პროზა ბაქანზე ჩავლილი სიყვარული 2016, 31 იანვარი, 15:05 1 თებერვალს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა თვალსაჩინო ქართველ მწერალს, კრიტიკოსს, მთარგმნელს, სოლომონ დემურხანაშვილს. სოლომონ დემურხანაშვილი დაიბადა 1936 წელის 1 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1961 წელს ჩაირიცხა პუშკინის სახელობის პედ.ინსტიტუტში. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სოლომონ დემურხანაშვილი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაზეთ სამგორის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" რედაქტორად, ალმანახ "საუნჯის" განყოფილების გამგედ, ალმანახ "ალგეთის" მთავარ რედაქტორად, ჟურნალ "დილას"სარედაქციო კოლეგიის წევრად და სხვა. მისი, როგორც მწერლის დებიუტი შედგა 1958 წელს, როდესაც ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ლაპუა". ამის შემდგომ აქტიურად გამოიცემოდა მწერლის მოთხრობები, ნოველები და რომანები:"ჩვეულებრივი დღე", (1962)"ხმა მიწისა", (1967)"ოქროს ნაპირი", (1969)"ნეტარ არიან მორწუნენი", (1974)"შეხვედრა უღელტეხილზე"(1980)"მზის მოქცევა, "(1985) "უკანასკნელი ზარი", (1989)"მაცდური"(1990) და სხვა. ამასთანავე სოლომონ დემურხანაშვილის კალამს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები "დედა ზღარბის ნაამბობი"(1968) და "მელია წვრილას ფათერაკები"(1991). იგი აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც.მწერალმა თარგმნა იური ნაგიბინის, მიხეილ ზოშჩენკოს, ანდრეი პლატონოვის, რევაზ ჩოჩიევის, გაფეზის და სხვათა ნაწარმოებები. 1970 წელს მწერლის მოთხრობის მიხედვით შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი"შეხვედრამდე"(რეჟისორი გივი ვეფხვაძე) თავად მწერლის ცალკული ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ და სხვა ენებზე. 1996 წელს მწერალი დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით". სიცოცხლის ბოლო წლებში სოლომონ დემურხანაშვილი მუშაობდა ისტორიულ რომანზე "გიორგი ბრწყინვალე", რომლის ნაწყვეტები ქვეყნდებოდა ჟურნალ "კარიბჭეში". სოლომონ დემურხანაშვილი გარდაიცვალა 2007 წლის 1 აპრილს.71 წლის ასაკში. მოსკოვის კურსკის ვაგზალი გათენებამდე ფეხზე დგას, ისე როგორც ყველა დიდი სადგური ამ ქვეყანაზე.სხვადასხვა ეროვნების ხალხს ისტუმრებს სადგური შორეულ სოფლებსა და ქალაქებში და, არავინ იცის, ზოგი ცხოვრებამ მეორედ აღარც კი მოაბრუნოს აქეთ. ადრეული ზამთარი იდგა და სიცივეს ჯერაც შეუგუებელი ხალხი მოსაცდელ დარბაზს მოსწყდომოდა.ქალაქის ქუჩებში სამოსელიდან ამომხტარი გაშიშვლებული ხეები თრთოდნენ და თითქოს სასოწარკვეთით შეჰყურებდნენ ფეხად ჩამოსულ ცას, რომელიც ქვეყნიერებას ცივი ზამთარით ემუქრებოდა. სადგურის მოსაცდელ დარბაზში თბილოდა და დარჩენილი ექვსი საათი იქ უნდა გამეტარებინა. შემოსვლელს და გამსვლელს თვალს ვადევნებდი, იქნებ ამ მილეთის ხალხში ვინმე თბილისელ მგზავრს გადავეყარო-მეთქი, მაგრამ ნაცნობთაგანი არავინ ჩანდა. მარტოსული ვიჯექი ხალხით გატენილ დარბაზში და თითქოს ვგრძნობდი ელექტროსაათი მხრებზე როგორ ზანტად მაყრიდა წუთებს. ფანჯრიდან ვხედავდი ხვავრიელად თოვდა, ქარიც უბერავდა და თოვლიანი ცა თითქოს ირწეოდა. ჩემოდანს იდაყვით დავეყრდენი და თვალები დავხუჭე.გამუდმებული ხმაური უფრო მკაფიოდ ისმოდა დარბაზში. ეს დასაწვავი ჩემოდანი რომ არა, ამ სიცივესაც ჯანდაბაში გავგზავნიდი და იმასაც, რომ ქალაქის ასავალ-დასავალი არ ვიცოდი, -ორიოდე საათი მაინც გავივლიდი და ქალაქს დავათვალიერებდი, მოსკოვში ჩამოსვლა ყოველთვის ხომ არ მოგიწევს კაცს. უეცრად ჩემს გვერდით ვიღაცამ გაიცინა.ეს თავშეკავებული სიცილი გულზე ისე მომხვდა, თითქოს დიდი ხნის წინათ განშორებული ადამიანის ხმა გამეგონოს.