x
image
მანჩო 777
პარიზის ტერაქტის დროს გადარჩენილი გოგონას სულისშემძვრელი წერილი
მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული შემზარავი ტერაქტების შემდეგ, რომელმაც 127 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

22 წლის ფრანგმა გოგონამ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ამ დღის მთელი საშინელება, გადაწყვიტა საზოგადოებისათვის მიემართა წერილით, რომელშიც თავისი იმღამინდელი განცდები აღწერა.


image

იზაბელ ბოდერი ბარ Bataclan- ში იმყოფებოდა, როცა უცნობმა პირებმა დახოცეს დაცვის წევრები, დარბაზში შეიჭრნენ და ცეცხლი გაუხსნეს იქ მყოფ სტუმრებს. იზაბელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს...ორი დღის შემდეგ მან Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა. წერილთან ერთად გოგონამ იმ დასისხლიანებული მაისურის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მას იმ საბედისწერო საღამოს ეცვა.


"მე არასოდეს არ მიფიქრია, რომ ოდესმე შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი პარასკევი დღე. მეგობრები ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ ბარში. ისეთი ბედნიერები ვიყავით: ვცეკვავდით, ვმხიარულობდით, ვიცინოდით. მაშინაც კი, როცა დარბაზში შავებში ჩაცმული ადამიანები შემოცვივდნენ და სროლა დაიწყეს, -გეფიცებით, ცუდი არაფერი გვიფიქრია, გვეგონა, რომ ესეც შოუს ნაწილი იყო. დაჭრილი და დახოცილი ადამიანები, რომლებიც ძირს ეცემოდნენ, სტატისტები გვეგონა, რომლებიც მშვენივრად ასრულებდნენ თავიანთ როლს, მაგრამ შემდეგ ჩვენ ყველაფერს მივხვდით...



ეს არ იყო ტერაქტი! ეს არ იყო თავდასხმა! ეს იყო წინასწარ ჩაფიქრებული, კარგად ორგანიზებული მკვლელობა, ადამიანების მასობრივი დახვრეტა. მე მინდა, რომ თქვენც მიხვდეთ ამ ორ სიტყვას შორის განსხვავებას: აქ არ ჰქონდა ადგილი არანაირ აფეთქებას, ეს იყო ცივსისხლიანი, გამიზნული დახვრეტა სავსებით უდანაშაულო ადამიანებისა.


მე ვხედავდი, როგორ ეცემოდა სხეულები და იღვრებოდა სისხლი. როგორ ყვიროდნენ მამაკაცები, როცა მათ ხელებში მათი ცოლები, შეყვარებულები და უბრალოდ მეგობარი გოგონები კვდებოდნენ და მათ არანაირად არ შეეძლოთ მათი დაცვა. მე ვნახე მამა, რომელსაც თვალწინ მოუკკეს 20 წლის ქალიშვილი. ერთი წუთის წინ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა და აჰა: დანგრეული ოჯახები, გაუბედურებული მშობლები, გატეხილი გულები...


თავადაც არ ვიცი, როგორ მომივიდა აზრად მკვდრად თავის მოჩვენება, - ეს ფიქრი სპონტანურად მოვიდა. ერთ -ერთი მორიგი გასროლის დროს მე დავიყვირე და ძირს დავეცი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი ასე - ალბათ ერთი საათი, ან ცოტა მეტი. ჩემი ფიქრები მიმართული იყო მხოლოდ იმისაკენ, რომ რაც შეიძლებოდა, შეუმჩნევლად მესუნთქა, არ გავნძრეულიყავი და თავი არ გამეცა... და მე გამიმართლა, საბედნიეროდ, ჩემთან არავინ მოსულა იმის შესამოწმებლად, ცოცხალი ვიყავი თუ არა. როგორც ჩანს, შიშმა და თავის გადარჩენის ინსტიქტმა შეუძლებელი შემაძლებინა. ისედაც, ამ გვამების გროვაში ალბათ ძნელი იყო ცოცხალი ადამიანის ამოცნობა.


