ელ. წიგნები §24. გეოგრაფიული რუკების კლასიფიკაცია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის 2016, 20 მარტი, 12:49 რუკა (ბერძ. Chartes - ფურცელი, გრაგნილი) – დედამიწის ზედაპირის, ციური სხეულების და ცის სფეროს შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება არის სიბრტყეზე, მათემატიკური საფუძვლით, გეოგრაფიული კოორდინატების სისტემით, მასშტაბით და სპეციალური ნიშნებით – რუკის ენით. რუკა არის გეოგრაფიული ინფორმაციის ერთ–ერთი და შეუცვლელი წყარო. ის აგროვებს და იცავს გეოგრაფიულ ინფორმაციას. მისი საშუალებით, შეიძლება გეოგრაფიული ობიექტის და სახელმწიფოს საზღვრების განსაზღვრა, ინფორმაციის მიღება მოსახლეობის რაოდენობის, განსახლების და საქმიანობის შესახებ. რუკებს განასხვავებენ: მასშტაბის, ასახული ტერიტორიის მომცველობის, შინაარსის, დანიშნულების, სირთულის და ფორმატის მიხედვით. I. რუკების კლასიფიკაცია მასშტავის მიხედვით. რუკაზე ნებისმიერი გეოგრაფიული ობიექტი შემცირებული სახით არის ასახული. წილად რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს ობიექტის შემცირების ხარისხს, მასშტაბი ეწოდება. მასზე არის დამოკიდებულუი, თუ რამდენად დეტალურად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია რუკაზე. მასშტაბის მიხედვით, რუკა შეიძლება იყოს: წვრილმასშტაბიანი 1: 1 000 000 და უფრო წვრილი საშუალომასშტაბიანი 1 : 200 000 – 1 : 1 000 000 მსხვილმასშტაბიანი 1 : 10 000 – 1 : 200 000 ყველა რუკაზე მასშტაბი სანტიმეტრებში არის მოცემული ანუ რუკაზე, ყოველ სანტიმეტრს, გარკვეული რაოდენობის სანტიმეტრები შეესაბამება ბუნებაში. მაგრამ, დედამიწის ზომიდან გამომდინარე, სანტიმეტრებში ლაპარაკი მოუხერხებელია. ამიტომ, რუკის კითხვის დროს, მასშტაბი მეტრებში ან კილომეტრებში (რუკის მასშტაბს გააჩნია) გადაჰყავთ: 1 : 10 000 – 1 სმ – 100 მ. 1 : 100 000 – 1 სმ – 1 კმ. 1 : 1 000 000 – 1 სმ – 10 კმ. მსხვილმასშტაბიან რუკებზე, იმფორმაცია დეტალურად არის წარმოდგენილი. მასშტაბის შემცირებასთან ერთად, მცირდება დეტალურობის ხარისხიც. რუკაზე ასახვის მიხედვით, მასშტაბი სამი სახის არის: რიცხვითი – 1 : 25 000 000 სახელდებული – 1 სმ-ში 250 კმ. ხაზოვანი – ხაზოვანი მასშტაბი, სახაზავის მსგავსად, 1 სმ-იან მონაკვეთებად დაყოფილი ხაზია. ნულოვანი მაჩვენებლის მარცხნივ, მოცემულია რუკის მასშტაბის ზომა, ხოლო მარჯვნივ, რეალური მანძილი ბუნებაში, რომელიც დანაყოფების ზრდასთან ერთად, იზრდება. ხაზოვან მასშტაბზე, 1 სმ-იანი დანაყოფი, 0-ის მარცხნივ, არის მასშტაბის ფუძე, ხოლო უფრო პატარა მონაკვეთები მასში – ფუძის სიზუსტე. ის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ რუკაზე გაზომილი მანძილი, ხაზოვან მასშტაბზე, სრულ სანტიმეტრს ვერ ავსებს. II. რუკის მასშაბის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი, მასზე ასახული ტერიის სიდიდე ანუ რუკის ტერიტორიული მომცველობა არის. რაც უფრო დიდი ტერიტორია არის ასახული რუკაზე, მით უფრო წვრილმასშტაბიანია რუკა. რუკა, მასზე ასახული ტერიტორიის მომცველობის მიხედვით, შეიძლება იყოს: 1. მსოფლიო და ნახევარსფეროების; 2. კონტინენტების, ოკეანეების და მსხვილი ბუნებრივი რეგიონების; 3. ქვეყნების, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულების და დასახლების პუნქტების. III. შინაარსის მიხედვით, რუკები იყოფა – ზოგადგეოგრაფიულ და თემატური რუკებად: 1. ზოგადგეოგრაფიულია რუკები, რომლებზეც ხილვადად დაკვირვებადი ობიექტები (რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეები, დასახლების პუნქტები და სხვა ობიექტები ანუ ის, რასაც თვალი ხედავს) არის ასახული. 2. თემატურ რუკებზე ხილვადად დაუკვირვებადი ობიექტები და მოვლენები არის ასახული ანუ ისეთი ინფორმაცია, რომელიც კვლევის ჩატარების შედეგად მიიღება. მაგ., დედამიწის გეოლოგიური აგებულება, ატმოსფეროს ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ჰავის და ნიადაგის ტიპები, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ა. შ. ზოგადგეოგრაფიული რუკები, მასშტაბის მიხედვით, იყოფა: ტოპოგრაფიულ, სამიმოხილვო-ტოპოგრაფიულ და სამიმოხილვო რუკებად. რუკა, რომლის მასშტაბი 1 : 10 000-დან – 1 : 200 000-მდეა – ტოპოგრაფიულია. 1 : 200 000 – 1 : 1 000 000 – სამიმოხილვო-ტოპოგრაფიული. 1 : 1 000 000 და უფრო წვრილმასშტაბიანი – სამიმოხილვო.
