x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგია
ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა გააჩნია. ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ცვალებადია დროსა და კულტურაში. ის იმდენად მრავლისმომცველ საკითხებს ეხება, რომ მისი ბოლომდე შესწავლა ვერ ხერხდება. წითელი, ჩრდ. ამერიკაში ხშირად გამოიყენება შეჩერების (stop signal), საშიშროების ან გამაფრთხილებელ ნიშნებში. ამავე დროს წითელი სიყვარულის სიმბოლოცაა. კულტურათა განსხვავება ფერებთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს, თეთრი ფერი ზოგან ქალწულობის მანიშნებელი, სიმშვიდის, სინაზის ფერია. უამრავ კულტურაში კი მას საქორწილო ცერემონიალის განუყოფელ ნაწილად ვხვდებით, ხოლო აზიის ზოგ ქვეყანაში ამ ფერებში იმოსებიან დაკრძალვაზე (იაპონია, ჩინეთი).


image


თეთრი სიწმინდისა და სტერილურობის ფერია, სწორედ ამიტომაა რომ თეთრ ფერში გამოსახავენ ანგელოზებს და წმინდანებს.



image


თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ექიმები ატარებენ თეთრ ხალათებს, რადგან თეთრი სტერილურობასთან, სისუფთავესთან არის ასოცირებული. ანგელოზები უმრავლესად სწორედ ამ ფერში არიან გამოსახულნი ხატებსა და ფრესკებზე. თეთრი აღნიშნავს ნეიტრალიტეტს, როდესაც მტერს ბარდებიან, ადამიანები ნიშნად მათი ნეიტრალური პოზიციისა, მოცემულ მომენტში, მაღლა წევენ თეთრი ფერის დროშებს, თეთრი ფერის ნაჭრებს იმაგრებენ მკლავებზე, იკრავენ თავზე. თეთრი მთლიანობაში სიმბოლოა, უდანაშაულობის, უბრალოების, უბიწოების, ასევე უსაფრთხოების, უშიშროების.
ადამიანებში ის ასევე ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სუსხთან, სიფრთხილესთან. აღმოსავლურ კულტურაში ეს ფერი სიკვდილთან და გლოვასთანაა კავშირში, ხოლო დასავლურ კულტურებში სიცოცხლესთან, ქორწინებასთან და ბედნიერებასთან. ინტერიერში ის სიეცარიელეს და სირბილეს გამოხატავს.
უმრავლეს კულტურებში იანვრის თვე თეთრ ფერთან ასოცირდება.
თეთრი ფერი, მსგავსად შავისა, სხვა ყველა ფერთან კარგად მიდის. თეთრი, ლურჯი და წითელი ქმნიან პატრიოტულ პალიტრას.


image


შავი ფერი მისტიკისა და ბოროტების სიმბოლოცაა, შავი კატა ცუდის მომასწავებლად ითვლება.


