საბუნებისმეტყველო მგლები - ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე და საზრიანი მტაცებლები. 2016, 16 თებერვალი, 23:31 მგელი გარემოსთან კარგად შეგუებული მტაცებელია. ცხოვრობს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, მთაში და ბარშიც, ტყესა და უდაბნოშიც. იტანს სიცივესა და სიცხესაც. გამოირჩევა საზრიანობით და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელია.
თავს ესხმის სხვადასხვა ცხოველს, ნებისმიერს, რაც კი გზაზე გადაეყრება. არ იწუნებს თაგვს, ბაყაყს, ხვლიკს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს მიწაზე და ჭამს კვერცხებს, ბარტყებს, ხშირად თავს ესხმის შინაურ ცხოველსაც.
ზაფხულში მგელი მაძღარია, ზამთარში კი თითქმის ყოველთვის მშიერია. ძნელია ღრმა თოვლში სირბილი და ნადირობა. მგელს კი, როგორც იტყვიან, "ფეხები აჭმევს".
ზამთარში ეს მტაცებლები ხროვებად ერთიანდებიან. ხროვაში ჩვეულებრივ ათი თორმეტი ნადირია. მგლის ხროვა დაძრწის გზებსა და ბილიკებზე, ტყეში, ველად თუ მინდვრად და საკვებს ეძებს. საკვების ძიებაში ხროვა დიდ მანძილებს ფარავს. შიმშილისაგან გაბოროტებული მხეცები ერთობ გაბედულები ხდებიან, თავს ესხმიან სოფლებს: ცხვრის ფარებს, საქონლის სადგომებს, გუდავენ ეზოს ძაღლებს.
მგლებს ანადგურებენ ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. ნადირობენ: ავტომანქანებით, ვერტმფრენებით, თვითმფრინავებით, ანადგურებს მათ შეიარაღებული ათასობით ფეხოსანი მონადირეც. ასეთი მასობრივი გამანადგურებელი ღონისძიებების შემდეგ მტაცებ ლის ნებისმიერი სახეობა შეწყვეტდა არსებობას, მაგრამ მგელს ეს არ შეემთხვა. ჩვენი ქვეყნის უმრავლეს რაიონში მგლის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, გადარჩენილებს კი ისეთი განსაცვიფრებელი სიფხიზლე, ეშმაკობა და მოხერხებულობა გამოუმუშავდათ, რომ მონადირეთა შორის უნებლიე პატივისცემასაც იმსახურებენ. მტაცებელი ხშირად ახერხებს დაუძვრეს შეიარაღებულ მდევარს. ორ კვირაზე მეტს შიმშილობს, მაგრამ ახლოსაც არ ეკარება ხაფანგებს და მოწამლულ სატყუარებს. განსაცვიფრებელია მგლის ძალაც. მას შეუძლია ღრმა თოვლშიც დიდ მანძილზე ათრიოს კისერზე მოგდებული ღორი, ცხვარი ან თხა. მგლების ხროვის შიგნით რთული და მრავალმხრივი ურთიერთობაა გაბატონებული. მშობლები შვილებს გადასცემენ თავიანთ მდიდარ გამოცდილებას. მგლები არ უშვებენ თავის კლანში სუსტების არსებობას. ბრმა ან ხეიბარი ზედმეტი ტვირთია. არსებობისთვის ბრძოლაში ყოველ წუთს ფხიზლად უნდა იყოს ნადირი. ზამთარში ყველაზე მოსახერხებელი კოლექტიური ნადირობაა. ამ დროს მგლები დიდ საზრიანობას იჩენენ და უმთავრესად დევნით, მსხვერპლის ჩიხში მომწყვდევის ხერხს იყენებენ. მსხვილ ცხოველებს - ირემს, ცხენირემს, კამეჩს, ბიზონს, რომელთაც შეუძლიათ მტაცებლისაგან თავის დაცვა, ავიწროვებენ და ისეთ ადგილებში აქცევენ(ნახევრად ჭაობი, კლდე) სადაც მათი დამორჩილება ადვილია. ჯერჯერობით საქართველოში მგელი, როგორც სახალხო მეურნეობისთვის დიდი ზიანის მომტანი მტაცებელი, ყველგან ნადგურდება, მაგრამ მისი რიცხვი ჯერ კიდევ დიდია. 578 4-ს მოსწონს
|