კინო ანჟელიკას წყევლა 2015, 2 დეკემბერი, 9:09 ფილმი, ანჟელიკას საოცარი თავგადასავლების შესახებ, ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა და მას აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ათასობით მაყურებელი, მთელს მსოფლიოში, სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს მარკიზას ცხოვრებისეულ გამოწვევებს და თავგადასავლებს. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ფრანგი მსახიობი მიშელ მერსიე მომენტალურად გახდა ცნობილი და ჭორებმაც არ დააყოვნეს. მაგრამ, სინამდვილეში რა მოხდა მის ცხოვრებაში და რა გავლენა იქონია მსახიობის ბედზე ანჟელიკამ? ჟოსელინ მერსიე ბავშვობაში ბალეტზე დადიოდა, მოცეკვავეს კარიერაზე ოცნებობდა და ფილმში გადაღებაზე არც კი ფიქრობდა. ის პატარობიდან ძალიან ძლიერი და მიზანდასახული ბუნების ადამიანი იყო. მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა დიდებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულით არ დაცემულა და უკან არ დაუხევია. 11 წლის იყო, როდესაც სცენაზე გავიდა ფეხსაცმლით, რომელშიც არაკეთილმოსურნეებმა პატარა ლურსმნები ჩაუყარეს. მან ცეკვა ბოლომდე შეასრულა, მიუხედავად იმისა რომ ფეხები საშინლად სტკიოდა. ამის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ყოველთვის გაუმკლავდებოდა ყველანაირ სირთულეს. 1957 წელს ის ოპერის თეატრის მოცეკვავე გახდა. მალე ის შეამჩნიეს და კინოში გადაღებაზე მიიწვიეს. მან ნაკლებად მჟღერადი სახელი ჟოსელინი, მიშელით შეცვალა და უკვე მიშელ მერსიეს სახელით გააგრძელა კარიერა. ვიდრე ანჟელიკას როლს მიიღებდა, უკვე 22 ფილმში ჰქონდა ეპიზოდური და მთავარი როლი შესრულებული და საფრანგეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. ანჟელიკას როლი მსახიობისთვის, ერთდროულად ჯილდოც იყო და დიდი სასჯელიც: ფილმმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, მაგრამ ამავდროულად ის ერთი როლის მსახიობად აქცია. თავისი კარიერის მანძილზე მიშელ მერსიემ 50-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მაგრამ ის მხოლოდ ამ როლით ახსოვთ. პირველმა ქმარმა მისი კინოგმირი შეიყვარა და ვერაფრით გააცნობიერა, რომ ანჟელიკა და მიშელი სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ. ის მეუღლისგან სახლშიც ანჟელიკას როლის თამაშს ითხოვდა. მათი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა - ქმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მიშელის მეორე ქმარი მხატვარი იყო. მათი ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ შემოქმედი ქმარი ცოლს გაექცა და თან მისი ფულიც გაიყოლა. მიშელის უკანასკნელი სიყვარული იტალიელი პრინცი იყო, რომელმაც უცნობი მიზეზის გამო, გაწყვიტა მსახიობთან ურთიერთობა, როგორც კი ის მასთან გადავიდა საცხოვრებლად. ამის შემდეგ, მიშელ მერსიემ უარი თქვა სერიოზული ურთიერთობზე. 2235 7-ს მოსწონს 1-ს არა
|