თვალები დავაჭყიტე.ჩემს გვერდით მერხზე ქალიშვილი იჯდა და პატარა ბიჭუნას საქციელზე იცინოდა.ცისფერი მომღიმარე თვალებით პირდაპირ მე მომჩერებოდა და იძულებული გავხდი, მეც ღიმილი შემეგებებინა. ცინცხალი წითელი პალტო ეცვა და თავზე თეთრი ფაფუკი ნაქსოვი ქუდი ეხურა, ეტყობოდა დარბაზში ახალი შემოსული იყო, მხრებზე ჯერაც გაუმდნარი თოვლის ფანტელები უციმციმებდა.ერთი თვალის დაკვრითვე დააბრმავებდა კაცს მისი გარეგნობა. გამიკვირდა, როგორ ვერ დავინახე, დარბაზში როდის შემოვიდა მეთქი.წელში გავიშალე და ფარაჯაზე შემორტყმული ქამარი შევისწორე, ვგრძნობდი მალულად მიმზერდა და მისი ცისფერი თვალების სიღრმეში თითქოს თანაგრძნობის გამომხატველი ალერსიანი ღიმილი კიაფობდა.ამ უჩვეულო, მოულოდნელმა ყურადღებამ სულ დამაბნია.უკვე ოცდაორი წელი მისრულდებოდა და ქალიშვილისგან ასეთი ყურადღება არ მახსოვდა.ვატყობდი გამოლაპარაკება უნდოდა და საამისოდ რაიმე მიზეზი უნდა მიმეცა. პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მუცელგამობერილი პატარა ბიჭუნა არხეინად იდგა და თვალდაუხამხამებლად შემომყურებდა.მივხვდი, ჩემს სამკერდე ნიშანზე დარჩენოდა თვალი.ნიკაპზე ალერსით მოვუცაცუნე ხელი. გამახსენდა ერთი ცალი შოკოლადი მქონდა შემორჩენილი და ხელი ჯიბისჯენ წავიღე. -რა გქვია? -მიშა, -მკვირცხლად მიპასუხა ბიჭმა და თვალი ჯიბისკენ გააპარა. -გიყვარს შოკოლადი?! გამომართვი. ზანტად, უნდობლად გამომიწოდა ხელი, შოკოლადი გამომართვა და უკუსვლით დედისკენ წავიდა. -გეტყობათ ბავშვები ძალიან გიყვართ, -ღიმილით მითხრა ქალიშვილმა. მე თავი დავუქნიე, აბა სხვა რა აუნდა მეთქვა. -ალბათ, თქვენც გყავთ ბავშვები. გამეცინა. -რაზე მატყობთ? -ისე.... -ბავშვები არა... მომღიმარე ცისფერი თვალებით მომჩერებოდა, გრძელი შავი წამწამები ჰქონდა. -კავკასიელი ხართ? -კი, ქართველი ვარ. -კავკასიელები ისე ჰგავხართ ერთმანეთს, კაცი ვერ გაგარჩევთ. -სულაც არა, -გავუღიმე, -ეგ თქვენთვის არის ძნელი, თვალი არ გაქვთ მიჩვეული. -ალბათ. დიქტორმა რომელიღაც მატარებლის გასვლა გამოაცხადა და ბიჭუნას დედა დაფაცურდა.ბავშვს ნიკაპქვეშ ყურებიანი ქუდის ზონარები სასწრაფოდ შეუკრა, თვითონაც თავზე საგულდაგულოდ მოიხვია შალი და წამოდგა.მრავლისმეტყველი ღიმილით გადმოგვხედა, მერე ბიჭუნას ხელი ჩაავლო და ბაქანისკენ გასწია. ჩემი ჩემოდნიანად ქალიშვილისკენ მივცოცდი, ერთი სული მქონდა გამეგო, რომელი მატარებლით და როდის მიემგზავრებოდა.ყოველ წუთს შემოდიოდა და გადიოდა ხალხი დარბაზიდან, მაგრამ ახლა აღარც ნაცნობს ვეძებდი და აღარც ელექტროსაათის ისრები მიწყალებდა გულს. -შვებულებით მიდიხართ?-მკითხა ქალიშვილმა, სახე სულ უცინოდა. -არა უკვე მოვათავე სამსახური. -მართლა?კარგია.მოსკოვში მსახურობდით? -ტულაში. -მოსკოვში პირველადა ხართ? -გავლით გამივლია ერთხელ. თეთრი ქუდიდან წაბლისფერი ოდნავ სველი თმა შუბლზე ჩამოშლოდა, პალტოს საყელო ყვრიმალთან შეეკრა და საყელოში თეთრი მანდილი ჰქონდა ჩატანებული.ფეროვანი, ალბათ სიცივისგან აწითლებული სახე ელექტრონის შუქზე ისე უბრწყინავდა, თითქოს ვარდი გადაჰფენიაო.სრულიად ახალგაზრდა იყო, თვრამეტი წლისაც არ იქნებოდა.კალთაში წიგნი ედო და პატარა მომუჭული ხელები ზედ დაედო.წიგნი გამოვართვი.ჩემთვის უცნობი რომელიღაც მწერლის რომანი იყო. -საინტერესოა? -ჯერ არ წამიკითხავს. რომანების კითხვა გიყვარს? -ხანდახან-ღიმილით მომიგო მან.უცებ თვალებში შემომხედა და შემეკითხა: -რა გქვიათ? -ზურაბი. -მე ანა მქვია.კარგი სახელი? -ძალიან. -მართლა? ყველას მოსწონს და მე -არა.ზურაბი იტალიური სახელია? -რატომ იტალიური, ქართულია. -მე იტალური მეგონა. ლაპარაკისას ნასუნთქ ფილტვებიდან ორთქლი ამომდიოდა და არ ვიცი, ამიტომ თუ მისი სველი თმის გამო, შორეულ ტრამალზე მოთიბული ნაწვიმარი ბალახის სურნელი მცემდა. -ჯარისკაცები მუდამ მოწყენილები რათა ხართ?