x
რა არის ტრავმა და მისი გადატანის ფაზები.

image რა არის ტრავმა?
ტრავმა გულისხმობს ადამიანის უსაფრთხოებაზე მიმართულ უეცარ, მასიურ დაუძლეველ მუქარას. არსებობს ტრავმული მოვლენა და ტრავმული სტრესი.
ტრავმული მოვლენა არის ისეთი სტრესორების ნაკრები, რომლებსაც განვიხილავთ, როგორც უარყოფით გამოცდილებას რომელიც ტვირთავს ინდივიდის პიროვნულ რესურსებს, ე. წ."პრობლემების გადაჭრის უნარს". ტრავმული მოვლენა ცვლის ადამიანის შეხედულებებს ცხოვრების
მნიშვნელოვან მომენტებზე. სასოწარკვეთილება იწვევს რწმენისა და იმედის დაკარგვას უკეთეს მომავალზე.
ტრავმული სტრესი საერთო სტრესული რეაქციის
განსაკუთრებული ფორმაა. როდესაც სტრესი ანგრევს თავდაცვას, იგი ხდება ტრავმული. ეს არის ნორმალური რეაქცია არანორმალურ ვითარებაზე. რა არის ტრავმული სტრესი? – ეს არის მატრავმირებელი შემთხვევა საკუთარი ან სხვა ადამიანების სერიოზული დაზიანების, ფიზიკური მთლიანობის დარღვევის მოვლენა, რომელიც შეიცავს სიკვდილს, ან სიკვდილის საფრთხეს და ინდივიდში იწვევს ინტენსიურ შიშს, უმწეობას და საშინელების განცდას. ასევე ზეგავლენას ახდენს ფიზიკურ, სომატურ, ემოციურ, კოგნიტურ, ქცევით და სოციალურ დონეებზე და ვლინდება სხვადასხვა ფსიქოსომატური, ფსიქოსოციალური, ქცევითი დარღვევების და დეპრესიული სიმპტომების სახით.
მატრავმირებელი მოვლენების შედეგად ვითარდება:
გაშეშება – ემოციური შოკის გამოვლინება ტრავმული მოვლენის შედეგად გამოიხატება გაშეშებასა და ემოციურ გამოფიტვაში. ჩვეული გრძნობები ბლოკირებულია და შეგრძნებების უნარი ქვეითდება. ინდივიდი გაურბის ადამიანებთან კონტაქტს, აღარ იტაცებს ის, რაც ადრე სიხარულს ანიჭებდა, - “ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემში ყველაფერი გაიყინა, ყველაფერი დამთავრდა, ცხოვრებამ აზრი დაკარგა,
სადღაც დავიკარგე”.
შფოთვა და დაძაბულობა – ინდივიდი ტრავმული სტრესის დროს მუდმივად დაძაბულია, რაც ხელს უშლის დასვენებას, ძილის, ყურადღების კონცენტრაციას.
უმწეობა – ტრავმული ინციდენტი იმდენად ძლიერი და აუტანელია, რომ ადამიანს აიძულებს თავი იგრძნოს უსუსურად და უმწეოდ, იგი ვერც საკუთარ თავს ეხმარება და ვერც სხვებს. “იმდენად უმწეოდ და დაუცველად ვგრძნობ თავს, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდები”.
სევდა – ღრმა სევდისა და მწუხარების განცდა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ტრაგიკულ სიკვდილს, ან თუ ვინმე დაჭრილი ან დაზიანებულია, ასევე მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სერიოზულ მატერიალურ დანაკარგთან.
განმეორებითი განცდები – შთაბეჭდილება ტრავმული მოვლენისას იმდენად ძლიერია,
რომ მისი განცდა შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ხშირია წარსულის ინციდენტის მძიმე სცენების უნებლიე შემოჭრები მოგონებების, სიზმრების სახით, სადაც განცდები მეორდება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ინციდენტის დროს ან მის შემდეგ. შესაძლოა ინდივიდს დაეუფლოს უეცარი განცდა, რომ წარსულის საშინელება ხდება “აქ და ამჟამად”. “ხშირად მესიზმრება, რომ გამოვრბივართ და უკან ბომბდამშენები მოგვყვება და გვესვრის მოსაკლავად, მე კი თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ”. განმეორებითი განცდები იწვევს დაბნეულობასა და შიშს, რომელიც უჩვეულო რეაქციაა, მაგრამ ნორმალური.
ბრაზი – ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ცხოვრებისეული მოვლენები ბრაზის შემოტევებს და განრისხებას იწვევს. ინდივიდს უჩნდება შეგრძნება, რომ ის საკუთარ სახეს კარგავს. უფრო ინტენსიური ბრაზი იჩენს თავს მომხდარის უსამართლობის და უზრობის გამო, ან იმ პირების მიმართ, ვისი მიზეზითაც, დაზარალებულის აზრით, მოხდა ეს ინციდენტი.
შიში – ტრავმული ინდივიდის ცხოვრებაში ადგილს იკავებს ახალი სახის შიში და შფოთვა, მას ეშინია სახლიდან გასვლის, ახლობლების დაკარგვის, უჩნდება აზრი, რომ მას მიატოვებენ. სხვა შიშები კონცენტრირდება ისეთი საფრთხის გარშემო, როგორიცაა საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, ან საშინელი ინციდენტი შეიძლება კვლავ განმეორდეს.
ბრალეულობის განცდა – იმის მაგივრად, რომ ადამიანმა შვება იგრძნოს, რომ
გადარჩა და ინციდენტს თავი დააღწია, მას უჩნდება ბრალეულობის განცდა. აწუხებს ეჭვი, ხომ არ შეეძლო მეტის გაკეთება, რომ დახმარებოდა ახლობლებს, გადაერჩინა ისინი. ინდივიდი მუდმივად უსვამს საკუთარ თავს შეკითხვას: “რით დავიმსახურე ბედის წყალობა და სხვებს რატომ არ გაუმართლათ?” - რომელზეც პასუხი არ გაჩნია. “მე რომ გადავრჩი რატომ დავისაჯე ასე? მე ხომ ვერ ვუშველე საკუთარ ძმას!მე არ ვარ სიცოცხლის ღირსი!”
ურთიერთობების სირთულეები – ტრავმული ინდივიდის სტრესი და დაძაბულობა, რომელიც თან ახლავს ყოველდღიურ ცხოვრებას, ძნელად გადასატანი ხდება. ის გაურბის ახალ ახლო კონტაქტებს მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან, რათა თავი აარიდოს ზედმეტ ემოციებს. ურთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს სუბიექტური შეგრძნებები იმისა, რომ “მას ვერავინ გაუგებს”. ძირითადად სწორედ ეს წარმოდგენები უშლის ხელს ტრავმირებულ ინდივიდს ეძიოს დახმარება და მხარდაჭერა. არადა, ხშირად სწორედ გვერდზე მყოფი პირები არიან კრიზისში მყოფი ადამიანის კომფორტისა და ტრავმის დაძლევის ერთადერთი წყარო.
ტრავმულ სტრესს ემოციური რეაქციების გარდა ახასიათებს ფიზიკური გამოვლინებებიც, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მატრავმირებელი ინციდენტის დამთავრებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი თვის ან შესაძლოა წლების შემდეგაც, რომელსაც ეწოდება გადავადებული ტრავმა.

