საქართველო „ეს ის ხალხია, ვინც არბევდა მშვიდობიან დემონსტრანტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი 2015, 30 ოქტომბერი, 23:32 "შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივნის გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც გუშინ გავრცელდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის, ქვეყნისა და ხალხის მიმართ. „ეს ის ხალხია, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის „იმედს“ და სხვებს, ვინც წლების განმავლობაში ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სტაბილურობა, თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება. ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოების სამსახურებთან გამართული ოპერატიული თათბირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციას სრულად ფლობს და აკონტროლებს. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. „ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც - თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს, მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია. „მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად - კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე, ვიღებთ პასუხისმგებლობას ვიქნებით გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული - თითოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის. ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას - კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციის, შესაძლო შეთქმულების თანამონაწილენი. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს რაიმე პროვოკაციას, ვპირდები, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს დააპირისპირებენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში ვერც ერთი დღეს ვერ დაგეგმავს პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამიტომ, დავდგეთ ამ პროვოკაციებზე, სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 10 6-ს მოსწონს
|