x
image
მანჩო 777
"გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის" - მედეა კაპანაძე
13 ივნისის ღამეს თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ ცხრამეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სამი ჯერ კიდევ დაკარგულია და მათ ვერც მკვდარს მიაკვლიეს და ვერც ცოცხალს. ესენი არიან 33 წლის ბექა ბუთურიშვილი, 27 წლის სერგი კაპანაძე და 54 წლის ელიზბარ ბაღაშვილი. იმ ავადსახსენებელ ღამეს სერგი კაპანაძე დებთან - ინდირა და ლიზი ზარანდიებთან ერთად მგზავრობდა ტაქსით. სტიქიამ ისინი ერთმანეთს დააშორა და სერგი ამის შემდეგ აღარავის უნახავს.


image


სერგის და მედეა კაპანაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ტრაგედიის დღეს იხსენებს:

"იმ დღეს 9 საათზე მოვედი სახლში სულ გალუმპული. ჩემი ძმა გამოპრანჭული დამხვდა. ჩემს სიძეს ელოდებოდა, გიორგი გამიყვანს, მეგობრებთან მივდივარო. გასვლისას გვითხრა, გასაღები მაქვს, თუ გვიან მოვედი, ან არ მოვედი, არ შეიმჩნიოთო.


მეორე დილით ეკლესიიდან მოვდიოდი, დილის 10 საათზე მისმა ძმაკაცმა რომ დარეკა, გოგონები არ ჩანან, ვისთანაც ერთად სერგი იყო და სერგი სად არისო... მერე ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა. იმედს არ ვკარგავდით, საავადმყოფოებში დავიწყეთ ძებნა, პოლიციამ გვითხრა, ძებნას 24 საათის მერე გამოვაცხადებთო...
სერგი ჩემი ნახევარძმაა, წლინახევრის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. 4 წლის მერე შეირთო მამამ მეორე ცოლი. ორი და და ორი ძმა ვიყავით. სერგი ქუთაისში, დედის ძმასთან, ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. მამამ იცოდა, რომ სერგის არაფერს აკლებდნენ, აქეთ წამოყვანის უფლებას კი არ აძლევდნენ, ამიტომ ელოდებოდა იმ ასაკს, როცა შვილთან დალაპარაკებას შეძლებდა. ჩვენც ერთი სული გვქონდა, როდის გავიცნობდით. 16 წლის იყო, რომ წამოვიყვანეთ და მას მერე მთაწმინდაზე ბედნიერად ვცხოვრობდით. დედაჩემთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. უსაზღვროდ თბილი და მზრუნველი იყო.
კიდევ იმის მოლოდინში ვარ, რომ დამირეკავს ან გამოჩნდება. არ ვიცი, რა ვქნა, ვერც ვტირი. მაშველებმა გვირაბი გაწმინდეს, დაღუპულები ნახეს, მაგრამ იქ სერგის ვერ მიაგნეს.
ჩემი მშობლები რუსეთში იყვნენ, იქ გაიგეს ეს ამბავი. მამას ვუმალავდით, რადგან გვეგონა, სერგი გამოჩნდებოდა. ინტერნეტით გაიგო და სასწრაფოდ ჩამოვიდა. აეროპორტში ტირილით მოდიოდა, ყველა გზას უთმობდა. ვცდილობთ, გავამხნევოთ, მაგრამ არ გამოგვდის. გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა ტატო იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის. ახლაც იქ არიან. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს ხმას მოგვაწვდენდა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, ცურვაც იცოდა, საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა... ვიცი, ვერავის მიატოვებდა საფრთხეში".

7
284
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
284
  
2015, 29 ივნისი, 19:13
:( ღმერთო, უშველე
2015, 29 ივნისი, 16:43
ამეტირა
2015, 29 ივნისი, 12:43
უბრალო, მაგრამ ბრალიანი გახდა
2015, 29 ივნისი, 12:40
რა ლამაზი ახალგაზრდები შეიწირა ერთმა უბრალო წვიმამ :(
2015, 29 ივნისი, 12:33
ხო არვიცი რა ვთქვა უკვე
2015, 29 ივნისი, 12:31
ღმერთმა ქნას, მაგრამ ამდენ ხანს ხომ გამოჩნდებოდა? :(
2015, 29 ივნისი, 12:25
ნეტავ გადარჩენილი მაინც იყოს რა :(
0 1 7