-მკითხა უცებ. გაოცებულმა შევხედე, ასეთი შეკითხვა პირველად მესმოდა. -მოწყენილები?!რა ვიცი სულაც არა. -წეღან დარბაზში რომ შემოვედი, სულ გიყურებდით, ისეთი სევდიანი თვალები გქონდათ. -მართლა?! ალბათ სიმარტოვის გამო, ამოდენა ქალაქში რომ ნაცნობი არ გეყოლება, აბა რა იქნება. -საწყალი ბიჭი..-გაიცინა და უცებ, თვალებში რომ შევხედე მომეჩვენა, სადაც არის, ალერსით თავზე ხელს გადამისვამს მეთქი.უჩვეულო განცდა მომიზღვავდა.თითქოს ბურუსში გავეხვიე.ამ უცხო ქალაქში ვიღაც სრულიად უცნობმა, ალალბედად გადაყრილმა ქალიშვილმა ესოდენი სითბო და სიყვარული გამოაჩინა ჩემ მიმართ, მე ხომ რამდენიმე საათში, ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ იქაურობა უნდა დამეტოვებინა. -იცი საქართველო როგორ მომწონს? -ყოფილხართ საქართველოში?-უცებ გამოვცოცხლდი. -არა, მაგრამ ბევრი რამ გამიგონია. -ეჰ, თქვენ თვითონ უნდა ნახოთ, გაგონილს რა ფასი აქვს. -ალბათ, როდისმე ვნახავ, ძალიან გეჩქარებათ შინ დაბრუნება არა? -რა თქმა უნდა. -შეყვარებული გელოდებათ? -შეყვარებული?არა. -მე რას მიმლავათ-გამიღიმა და ჯერაც ბავშვურ სახეზე მოჩვენებითმა სიმწყრალემ გადაჰკრა.მინდოდა, როგორმე დამემტკიცებინა, რომ შეყვარებული არ მელოდებოდა. -რატომ უნდა დაგიმალოთ, სიმართლეს გეუბნებით, -ამოვილუღლუღე და ვიგრძენი, ხმა როგორ ამიკანკალდა. -შეიძლება, თუმცა ჩემთვის სულ ერთი არ არის?-ღიმილით ქვეშ-ქვეშ გამომხედა და ცოტა ხანი დუმილის შემდეგ მკითხა:-ძნელია ჯარში ყოფნა? -ძნელი რატომაა.პირველ დღეებში ცოტა გიჭირს, მერე ეჩვევი.ბოლო დღეები კი მართლაც აუტანელია, შინ დაბრუნების დრო რომ მოგიახლოვდება, ერთი დღე ერთ თვედ გეჩვენება, თუმცა ზოგიერთს არც უნდოდა შინ დაბრუნება. დარბაზს მდუმარედ გაჰყურებდა, მილიციელები ვიღაც მთვრალ წვეროსან კაცს მიათრევდნენ.კაცს მუშტი შეემართა და ხალხისა თუ მილიციელების გასაგონად რაღაცას ქადაგებდა.მაგრამ ქალიშვილი იმას სულაც არ უყურებდა, მისი გონება ეტყობა დარბაზს გარეთ იყო. -თბილისის ნახვა ისე მინდოდა..რამდენი სიმღერა მომისმენია თბილისზე, -უცებ მომიბრუნდა, -ფუნიკულიორი ზღვის დონიდან რამდენ მეტრზეა, შვიდას ოცდაერთზე არა? -კი-მეთქი, -ვუპასუხე, თუმცა ზუსტად არ ვიცოდი, რამდენ მეტრზე იყო. -თბილისი თავისებური ქალაქია, მდებარეობა აქვს ლამაზი. -თქვენ ისე ლაპარაკობთ, ნამდვილად ნამყოფი იქნებით. -არა დედას გეფიცებით-გაიცინა-გეოგრაფიიდან მახსოვს, იცით, სკოლაში როგორ მიყვარდა გეოგრაფია? -ახლა სად სწავლობთ? -საშუალო სკოლა დავამთავრე, მედალზე, მაგრამ ისეთი გადაღლილი ვიყავი, ეს ერთი წელი რომ არ დამესვენა, არ შეიძლებოდა. -წამოდით საქართველოში, იქ ისწავლეთ. ცისფერი ფართო თვალები შემომანათა და მადლიერების ნიშნად გამიღიმა. -სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ შორსაა, იქ ცხოვრება გამიძნელდება, აქ მოსკოვში დეიდა მყავს, არაფერი გამიჭირდება. -როგორ თქვენ მოსკოველი არ ხართ?-ვკითხე გაოცებულმა. -არა გორკიდან გახლავართ, დეიდასთან ვიყავი და ახლა მივემგზავრები. -მე მოსკოველი მეგონეთ. ერთხანს ორივენი მდუმარედ ვისხედით.ფანჯარას ქარი აწყდებოდა და მინებს ზრიალი გაჰქონდა.მერე ქარი უცებ მიყუჩდა, თოვამ იმატა.ბრტყელი ფანტელები ამჯერად მშვიდობიანად მოფარფატებდნენ მიწისკენ. ვიღაც ქალ-ვაჟმა ჩაგვიარა, ქალი მიდიოდა და დიდხანს მოურიდებლად გვაკვირდებოდა, ქალიშვილს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო.გადაჯვარედინებულ ფეხებს იატაკზე ძლივს აწვდენდა. ბამბის ბუსუსებიან წინდებში გამოწკეპილი, ერთი შეხედვით სუსტი წვივები წითელი პალტოს კალთაში იკარგებოდა.