საბუნებისმეტყველო ათი ყველაზე უცნაური წვიმა, მოსული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში 2015, 5 ივნისი, 17:27 ბევრი უცნაური ფაქტი და მოვლენა არსებობს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენის - წვიმის შესახებ. მაგალითად, ბევრმა როდი იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ უდაბნოში მოსული წვიმის ქვეშ ადამიანი შესაძლებელია სრულიად მშრალი დარჩეს და არ დასველდეს. მაინც როგოს ხდება ეს? - საქმე იმაშია, რომ უდაბნოში იშვიათად, მაგრამ მაინც მოდის წვიმა, თუმცა ეს ფაქტი ადამიანის თვალისათვის შეუმჩნეველი რჩება იმის გამო, რომ წვიმის წვეთები დედამიწამდე ვერ აღწევს და ჰაერშივე ორთქლდება სიმხურვალის გამო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნიდან სულ უფრო და უფრო ხშირად მოდის შეტყობინება უცნაური წვიმის მოსვლის შესახებ. ხან ფერადი წვეთები იღვრება ზეციდან, ხან ბაყაყები ცვივა წვიმის წვეთების ნაცვლად, ხანაც თავზე უცნაური საგნები ეყრება ადამიანებს. შეიძლება ეს ბევრ თქვენგანს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი წვიმის ან ნალექის დაუჯერებელი ფორმები უამრავი თვითმხილვევის მიერ იქნა დაფიქსირებული და ამ მოვლენებმა დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა მასობრივი ინფომაციის საშუალებებში.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა წვიმის ათი ყველაზე უცნაური სახეობა, სხვადასხვა დროს მოსული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 1. ხილის წვიმა, კოვერტნი, ინგლისი, 2011 წელი მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ ამ წვიმის მიზეზი იყო გრიგალი, რომელმაც ხილის ბაღებიდან უამრავი ვაშლი და მსხალი აიტაცა და შემდეგ წვიმის სახით დააბრუნა დედამიწაზე. 2. ძველი მონეტების (მე-16-17 საუკუნეები) წვიმა, სოფელი მეშერსკი, რუსეთი, 1940 წელი საშინელი ჭექა-ქუხილის დროს მეხი იმ ადგილს დაეცა, სადაც ძველი მონეტები იყო დაფლული, სამარხი გაიხსნა, ხოლო გრიგალმა მონეტები ჰაერში აიტაცა და ისინი მეშერსკის რაიონში ჩამოყარა. 3. ბაყაყების წვიმა, სოფელი კაჯა ჯანოვიკი, სერბეთი, 2005 წელი ძლიერმა ქარბორბალამ ბაყაყები აიტაცა ტბის ნაპირებიდან და წვიმის წვეთებთან ერთად ჩამოყარა სოფლის ტერიტორიაზე. 4. ობობების წვიმა, გოულბერნი, ავსტრალია, 2015 წელი ბიოლოგები ამ მოვლენას შემდეგნაირად ხსნიან: ახალგამოჩეკილი ობობები ადიან ხეზე და ქსოვენ აბლაბუდას, რომელიც ძალიან ჰგავს პარაშუტს. ამ პარაშუტს ქარი გლეჯს და გადააქვს გარკვეულ მანძილზე ; სწორედ ამ ფაქტის გამო ასეთ ობობებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით. 5. წითელი წვიმა, კერალა, ინდოეთი, 2001 წელი ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადგინა, რომ წვიმის ასეთი შეფერილობა განპირობებულია ადგილობრივი ლიქენების სპორების სიმრავლით. 6. შაშვების წვიმა, არკანზასი, აშშ, 2011 წელი აბა, წარმოიდგინეთ, რომ ზეციდან წვიმის წვეთების მაგივრად მომაკვდავი შაშვები ცვივა...მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზი საახალწლო პეტარდებისა და შუშხუნების სიმრავლე იყო, რომლებმაც შაშვების გუნდი დააზარალა. 7. წვიმის ჭიების წვიმა, შოტლანდია, 2011 წელი ბიოლოგებმა გამოთქვეს აზრი, რომ წვიმის ჭიები ქარბორბალამ აიტაცა, მაგრამ საოცარი ისა იყო, რომ ამ დღეს მშვიდი და მზიანი ამინდი იდგა. 8. თევზების ღვარცოფი, იორო, ჰონდურასი, ყოველწლიურად ყოველწლიურად, ერთსა და იმავე დროს ამ ადგილას ციდან ქორჭილები ცვივა, რომლებსაც სიამოვნებით აგროვებს ადგილობრივი მოსახლეობა. მოვლენა საღამოს 5-6 საათზე იწყება. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს სასწაულია, ხოლო მეცნიერები ამ მოვლენას ხსნიან იმით, რომ თითქოსდა თევზი მოაქვს ატლანტის ოკეანიდან წამოსულ ქარბორბალას. ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ 1998 წლიდან დღემდე იოროში ყოველწლიურად ტარდება თევზების ფესტივალი. 9. ხორბლის წვიმა, ესპანეთი, 1904 წელი ლეგენდის თანახმად, ციდან იმდენი ხორბალი ჩამოიყარა, რომ გახარებული ადგილობრივი მცხოვრებლები ნიჩბებით აგროვებდნენ მას. მოგვიანებით გამოირკვა, რომ მარცვალი გრიგალმა ჩრდილო აფრიკიდან მოიტანა, სადაც ძლიერმა ქარმა დაანგრია მარცვლეულის საწყობი. 10. კოსმოსური ნალექები, ჩიტა, რუსეთი, 2015 წელი ამა წლის აპრილში ჩიტის ახლოს მდებარე ერთ პატარა სოფელში ციდან გამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა. ეს მოვლენა ბოლო წლებში უკვე ტენდენციად იქცა. პირველი კოსმოსური ნამსხვრევი ამ ოლქში 1957 წელს ჩამოვარდა. ამის შემდეგ ამ ადგილებში 20 ათასამდე ობიექტი იქნა ჩამოვარდნილი. წელიწადში საშუალოდ აქ 400-მდე ასეთი კოსმოსური ნალექი "მოდის". როგორც ხედავთ, წვიმა ძალიან უცნაური და არაჩვეულებრივი შეიძლება იყოს, ბევრი მათგანი ამხიარულებს ადამიანებს, მაგრამ მათ შორის არაერთია ისეთი, რომელიც საკმაოდ სახიფათოა. p.s. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, მინდა გისურვოთ ზაფხულის ჩვეულებრივი, წყნარი, მხიარული შხაპუნა წვიმა ყოველგვარი ჭიების, ბაყაყებისა და თევზების გარეშე! 2944 15-ს მოსწონს
|