ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ წყალში გარკვეული დროით ყოფნის შემდეგ კანი ფეხებსა და ხელებზე გვინაოჭდება. რის გამო ხდება ასე? მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს ორგანიზმის უნებლიე რეაქციაა წყალში დიდხანს ყოფნაზე. და მაინც, რითაა გამოწვეული ეს რეფლექსი?
ბიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმს ეს რეაქცია ევოლუციის პროცესში გამოუმუშავდა. ამგვარად ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ადამიანს სხვადასხვა სველ ზედაპირზე უკეთესი მოჭიდების უნარი ჰქონდეს.
დანაოჭებული კანი თავისებური დამცავის როლს ასრულებს. ნაოჭების წყალობით იზრდება ზედაპირთან მოჭიდების სიმჭიდროვე. ამგვარად ადამიანისთვის უფრო იოლია მაგალითად წყალში თევზის დაჭერა ან სველ ზედაპირზე გადაადგილება.
მართალია უკვე დიდი ხანია ადამიანი ფეხშიშველი აღარ დადის და სველ საგნებსაც (მაგ. ჭურჭლის რეცხვის დროს) რეზინის ხელთათმანებით ვიღებთ, ეს რეფლექსი მაინც სასარგებლოა. მაგალითად, შემდგომში, შხაპის მიღების დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სველი საპნის დაჭერა გაცილებით ადვილია დანაოჭებული თითებით.