პროზა ანეკდოტები და სატირა ,რომელმაც დროს გაუძლო და დღესაც აქტუალურია 2016, 5 მარტი, 16:20 ნასრედინი გახლავთ XIII საუკუნის ფოლკლორული პერსონაჟი, ისლამური აღმოსავლური კულტურის ერთერთი გამორჩეული სახალხო სატირული სუფი ფილოსოფოსი, რომელიც ცნობილი იყო მისი სასაცილო ისტორიებითა და ანეკდოტებით. მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა რუმის სასულთნოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ 1208 –1284) ნასრედინის თქმულებები ხშირად იუმორისტული და აღმზრდელობითი ხასიათისაა. მისი დაბადების თუ გარდაცვალების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ამიტომ არსებობდა თუ არა რეალურად ეს პერსონაჟი დღესაც გაურკვეველია. სხვადასხვა აღმოსავლურ კულტურაში იგი ასევე ცნობილია როგორც „მოლა ნასრედინი“, „ხოჯა ნასრედინი“ ან „ეფენდი“. მუსულმანურ ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე არაბულ, სპარსულ, თურქულ, ცენტრალური აზიისა და ჩინურ ლიტერატურაში, ბალკანეთის და კავკასიის ხალხებში, სლავებში, არსებობს მრავალი პოპულარული ანეკდოტი და სასაცილო ისტორიები მოლა ნასრედინზე. ყველაზე სრული კოლექცია, რაც არსებობს შეიცავს 1238 ისტორიას. ნასრედნის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ მსგავსი პერსონაჟი სხვა ერებმაც გაითავისეს.მაგალითად:ცბიერი პეტრე-სლავებში, ჯოხა-არაბებში, ალენდი ყირგიზებში, პულუ პულუ-სომხებში, ალდარ კოსე-ყაზახებში, ტილ ულენშპიგელი-ფლამადიელებში და გერმანელებში, პაკელე-რუმინელებში და მოლდაველებში და ა.შ. როგორც ასეულობით წლის წინ მოლა ნასრედინის ანეკდოტები დღესაც ძალზე პოპულარული და აქტუალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში..მაგალითად აზერბაიჯანში სატირულ ჟურნალს ჰქვია "Молла Насреддин", ხოლო კომპოზიტორმა ლეილა ისმაგილოვამ შექმნა ბალეტი "ხოჯა ნასრედინი"(1998წ.) ფოტოზე:მოლა ნასრედინის ძეგლი ბუხარაში, უზბეკეთი. *** მოლამ გაიგო, რომ ერთ სახლში ქორწილი იყო. მან წერილივით დაკეცა ქაღალდი და კარზე დააკაკუნა. როდესაც ჰკითხეს რა გინდაო, მოლამ უთხრა: - სახლის პატრონს წერილი მოვუტანე. მოსამსახურემ მოლა შინ შეუშვა. მან ქაღალდი მასპინძელს გადასცა, თვითონ კი გაშლილ სუფრას მიუჯდა. - ამ ქაღალდზე არაფერი წერია, _ უთხრა მოლას სახლის პატრონმა. - რა არის აქ გასაკვირი, _ უპასუხა მოლამ, _ სასწრაფო საქმე იყო და დაწერა ვერ მოასწრეს. ***ზამთრის დადგომისას მოლას ჰკითხეს: - საზამთროდ რა მოიმარაგე? - კარგი ჟრჟოლა და კანკალი, _ უპასუხა მოლამ. ***მოლას მეზობლად ერთი უჭკუო მზეთუნახავი ცხოვრობდა.ერთხელ თურმე ამ ქალმა მოლას კაცი გაუგზავნა და შეუთვალა: - შენ ჭკვიანი ხარ, მე კი ლამაზი, შემირთე და ჭკვიანი და ლამაზი შვილები გვეყოლება. მოლამ უპასუხა: - მასე რომ მოხდეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, ვაი თუ ჭკუით შენ დაგემსგავსონ და სილამაზით კი მე. *** მოლა ქიშმიშს ჭამდა. მასთან მეგობარი მივიდა და ჰკითხა: - მოლა რას ჭამ? - იმიტომ..._ უპასუხა მოლამ - რას ნიშნავს ”იმიტომ”, ეგ რა პასუხია? - მოკლედ გეუბნები - როგორ თუ მოკლედ? შენ მეკითხები, რასა ჭამო, მე რომ გიპასუხო: ქიშმიშსაო, მეტყვი: მეც მაჭამეო. მე გეტყვი: ვერა, ვერ გაჭმევ-მეთქი. შენ შემეკითხები: რატომაო, მე კი გიპასუხებ: იმიტომ-მეთქი, ამიტომ წინასწარ მოკლედ გეუბნები: ” იმიტომ”. *** მოლა სახედარზე შეჯდა. ცოტა რომ გაიარეს, ახლა სხვა მგზავრები შემოეყარენ და უთხრეს: - ამოდენა კაცი რომ სახედარზე შემჯდარხარ და ეს გამხდარი ბიჭი კი ფეხით მოგსდევს საკადრისია? მოლამ შვილი უკან შემოისვა. ცოტა რომ გაიარეს უსაქმურების მთელი გროვა შემოხვდათ. სახედარზე გადამჯდარი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, დაუძახეს: - ეს რა უსულგულო ხალხი ყოფილხართ, განა შეიძლება ერთ სახედარზე ორი კაცი