image


შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის შეიძლება აღნიშნავდეს კლასიკურს ან ახალს. თუმცა უფრო ხშირად იგი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. უმრავლეს დასავლურ კულტურებში მას იყენებენ დაკრძალვის ცერემონიალზე. მიუხედავად მისი ამ დიდი უარყოფითი დატვირთვისა, შავი ფერი ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან, საზრიანობასთან, გონებამახვილობასთან. შავი ფერის, სპეციალურ ტანისამოსს იცმევენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების და დიპლომების აღების დღეს.
შავი ფერი ასევე ასოცირებულია აჯანყებასთან და წინააღმდეგობასთან, ასევე კრიმინალთან. კრიმინალურ სამყაროს სხვაგვარად „შავ სამყაროსაც“ უწოდებენ.
შავი ასოცირიებულია ღამესთან, ბნელთან, გამოუცნობთან, მისტიკასთან და ბოროტებასთან. ხშირად გამოსახავენ ბოროტისა და კეთილის ჭიდილისას. მიუხედავად მისი უარყოფითი დატვირთვისა ლეგენდებში, თქმულებებსა და წეს–ჩვეულებებში, მოდაში შავი საკმაოდ აქტუალურია. ის ელეგანტურობის, ძლიერების, სიმდიდრის, მისტიურობის, სექსუალურობის, სტილის ნიშანია. შავი ფერი საქმიან ადამიანთანაა ასოცირებული. იგი ძალიან პრაქტიკულია და თითქმის ყველა ფერთან ერთად მიდის, თუმცა მას იშვიათად ხმარობენ ძალიან მუქ ფერებთან. შავი – ეს პროფესიონალიზმია. მას ხშირად ვნახავთ საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებსა და პრეზენტაციებზე.
შავი–ეს ანარქიაა, ქაოსია და ამასთან ღრმა და უკიდეგანო წუხილი.
შავი ფერი, ისევე როგორც სხვა მუქი ფერები, ოთახს ძალიან აპატარავებენ, ღია ფერები კი პირიქით, ზრდიან ოთახს. ოთახი, თუნდ ძლიერ გავანათოთ, მაინც ძალიან ბნელი მოჩანს, როდესაც ის შავ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა თავად შავი სხვა ფერებს უფრო მეტად ნათელს ხდის. ცნობილ ფერთა კომბინაციას წარმოადგენს შავისა და ყვითლის კომბინაცია. ამ ორი ფერის ერთად გამოყენება ზრდის მისი დამახსოვრების, ყურადღების მიქცევის შანსებს. ამას კარგად იყენებენ სხვადასხვა კომპანიები, ლოგოს შეფერილობისათვის (მაგ: „ბილაინი“, „არსი“, „აქსისი“)


image


ნაცრისფერი ეს არის ფერი შავსა და თეთრს შორის, მოქცეული ბოროტსა და კეთილს შორის. ეს არის ჭეშმარიტად დაბალანსებული ფერი.


image


აღებული აქვს როგორც შავი, ისე თეთრი ფერის თვისებები. მან შეიძლება გამოხატოს ელეგანტურობა, სისუფთავე, პატივისცემა, სტაბილურობა, სინაზე. ხშირად იგი პესიმიზმთან, სიბერესთან, მოწყენილობასთან, პირქუშ ამინდთან, ძაძასთან, ლპობასთან, ხრწნასთან, დაქვეითებასთან, გაფუჭებასთან ასოცირდება.
შავისაგან ნაცრისფერს გლოვისა და მწუხარების ნიშნები აუღია, თუმცა მას შავის არა მხოლო უარყოფითი ნიშნები გამოჰყვა, ისევე როგორც შავი, ნაცრისფერიც ელეგანტურობის, საქმიანი ადამიანების ფერია. ამ ფერში გამოწყობილთ ხშირად ნახავთ კაბინეტებში, საწერ მაგიდებთან.
ნაცრისფერი ასევე ახლოსაა თეთრ ფერთან და ამასთან უფრო პრაქტიკულია ვიდრე თეთრი. ღია ნაცრისფერი კარგად მიდის სხვა ღია ტონალობის ფერებთან, თუმცა ამ ფერის ტანისამოსს ელეგანტური ქალბატონები აქტიურად იცმევენ მუქ ფერებთანაც.


image


წითელი ფერი ხშირად აკრძალვის ნიშნებში გამოიყენება.
წითელი ხშირად ასოცირდება ძალაუფლებასთან და დიქტატურასთან.


