x
image
K.P.
ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" აუქციონზე შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა

image
ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" საქართველოს დაუბრუნდა. ტილო ბიძინა ივანიშვილმა აუქციონზე 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა. სულ მალე აღნიშნული ტილოს ნახვის შესაძლებლობა მუზეუმის ნებისმიერს სტუმარს ექნება.

"ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება. ივანიშვილების ოჯახმა ფიროსმანის ეს ტილო გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა. შეგახსენებთ, "არსენალის მთა ღამით" 1957 წელს ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოს უბრუნდება"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია "2030" ავრცელებს.image

აღნიშნული ნახატი უკვე რამდენჯერმე იყო გატანილი აუქციონზე, პირველად 2003 წელს 1, 8 მლნ დოლარად, მეორედ კი 1, 7 მლნ დოლარად გაიყიდა. "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე რუსულ სექციაში იყო წარმოდგნილი. ნიკო ფიროსმანი თვითნასწავლი მხატვარი გახლდათ, რომელიც სიღატაკეში ცხოვრობდა. დღეს მისი ტილოები მილიონები ღირს, თავად კი სიკვდილამდე თავი გაჭირვებას ვერ დააღწია. მხატვარი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავი დღემდე უცნობია. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფიროსმანის ასზე მეტი ტილოა დაცული, რამდენიმე მათგანი კი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ამ ქველმოქმედებას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველი ქართველისაგან, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მადლობა ნამდვილად ეკუთვნის.

0
622
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0