ფეხბურთი მოდი იყოს 7 (ნაწილი 3) სუარესის წიგნიდან "ზღვარს მიღმა" 2015, 17 ოქტომბერი, 16:33 მარტივი არ იყო. მახსოვს პირველი ბურთი, "ენფილდზე" რომ შევეხე. ვაკონტროლებდი, ერთი ავიხედე და... აღარ დამხვდა. ყველაფერი წამის მეასედში მოხდა. საკუტარ თავს ვუთხარი: "ლუის დასაფიქრებლად ერთი წამიც კი არ გაქვს. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა აკეთო". თავიდანვე გავაცნობიერე, რომ სიჩქარისთვის უნდა მომემატებინა. თამაშში რომ ჩაერთვები, მხოლოდ მაშინ შეგიძლია, ცოტა დამშვიდდე, შეჩერდე, დაფიქრდე. ეს მომენტი ნამდვილად იყო: " კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინგლისში". იქ ფეხბურთი ძლიერი, ინტენსიური და სწრაფია. კარგია რომ ეს შემთხვევა დასაწყისშივე მოხდა, რადგან გონებაში გავიაზრე, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ბურთთან პირველი შეხება პირველი გაკვეთილი იყო. ამას ვარჯიშის დროსაც ვხვდებოდი. პირველი რამდენიმე თამაშის განმავლობაში მარტინ შკრტელთან და დანიელ აგერთან სიფრთხილეს ვიჩენდი, რადგან ისინი ძალიან აგრესიული მცველები არიან. მარტინს შეუძლია, რომ დაუნდობელი იყოს. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგაც კი, თუკი მოედანზე ჩემს მხარეს გადმოვიდოდა, მისგან თავის დასაღწევად მეორე მხარეს ვინაცვლებდი. იგივე სიტუაცია მქონდა დენისთანაც. ორივე მათგანს ვუთხარი : "არ იღელვოთ, მე არ ვჩქარობ ვარჯიშისას, თქვენც ნუ იჩქარებთ". ჩვენი ბრძოლა ყოველთვის ხალისიანად მიმდინარეობდა. ერთადერთი თანაგუნდელი, რომელთანაც გავცხარდი, ჯეიმი კარაგერი იყო. ვფიქრობ, იმას განიცდიდა, რომ ბევრს ვეღარ თამაშობდა და მისი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ერთმანეთს ყოველთვის ხელს ვართმევდით. სამუხლეებით არასდროს ვვარჯიშობ და საკუთარ თავს ვეუბნებოდი : "როგორ შეიძლება, თანაგუნდელმა ვარჯიშისას ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც შეუძლია, რომ ადვილად მოგაყენოს ტრავმა?". ზოგიერთმა ფეხბურთელმა მითხრა : კარა ასე იქცევა, ამიტომ მუდმივად უნდა იმოძრაო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერად ჩაგარტყამს".ამას მარტინისგან და დენისგან მოველოდი, მაგრამ კარას ასე კარგად არ ვიცნობდი. ვარჯიშისას მეც აგრესიული ვარ, მაგრამ საქმე თანაგუნდელისთვის ტრავმის მიყენებამდე არ მიდის. ვაფასებ მცველის საქმეს - მათ ბერი მუშაობა უხდებათ მწვრთნელისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ გუნდში ყოფნას იმსახურებენ. როგორც ამბობენ, კარა უფრო მეტს ყვიროდა, ჩიოდა, ვიდრე სტივენ ჯერარდი. ყოველთვის მეტს მოითხოვდა. ტიპური შეუპოვარი, აგრესიული მცველი იყო. ისეთი ინტენსივობით თამაშობდა, როგორც არც ერთი სხვა მცველი - თამაშს აცოცხლებდა. მომწონდა მის თავდადება. ზოგჯერ ჩაიქროლებდა და მე ვფიქრობდი : "როგორ შეგიძლია, ასე იბრძოლო ბურთისთვის?" მისი ხასიათი რომ არა, არ ვარ დარწმუნებული, რომ წარმატებისთვის მიეღწია. მისი პიროვნების დამსახურებაა, უკეთესი მოთამაშე რომ გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ფინალური სეზონის დროს ძალიან მომენატრა. ძალიან ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია. უფრო თანაგუნდელები ვიყავით, ვიდრე მეგობრები. მაგრამ მომენატრა მისი საუბრის მანერა, მისი თამაშის წესი. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ყოველთვის, როცა რაიმეს ამბობდა, ყურადღებით ვუსმენდი. სტივთან და კლუბის პერსონალთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, ვიდრე თანაგუნდელებთან. აქ დიდი დრო დაყო, კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაშინ როცა სხვა ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. კლუბს სწორედ ასეთი მოთამაშე სჭირდება : ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე იცნობს კლუბს. ისინი ინარჩუნებენ იდენტობას. კლუბს ჯეიმი კარაგერის მსგავსი ადამიანები წარმოადგენენ. ვფიქრობ, "ლივერპულს" ახალი კარაგერიც ჰყავს და ეს ჯონ ფლანაგანია. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, აგრესიულობა სტადიონზე. შესაძლოა, ტექნიკური თვალსაზრისით შეზღუდული იყოს, მაგრამ ეს იცის და მთელი ძალით თამაშობს. როდესაც კარა მცველი იყო, კარის ხაზთან თუ მოვიდოდა, იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და რა - არა. ფლანაგანიც ასეთია. მანაც იცის. კარას მსგავსი სულისკვეთება აქვს, იგივე ამბიცია, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. მას დიდი გზა აქვს გასავლელი. ხალხმა შეიძლება თქვას : "ეს აკლია, ის აკლია" - მაგრამ მისნაირი მოთამაშე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. მასთან დაპირისპირება ვარჯიშის დროსაც კი არ არის მარტივი. გულწრფელად რომ გითხრათ პრემიერლიგაში თამაშობენ გუნდები, რომლებიც ტაქტიკური თვალსაზრისით ძლიერები არ არიან. მაგალითად, მივხვდი, რომ თუკი წინიდან ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადავიდოდი, მაშინ შესაძლოა, ორივე ცენტრალური მცველი მე გამომყოლოდა. ამას არ მოველი, რაც ნიშნავს, რომ თანაგუნდელს შეუძლია სივრცე გაარღვიოს და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდეს. უცნაურიც არის და რთულად განსაჭვრეტიც: იყო მომენტები როდესაც მსაჯები არაფრის გამო გაჯარიმებდნენ, სხვა შემთხვევაში კი, აშკარა თამაშის წესის დარღვევისას, სასტვენსაც კი არ ჩაბერავდნენ. ზოგადად ინგლისში მსაჯები ხშირად უშვებენ ხელიდან თამაშის სადავეებს, რაც ვფიქრობ, რომ კარგია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ცოტა სახიფათო იყოს. ზოგჯერ ეს ფაქტორი ჩემს სასარგებლოდ მუშაობდა. მახსენდება გოლი რომელიც "კარდიფს" გავუტანე. მათი მცველი ტორეს რუიზი, ჯარიმას ითხოვდა. მართალიც იყო, თამაშის წესები დაირღვა, მაგრამ მე ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი ინგლისში: პირველმა მივირბინე და ძალის გამოყენებით ბურთი ავართვი. რუიზი ესპანელია და თქვა: "ესპანეთში ეს აშკარა თამაშის წესების დარღვევაა". იმ დროს პასუხი მომზადებული მქონდა: "მაგრამ ეს ხომ ინგლისია". პრემიერლიგის მატჩებში უამრავი ხელის კვრა და მოქაჩვაა, რაც დაუსჯელი რჩება. ყოველ ჯერზე რეაგირების შემთხვევაში ასობით პენალტი დაინიშნებოდა.ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ზოგჯერ მცველები იმდენად თავშეუკავებლად იქცევიან, რომ შეშინდები. ინგლისში ყოფნის დროს ოცამდე ყვითელი ბარათი დავაგროვე, რომელთაგან თხუთმეტი მსაჯთან ჯამათისთვის დავიმსახურე და მხოლოდ ორი - დაივისთვის. დიახ, მე ვაკეთებ დაივს. ხალხი ნათლად ხედავს ამას გამეორებაზე. მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაზე ხშირად მე მამჩნევენ. ამის გამო ზოგჯერ ვღიზიანდები: რატომ ამბობს ხალხი, რომ მე დაივერი ვარ? სხვები არ არიან? მეკითხებიან ხოლმე: " რა იცი, რომ დაივისთვის მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი გაქვს მიღებული? რადგანაც დაივერის იარლიყი მაქვს მიკრული, ბუნებრივია რომ დავითვალე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მჯერა ჩემი დაივერობა, უბრალოდ გამაღიზიანა იმან, რომ განსაკუთრებით ამ დარღვევას გამოყოფენ. დევიდ მოიესმა უკმაკოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დაივერი მე ვიყავი და მისმა კაპიტანმა ფილ ნევილმა