BMW-ს ახალი შეფი ჰარალდ კრიუგერი ფრანკფურტის ავტოშოუზე, პრეზენტაციის დროს მოულოდნელად წაიქცა. ექიმები მიზეზებს იკვლევენ
ეს იყო მისი პირველი გამოსვლა ასეთ მასშტაბურ ავტოშოუზე - BMW-ს ბოსის რანგში. მაგრამ ბავარიული ავტოგიგანტის ახალმა შეფმა, 49 წლის ჰარალდ კრიუგერმა სცენაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ილაპარაკა, მერე კი, მოულოდნელად დაეცა! როგორც გაირკვა, სისხლის მიმოქცევის პრობლემა შეექმნა.BMW-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრიუგერი ახლახან დაბრუნდა მივლინებიდან, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ქვეყანა მოიარა. კოლაფსიდან რამდენიმე წამში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მასთან გაჩნდნენ, BMW-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე წამოაყენეს და ექიმებსაც უხმეს. მოგვიანებით, BMW-ს პრესსამსახურის უფროსმა მაქსიმილიან შიობერლმა განაცხადა, რომ კრიუგერის მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაფერია.
![BMW-ს შეფი სცენაზე წაიქცა! ექიმები
მიზეზებს იკვლევენ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/20150915221121137.jpg)
”ექიმების გადაწყვეტილებით, ჰერ კრიუგერი ყველა შეხვედრას გადადებს და სახლში დაბრუნდება. მას დასვენება სჭირდება! რაც მთავარია, ექიმებმა მძიმე ავადმყოფობა გამორიცხეს და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სტრესისა და გადაღლილობის ბრალია, ” - ეს სწორედ შიობერლის სიტყვებია. მისივე თქმით, კრიუგერი დილიდანვე ვერ გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის ავტოშოუზე სიტყვით გამოსვლა, რომ უარი არ თქვა.
აქვე ვთქვათ, რომ ჰარალდ კრიუგერი BMW-ს შეფად 5 თვის წინ დაინიშნა და უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მისი წინამორბედის, ნორბერტ რაიტჰოფერის ხელში ბავარიელებმა გაყიდვებში არაერთი რეკორდი დაამყარეს და BMW-მ უდიდესი პროგრესი განიცადა. ფრანკფურტის ავტოშოუზე, სხვა სიახლეებთან ერთად, კრიუგერს საზოგადოებისთვის პირველ რიგში ახალი ”მეშვიდე სერია” უნდა წარედგინა.