მსოფლიო ისტორიას ბევრი ქალი ახსოვს, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლებ იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნისთვის. მათი ქმედებები ალბათ დაგვაფიქრებს იმ სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც ე.წ. "სუსტ სქესზე" გვაქვს შექმნილი.
1. ედიტ კეველი (პირველი მსოფლიო ომი)
ედიტ კეველი ბრიუსელში, წითელ ჯვარში მომუშავე ბრიტანელი მედდა იყო. იმ დროს ბელგია გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული. ედიტ კეველი ორასზე მეტ ჯარისკაცს დაეხმარა ნეიტრალურ ჰოლადიაში გადასვლაში. ამისათვის იგი ჯარისკაცებს ჰოსპიტალში აწვენდა, ვითომ დაჭრილები იყვნენ. მალე მისი მოქმედებები გერმანელებისთვის საეჭვო გახდა. კეველი დაიჭირეს, გაასამართლეს მოკავშირეებისთვის ხელშეწყობისთვის და დახვრიტეს.
2. როზა შანინა (მეორე მსოფლიო ომი)
როზა შანინა, არხანგელსკში, საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 1943 წელს, მას შემდეგ, რაც ძმები ომში დაეღუპა, სნაიპერთა სასწავლებელში შევიდა და მალევე მიიპყრო ყურადღება, როგორც მიზანში უბადლო მსროლელმა. რამდენიმე თვეში როზამ ფრონტზე გაგზავნა ითხოვა, სადაც მალე შეარქცეს ზედმეტსახელად "აღმოსავლეთ პრუსიის უჩინარი საშინელება". 1945 წელს როზა არტილერიის დაჭრილ მეთაურს გადასარჩენად საკუთარი სხეულით გადაეფარა და ასე დაიღუპა მტრის ტყვიით.
3. ჯინი და ლოტი მუნები (აშშ-ს სამოქალაქო ომი)
დები, ჯინი და ლოტი მუნები, კონფედერატების ჯაშუშები ოჰაიოდან. გოგონები ძალიან პოპულარულები იყვნენ თავიანთ ქალაქში და მსახიობობაზე ოცნებობდნენ. სამოქალაქო ომის დროს ისინი კონფედერატების იატაქვეშა ჯგუფის - "ოქროს ბეჭდის რაინდების" - წევრები გახდნენ. როცა გენერალ ედმუნდ კიბრი სმიტისთვის წერილის გადაცემა გახდა საჭირო, ლოტიმ მოხუცი ქალის გრიმი გაიკეთა და ეს მისია წარმატებით შეასრულა. ომის პერიოდში ორგანიზაციის დავალებით გოგონებმა ბევრი საშიში დავალება შეასრულეს საკუთარი სამსახიობო მონაცემების გამოყენებით.
4. ემილი ჰეიგერი (ამერიკის ბრძოლა თავისუფლებისთვის)
ემილი ჰეიგერი, წარმოშობით შვეიცარიელი, დაიბადა სამხრეთ კაროლინაში 1765 წელს. ომის დაწყებისას ემილი სამხედრო კურიერი გახდა და წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა მისიებს. ერთხელ, როდესაც ფრონტის ხაზიდან საიდუმლო შეტყობინება მიჰქონდა გენერალ ნათანიელ გრინთან, იგი მოწინააღმდეგე მხარეს ტყვედ ჩაუვარდა, მაგრამ მოასწრო და ფურცელი, რომელზეც შეტყობინება ეწერა, გადაყლაპა. გოგონა გაუშვეს, რადგან საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა ემილიმ ზეპირად იცოდა წერილის შინაარსი და ადრესატს საჭირო ინფორმაცია მაინც გადასცა.
5. მარი მარვინგტი (პირველი მსოფლიო ომი)
ფრანგი მარი მარვინგტი 1875 წელს დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი იყო სათხილამურო სპორტში, ველორბოლაში, ციგურებით სრიალში, ცურვასა და ფარიკაობაში. 1910 წლიდან იგი აპლინიზმით დაკავდა და პირველი ქალი გახდა, რომელმაც ალპების უმაღლესი წერტილები დალაშქრა. ომის დაწყებამდე მან ასევე რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი მოიგო მიზანში სროლაში. მისი კიდევ ერთი გატაცება იყო ავიაცია და სწორედ ავიატორის უნარები გამოადგა მას ომში. მამაკაცად გადაცმული მარი შეუერთდა ფეხოსანთა რაზმს. მოგვიანებით მედდად მუშაობდა, შემდეგ კი გახდა პირველი ქალი მფრინავი ბომბდამშენი. მას ზედმეტსახელად "საფრთხის საცოლე" (ფრ. « la fiancée du danger») შეარქვეს.