image


ამბობენ, რომ წითელი ფერის დანახვისას ადამიანს გული უჩქარდება. წითელი არის ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერი. პირველი ფერი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როდესაც მას დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გასდის – წითელია. ჩინეთში წითელი ზეიმის და წარმატების ნიშანია, ინდოეთში სიწმინდისა და ერთიანობის, სამხრეთ აფრიკაში ეს ფერი გლოვასთან ასოცირდება, წითელი ასევე კომუნიზმის სიმბოლოა. ნივთები, რომლებიც წითელ ტონალობაშია, უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. წითელი თვალში საცემი, „ღაჟღაჟა“, აბრდღვიალებული ფერია. იგი სხვა ფერებს შორის ყოველთვის გამოირჩევა, რის გამოც ამ ფერში გამოიხატება ის საგანი და ნივთი, რომელზეც ადამიანებს სურთ რომ მოხდეს ყურადღების გადატანა. კვლევებმა აჩვენეს, რომ წითელ ფერს შესაძლოა ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმზეც, წითელი ფერის დანახვისას ხშირდება სუნთქვა და იზრდება სისხლის წნევა. ცნობილია რომ წითელი ფერი იწვევს შიმშილს, სწორედ ამიტომ უამრავი რესტორანი და კვების ობიექტი მას იყენებს ლოგოს შეფერილობისას (მაქდონალდსის რესტორნების ქსელი; ბურგერვილი). წითელი ზოგადად ასოცირდება ვნებასთან, ძლიერებასთან, ენერგიასთან, ცეცხლთან, სიყვარულთან, რომანტიკასთან, აღტაცებასთან, სიჩქარესთან, სიცხესთან, ამპარტავნებასთან, ამბიციასთან, ლიდერობასთან, სიმამაცესთან, ძლიერებასთან, საშიშროებასთან, ბრწყინვალებასთან, სისხლთან, ომთან, ბრაზთან, რევოლუციასთან, რადიკალიზმთან, კომუნიზმთან, აგრესიასთან, სისხლთან, მსხვერპლთან, კორუფციასთან, წამებასთან, სიმდიდრესთან (ჩინეთში), კონსერვატიზმთან (ამერიკაში), ლიბერალიზმთან (კანადაში), ქორწინებასთან (ინდოეთში) . წითელი ფერი მართავს იმპულსებს, ვნებებს, გრძნობებს. მასტიმულირებელი წითელი „ყველაზე ცხელია თბილ ფერთა შორის“. წითელი ფერი ხაზს უსვამს ძალაუფლებას, გავლენას. წითელი ჰალსტუხი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსებისათვის, წითელი ხალიჩა ცნობადი და მნიშვნელოვანი პირებისათვის, წითელი ჩექმები და მოსასხამი იმპერატორთათვის. წითელი ნათება ხშირად საშიშროების ნიშანია. წითელ და ლურჯ ნათებას ერთად იყენებენ პოლიციისა და სასწრაფოს მანქანები. შეჩერების ნიშნებიც წითელია. როდესაც შუქნიშანზე წითელი ფერი ინთება, მანქანები ჩერდებიან. აზიურ კულტურებში წითელი გართობის, მხიარულების, დღესასწაულის ფერია. მას იყენებენ წარმატების მოსაზიდად და ამ ფერის სხვადასხვა აქსესუარებს აკეთებენ. წითელი ფერი შობის და ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.


image


ცნობილია რომ წითელი ფერი ადამიანს აღაგზნებს, აფორიაქებს, ვარდისფერი კი ამ რეაქციის საპირისპირო რეაციას იწვევს, ის ამშვიდებს, ადუნებს და თითქოს ენერგიისაგან ცლის მას. ხშირად ვარდისფერს ბავშვების ფერს უწოდებენ. (მაგ. ამერიკაში). ის გამოხატავს სიტკბოს და შაქარს. ეს ფერი ნაკლებადაა პოპულარული მამაკაცებში და თითქმის მთელს მსოფლიოში ამ ფერს „ქალის“ ფერს უწოდებენ. ვარდისფერი, ისევე როგორც წითელი, სიყვარულის სიმბოლოა, თუმცა თუ წითელი ვნებიან სიყვარულს აღნიშნავს, ვარდისფერი უფრო ნაზ და რომანტიულ სიყვარულს გვახსენებს. ვარდისფერი კარგად მიდის როგორც მუქ, ისე ღია ფერებთან, გამონაკლისია მხოლოდ მუქი მწვანე. ვარდისფერი, ისევე როგორც ცისფერი და ლურჯი ქალწულობის სიმბოლოა.


image


ყვითელი ენერგიისა და სითბოს სიმბოლოა.