და ჩვენ ყველანი, სრულიად უდანაშაულონი ვიყავით!


ჩვენ უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის მოსასმენად ვიყავით მისული. მე არ მესმის, რატომ გვესროდა ეს ხალხი, რა ბრალი მიგვიძღვოდა მათ წინაშე!


ამ სიკვდილს მათთვის არაფერი მოუტანია. უბრალოდ მსოფლიოში კიდევ უფრო იმატა ბოროტებამ.


მე არ ვიცი, როოგრ უნდა გავაგრძელო ცხოვრება ჩვეულებრივად. არ ვიცი, ოდესმე შევძლებ თუ არა ამ დღის დავიწყებას, დავიწყებას იმისა, თუ როგორ დახოცეს ჩემი საყვარელი მეგობრები ჩემს თვალწინ.


მე მინდა მოგიყვეთ გმირების შესახებ. დიახ, დიახ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ შემზარავმა წუთებმა გმირებად აქცია.


განა გმირი არაა ის დაჭრილი მამაკაცი, რომელიც, ხედავდა რა, რომ თავს ვიმკვდარუნებდი, თავისი სხეულით გადამეფარა და ხელი მაგრად დამაჭირა პირზე იმ მომენტში, როცა ქვითინი უნდა ამომხდომოდა.


გმირები არიან მამაკაცი და ქალი, რომლებიც ჩურჩულით ეთხოვებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, თუ რა ძლიერ უყვართ ერთმანეთი. ისინი, საბედნიეროდ, გადარჩნენ და მე მიხარია მათ გამო.


გმირები არიან სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც 45 წუთის განმავლობაში მამშვიდებდნენ ქუჩაში აქვითინებულს, რადგან მეგონა, რომ ჩემი შეყვარებული მკვდარი იყო.


არასოდეს არ დავივიწყებ იმ უცნობი ქალის სიკეთეს, რომელმაც გაგვიღო სახლის კარები და შეგვიფარა.


არ დავივიწყებ გულუხვობას იმ მამაკაცისას, რომელიც წავიდა და ახალი ტანსაცმელი გვიყიდა, რადგან ჩვენი სულ შემოფლეთილი გვქონდა ტანზე.


ეს ადამიანები მარწმუნებდნენ მე, რომ ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა, მშვენიერია.

სამწუხაროდ, ამ სამყაროში ბლომად არიან ბოროტი და ღვარძლიანი ადამინები, მაგრამ საბედნიეროდ, გაცილებით მეტია კეთილი.


მე თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს. ო, როგორ მინდოდა, რომ იმ საღამოს ყველა ჯანსაღი და უვნებელი დაბრუნებოდა თავის ოჯახს, მაგრამ მე უძლური ვარ ბედისწერის წინაშე.


მე ბევრი ადამიანის სიკვდილი ვიხილე ამ საღამოს. ყველა მათგანი მამაცურად შეხვდა სიკვდილს. მე ვამაყობ, რომ ფრანგი ვარ, ვამაყობ ჩემი თანამემამეულეებით.


ჩვენ ადამიანები ვართ, ისინი ცხოველები არიან!


ისინი ცოტანი არიან, ჩვენ ბევრნი ვართ!


ყველაზე საშინელ მომენტში მე გავიფიქრე, რომ თუნდაც მოვკვდე, არ მსურს, რომ სამყაროს დაეუფლოს სიძულვილი. კარგი ადამიანები მეტი არიან, ვიდრე ცუდები და მე მინდა სასწაულით ნაჩუქარი მეორე სიცოცხლე სიყვარულით გავატარო.


არ მისცეთ მათ გამარჯვების უფლებ, არ მისცეთ უფლება დაეუფლონ თქვენს სულებს, თქვენს ცნობიერებას, თქვენს თავისუფლებას!


მარადიული ხსოვნა დაღუპულებს, ჩვენ არასოდეს არა დაგივიწყებთ თქვენ, არ გავყიდით იმ სამყაროს, სადაც თქვენ ცხოვრობდით, - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი მიმართვა იზაბელმა.




0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0