უეცრად საოცარი სიახლოვე ვიგრძენ მისადმი, თითქოს ჩემ გვერდით იყო ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება მაკავშირებდა და იმის წარმოდგენამ, რომ რამდენიმე საათში უნდა გავშორებოდი, ერთი წუთით გულს ცეცხლი შემომენთო. -საინტერესოა, თბილისელები როგორ იცვამენ?-მკითხა მან. -თბილისელები?გადასარევად, აი დარბაზში თუ ვინმე ქართველი შემოვიდა დაგანახებ. -აქ არიან ქართველები? -მოსკოვში ვიღა არ არის-ვუპასუხე და თვალი მოვარიდე, არ ვიცი, რა მემართებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი, უნებლიედ მის ფეხებზე გადავანაცვლე მზერა, შეიშმუშნა და მუხლებზე პალტოს კალთა შეისწორა.მერე ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და სახეში შემომაჩერდა.მე ამჯერად მის მხრებზე დაყრილ ნაწნავებს დავადგი თვალი.გვერდიდან ვხედავდი, როგორ ყურადღებით მათვალიერებდა. -იცი რა, -ღიმილით მითხრა-სამოქალაქო ტანსაცმელი ძალიან დაგმშვენდებოდა. -რა ვიცი..აი, ჩავალ თბილისში და სულ სამოქალაქო ტანსაცმელი არ მეცმება? დიქტორმა რომელიღაც მატარებლის გასვლა თუ მოსვლა გამოაცხადა და დარბაზი გამოცოცხლდა. -შენი მატარებელი რომელ საათზე გადის? -ჩემი?-კითხვა შევუბრუნე, უკვე "შენობით" მომმართა, ძალიან მალე არ გავუშინაურდით ერთმანეთს!-ჩემი მატარებელი გვიან, ექვს საათზე. -ექვზე?-თვალები გაუფართოვდა და შემომაჩერდა, ხომ არ შეეშალაო.-რას ამბობ, აბა მანამდე აქ რა უნდა გააკეთო.იცი რომელი საათია? -ვიცი სამი საათია. -სამიც არ არის, სამის ნახევარია. -შენი მატარებელი როდისღა გადის?-იქით შევედავე. -ჩემი მატარებელი როცა მინდა მაშინ გავა, -სკამის საზურგეს ბეჭებით მიეყრდნო და კეკლუცად შემომხედა.თან ცალ ფეხს ბავშვური სიანცით აქანავებდა. -როგორ თუ როცა გინდა? -გორკისკენ ყოველ ერთ საათში გადის მატარებელი, თუ მინდა არც წავალ-ერთხანს გაჩუმდა და მერე უცებ, ვითომც აქ არაფერიაო მითხრა: –თუ გინდა დარჩი, მოსკოვი მაინც დაათვალიერე. -როგორ თუ დავრჩე?-გავიოცე მე. -ჩვეულებრივ, დეიდაჩემთან წაგიყვან, ღამე იქ გაათიე, კი არ ეწყინება. -მერე რას ეტყვი ვინ არისო. -რა უნდა ვუთხრა, -მხრები აიჩეჩა, ისევ კეკლუცი ღიმილით შემომხედა-ვეტყვი, ამხანაგია საქართველოდან-მეთქი, კი არაფერს იტყვის, დედას გეფიცები, იცი რა კეთილი ქალია!აი, ეს ქუდი იმან მიყიდა.მიხდება არა? -ძალიან.ქუდიც ძალიან გიხდება და პალტოც, -გულწრფელად ვუთხარი.მართლაც ეს თეთრი, ფაფუქი ქუდი პირდაპირ ხატავდა. -ჰოდა შენ როგორც გინდა, მე გულით გთხოვ დარჩე და... ვიჯექი და შტერივით ვიღიმებოდი, რაღაც უცნაური და გაურკვეველი სიხარული მომძალებოდა.დარჩენით აბა როგორ დავრჩებოდი, სხვა რომ არაფერი, ბილეთი უკვე აღებული მქონდა, მაგრამ პასუხი ხომ უნდა მეთქვა. -აი, მომავალ წელს, თქვენ რომ მოსკოვში ისწავლით, ჩამოვალ და გნახავთ, მართალს გეუბნებით, საგანგებოდ ჩამოვალ, მისამართს დაგიტოვებ და მომწერე, რომელ ინსტიტუტში მოეწყობი, მაინც რა ფაკულტეტი გაქვს გუნებაში?-სიტყვა შორს გადავუგდე. -რა ვიცი მასწავლებლობა მინდა, დეიდაჩემს არ მოსწონს, მე კი ბავშვობიდნავე სულ იმას ვოცნებობდი, მასწავლებელი გამოვსულიყავი და სადმე მყუდრო სოფელში მემუშავა.თქვენ არ მოგწონთ მასწავლებლობა?! -ქალისთვის რა უჭირს, კარგია. -ეგეც, და ბავშვობიდანვე ვოცნებობდი-მეთქი, აკი გითხარი.თქვენ საშუალო სკოლა დამთავრებული გაქვთ? -კი. -სწავლა არ უნდა გააგრძელოთ? -გავაგრძელებ ალბათ. -კარგია, თუმცა ბიჭისთვის სულ ერთი არ არის?! იცი რა, ერთი რამე უნდა გითხრა, მაგრამ არ დამიჯერებ. გამიკვირდა, ისეთი რა უნდა მითხრას-მეთქი. -ვითომ რატომ არ დაგიჯერებ?! -ისე, ისეთი უცნაური რაღაცაა...-სახეზე სიწითლემ გადაჰკრა.