„ნამდვილი კაცი საქმეს აკეთებს და არ ჭამს თავის ჰალსტუხს“ - ტიმატის პასუხი სააკაშვილს
როგორც თქვენთვის ცნობილია, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი მომღერლის ტიმატის კონცერტი ჩაშალა, რომელიც ქალაქ ოდესის ცნობილ კლუბ "იბიცაში" უნდა გამართულიყო. კერძოდ, სააკაშვილმა „ფეისბუქით“ სკანდალური განცხადება გააკეთა კლუბის მისამართით, რომ გაკვირვებულია მათი გადაწყვეტილებით, მიიწვიონ იქ ისეთი ადამიანი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში დადებითად აფასებს.
ამ განცხადების შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩაეტარებინა. აღსანიშნავია, რომ "იბიცას" მესვეურებს ეს კონცერტი ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ჰქონდათ დაგეგმილი.
სააკაშვილის ამ განცხადებას რუსმა მომღერალმა „ინსტაგრამის“ საშუალებით უპასუხა:
„დილით წავიკითხე მიხეილ სააკაშვილის ეს მოწოდება. მასში ხსენებული პერსონა მოუწოდებს მოქალაქეებს, არ იარონ ჩემს კონცერტზე და მესაზღვრეებს დაავალა, რომ არ შევეშვი ოდესის ტერიტორიაზე.
არაა პრობლემა, არ ჩავატარებ კონცერტს, რათა არ გავახარო სააკაშვილი და პროვოკაციის მორიგი მიზეზი არ მივცე. თუმცა, საერთოდ სერიოზულად უნდა აღვიქვათ იმ პოლიტიკოსის სიტყვები, რომელიც თავისივე ქვეყანაში იძებნება?!
ის წინა პრეზიდენტზე არაფრითაა უკეთესი. მე მიყვარს ოდესა, ისევე როგორც უკრაინა. უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სიტუაციის მსხვერპლნი გავხდით, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ერთმანეთი უფრო ხშირად ვნახოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია. ერთადერთი, რაშიც სააკაშვილს ვეთანხმები, არის ის, რომ კლუბი „იბიცა“ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დანარჩენში ვფიქრობ, რომ თქვენ - მიხაილ, არც უნდა გახსენონ ისეთი გვარების კონტექსტში, როგორიცაა პუტინი და კადიროვი. ნამდვილი კაცი საქმეს აკეთებს და არ ჭამს თავის ჰალსტუხს“, - წერს ტიმატი.