image


ყვითელი არის მზის ნათება. ეს არის თბილი ფერი და მსგავსად წითლისა ორმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ ის სიხარულისა და მხიარულების ფერია, ხოლო მეორეს მხრივ ის ლაჩრობასთან, სიმხდალესთან, ცბიერებასთან, ტყუილთან, სიხარბესთან ასოცირდება. ზოგადად კი ყვითელი ფერი ასოცირდება: ბედნიერებასთან, ჟრიამულთან, ოპტიმიზმთან, დედამიწასთან, გონებასთან, აზროვნებასთან, იდეალიზმთან, სიმდიდრესთან, ოქროსთან, ზაფხულთან, იმედთან, ჰაერთან, ლიბერალიზმთან, სიმხდალესთან, ავადმყოფობასთან, კარანტინთან, შიშთან, რისკთან, ტყუილთან, არაკეთილსინდისიერებასთან, სისუსტესთან, სიხარბესთან, გაუმაძღრობასთან, ხრწნასთან, ასაკის მატებასთან, ქალურობასთან, სოციალურობასთან, მეგობრობასთან, ლომთან (ზოდიაქოს ნიშანი), აპრილთან, სექტემბერთან, სიკვდილთან (შუა საუკუნეებში), გლოვასთა და ძაძასთან (ეგვიპტეში), ვაჟკაცობასთან (იაპონიაში) და ღმერთთან (უფრო მეტად ბრწყინვალე ოქროსფერი). ყვითელ ფერს ბაფთებად იკეთებდნენ ქალები ომის დროს, როგორც სიმბოლო იმედისა, რომ მათი ქმრები ომიდან ცოცხლები დაბრუნდებოდნენ. დღემდე, როდესაც განშორების შემდგომ ეგებებიან საყვარელ ადამიანს, იცვამენ ყვითელ ტანისამოსს. ყვითელს ასევე იყენებენ საშიშროებისა და გაფრთხილებისასაც, თუმცა არა ისე ხშირად როგორც წითელს. ზოგიერთ კულტურაში მეტსახელი „ყვითელი“ ნიშნავს მშიშარას და მხდალს, შესაბამისად უარყოფითი დატვირთვა გააჩნია. ყვითლის გამოყენება წარმატებით შეგვიძლია როგორც მუქ, ისე ღია ტონალობის ფერებთან. ყვითელი ჭორისა და ტყუილის ფერია, შესამამისად ყვითელი პრესა უპასუხისმგებლო, ჭორებზე დაყრდნობილ პრესას აღნიშნავს.


image


ნარინჯისფერი – ეს რეზონანსია! ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს.


image


ხშირად ყვითელი ასოცირდება ინდუიზმთან, ბუდიზმთან, ბედნიერებასთან, ბალანსთან, სიცხესთან, ცეცხლთან, ენთუზიაზმთან, სიკაშკაშესთან, აგრესიასთან, შურთან, შიშთან, ხიფათთან, შემოდგომასთან, სურვილთან, მშვილდოსანთან (ზოდიაქოს ნიშანი), სექტემბერთან, ფორთოხალთან. ნარინჯოსფერი უფრო ნაკლებ აგრესიულია ვიდრე წითელი ფერი. ყვითელი არის ჰოლანდიაში სამეფო ოჯახის ფერი, შესაბამისად ჰოლანდიაში ნარინჯისფერი ასოცირდება მეფურობასთან და რადგანაც უილიამ ორანჯი იყო კალვინისტი, ნარინჯისფერი პროტესტანტობის სიმბოლოდაც იქცა. ნარინჯისფერი სტიმულატორია როგორც თბილი ფერი. წითლის მსგავსად იგი მადაზეც მოქმედებს და გვაშიებს. რადგანაც ნარინჯისფერი ციტრუსის ფერია, ის ხშირად C ვიტამინთან და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ნარინჯისფერი გარდამავალი, ერთგავარად „მოსაზღვრე“ ფერია, როგორც შემოდგომა, ცივ ზამთარსა და ცხელ ზაფხულს შორის. თუ ნარინჯისფერი ძალიან „კაშკაშა“ და „აბრდღვიალებულია“, მაშინ ის ზაფხულს, ქვიშასა და მწველ მზეს მოგვაგონებს.


image


მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და დედამიწასთან.


