ვინ იყო სტალინი? "სსრკ"-ის შექმნა.. სტალინის კულტის ჩამოყალიბება..
ვინ იყო სტალინი? "სსრკ"-ის შექმნა.. სტალინის კულტის ჩამოყალიბება..
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე. დაიბადა 18 დეკემბერს 1879 წელს. გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს.
როგორც სახელმწიფო-ეროვნული მშენებლობის დარგში ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა, სტალინმა მონაწილეობა მიიღოსსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა - წამოაყენა "ავტონომიზაციის" პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი გააკრიტიკა ვ. ი. ლენინმა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა გაითვალისწინა კრიტიკა, მთლიანად დაუჭირა მხარი ვ. ი. ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.
1923 წლის 4 იანვარს ვ. ი. ლენინი წერდა "სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყერადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ."
სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.
სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში "პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ" პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიენათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.