პატარა, დაკუთხული ტუჩები წითლად უხასხასებდა. -მაინც რა არის? -არ დამცინებ? -არა. -ცოტა ხანს შეჭოჭმანდა და მერე თქვა: -წუხელ დამესიზმრე, -შემომხედა, აი ხომ გითხარი, არ დამიჯერებ-მეთქი.რა ძალიან გაგიკვირდა, ჯარისკაცი ვნახე, სიზმარში სულ შენ გგავდა, შენსავით სევდიანი თვალები ჰქონდა, თაიგული მომაწოდა მატარებლის ფანჯრიდან და წავიდა..ისე დამწყდა გული.. გაკვირვებით მართლაც რომ გამიკვირდა, მაგრამ რამდენად დასაჯერებელი იყო, ამაზე კი ვერაფერს მოგახსენებთ, გაოცებული შევყურებდი თვალებში და იმდენად გულწრფელი გამომეტყველება ჰქონდა, თანდათან იძულებული ვხდებოდი, მისი ნათქვამი მერწმუნა. -არა გჯერა ხომ?-სერიოზულად გამიწყრა, -დედას ტყუილად დავიფიცებ?მითხარი ტყუილად დავიფიცებ? -როგორ არ მჯერა, -სასწრაფოდ თავი ვიმართლე, –შეიძლება მართლაც დაგესიზმრა ჯარისკაცი, სიზმარი ისეთი უცნაური რამეა.. -ჰოდა, შენ კი არა გჯეროდა, რა ჩემი ბრალია, რომ დამესიზმრე?! თვალი მომარიდა და განზე გაიხედა, ბავშვური უდარდელი სახე სევდამ დაუნისლა და მე კვალავ ვიგრძენი საოცარი სიახლოვე მისდამი, ისე მეჩვენებოდა, თითქოს მთელი საუკუნე ვიცნობდი. დარბაზში ხალხი მატულობდა, თამბაქოს აბოლებდნენ და ჰაერი ისე იყო დამძიმებული სუნთქვა ჭირდა. სულ ცოტა ხანში შეიცვალა, გამხიარულდა და მომღიმარი თვალები შემომანათა. -რატომ მოიწყინე, თუ ასე გეწყინებოდა, არ გეტყოდი...გინდა ქალაქში გავისეირნოთ, მეტრო გინახავს? -არა. -ჰოდა გავიდეთ, არ მოგწყინდა ამ დარბაზში ჯდომა? სულ გადასხვაფერებული იყო. ქალაქში გასვლა როგორ არ მინდოდა, სხვა არა იყოს რა, ჯდომისგან დავიხუთე, კიდევ სამი თუ ორი საათი ჩემი მტერი მჯდარიყო.მუხლის გასაშლელად თუ ადგებოდი, მორჩა, სამუდამოდ დაკარგავდი ადგილს. -მერე შენ არ დაგაგვიანდება?-ვკითხე. -მე იქნებ სულაც არ წავიდე, დეიდაჩემს კიდეც გაუხარდება. -ჰო, რა ვიცი, ჩემი გულისთვის საქმეს ნუ წაიხდენ.-დიდსულოვნად გავაფრთხილე-მეტროს ნახვა მართლაც რომ ღირს..მაგრამ ამ ჩემოდანს რა ვუყოთ?-გამახსენდა უცებ. -ჩემოდანს?!-ერთი წამით შეწუხდა და მერე სახე გაუნათდა, -საკანში მივაბაროთ.ორ საათში რა უნდა გადაგახდევინონ.თუ ფული არ გაქვს მე გადავიხდი. -ფული როგორ არ მაქვს, -გავწითლდი და უნებურად ჯიბისკენ წავიღე ხელი, -მაგრამ საკანი სულ არ გამხსენებია. მკვირცხლად წამოხტა, თავზე ქუდი შეისწორა და მერე ყავისფერი ტყავის ხელთათმანები გადაიცვა.მარცხენა ხელთათმანს რომ იცვამდა, შევამჩნიე, ხელის ზურგზე პატარა მეჭეჭი ჰქონდა.ჩემზე სულ ოდნავ იყო დაბალი.ფარაჯის ღილები შევიბნიე, ზედ ბრტყელი ჯარისკაცული ქამარი შემოვიწკიპე და პირველად მაშინ აღმოვაჩინე, ეს უშნოდ კალთაჩამოგრძელებული ფარაჯა როგორ არ მშვენოდა.ცოტა მოკლე რომ ყოფილიყო, კიდევ ჯანდაბას... ქალიშვილმა თავით ბოლომდე შემათვალიერა და ღიმილით შემომხედა, სახეზე ალმურმა ამკრა, ვინ იცის, როგორ გავწითლდი. ჩემოდანს ხელი დავავლე და თაღოვანი ღია კარით მეორე დარბაზში გავედით.ხელში წიგნი ეჭირა და მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით მხარდამხარ მომყვებოდა.სიარულში მოწაფური მანერა ჯერაც შერჩენოდა. შემნახველ საკანში რომელიღაც სარკმელთან სქელი, ჭაღარა ქალი იდგა, იდაყვებით დახლს დაყრდნობოდა და მხრებში კისერჩარგული დიდი მინების მიღმა სივრცეს ისე გულდაგულ მიჩერებოდა, ნამდვილად თოვლის ფანტელებს თვლიდა.ზედაც არ შემოუხედავს ჩემოდანი ისე გამოგვართვა, მერე ისევ დახლს დაეყრდნო და ფანტელების თვლა დაიწყო. ქუჩაში გამოვედით.ქარი ჩამდგარი იყო და ბარდნიდა.ქალიშვილს გვერდით მივყვებოდი და ვხედავდი მხრებზე როგორ სწრაფად ედებოდა თოვლი.