image


მწვანე – ეს სიცოცხლეა, ევოლუცია, განვითარება. მწვანე ბუნებისა და პლანეტის დამცველთა ფერია, თუმცა იგი ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება, ეს ფერი ასევე ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან, სიცოცხლესთან, ძვირფას ქვასთან, მოხდენილობასთან, გაზაფხულთან, განახლებასთან, ხელახლა დაბადებასთან, ნაყოფიერებასთან, სიმდიდრესთან, ფულთან (ამერიკაში), წარმატებასთან, მხნეობასთან, ენერგიასთან, წინსვლასთან, ბალახთან, აგესიასთან, არაგულთბილობასთან, ეჭვიანობასთან, შურთან, სირცხვილთან (ჩინეთში), ავადმყოფობასთან, სიხარბესთან, მარიხუანასთან, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან, კორუფციასთან (ჩრდ. ამერიკა), უკვდავებასთან, ჰაერთან, დედამიწასთან (კლასიკური ელემენტი), გულწრფელობასთან, კიბოსთან(მუქი მწვანე ვარსკვლავის გამოსახულება), განახლებასთან, სიუხვესთან, ზრდასთან, ჯანმრთელობასთან, აგვისტოსთან, ბალანსთან, სიწყნარესთან, გონიერებასთან, ისლამთან. მწვანე ირლანდიის ნაციონალური ფერია და ძლიერ არის ამ ქვეყანასთან ასოცირებული. წითელთან ერთად, მწვანე ომის ფერია დასავლურ კულტურებში. მწვანე არმიის ფერიცაა, მას იყენებენ შეიარაღებული ძალების ტანისამოსისათვის, რადგან ბრძოლისას მუქი მწვანე თვალში არ ხვდება მოწინააღმდეგეს და ამასთან ბუნებაში ის სხვა მწვანეში იმალება. მწვანე ფერი თავის თავში აერთიანებს სიგრილესა და სითბოს. არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. მწვანეს სხვადასხვა ტონალობას იყენებენ რათა გაზაფხულისა და სიგრილის შეგრძნება შექმნან.


image


ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი.


image


ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთან მსუბუქი. თითქმის ყველა ადამიანს უყვირს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც. ხშირად პოლიციელებს ლურჯი ფორმები აცვიათ, რადგან ეს ფერი ხალხში ნდობასა და დაცულობასთან ასოცირდება. ლურჯი, შავთან და ნაცრისფერთან ერთად აუცილებლად მოიპოვება საქმიანი ადამიანის კარადაში, რადგან ლურჯი პროდუქტიულობას აძლიერებს. თუმცა ლურჯი ენერგიული ხასიათის გვერდით ატარებს მეორე, უფრო ნეგატიურ ხასიათს, ის ხშირად დეპრესიათან, კაეშანთან არის სიმბოლირებული. ლურჯი ფერი ზოგადად ასოცირდება ზღვასთან, მამაკაცურ საწყისთან, პროდუქტიულობასთან, ინტერიერთან, ცასთან, მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიმშვიდესთან, სიწყნარესთან, ნდობასთან, სიგრილესთან, კონსერვატიზმთან, წყალთან, ლოიალურობასთან, დამოუკიდებულობასთან, სისუფთავესთან, ტექნოლოგიასთან, ზამთართან, დეპრესიასთან, სიცივესთან, იდეალიზმთან, სიბრძნესთან, დიდებულებასთან, დიდსულოვნებასთან, პლანეტა დედამიწასთან, ძლიერებასთან, სინათლესთან, მეგობრობასთან, გლოვასთან და ძაძასთან (ირანში), ლიბერალიზმთან და ნდობასთან (ამერიკულ პოლიტიკაში); კონსერვატიზმთან (გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროპაში). სხვადასხვა კულტურებში ლურჯი განსხვავებულ დატვირთვას იძენს, განსაკუთრებით კი რელიგიურ ჭრილში. თუმცა ერთში ყველა კულტურა ერთიანდება: ლურჯი უგუნურების, ავი სულებისა და წარუმატებლობისაგან გვიცავს. ცნობილია, რომ ლურჯი და ცისფერი ფერები გვეხმარება დამშვიდებასა და დაძინებაში, ამ ფერთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის. საუკეთესო ფერია საძინებლისათვის, თუმცა გადაჭარბებით მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოსაწყენი გარემო შექმნას. ლურჯი მიჩნეულია „კორპორაციულ ფერად“, რადგან იგი როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, კონსერვატიზმთან, სტაბილურობასთან და საზრიანობასთან ასოცირდება. თუ წითელი ფერი გვაღელვებს და გვაფორიაქებს, ლურჯი პირიქით გვამშვიდებს და გრძნობებს გვიოკებს.


image



იასამნისფერი- ეს ფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ. ამ ორი ფერის შერწყმით ვიღებთ ქალური და კაცური საწყისების შერწყმასა და აღრევას.