კი მატჩის მსვლელობისას დაივისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. გამაკრიტიკა, ძალიან კარგი, მაგრამ ხომ იცის, რომ ფეხბურთელის გონება იმაზეა მომართული, რომ როგორმე გუნდს გამარჟვებაში დაეხმაროს. ინგლისურ ტელეარხებს არასდროს ვუყურებდი და ამიტომ არ მინახავს, ჩემზე ვინმე ლაპარაკობდა თუ არა, მაგრამ პრესას ზოგჯერ ვკითხულობდი ან ხალხი მიყვებოდა, ჩემზე რას წერდნენ. მოიესის კომენტარმა გამაოგნა. საოცარი ის იყო, რომ ეს თამაშის წინ თქვა... მე კი, როცა გოლი გავუტანე, ზუსტად მის წინ შევასრულე დაივი. წინასწა ვიცოდი, რომ ქულას თუ ავიღებდი, ასე მოვიქცეოდი. მან მატჩის წინ განაცხადა, რომ იმედოვნებდა ჩემნაირი მოთამაშეები მსაჯის მოტყუებას არ შეეცდებოდნენ. ამან გული დამწყვიტა. ამიტომ ვიფიქრე: "ფიქობ რომ დაივს შევასრულებ? გაჩვენებ დაივს - ძალიან ახლოდან". ვისიამოვნე ამან იმუშავა. ვფიქრობ ამით ვამბობდი: " რა თქმა უნდა, ისაუბრე თამაშის შემდეგ, მაგრამ დაწყებდამდე ჯობს ჩუმად იყო". სასაცილო ის იყო, რომ ეს გოლი მე არც ჩამეთვალა. იგი ლეიტონ ბეინსს მიაწერეს, რადგან ჩემი დარტყმული ჯერ მას შეეხო. თუმცა ისე ვიზეიმე, როგორც საკუთარი. სოფიმ ეს რომ დაინახა, ბევრი იცინა. თვით მოიესმაც კი აღიარა, რომ "არაჩვეულებრივი" იყო და, რომ, სავარაუდოდ თავადაც ასე მოიქცეოდა. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, არავითარი მტრული განწყობა. მოიესი სკამიდან წამოდგა და რაღაც მითხრა, მაგრამ გარკვევით ვერ გავიგონე, რადგან ზუსტად ამ დროს მოთამაშეებმა მოირბინეს და გარს შემოერტყნენ. თამაშის შემგეს მშვენიერი რეაქცია ჰქონდა. სტიმული მომცა. მწვრთნელის კრიტიკა ჩემთვის ყოველთვის მოტივაციაა. გავიფიქრე: " როგორ შეგიძლია მსგავსი რამ თქვა ფეხბურთელზე, რომელიც გამარჯვების მოპოვებას ცდილობს, ისევე როგორც შენ, მით უმეტეს, რომ მატჩი ჯერ არც დაწყებულა?" ადრე მცველებთან უფრო ხშირად ვკამათობდი. მეუბნებოდნენ: "ამდენ დაივს ნუ აკეთებ" "მაგრამ თამაშის წესები დაირღვა". დროთა განმავლობაში ვცდილობდი, რომ ფეხზე უფრო დიდხანს ვყოფილიყავი, ვიდრე პრემიერლიგაში თამაშის პირველი თვეების განმავლობაში. ზაფხულის ტრანსფერებისას, "ლივერპულში" ცემი პირველი სეზონის ბოლოს, კლუბმა ხელშეკრულება სტიუარტ დაუნინგს, ჯორდან ჰენდერსონსა და ჩარლი ადამსს გაუფორმა. "კოპა ამერიკიდან" ახალი დაბრუნებული ვიყავი, სებასტიან სოატესის ტრანსფერიც რომ შედგა. იგრძნობოდა, რომ კლუბი მხარს მიჭერდა კიდევ ერთი ურუგვაელის შეძენით და ფული, რომელსაც ისინი ხარჯავდნენ ცხადყოფდა რომ "ლივერპულს" მეტი პროგრესი სურდა და რაღაც მნიშვნელოვანის მოგებას ცდილობდა. ყველა ოპტიმალურად იყო განწყობილი, მაგრამ ლიგის სეზონი თითქმის თავიდანვე ჩაიშალა. კარგად არ დავიწყეთ: ვერ მოვიგეთ თამაშები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. სეზონის ბოლოს ვფიქრობდი რომ კენი მწვრთნელობას გააგრძელებდა. ურუგვაიში ვიყავი, როდესაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შევიტყვე. მართლა ძალიან მეწყინა, რადგან მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. მოთამაშეები კენის უდიდეს პატივს სცემდნენ. ლივერპულში კენიმ მომიყვანა, მუდმივად მეხმარებოდა. მსურდა, რომ პირადად მენახა და სხვა ვითარებაში დავლაპარაკებოდი, მაგრამ შეტყობინება გავუგზავნე, რათა მადლობა გადამეხადა მისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა და წარმატებები ვუსურვე. პასუხად თავადაც ყველაფერი საუკეთესო მისურვა და მირჩია, რომ ყოველთვის შემენარჩუნებინა ჩემი მენტალობა, თამაშისადმი ჩემეული მიდგომა. "არასდროს შეიცვალო", მწერდა კენი. 57 შეფასება არ არის
|