იჯდეს? მოლა გაჯავრდა, სახედრიდან ჩამოვიდა, შვილიც ჩამოიყვანა და სახედარი წინ გაიგდო. ბევრი იარეს თუ ცოტა, რამდენიმე კაცი შემოეყარათ. ფეხით მიმავალი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, თქვეს: - რა სულელები არიან, სახედარი ცარიელი მირბის, ესენი კი ამ სიცხეში ფეხით მიჩანჩალებენ. ეს რომ მოლამ გაიგონა, ხელები მაღლა აღაპრო და თქვა: - ღმერთო, არა მგონია ქვეყანაზე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაჭორონ. *** მოლამ სამღებრო გახსნა. ერთი კაცი მივიდა, ნაჭერი მიუტანა და უთხრა: - მოლა შემიღებე, ოღონდ ისეთ ფერად, რომელიც ქვეყანაზე არ არსებობს. - ეგ რომელია? _ შეეკითხა მოლა. - არც წითელი, არც შავი, არც ლურჯი, არც მწვანე, არც ყვითელი და არც თეთრი, _ უპასუხა კაცმა. მოლა მიხვდა, ეს კაცი დამცინისო. - კარგი, _ უთხრა მან, _ ისე შევღებავ როგორც შენ გინდა. - როდის მოვიდე? -როცა გინდა, მხოლოდ არც ორშაბათი იყოს, არც სამშაბათი, არც ოთხშაბათი, არც ხუთშაბათი, არც პარასკევი, არც შაბათი და არც კვირა, _ უპასუხა მოლამ. ***ერთხელ მოლას უთხრეს: - შენი ცოლი ბევრს დაწანწალებს - ტყუილია, აგრე რომ იყოს ერთხელ ჩემს სახლშიაც შემოიხედავდა. *** მოლამ ერთხელ მეზობლისგან ქვაბი ინათხოვრა. მეორე დღეს იმავე ქვაბში პატარა ქვაბი ჩადგა და დიდი მადლობით მიუტანა. მეზობელი გაკვირვებული შეეკითხა: - ეს პატარა ქვაბი საიდან გაჩნდა? - მოლამ დამშვიდებით უპასუხა: - შენი ქვაბი ორსულად იყო. წუხელ ეს პატარა ქვაბუნა მოიგო და მოგიტანე. მეზობელმა სიხარულით გამოართვა მოლას ქვაბები. რამდენიმე დღის შემდეგ მოლამ იგივე ქვაბი ხელახლა ინათხოვრა. გავიდა დიდი დრო და პატრონს უკან აღარ მიუტანა. მეზობელი იძულებული გახდა თვითონ მისულიყო მოლასთან ქვაბის მოსატანად. მან ქვაბი მოითხოვა, მაგრამ მოლამ ამოხვნეშით უპასუხა: - შენ კარგად გამყოფოს ჩემმა გამჩენმა და შენი საცოდავი ქვაბი კი ამ ორი დღის წინათ გარდაიცვალა. მეზობელმა გაკვირვებით წამოიძახა: - ჯერ აქამდე არავისგან გამიგონია, რომ ქვაბი მომკვდარიყოს. - თუ კი ის გაგიგონია, _ დაცინვით მიუგო მოლამ _ რომ ქვაბმა ქვაბი მოიგო. რატომ ის აღარ გაიგე, რომ ქვაბი მოკვდა? ***მოლა სოფელში მივიდა. ძალიან მშიერი იყო. ამ დროს ერთი სახლიდან ტირილი მოესმა. მაშინვე იქ მივიდა. ნახა, რომ მკვდარს ტიროდნენ. მოლამ ჭირისუფალთ უთხრა: –– თუ საკმაო საჭმელს მაჭმევთ, თქვენს მკვდარს გავაცოცხლებ. ჭირისუფალმა უამრავი საჭმელი მიართვა მოლას. მშიერმა მოლამ საჭმელი დიდი სიხარბით სჭამა და, რომ გამოძღა, სთქვა: –– წამიყვანეთ ახლა მკვდრის სარეცელთან! როცა მიცვალებულთან მიიყვანეს, მოლამ იკითხა: – ეს კაცი რა ხელობის იყო? – მქსოველი მუშა იყო! –– უპასუხეს მას. -მაშ რატომ აქამდე არ მითხარით? სხვა ვინც უნდა ყოფილიყო, მე შემეძლო მისი გაცოცხლება, მაგრამ მქსოველი მუშის გაცოცხლება შეუძლებელია! –– სთქვა მოლამ და თავისი გზა განაგრძო". ***ახალგაზრდებმა მოლა აბანოში წაიყვანეს. ყმაწვილებს თან თითო კვერცხი წამოეღოთ და ტანთ რომ გაიხადეს თქვეს: – მოდით, ბიჭებო, კვერცხი დავდოთ, ვინც არ დადებს, ყველას ხარჯი იმან გაისტუმროს. შემდეგ ქათმებივით აკაკანდნენ, კვერცხები ფრთხილად გამოიღეს და მარმარილოს ფიცარზე გააგორეს. მოლამ ეს რომ დაინახა, ხელი ხელს მამლის ფრთებივით შემოჰკრა და ყივილი მორთო. – რას აკეტებ, მოლა? – ჰკითხეს ახალგაზრდებმა. – ამდენ დედალს ერთი მამალიც სჭირდება, – უპასუხა მოლამ. 1403 5-ს მოსწონს 1-ს არა |
მეუღლე არ ეცემა, იმის გამო რომ სახლში საჭმელი არ დაამზადა. ცოლ-ქმარი დასვეს და კარგად აჭამეს.
მოლა ნასრადინი თითს უსმევდა ანტრიის ქვაბს და თან აყოლებდა შემდეგ სიტყვებს : " აი ასე დავარტყი ჩემს
ცოლ", აი ასე "დავარტყავ ჩემს ცოლს თუ ვერ ისწავლა ამ ანტრიის გაკეთება" - არვიცი რამდენად გამომივიდა ,
მაგრამ აზერბაიჯანულად მარტლა მაგრად გამოდის