაციას იმ პერიოდისთვის გააჩნდა.
კართაგენი, ქალაქის გარდა, ფინიკიელების მიერ შექმნილი იმპერიაც იყო და პუნები, როგორც მათ რომაელები უწოდებდნენ, მხოლოდ დედაქალაქში არ ცხოვრობდნენ. მათი ნაწილი, აფრიკის სანაპიროებზე მდებარე ქალაქებში, ხოლო ნაწილი, – კართაგენის ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულებზე, ევროპის და მცირე აზიის, კოლონიებში არსებულ ქალაქებში ცხოვრობდა. პუნიკური (ამჟამად, მკვდარი ენა, სემიტური ოჯახიდან) საუბრის მოსმენა, თითქმის, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთელს სანაპიროზე შეიძლებოდა. გარდა ამისა, კართაგენს უდიდესი სავაჭრო ფლოტი ჰქონდა და ბევრი გემი, ქალაქის დანგრევის დროს, ზღვაში იყო გასული.
კართაგენის იმპერიის მოქალაქეებს, რომაელების გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე არჩევანი ჰქონიათ. მათ შეეძლოთ საკუთარ სახლებში დარჩენილიყვნენ, ან ანტიკური სამყაროს სხვა ქალაქში გადასულიყვნენ. მაგ., ეგვიპტის კოსმოპოლიტურ ალექსანდრიაში, სადაც იმ დროს, მათი ბევრი თანამემამულე ცხოვრობდა... და კიდევ, შეეძლოთ მეკობრეებიც გამხდარიყვნენ – დაუმორჩილებელი მეზღვაურები, რომლებიც «სისხლს გაუშრობდნენ» რომაელებს... და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ კართაგენის დაცემის შემდეგ მიიღო მეკობრეობამ უპრეცენდენტო მასშტაბები ხმელთაშუა ზღვაში. მეკობრეების გარდა, რომის იმპერიას ის ადამიანებიც ემტერებოდნენ, მარცხს რომ ვერ შეეგუვნენ და დამპყრობლების წინააღმდეგ ომს, საკუთარი გემებით აწარმოებდნენ.
მეკობრეებთან გამკლავება რომაელებმა მხოლოდ ძვ. წ. აღრ. 67 წელს, გნეუს პომპეუსის წყალობით შეძლეს, რომელმაც ზღვის ყაჩაღებს ნამდვილი ომი გამოუცხადა. რომაელმა მხედართმთავარმა მათი ყველა ბაზა გაანადგურა და ისინი «ხერხემალში გადატეხა».
რაც შეეხება კართაგენელ ვაჭრებს, რომლებიც ძირითადად აფრიკის საზღვაო ქალაქებში ცხოვრობდნენ, საქმიანობას ძველებურად აგრძელებდნენ და კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე, საკუთარ ბიზნესს თაობიდან თაობას გადასცემდნენ. კართაგენის დაცემიდა, 500 წლის შემდეგაც კი, ჩრდ. აფრიკის და ესპანეთის სამხ. სანაპიროებზე და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში, ისევ პუნიკურ ენაზე საუბრობდნენ. მართალია, ყოფილი კართაგენელების გარეგანი ასიმილირება მოხდა, მაგრამ ისინი საკუთარ ფესვებს არ ივიწყებდნენ, «სავაჭრო ძმობას» ინარჩუნებდნენ და ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილის ბაზარს აკონტროლებდნენ.