6. კონსტანცია მარკევიჩი (ირლანდიის ბრძოლა დამუკიდებლობისთვის)
გრაფინია კონსტანცია მარკევიჩი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ირლანდიის პარლამენტში და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მინისტრი ქალი. გრაფინია ცნობილი გახდა ასევე ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მონაწილეობით. მან საკვანძო როლი ითამაშა ე.წ. "აღდგომის აჯანყებაში" (1916 წ.): ლეიტენენტი მარკევიჩი პირადად ხელმძღვანელობდა ბარიკადების აღმართვას. 1922 წელს, ირლანდიის სამოქალაქო ომის დროს, იგი რესპუბლიკელების მხარეზე იბრძოდა და მონაწილეობდა დუბლინისათვის ბრძოლაში.
7. მარია ჰერტრუდის ბოკანეგრა (მექსიკის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის)
მარია დაიბადა 1765 წელს მდიდარ ესპანურ ოჯახში. მექსიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების შემდეგ მარია სამშობლოს დასაცავად გამოვიდა და ეხმარებოდა თავის მეუღლეს, რომელიც სამხედრო პირი იყო. მარიას ევალებოდა აჯანყებულებისთვის შეტყობინებების გადაცემა და პროდუქტების მიწოდება. ომის დროს მან დაკარგა მეუღლე და ვაჟი, მალე კი თავადაც ჩავარდა ტყვედ. ერთი წელი ციხეში ყოფნის შემდეგაც კი, მაირია ბოკანეგრა არ დათანხმდა მტერთან თანამშრომლობას, ამიტომ ბრალი დასდეს ქვეყნის ღალატში და დახვრიტეს.
8. ჯინი "ჯენი" კემერონი (იაკობინელთა ბრძოლები)
იაკობინელთა აჯანყებას ბევრი ქალბატონი უჭრდა მხარს, მაგრამ ჯენი კემერონი მათ შორის ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო. ახალგაზრდა, ედინბურგელი გოგონა უფლისწულ კარლ სტიუარტისთვის იბრძოდა და იმ მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაწილე გახდა. აჯანყების დასაწყისში მან 250 კაცი შეკრიბა და უფლისწულის დასახმარებლად გაეშურა და სტერლინგის სასახლეში მის გვერდით დარჩა ბრძოლის ბოლომდე. მალე იგი ტყვედ აიყვანეს, ედინბურგის ცხეში ცხრა თვის გატარების შემდეგ იგი, სავარაუდოდ თავდებით გაათავისუფლეს. ჯენი კემერონის შემდგომი ბედი თითქმის უცნობია და მხოლოდ ხალხური ლეგენდებით გრძელდება.
9. აგუსტინა დომენეკი (ომი პირინეის ნახევარკუნძულზე)
ესპანელი აგუსტინა დომენეკი, იგივე აგუსტინა დე არაგონი იმდენად ცნობილი გახდა, რომ თავად ლორდმა ბაირონმა დაწერა მასზე პოემა. იგი იბრძოდა ესპანეთის დასაცავად დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ. აგუსტინა ცხოვრობდა სარაგოსაში, ქალაქში, რომლის აღებაც ყველაზე ბოლოს იგეგმებოდა. 1808 წლის ივნისში ქალაქის კარიბჭესთან სისხლისმღვრელი ბრძოლების დროს აგუსტინამ ზარბაზნით თავად გაანადგურა ფრანგების წინა ფლანგი. ეს მოქმედება იმდენად შთამაგონებელი და პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე იყო, რომ ესპანელებმა გარკვეული დროით შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა და ქალაქის შენარჩუნება, თუმცა არა დიდი ხნით.
10. ფლორა სანდესი (პირველი მსოფლიო ომი)
ფლორა სანდესი ერთადერთი ქალი იყო, რომელიც ოფიციალურად მსახურობდა არმიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. იგი დაიბადა ინგლისში და ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ცხენზე ჯირითითა და მიზანში სროლით. მოგვიანებით იგი ხშირად ამბობდა, რომ "წილად ხვდა უბედურება გოგონად დაბადებულიყო". 1908 წელს იგი ერთ-ერთი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მართვის მოწმობა აიღო. ევროპაში ომის დაწყებისას ფლორა სანდესი წითელი ჯვრის კურსებზე ჩაეწერა და მალე სხვა მედდებთან ერთად სერბეთის სამხედრო ჰოსპიტალში გაემგზავრა სამუშაოდ. მოგვიანებით იგი სერბეთის არმიაში ჩაირიცხა რიგითად და სულ მალე ოფიცრის წოდებაც მიიღო. განსაკუთრებული მამაცობისათვის ფლორა სანდესს სერბეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო გადაეცა.