თემატური რულები იყოფა სამ ჯგუფად: ბუნების, საზოგადოების და ბუნების და საზოგადოების ურთიერთობის რუკებად. ბუნების რუკები: 1.ზოგადი ფიზიკურ-გეოგრაფიული – ფიზიკური, ლანდშაფტების, ბუნებრივი ზონების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა; 2. გეოფიზიკური – გრავიტაციული, მაგნიტიზმის, გეოქიმიური, სეისმურული; 3. მეტეოროლოგიური და კლიმატოლოგიური – ატმოსფეროს ტემპერატურის და წნევის, ნალექების, ქარების, ამინდის პროგნოზის და სხვა; 4. ოკეანოლოგიური – ზღვების და ოკეანეების; 5. ჰიდროლოგიური – ხმელეთის წყლების; 6. ნიადაგების – ნიადაგის ტიპების; 7. ბოტანიკური – ფლორის; 8. ცხოველთა სამყაროს – ფაუნის; საზოგადოების მოვლენების რუკები: 1. მოსახლეობის – მოსახლეობის განსახლების, სქესის და ასაკის, მიგრაციების, ეროვნული შემადგენლობის და სხვა; 2. ეკონომიკური – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების და ა. შ; 3. სოციალური ინფრასტრუქტურის – განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურის და სპორტის, ტურიზმის და სხვა; 4. პოლიტიკური – პოლიტიკუტი და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული; 5. ისტორიული – ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპების, ომების, ტერიტორიების გადანაწილების და სხვა; ბუნების და საზოგადოების ურთიერთობის რუკები: 1. ბუნების დაცვის; 2. გეოეკოლოგიური; IV. დანიშნულების მიხედვით, რუკა შეიძლება იყოს: სასწავლო (საშ. სკოლების, უმაღლესი სასწავლებლის, ახლომხედველების და უსინათლოების), სამეცნიერო, სამეურნეო–საპროექტო, საცნობარო, სამხედრო, საზღვაო-სანავიგაციო, ტურისტული და ა. შ. V. სირთულის მიხედვით, რუკები იყოფა: ანალიზურ, სინთეზურ და კომპლექსურ რუკებად. ანალიზური რუკა გადმოსცემს ობიექტის ან მოვლენის მხოლოდ ერთ მხარეს (ატმოსფეროს ტემპერატურა, ქარის მიმართულება, მოსახლეობის სიმჭიდროვე...). სინთეზური რუკა სრულ წარმოდგენას იძლევა, მასზე ასახული ობიექტის თუ მოვლენის შესახებ. ასეთ რუკაზე (ლანდშაფტის, კლიმატური დარაიონების ...) ასახულია მოვლენა, რომელიც სხვადასხვა ელემენტების (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, წნევა, ნალექი, ნიადაგის ტიპები, მცენარეული საფარი) ურთიერთკავშირით მიიღება, მაგრამ მათ შესახებ, რუკაზე მონაცემები დატანილი არ არის. კომპლექსური არის რუკა, რომელზეც ასახულია ობიექტის ან მოვლენის რამოდენიმე თვისება, მხარე ან ურთიერთკავშირში მყოფი რამოდენიმე მოვლენა (მაგ., სინოპტიკური რუკა, რომელზეც მოსალოდნელ ამინდთან ერთად, ასახულია ამ ამინდის შემქმნელი თითოეული კომპონენტი: ქარის სჩქარე, ღრუბლიანობა, ნალექები და ა. შ.). ტოპოგრაფიული რუკები, რომლებზეც ერთდროულად ასახულია ოლქის სხვადასხვა ელემენტები, ასევე კომპლექსური რუკების კატეგორიას განეკუთვნება. VI. ფორმატის (გამოყენების თვალსაზრისით) მიხედვით განასხვავებენ: დიდი ზომის კედლის და პატარა ზომის სამაგიდო რუკებს. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ციფრული რუკებიც, რომლებიც ნებისმიერ მასშტაბში შეიძლება იყოს წარმოდგენილი § 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა. http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/ §23. კარტოგრაფიული პროექციები. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის http://intermedia.ge/სტატია/72001-§23-კარტოგრაფიული-პროექციები-თავი-IV-კარტოგრაფია-და-ადგილზე-ორიენტირებ/108/ 2265 9-ს მოსწონს
|