image


ფსიქოლოგიური ტესტებით დადგენილია, რომ 75% ბავშვებისა, რომლებიც ჯერ არ არიან სქესობრივად ჩამოყალიბებულნი, ირჩევენ იასამნისფერს, ხოლო გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს შორის ეს მაჩვენებელი 80%–მდე იზრდება. ფერს, რომელშიც არ გამოირჩევა წითელი და ლურჯი, ქალი და კაცი, ხშირად პოპულარულია ჰომოსექსუალთა შორის. საფრანგეთში მათ ასეც მოიხენებენ „Les Violets”. ამ ფერში ქალური და მამაკაცური საწყისები ერთმანეთში ირევა და ქრება. კარდინალმა, ნიკოლაუს კუზანუსმა იასამნისფერი შეადარა გამანადგურებელს და წინააღმდეგობათა ჰარმონიას. აღსანიშნავია რომ კარდინალი თავად იასამნისფერ თვლებში მორთულ ტანისამოსს ატარებდა. ამერიკასა და ევროპაში იასამნისფერი არ სარგებლობს პოპულარობით, განსაკუთრებით ინტელექტუალთა და ხელოვანთა შორის. ირანში კი პირიქითაა, 1000 გამოკითხულიდან 450–ისთვის იასამნისფერი საყვარელი ფერია. ეთნოლოგიურმა ესპედიციებმა, რომლებიც ჩატარდა ცენტრალური ბრაზილიის ინდიელებსა და ჯერ კიდევ კულტურულად ხელშეუხებელ აფრიკულ ტომებში, გამოავლინეს რომ იასამნისფერი აქ ყველაზე საყვარელი ფერია. იგივე შედეგია უმრავლეს კულტურებში, სადაც ეროტიკულ მისწარფებებს უფრო მეტად გამოავლენენ ვიდრე დასავლურ კულტურებში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით იასამნისფერი ძალიან პოპულარულია ორსულ ქალებში.


image


ყავისფერი ცისფერთან და მწვანესთან დედამიწის და ბუნების სიმბოლოა.


image


ყავისფერი არის ბუნების ფერი, რომელსაც მადი სტიმულირებაც შეუძლია. ეს არის თბილი და ნეიტრალური ფერი. ამ ფერს ხშირად ზედმეტად „მოწყენილ“ ფრად აღიქვამენ, თუმცა ეს შეხედულება მცდარია, რადგან ყავისფერი გამჭრიახობის, სიცოცხლის, უბრალოების, მეგობრობის, ჯანმრთელობის ფერია. შავ და ლურჯ ფერებთან ერთად ყავისფერი იქცა კორპორატიულ და საქმიან ფერად. ყავისფერი და მისი ღია ტონალობები გვხვდება მყუდრო და მდიდრული ინტერიერის მოსაწყობად. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს, თბილსა და მეგობრულს ხდის. ყავისფერი შემოდგომის ფერია და ის თითქმის ყველა კულტურაში ნეიტრალური ან დადებითი სიმბოლურობით ხასიათდება. ყავისფერსა და მწვანეს ხშირად გამოიყენებენ ერთად, ბუნების, დედამიწისა და სტიქიების სიმბოლიზირებისათვის. ძალიან მუქმა ყავისფერმა შეიძლება ჩაანაცვლოს შავი ფერი, თუმცა შავისაგან განსხვავებით, მუქი ყავისფერი სხვა ღია ფერებს სითბოს ეფექტს ანიჭებს.


image


შუქნიშანზე გამოყენებული სამი ფერი მწვანე, წითელი და ყვითელი ყველაზე კარგად და შორ მანძილზე გარჩევადი ფერებია.


image



5
1321
14-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1321
  
2015, 21 ივნისი, 17:45
გაიხარე ასეთი დაბრუნება გავაკეთე :D
2015, 21 ივნისი, 16:36
სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მაგარი სტატიაა! ბრავოოო!
2015, 20 ივნისი, 16:12
მადლობა საიტის კარგო და კეთილო ადამიანო
2015, 20 ივნისი, 15:13
ძლიერი სტატიაა ყოჩაღ.ძალიან მომეწონა
0 1 5