დაღლილობა და დაუძლურება – ტრავმული სტრესი ინტენსიურ და ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს ინდივიდის სხეულზე, რომელიც ყოველთვის არ მთავრდება მატრავმირებელი ინციდენტის დამთავრებისთანავე. სხეული, ისევე როგორც ფსიქიკა, საკმაოდ დიდი ხნით რჩება ჩათრეული სტრესის ზემოქმედების ქვეშ. თუ დასაწყისში დაღლილობას იწვევს, მოგვიანებით ინდივიდს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დაუძლურების შეგრძნება.
კუნთების დაჭიმულობა – ემოციურ დაძაბლობას თან ახლავს კუნთების დაჭიმულობა
სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. იგი ვლინდება სხვადასხვა სახის სიმპტომებში, დაწყებული ზოგადი მოუქნელობითა და დაძაბულობით, დამთავრებული სხეულში სხვადასხვა ლოკალიზაციის უსიამოვნო შეგრძნებებითა და ტკივილებით (თავის ტკივილი, ბურთის შეგრძნება ყელის არეში, მუცლის კუნთებისა და კიდურების დაჭიმულობა და ა.შ.). “ფეხებში ძალა მაქვს გამოცლილი, თითქოს ბამბის მაქვს, თავი დამძიმებული”, “საშინელი სისუსტე მაწუხებს”.
გულის ფრიალი, კანკალი, ოფლიანობა – ემოციურ რეაქციებს თან ახლავს ხანმოკლე ან ხანგრძლივი სომატური (ფიზიოლოგიური) რეაქციები, როგორიცაა გულის აჩქარება, ოფლიანობა, კანკალი და სხვა. ტრავმული სტრესის დროს ამ რეაქციებმა შეიძლება პიკს მიაღწიოს და გამოვლინდეს ისეთ შემაწუხებელ სიმპტომებში, როგორიცაა ნევრული ცახცახი, ძლიერი ტკივილები და საჭმლის მონელების აშლილობები. სამედიცინო ჩარევა ასუსტებს ამ სიმპტომებს, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ უვლის. ისინი დროთა განმავლობაში კვლავ იჩენენ თავს, რომელიც ინდივიდისგან მოითხოვს “გადახარშვას” და გამკლავებას.

