განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე პუნქტის თანახმად „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“, თუმცა, საინტერესოა რამდენად სრულდება ეს კანონი დღეს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საქართველოში ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. ზოგადი სურათი რომ განვიხილოთ, არც საჯარო სკოლებში, არც კერძო სკოლებში და არც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულბებეში არ არის ის პირობები შექმნილი, რომელიც შშმ პირების განათლებას უზრუნველყოფს. ისმის კითხვა, ვინ უნდა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე?
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად „ ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება“. სიტყვაში „ყველა“ იგულისხმება საზოგადოების თითოეული წევრი, თითოეული ინდივიდი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ინდივიდები, რომელთაც ისეთივე უფლება აქვთ თვითაქტუალიზაციისა და სოციალიზაციის, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს. პრობლემა იწყება ჯერ კიდევ საბავშო ბაღებიდან, შემდეგ სკოლაში დგება იგივე პრობლემა და ასევე გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში. ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი საფეხურიდან: საბავშვო ბაღებიდან. პირველ რიგში უნდა მოხდეს შშმ პირების ჩართვა იმ საგანმანათლებლო აქტივობებში, რომელშიც ერთვებიან სხვა ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია გარკვეული წინაღობები შეხვდეს ბავშვს, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანური თუ მატერიალური რესურსი, რაც გაუადვილებს წინსვლას. შემდეგ
ეტაპზე უკვე, როდესაც ინდივიდი „ნაწილობრივ დამოუკიდებლად“ იწყებს ცხოვრებას, იგულისხმება საშუალო განათლების მიღების ეტაპი, ადამიანური რესურსების გარდა აუცილებელია მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სულ მცირე პანდუსებით და სველი წერტილებით უზრუნველყოფა. შემდეგი ეტაპი კი უკვე უმაღლესი სასწავლებლებია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის მე-10 მუხლის თანახმად: “უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის“. ამ კანონის და ბრძანების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა არსებობდეს ადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქვეყნებში „სტუდენტი“ და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი“ არის ორი სხვადასხვა სტატუსი.
პირველ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში აქვს ჩვეულებრივი სტუდენტის სტატუსი. ამგვარი მიდგომა, პირველ რიგში, ნაკარნახევია და გამართლებული მორალური თვალსაზრისით. ამას ემხრობა თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დიდი ნაწილი, რადგან მიესწრაფვის თანაბარ მოპყრობას, რეალურ თანასწორობას, ადამიანური ღირსების პატივისცემას. მეორე შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტს აქვს არა მხოლოდ სტუდენტის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსიც, რაც ერთიანდება ერთ ცნებაში- „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტი“. ეს აისახება სასწავლო გეგმებზე, მხარდაჭერის სამსახურებზე, სწავლების მეთოდებზე და სასწავლებლის ინფრასტრუქტურის მისადაგებაზე. ამ შემთხვევაში სტუდენტი ახმოვანებს თავის საჭიროებებს, ხოლო უმაღლესი სასწავლებელი იღებს პასუხისმგებლობას განახორციელოს დამატებითი
ღონისძიებები შშმ სტუდენტის მხარდაჭერისათვის.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში საჭიროა გამოიყოს თანხა შესაბამისი აპარატებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას სპეციალური ორგანიზაცია ან კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისეთი კადრებით, რომელთაც კარგად ეცოდინებათ შშმ პირების პრობლემები სწორედ ამ ასპექტში. ამ კომისიამ დეტალურად უნდა გაწეროს ის ხარჯები და რესურსები რაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად იქნება საჭირო და ინფორმაცია გადასცეს იმ აპარატს, რომელმაც უნდა გამოყოს თანხა და საჭირო რესურსები. მაგალითად: სპეციალური ლიტერატურა შშმ პირებისათვის, სმენადაქვეითებული და შეზღუდული მეტყველების მქონე პირებისათვის მოხდეს სპეციალური თარჯიმნების აყვანა და საჭირო მოწყობილობების შეძენა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებებში ისეთი კადრების აყვანა რომელთაც გარკვეული დონის ცოდნა ექნებათ შშმ პირების პრობლემებზე, რათა ზუსტად გაიგონ საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობა. ამისათვის შესაძლებელია ჩატარდეს სპეციალური ტრენინგ-კურსები, სადაც მოხდება მათი გადამზადება ამ თვალსაზრისით.
შშმ პირების სოციალიზაციის პროცესში უნდა ჩაერთოს თითოეული ჩვენგანი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან. მათ უნდა შეუქმნან თანაბარი პირობები განათლებისთვის, უნდა უზრუნველყონ ადაპტირებული გარემო, სადაც შშმ პირები შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებასა და განათლების მიღებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად: „სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას“.