საზოგადოება „ყურადღება, ყურადღება! ამ მკვლელობის გახსენებას ჩემი დაშინების მცდელობა მოჰყვა"- ნათია კობერიძე 2015, 17 ივლისი, 8:05 ორიოდე დღის წინ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შორეულ 1980 წელს მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალებს იხსენებდა. ეს იყო იმ დროისათვის საკმაოდ გახმაურებული საქმე, რომელიც ქალაქ რუსთავში მოხდა -ახალგაზრდა გოგონა ქალაქის ელიტარულმა ახალგაზრდებმა გააუპატიურეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს :
„დაახლებით 1980 წელს რუსთავში 21 წლის რუსიკო გრძელიშვილი გააუპატიურეს და მოკლეს მაშინდელი ქალაქის ''ელიტის'' შვილებმა. ამ ადამიანების სახელები მთელმა ქალაქმა იცოდა. მაშინაც ჭორაობდნენ ობოლი რუსიკოს სითამამეზე, რომელმაც გაბედა და ჯინსებში ჩაცმული, მარტო აღმოჩნდა უცხო ბიჭებთან. დედაჩემი თავგამოდებით იცავდა იმ რუსიკოს. ეს ამბავი ჩემი ბავშვობის კოშმარად იქცა, რადგან დიდხანს მეშინოდა, ისე ღრმად განიცდიდა დედაჩემი. რუსიკოს გვამი, ენით აუწერლად ნაწამები, სანაგვეზე იპოვა მეეზოვემ. ის ნაძირლები სასამრთლოს წინაშეც კი არ წარსდგნენ. ერთ-ერთის დედა ქალაქის მესამე მდივანი და ცნობილი პედიატრი იყო. მტკიცებულებები გააყალბეს და ათასი სისაძაგლე ჩაიდინეს. ძალიან დიდი ხმაური მოყვა, რამდენჯერმე დაიწერა დიდი წერილი გაზეთში, მაგრამ იმდენად გავლენიანი ხალხი იყო, რომ დაძლიეს“, - ეს ისტორია ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტს ქეთი დევდარიანს გაუზიარა. ინციდენტს გაგრძელებაც მოჰყვა: გუშინ, 16 ივლისს ნათია კობერიძემ ახალი განცხადება გამოაქვეყნა: იგი ამბობს, რომ რუსთავში 1980 წელს მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი დაშინების მცდელობა მოჰყვა: "ყურადღება, ყურადღება! ჩემს მიერ შორეულ 80-იანებში რუსთავში მომხდარი ახალგაზრდა ქალის გახმაურებული და გამოუძიებელი გაუპატიურებისა და მკვლელობის ამბის გახსენებას ჩემი დაშინების მცდელობა მოყვა. ეს წუთია დამირეკა ქვემო ქართლის პროკურორმა ზურაბ მატკავამ და გამლანძღა, როგორ გავბედე და ეს სისულელე გამოვაქვეყენე. თან თურმე გოგოს სახელი შემშლია და ასაკი. სსრკ ხო არ დამთავრდა ამ ბედკრულ ქვეყანაში და იმ საშინელ საქმეს ისევ ეზრდება გრძელი ხელები. P.S. ამ ამბის გახსენებას ბევრი ჩემს ინბოქსში გამოეხმაურა“, - წერს კობერიძე. 953 11-ს მოსწონს
|