ტრავმის სახეებია:
1. დანაკარგის ტრავმა (სოციალური კავშირების,
თვითაღქმის, კულტურული იდენტურობის, კომპეტენციის, სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი
ადგილის დაკარგვა და სხვა).
2. საფრთხის, საშიშროების ტრავმა (გამოწვეული პოლიტიკური პროცესებით, დევნით, პატიმრობით, წამებით, განმეორებითი ძალადობით და სხვა).

ტრავმის გადატანის ფაზები:
● შოკი და უარყოფა
● ბრაზი, განრისხება
● დეპრესია
● დაძლევა

ტრავმის გადატანისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია:
უარყოფა – აღიარება – მიღება – გამოგლოვება – ინტეგრაცია


შოკის ფაზა
მნიშვნელოვანი ამოცანაა თვითანესთეზია, გრძნობების ჩახშობა, რათა ადამიანმა ამოხეთქოს ის ტკივილი, რასაც ვერ იტევს ფსიქიკა. ამ ფაზაში ესაა ერთადერთი საშუალება განმუხტვის, ტრავმული ენერგიისგან დაცლის. დამახასიათებელია გაშეშება ან ზეაქტივაცია, აჟიტირება, ღრიალი, რათა ჩაახშოს განცდები, არარეალობის შეგრძნება და მომხდარის უარყოფა, ტირილი და მოთქმა. როდესაც ადამიანი მომხდარს ცხოვრების რეალურ ფაქტად აღიარებას შეძლებს ეს ფაზა დასრულდება.

ბრაზის, განრისხების ფაზა – სადაც მთავარი ამოცანაა, მოხდეს მოვლენის შინაგანი
მიღება, ფაქტთან შეგუება. ამ ფაზას ახასიათებს აგრესია მომხდარის წყაროს მიმართ, მათ მიმართ, ვისაც შეეძლო მომხდარის თავიდან აცილება ან დახმარება. აგრესია საკუთარი თავის მიმართ (ბრალეულობის და სირცხვილის განცდა). აგრესია უზენაესი ძალების – ბედის, ღმერთის მიმართ. თან ახლავს დარდი, სასოწარკვეთილება, პროტესტი და მიუღებლობის განცდა, ასევე შიში და შფოთვა იმაზე, კიდევ ხომ არ განმეორდება მოვლენა. როდესაც ადამიანი ფაქტს მიიღებს მისი აგზნება ქრება და ინდივიდი გადადის შემდეგ ფაზაზე.


დეპრესიის და გლოვის ფაზა – მთავარი ამოცანაა გამოგლოვება. ამ ფაზას ახასიათებს
მწუხარება, ტირილი (და არა მოთქმა) ენერგიის გარეშე.
განცდების ფორმებია:
იზოლაცია, იდენტურობის დაკარგვა, თვითშეფასების დაქვეითება – წყდება სამყაროსთან კავშირი, წინ მოდის საკუთარი უსუსურობის და უვარგისობის განცდა, აპათია, საზრისის დაკარგვა, ფიზიკური კონტაქტების დაკარგვა. ფაზის დასრულებისას იწყება ენერგიის მომატება და სიმპტომები ნელ-ნელა ქრება.

დაძლევის ფაზა - მთავარი ამოცანაა ინტეგრაცია – ტრავმა ხდება ცხოვრების
ნაწილი და მას მიეჩინება თავისი ადგილი.




0
519
3-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
519