ალმაცერად ჩამომავალი ფანტელები სახეზე გვეყრებოდა და ის ოდნავ თავდაღუნული, წითელ პალტოში საიმედოდ შეფუთვნული ხალისიანად მომყვებოდა, თითქოს ფრთები გამოსხმიაო, უეცრად შემობრუნდა, თოვლის ფიფქებს თვალები მოუჭუტა და გამიღიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვა, სრულიად სხვა არსება ვიყავი და ჩემ მაგივრად ქალიშვილს ის მოჰყვებოდა, გრძელ, მოძველებულ ფარაჯაში გამოწყობილი. პატარა მოედანი გადავჭერით თუ არა, მეტროს სადგური ვიცანი, სხვა დროსაც გამივლია აქეთ, მაგრამ ნახვით არ მინახავს.უჩვეულოდ მომეძალა მიწისქვეშ ჩასვლის სურვილი.რა სისულელე იქნებოდა მოსკოვიდან ისე წავსულიყავი, რომ მეტრო არ მენახა -მეთქი, გავიფიქრე. სადგურში შესვლისთანავე ორპირმა ქარმა დაჰკრა.ხამი კაცი ამბავი ხომ მოგეხსენებათ, იქაურობამ ყურადღება მომტაცა და ვიდრე გონს მოვიდოდი, ქალიშვილი სალაროსთან გაჩნდა, ფული გადაახურდავა, ერთი ცალი ხუთკაპიკიანი მე გამომიწოდა. -რაზე წუხდებოდი, ფული მე არ მქონდა?-შევიცხადე და უხერხულობისგან, ვინ იცის, მერამდენედ, მთლად გავწითლდი, ჩემს უმწეობაზე ბრაზი მომდიოდა, თითქოს ქვეყნაზე არაფერი მენახოს, განა ახლა ვიგრძენ ეს პირველად.ამ სრულიად უცხო ქალიშვილმა დარბაზშივე ამყარა იარაღი. -მერე რა მოხდა, -გამიღიმა, იდაყვზე ხელი ნაზად მომკიდა და სალარო-ავტომატთან მიმიყვანა. ესკალატორს მიუახლოვდი თუ არა, მუხლებში სიძაბუნემ გამიარა და უცებ ხელზე ხელი მოვკიდე, მერე მალევე მივხვდი, რომ როგორც წარმომედგინა, ისეც არ იყო საქმე, მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჭირდა და ამის შემდეგ ეს მოძრავი კიბე ისეთივე ახლო ურთიერთობას ამყარებდა შენთან, როგორსაც თავის ძველიძველ ნაცნობებთან.მაგრამ ქალიშვილისთვის ხელი მაინც არ გამიშვია.ერთი საფეხურით დაბლა იდგა, დროდადრო შემომხედავდა ხოლმე და გამიღიმებდა.მაინც რა სითბოთი და მზრუნველობით აღსავსე იყო ეს უსიტყვო ღიმილი?! მის მხრებს და კისერს დავჩერებოდი და ვხედავდი მხრებზე როგორ თანდათან ადნებოდა თოვლი.კვალავ ვიგრძენ ტრამალზე მოთიბული სველი ბალახის სუნი, ალბათ მის თმას ასდიოდა. დიქტორი რაღაცას აცხადებდა და მერე უკვე აღარაფერი მესმოდა, ყველაფერი რასაც ვგრძნობდი და ვხედავდი, თითქოს ბუნდოვანი სიზმარი იყო.არ მახსოვს ესკალატორიდან როდის გადმოვედით ან ერთმანეთს ხელი როდის გავუშვით, ალბათ მაშინ, როცა ზურგიდან ვიღაცამ მომაძახა:ჯარსიკაცო, ერთი წუთით ჩემთან გამოცხადდიო.ამ ბრძანების კილომ ჩემს სულში მყისვე გააღვიძა ჯარისკაცული ბუნება და ბურანიდან გამომიყვანა. ფიცხლად მივბრუნდი.ჩემს წინ აყლაყუდა ჭაღარა ლეინტენატი იდგა და მომღიმარე თვალებით მომჩერებოდა, -თქვენი საბუთები!-თითები გაატკაცუნა. ახლავე მეთქი, დავფაცურდი, სულ დავიბენი, თითქოს დანაშაულზე წაესწროთ, უბის ჯიბეში საბუთებს ძლივს მივაგენი და ყველაფერი ერთად გავუწოდე.ლეინტენატმა საგულდაგულოდ გადაათვალიერა ყველაფერი, უკანვე დამიბრუნა და ღიმილით მითხრა: -თბილისში მიემგზავრები? დიახ -მეთქი, ვუთხარი და წელში გავწორდი. -ეჰ, თბილისი, თბილისი!-მხარზე ხელი დამკრა და თვალი ჩამიკრა.კეთილი კაცი ჩანდა, თვალები სულ უცინოდა, საბუთები ჯიბეში ჩავიდე და მოვტრიალდი.ქალიშვილი ზურგსუკან ამომდგომოდა, შეცბუნებული სახე ჰქონდა.არ ვიცი რატომ, გავუღიმე და შევეცადე, გულგრილი, მხიარული იერი შემენარჩუნებინა. -რა უნდოდა იმ კაცს? -საბუთები გამისინჯა. -მერე? -მერე რა?! ერთმანეთისთვის მეტი არაფერი გვითქვამს, იმ ლეინტენატმა თითქოს განწყობა შემიცვალა.კვლავ ჯარისკაცად წარმოვიდგინე თავი და საოცრად მომწყურდა სახლი. -რად მოიწყინე?-მკითხა გოგონამ უცებ. არ მომიწყენია, -სასწრაფოდ გავეპასუხე და ნაძალადევად გავუღიმე. ეჭვით მიყურებდა, თვალს არ მაცილებდა. -მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, საბუთებს არ ვაჩვენებდი.-წარბები შეკრა, -რა მეტიჩარა კაცი იყო. -რატომ იყო მეტიჩარა?-გამეცინა. -აბა რას გისინჯავდა საბუთებს?