საქართველო "ოლიმპიური ფესტივალის დახურვასაც არ დავესწრები" - გიორგი მარგველაშვილი 2015, 1 აგვისტო, 8:10 როგორც თქვენთვის ცნობილია, 27 ივლისს თბილისში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ოლიმპიადამ - სპორტულმა ღონისძიებამ, რომლისთვისაც საქართველო დიდ ხანია ემზადებოდა. დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ მნიშვნელოვანი სპორტული ზეიმის გახსნას არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
გუშინ საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დუმილი დაარღვია და ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ დაესწრო ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმოდ გახსნას და იქვე აღნიშნა, რომ არც დღეს აპირებს ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვაში მონაწილეობის მიღებას. პრეზიდენტის თქმით, ის ამ ღონისძიებაში უფუნქციოდ იყო, ამიტომ ამჯობინა, საერთოდ არ მისულიყო ოლიმპიადის გახსნაზე. "ემოციურად, როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი, ვიყავი და ვარ აღტაცებული ამ ამბით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახანს დახურვასთან მიმართებაშიც, მაგრამ არ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ ამ დეტალმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ამ დიდ ზეიმს, რომელსაც მე, როგორც მოქალაქე, აღტაცებით ვუერთდები. ჯერჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ვარ და გადაადგილებას ვერავინ შემიზღუდავს, ვერცერთი მიმართულებით. მე ვლაპარაკობ პროტოკოლის ნაწილზე. პროტოკოლი გულისხმობს ბევრ კომპონენტს..." როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იგი არც დღეს დაესწრება ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს. "ამ თემამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაფერს. დამთავრდეს ეს თამაშები და ამაზე მერე ვისაუბროთ. დღეს ყველამ გავიხაროთ იმ დიდი წარმატებით, რომელიც გვაქვს არამარტო სპორტული თამაშების თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ასეთი მშვენიერი ღონისძიება ჩვენთან ჩატარდა. რომელსაც მე, როგორც მოქალაქე აღტაცებით დავესწრებოდი, როგორც გახსნას, ასევე დახურვას... კიდევ ვერ დალაგდა ეს საკითხი და ხვალაც არ ვიქნები დახურვაზე..." - განაცხადა პრეზიდენტმა. 237 11-ს მოსწონს
|