"გორიდან ხართ? ხომ იცით, ტელევიზიაში ცხვირში ხელი არ უნდა შეიყოთ?" - მაია ასათიანი
სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი აღშფოთებას გამოთქვამს იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წამყვანმა მაია ასათიანმა მიაყენა და სოციალურ ქსელში მწვავე განცხადებას აკეთებს:
"მაქსიმალურად ვცდილობ პოზიტიური ინფორმაცია მოგაწოდოთ, აგრესიული კომენტარები არასდროს დავდო, გული არავის ვატკინო, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.
მაია ასათიანის შოუ კარგია თუ ცუდი, ხალხის გადასაწყვეტია, მე რამდენად ვაფასებ, ეგ ჩემი საქმეა, მაგრამ როცა ჩემი ქალაქის და ჩემი სტუდენტების შეურაცხყოფას ეხება, აქ უკვე კონტროლს ვკარგავ. მოკლედ გეტყვით:
რამდენჯერმე შოუს თანამშრომელმა დაგვირეკა და გვთხოვა სტუდენტების დასწრება, ოღონდ მივსულიყავით და ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, ეტყობა ძალიან უჭირთ აუდიტორიის შევსება. მინდა გითხრათ, სიხარულით არც ერთი სტუდენტი არ შეხვედრია ამ ამბავს, მაგრამ ჩემი ხათრით წავიდნენ. მაგას რას წარმოვიდგენდი, თუ იმის მაგივრად მადლობა ეთქვათ, რომ სტუდია შევუვსეთ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ სტუდენტებს. დიალოგი წარიმართა ასე:
-საიდან ხართ, - ეკითხება მაია.
-გორიდან.
-აა, სოფლიდან? ხომ იცით, ტელევიზიაში ხართ და ცხვირში ხელი არ უნდა შეიყოთ. სხვათაშორის, მაიამ, ეტყობა, საქართველოს ისტორია არ იცის, რომ ყველა დიდი ადამიანი სწორედ სოფელში დაიბადა და გაიზარდა და არც ნამდვილი თბილისელი მიაყენებს ასეთ შეურაცხყოფას სხვა ქალაქიდან ჩასულს.
საუკეთესო მეგობრები მყავს თბილისში და ამას არასდროს არავის აკადრებენ, ისიც არ იცის ასათიანმა, რომ მთავარია განათლება, აღზრდა, შინაგანი კულტურა და მნიშვნელობა არ აქვს, სოფლიდან ხარ, თუ ქალაქიდან.
დანარჩენს აღარ დავწერ, კომენტარები თქვენთვის მომინდია", - წერს ეკატერინე სუხიშვილი.