"უმცროსი ნათლული კი ეგდოს ბანკების სეიფებში და თუნდაც ობი მოეკიდოს, მე ეგ არ ვიდარდო" - ლევან ღვინჯილია ლარისა და "ერისიონის" შესახებ
ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ლევან ღვინჯილია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს. მისი ენამახვილური კომენტარის ადრესატები მეცნიერის "ნათლულები"- ქართული ვალუტა ლარი და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონია". სწორედ ღვინჯილია გახლავთ ინიციატორი იმისა, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას ლარი ეწოდა, ხოლო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს - "ერისიონი". აი რას წერს მეცნიერი ამ ორი " ნათლულის" შესახებ:
" - ამას წინათ ჩემს ახალგაზრდა ნათლულს, საქართველოს ეროვნულ ვალუტას - "ლარს" დაბადებიდან 20 წელი შეუსრულდა;
-უკვე არც იმდენად პატარაა, რომ "ნათელ-მირონისა" არაფერი გაეგებოდეს და ნათლია სულ არ ახსოვდეს;
- თუ ასე გააგრძელებს და კვლავაც არ მომეკარება, მაშინ მე თვითონ დავაყენებ საკითხს მისი ხმარებიდან ამოღებისა და "ევროზე" გადასვლის შესახებ!!!
- სამაგიეროდ, მეორე ნათლულმა, ასაკით მასზე უფროსმა, მაგრამ "ლარზე" გვიან მონათლულმა, ნამდვილად გამახარა;
დღეს 19.00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში მიწვეული ვარ ჩემი საამაყო ნათლულის - ანსამბლ "ერისიონის" დაარსებიდან 130 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე, ხვალ კი - საზეიმო სუფრაზე!
- უკეთეს ადგილას სადღა წავალ! გავიხარებ და მოვილხენ!
- უმცროსი ნათლული კი ეგდოს ბანკების სეიფებში და თუნდაც ობი მოეკიდოს, მე ეგ არ ვიდარდო!
- ვულოცავ "ერისიონს" და სრულიად საქართველოს, ამ საიუბილეო თარიღთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ასპარეზზე გაბრწყინებას, რაშიც "ერისიონის" წვლილი განუზომლად დიდია, და კვლავაც აღმავლობას ვუსურვებ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამ ორ განსაკუთრებულ ფენომენს!
- ვულოცავ "ერისიონის" ყველა თაობას და განსაკუთრებით, მის დღევანდელ შემადგენლობას, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ჭკუასელის მეთაურობით.
- დიდად დასანანია, რომ ამ დღეს ვერ მოესწრო ქართული ქორეოგრაფიის დიდი მოღვაწე - ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი, რევაზ ჭოხონელიძე. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მისი ნათელ სულს!!!"- წერს ღვინჯილია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.