,,იქნებ სხვამ მოგწერათ ჩემი სახელის ხსენებით ან გამოყენებით?!''- მანანა კობახიძე ელისაშვილს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალური ქსელით მიმართავს ალეკო ელისაშვილს და მას წინა ხელისუფლების დავალებების შემსრულებლად აცხადებს. ის იმ ფაქტსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ელისაშავილმა ცნობილი “მესიჯების'' ადრესანტად მანანა კობახიძე დაასახელა.
„ჩემი პასუხი ელისაშვილს: თქვენ ხართ ჩვეულებრივი ცრუპენტელა! თითქოს, მე და ეკა ბესელია სხვა პატიმრების ბედით არ ვინტერესდებოდით. მხოლოდ მე, 100-ზე მეტი მომართვა მაქვს სხვადასხვა მსჯავრდებულის საქმეზე გამოგზავნილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტს ალბათ ასეულობით. ბოჭორიშვილის საქმეზე ერთხელ პრეზიდენტს მივმართე, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ერთხელ რეკომენდაცია გავეცით ადვოკატის მომართვის საფუძველზე, თუ „გაწუხებდით”, თუ „ვაქტიურობდი”, ესეც პატიმრების აქტიური მომართვების და არაერთგზისი საჩივრების გამო. როგორ ფიქრობთ, მე როგორი დეპუტატი ან ადამიანი ვიქნებოდი, ისინი რომ თაროზე შემომეწყო?! თქვენ რატომ დაყვებოდით თქვენს ამომრჩევლებს პროკურატურაში?! რატომ გხვდებოდნენ მინისტრები, მოადგილეები, სხვა დეპუტატები?! ზეგავლენით ვაჭრობდნენ ან თქვენ იღებდით სარგებელს?!, რამ შეგაშინათ? ჩემმა თხოვნამ რომ საქმე შეგესწავლათ?! და თქვენ იყავით მთავარი „შემწყალებელი”?! თქვენ პრეზიდენტის სამწუხარო შეცდომა ხართ, ბატონო ალეკო! ჩვეულებრივი ცრუპენტელა პოპულისტი! თქვენ გუშინ იცრუეთ, მსგავსი ტონალობის თუ შინაარსის გზავნილი მე არასოდეს არც თქვენთვის და არც ვინმე სხვისთვის გამიგზავნია, თქვენ პასუხს აგებთ ამ ტყუილისთვის! იქნებ სხვამ მოგწერათ ჩემი სახელის ხსენებით ან გამოყენებით?! გახსენება მოგიწევთ ამის! თქვენ ან დაეხმარებით გამოძიებას და ბოლომდე იტყვით სიმართლეს, ან პასუხს აგებთ, ნუ ეფარებით ჟურნალისტის პროფესიას უსინდისოდ და დაასახელეთ ადამიანი, ვინც თურმე დღესაც თანამდებობის პირია და დანაშაულს ფარავს. თურმე იცის, რომ დეპუტატები კორუფციაში ვიხრჩობით და ამის მხილებას თქვენ განდობთ, ნუ აფარებთ ხელს! მე გეტყვით, რომ თუ ასეთი „ძვირფასი” მოწმე, მართლაც არსებობს, ის ჩვეულებრივი ჭორების გამავრცელებელია, ბინძური ჭორების, ყოფილი ხელისუფლების და მათი ნარჩენების დავალებების პირდაპირი შემსრულებელი ან თავად ნარჩენი, რაც არაერთი გვყავს, განსაკუთრებით ძალოვნებში, ჩვენდა საუბედუროდ! ხოდა, ისე გაქციეს „პარტიული დავალების” შემსრულებლად, ვერც კი ხვდებით. ამის მტკიცებულებაც მაქვს! ჯერ პროკურატურას დაველოდები!”- წერს კობახიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.