საბუნებისმეტყველო გამოიცანით, რაა ეს? - ანუ თქვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტები პირველყოფილი სახით 2015, 1 სექტემბერი, 18:54 მაინც ვინ მოიფიქრა პირველად ეს საშინელი სახელწოდება "გენმოდიფიცირებული პროდუქტები"? - დამეთანხმებით, რომ ყველაზე გაუმაძღარი ღორმუცელაც კი დაკარგავდა მადას, როცა მისთვის საყვარელ პროდუქტზე ამ წარწერას დაინახავდა, წარმოიდგენდა რა, რომ მის გამოკვებას რაღაც შემზარავი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ხილითა და ბოსტნეულით ცდილობდნენ.
ახლა მოდით, ამ საკითხს სულ სხვა კუთხით შევხედოთ: "ბუნების ნობათის" უმეტესი ნაწილი, თუნდაც მიწის ყველაზე სუფთა ნაკვეთზე ეკოლოგიურად ხელსაყრელ პირობებში მოყვანილი, "ხელოვნურია" ანუ მეცნიერების მიერ გენური ინჟინერიით გამოყვანილი და ეს სულაც არაა საშუში, რადგან პირველყოფილი სახით მათი მირთმევა სასიამოვნო სულაც არ იქნებოდა.
აი, როგორი ხილითა და ბოსტნეულით მოგვიწევდა დღეს დაკმაყოფილება, რომ არა სელექციონერები და გენეტიკოსები. მაშ ასე, ისმის კითხვა: თქვენი აზრით, რაა ეს? ამოცანა ნომერი პირველი იცოდით, რომ სწორედ ასეთი იყო საზამთრო 350 წლის წინათ? - ის შედგებოდა ხესავით მაგარი თეთრი ნაწილისაგან, ძალიან მცირე რაოდენობით იყო საკვებად გამოსადეგი რბილობი და ჰქონდა უამრავი საკმაოდ მსხვილი თესლი. სწორედ ასე გამოიყურებოდა საზამთრო მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯოვანი სტანკის ტილოზე. თანამედროვე საზამთრო გაცილებით დიდი ზომისაა, წითელი გულით და სასიამოვნო არომატის მქონე წვნიანი რბილობით. გენური მოდიფიკაციის წყალობით მისი თესლი გახდა გაცილებით მცირე ზომის და რაოდენობის. არსებობს საზამთროს ჯიშები, რომლებიც სრულებითაც არ შეიცავენ თესლს და თქვენ წარმოიდგინეთ, ყვითელი საზამთროც კი, რომელიც მიღებულია შეღებვის გზით და არა გენური ინჟინერიის წყალობით. ამოცანა ნომერი ორი გეშინიათ გენმოდიფიცირებული პროდუქტების?- კი, ბატონო, მაშინ " ბუნებრივი, ველური ბანანი მიირთვით. ეს არის საკმაოდ უგემური, მაგარი თესლით სავსე უხეშკანიანი, სასარგებლო ნივთიერებების მინიმალური რაოდენობის შემცველი ხილი, რომლის კანის გაცლას დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ ეს მაინც მოახერხეთ, არა მგონია, ნაყოფის დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდეთ. დამეთანხმებით, რომ გაცილებით სჯობს თანამედროვე, გემრიელი და სასარგებლო ვიტამინებით სავსე ბანანი მიირთვათ, ვიდრე მისი საეჭვო გარეგნობისა და გემოს მქონე წინაპარი. ამოცანა ნომერი სამი იცოდით, რომ 500 წლის წინ სტაფილო წარმოადგენდა მოლურჯო-იასამნისფერი შეფერილობის წვრილ, უხეშ, საკვებად თითქმის გამოუსადეგარ ძირხვენებს? ამ ფოტოზე მარცხნივ სტაფილოს ველური წინაპარია აღბეჭდილი, ხოლო მარჯვნივ მისი კულტურული მემკვიდრე, რომლის ფერიც ხელოვნურად იქნა აღდგენილი. ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნარინჯისფერი სტაფილო პირველად მე-16 საუკუნეში გამოჩნდა ჩრდილოეთ ევროპაში, შემდეგ ის ჩრდილოეთ ამერიკას "ესტუმრა" და მხოლოდ მე-18 საუკუნის დასასრულს "მიაღწია" იაპონიამდე. დღეისათვის ეს ხრაშუნა, გემრიელი, ვიტამინებით სავსე ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში ახარებს ჩვენს გულებს. ამოცანა ნომერი ოთხი კლასიკური არგუმენტი გენური ინჟინერიის სასარგებლოდ: დაახლოებით 1000 წლის წინათ სიმინდი მხოლოდ ცენტრალურ ამერიკაში იზრდებოდა და ჰქონდა წვრილი და გრძელი ღერო, რომელშიც მოთავსებული იყო ათიოდე ცალი უხეში და საკვებად არც თუ ისე სასარგებლო სიმინდის მარცვალი. ეს მარცვლები "ისხდნენ" ძალიან მაგარი გარსის ქვეშ, რომელიც კაკალივით უნდა დაგემტვრია, რომ სიმინდის მარცვლამდე მიგეღწია, რომლის გემო სულაც არ იყო სასიამოვნო და გამომშრალი და დამზრალი კარტოფილის გემოს წააგავდა. ამჟამად სელექეციონერების მიერ გამოყვანილი გემრიელი, რბილი და სასარგებლო ნივთიერებებით სავსე სიმინდი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. თეთრი და ოქროსფერი ტაროების გარჩევა და მოხარშვა ძალზე იოლია, ხოლო მისი მირთმევა ერთი სიამოვნებაა. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სხვადასხვა ფერის სიმინდი, დაწყებული შავით, დამთავრებული ოქროსფერითა და ჭრელით. ამოცანა ნომერი ხუთი წარმოიდგინეთ, რომ ეს კენკრისმაგვარი მარცვლები, რომელიც ერთი შეხედვით უმწიფარ ყურძენს გვაგონებს, სინამდვილეში ბადრიჯანია, ოღონდ ველური. მას სხვაგვარად "ეშმაკის თითებსაც" უწოდებენ, "თურქულ კენკრას", "ბადრიჯნის ბარდას" ან "ბარდისმაგვარ ბადრიჯანს" - აირჩიეთ, თქვენ რომელი სახელწოდებაც მოგწონთ. ტაილანდურ და იამაიკურ სამზარეულოში ბადრიჯნის ამ ველურ წინაპარს საკვებად გამოიყენებენ, მაგრამ ამერიკაში მისი შეტანა აკრძალულია მასში შხამიანი ნივთიერების სოლანინის მაღალი შეცველობის გამო. ეს ნივთიერება მცირე რაოდენობით ჩვულებრივ, გადამწიფებულ ბადრიჯანშიცაა, სწორედ ამიტომ აყრიან მას მარილს ან დებენ ცოტაოდენი ხნით მარილწყალში, რათა მარილმა გამოდევნოს შხამიანი ნივთიერებები და გაანეიტრალოს მისგან გამოწვეული მწარე გემო. დღეს ყველასათვის კარგად ცნობილი მუქი-იასამნისფერი ბადრიჯნის გარდა გაყიდვაშია თეთრი, ლილისფერი, ზოლებიანი, გრძელი, მრგვალი და ასე განსაჯეთ, წახნაგებიანი ბადრიჯანიც კი, თუმცა ყველა მათგანს თითქმის ერთი და იგივე გემო აქვს. ამოცანა ნომერი ექვსი ძველ ჩინეთში რომ გეცხოვრათ, მოგიწევდათ ღრღნა ვარდისფერი მომჟავო-მარილიანი გემოს მქონე უხეშკანიანი კენკრისა და ჩუმად იოცნებებდით რაიმე უფრო წვნიანი და გემრიელი ხილის გასინჯვაზე. სწორედ ასეთი იყო ატმის "ნეოკულტურული" ნაყოფი. აბა რომელი თქვენგანი გაბედავს და იტყვის, რომ "ხელოვნურ" ატამს " ბუნებრივი" გაცილებით სჯობს? ამოცანა ნომერი შვიდი კიდევ ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ჩვეულებრივი" ბოსტნეული საკმაოდ "უჩვეულო" ნატურალური ფორმით: მხოლოდ გამოცდილი ექსპერტი თუ ამოიცნობს ამ ყვითელ ყვავილებში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბოსტნეულს - კომბოსტოს. სამაგიეროდ იოლად დარწმუნდებით, რომ ხანდახან ადამიანის ჩარევას ბუნებაში მშვენიერი შედეგი მოაქვს. იმედია, ამ გიგანტურმა კომბოსტომ არ შეგაშინათ: ერთ-ერთი კანადელი ფერმერის მიერ მოყვანილი ეს უზარმაზარი ბოსტნეული გინესის რეკორდსმენად იქცა. 2763 20-ს მოსწონს |
პომიდორი დათვის გენით თუ შეიძლება იყოს საკვებად სასიამოვნო?!!!