მაგის ბრალია, მატარებელმა რომ გაგვასწრო.რას იცინი? -არაფერს ისე. თვითონაც გაეცინა, წარბგახსნილი თვალებში მომჩერებოდა. -ახლა რა ვქნათ, საით გავყვეთ მატარებელს? -სულ ერთი არ არის?-მხრები ავიჩეჩე-ოღონდ მალე უნდა დავბრუნდეთ. სადგურში წასვლა მინდოდა.იქ რაღაც უფრო უკეთ ვგრძნობდი თავს.სადგური თითქოს საკუთარ სახლს მაახლოებდა. გრიგალისებური ხმით შემოჭრილმა ელმავალმა გამომაცოცხლა და ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა.ელმავალი ბაქანზე გაწვა, ყუნწამდე გახსნილ კარებიდან მგზავრები გამოფანტა, მათ სანაცვლოდ სხვებთან ერთად ჩვენც შეგვიტაცა და უცებ მოწყდა ადგილს.რბილ სავარძელზე გვერდიგვერდ ვისხედით.ქალიშვილმა ხელთათმანი წაიძრო, ყდადასველებული წიგნი ხელისგულით გადაამშრალა, კალთაში ჩაიდო და მომუშტული ხელები ზედ დააწყო. ჩემი ცნობისმოყვარეობა სავსებით და საბოლოოდ ჩაითრია მიწისქვეშეთმა, მიშხუოდა ელმავალი და გვირაბის კედლებზე დაყენებული ნათურები რიგრიგობით სწყდებოდნენ ადგილიდან. სადგურს სადგური ცვლიდა, მგზავრებს-მგზავრები.ჩვენ კიდევ ფეხმოუცვლელად ვისხედით და ფანჯარას მივჩერებოდით. ხანდახან ღიმილით მომხედავდა და მეტყოდა. -მოგწონს? ძალიან მეთქი, ღიმილითვე ვპასუხობდი. -ჰოოდა შენ კი არ გინდოდა გენახა მეტრო. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით, რამდენი სადგური გავიარეთ.როცა ელმავალი კურსკის ვაგზლისკენ გამოვიდა, ჩემი მატარებლის გასვლამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი.მე სული მესწრაფოდა, მეშინოდა, მატარებელმა არ გამასწროს მეთქი და საათს მალიმალ დავჩერებოდი.ამ საათზე ყურებას იგი ვერ იტანდა, მიწყრებოდა. როგორც კი ელმავლიდან ფეხი გადმოვდგი, დაქანცულობა ვიგრძენი, არ ვიცი შთაბეჭდილებისგან, არ ვიცი შიმშილისგან, -თავი მიბრუოდა. ესკალატორზე შედგომისას იდაყვზე მომკიდა ხელი და მთელი კიბე ისე ავლიეთ. მე უცებ სითმაამე დამიბრუნდა.გავხალისდი და თავი არხეინად მეჭირა.იქნებ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანში ჩემი მატარებელი უნდა დაძრულიყო?! ქუჩაში გავედით თუ არა, ხელთათმანები გადაიცვა და ნაბიჯს მოუკლო.შევამჩნიე, თითქოს ერთი წამით გამოიცვალა, მოიწყინა. ქალაქს უკვე ბინდი დასწოლოდა.ყველაგან ნათურები ენთო და მათ შუქზე თოვლს ლილისფერი გადაჰკრავდა. -ანა, -მივუბრუნდი, -დაიღალე? -არა, -მოკლედ მომიჭრა, თოვლი ამუჭა, ხელში დააგუნდავა და გაეცინა, მივხვდი, გუნდის სროლას მიპირებდა, გამეღიმა, თავი ისე დავიჭირე, ვითომ ვერც ვხედავდი.ბოშად დაგუნდავებული თოვლი ქუდზე დამაფშვნა.ფიფქები კისერში ჩამეყარა.საყელოს ვიბერტყავდი და მესმოდა რა გულიანად იცინოდა. -აბა მოსკოვიდან ისე როგორ უნდა წახვიდე..ეს მაინც დაგამახსოვრდება, -დასძინა ბოლოს და ქვეშ-ქვეშ გამომხედა. მეტი არაფერი უთქვამს, ორივე მდუმარედ შევედით შემნახველ საკანში და ჩემოდანი გამოვიტანე.იგი განზე იდგა, ცალი ფეხით ფილაქანზე თოვლის გუნდა სრესდა. მოსაცდელ დარბაზში როგორც კი შევედით, დიქტორმა გამოაცხადა, თბილისი მეორე ლიანდაგზე ჩამოდგებაო.თბილისის ხსნებაზე თითქოს შეკრთა, სასოწარკვეთით შემომხედა, მაგრამ შევატყვე, რომ თავი გულგრილად დაიჭირა.მინდოდა, რაიმე გულთბილი მეთქვა მისთვის, მაგრამ ენას ვერ ვაბრუნებდი. -შენ რომელ საათზე წახვალ?-ვკითხე მერე. -რა ვიცი, შეიძლება დღეს არც წავიდე.იცი რა?-განზე გაიხედა, -დედას გეფიცები..მწყინს რომ მიდიხარ, მე რა უნდა ვქნა ახლა? ვიდექი და უმწოდ მეღიმებოდა.ამ უმწობას თვითონვე ვგრძნობდი, საკუთარ თავს უცხო თვალით ვუყურებდი და მძულდა უძლურების და მერყეობის გამო. -ყველა მომიკვდეს, მომავალ წელს თუ არ ჩამოვიდე მოსკოვში და არ გნახო. -მართლა ჩამოხვალ?-თვალები გაუცისკროვნდა. -მართლა, აბა ტყუილად?მისამართს დაგიტოვებ და მომწერე, რომელ ინსტიტუტში მოეწყობი. -კარგი, აბა გავიდეთ ბაქანზე, მატარებელმა არ გაგასწროს. ბაქანზე ციოდა, ცას პირი აჰყროდა და ყინავდა.სუსხიანი, წყნარი საღამო იყო, ლამაზი, დაუვიწყარი.ზევით, განათებულ ზეცის სიღრმეში ვარსკვლავების ხომლი თითქოს სიცივისგან თრთოდა, ხოლო ძირს, რკინიგზის სადგურზე, ჩვეულებრივ მიედინებოდა ცხოვრება.კივილით ტოვებდნენ სადგურს სხვადასხვა მხარეს მიმავალი მატარებლები. მეთორმეტე ვაგონთან გავჩერდით.ხელი ხელს გვქონდა ჩაჭიდებული და არ მახსოვდა, ერთმანეთს ხელი როდის ჩავჭიდეთ. ლიანდაგის გადაღმა რომელიღაც მატარებლთან აკორდეონს უკრავდნენ და ვიღაც ქალი თავგამეტებით გაჰკიოდა გამოსამშვიდობებელ სიმღერას. -გცივა? -რა თქვი?-ვარ გაიგო რა ვუთხარი. -გცივა-მეთქი? -არა, -ისე მომეჩვენა, თითქოს შეგაკანკალა. პასუხი არ გაუცია, განზე გაიხედა, სივრცეს თვალი გაუშტერა. -ადი ახლა, თორემ მატარებელი, სადაც არის დაიძვრება, -მითხრა ხმადაბლა. -სად გაიქცევა, აგერ არა ვარ! -თუ გაგასწრო ნახე ოინი, -გამიღიმა და თვალებში მომაჩერდა.ამ გულუბრყვილო, უდარდელ თვალებში მაინც დავინახე განშორების სევდა. ჩემოდანი თოვლით დაფარულ ასფალტზე დავდგი და სიცივისგან დათოშილი მარჯვენა ხელი ფარაჯის ჯიბეში ჩავიყავი.ხელიხელ ჩაჭიდებული ვიდექით და ვდუმდით.ქალიშვილი ფეხს ფეხზე არტყავდა, ალბათ სციოდა. -იცი რა.წადი, ჩემი გულისთვის არ გაცივდე, ფეხები გაძრება არა?! -არაფერიც, შენ თუ გინდა წავალ, იქნებ არ გინდა, რომ გაცილებ!-თვალებში შემომხედა. -არა, რას ამბობ, -თავი ვიმართლე, -მე შენთვის გითხარი თორემ.. ლიანდაგების გადაღმა ისევ უკრავდნენ აკორდეონს და ისევ ისმოდა ვიღაც ქალის სიმღერა. -თბილისში როდის ჩახვალ? -ზეგ ამ დროს უკვე თბილისში ვიქნები. -ეჰ, ჩახვალ და მეც დაგავიწყდები, მე კი, სულ მემახსოვრები, სულ..ნეტავ სამოქალაქო ტანსაცმელში როგორი იქნები! მატარებელი შეინჯღრა და თოვლი დაიბერტყა.გამცილებლები ვაგონს ფიცხლად სტოვებდნენ.მეც ავჩქარდი, ქალიშვილმა ცალი ხელთათმანი გაიძრო და ხელი გამომიწოდა: პატარა, თეთრი ხელი უზომო სითბოს აწვდიდა ჩემს სხეულს. -აბა კარგად იყავი, -ხელი მაგრად მოვუჭირე. -კარგად, -ერთ წამს მომეჩვენა, რომ ხელს არ მიშვებდა, მერე უნდილად დაუშვა ხელი, შემომხედა და მითხრა: -მომავალ წელს მართლა ჩამოხვალ მოსკოვში? -აუცილებლად, პატიოსან სიტყვას გაძლევ, აუცილებლად ჩამოვალ და გნახავ. ვაგონის კიბეზე ზანტად ავედი, ჩემოდანი კუთხეში მივდგი და კიბის თავზე გავჩერდი.ის იქვე იდგა.მარჯვენა ხელი წითელი პალტოს ჯიბეში ჩაეყო და ბაგეს იკვნეტდა. მატარებელი ნელა, უხმაუროდ დაიძრა და არ ვიცი, მომეჩვენა თუ რა იყო, აბა იმ სიბნელეში რას გავარჩევდი, ქალიშვილი ფერმიხდილი იდგა ბაქანზე და მოწყლიანებული თვალებით მიაცილებდა მატარებელს.მეჩვენებოდა, თითქოს თვითონ ბაქანი მიდიოდა ჩემგან შორს, ამ ბაქანზე იდგა წითელპალტოიანი, წინ გადმოხრილი ქალიშვილი და ფეხის წვერებზე აწეული ხელთათმანს მიქნევდა.უკანასკნელად მოვკარი თვალი თეთრ ქუდს და სულ ცოტა ხანში ისიც მანძილმა შთანთქა. უცებ სხვა სამყაროში გადავსახლდი.ვაგონის ღია კარში ვიდექი მარტო და ქარი სხეულს მიხვრეტდა.ცა იწმინდებოდა, დაკუმშული ღრუბლები აღმოსავლეთისკენ მიეშურებოდნენ.გარშემო სიბნელე იყო და ამ სიბნელესა და ვეება ცის წინაშე თითქოს უხილავ პატარა წერტილს წარმოვადგენდი. ალბათ, იმ წუთას ვიგრძენი ქალიშვილთან სიახლოვით გამოწვეული სიტკბო და ამასთანავე და ამასთან ერთად შევიგრძენ ამ სიტკბოებისაგან განშორების ტკივილიც. "იქნებ სჯობდა დავრჩენილიყავი?"-ეს სიტყვები თითქოს ვიღაცამ ჩამძახა და მერე მატარებლის ბორბლებმა აიწყვიტეს: -იქნებ სჯობდა!.. -იქნებ სჯობდა.... 264 10-ს მოსწონს 1-ს არა
|