საზოგადოება ჰუსარი და ქირურგი, მეზღვაური და ჯაზმენი... – ცნობილი ქალები, რომლებიც მამაკაცებად ასაღებდნენ თავს 2015, 4 აპრილი, 19:10 ისტორია საკმაოდ მკაცრია ქალების მიმართ: საკმაოდ დიდია სამოღვაწეო სფეროების ჩამონათვალი, რომლებშიც მათ მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობა სულ ცოტაოდენი ხნის წინათ მოიპოვეს. ძველ დროში ამა თუ იმ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ათასგვარი ხრიკებისა და მაქინაციების გამოყენება უწევდათ. მაინც რა ეშმაკობას მიმართავდნენ ყველაზე ხშირად ისინი: რა თქმა უნდა, მამაკაცის ტანსაცმლის ჩაცმა ყველაზე იოლი გამოსავალი იყო. მამაც ქალებს ხშირად უხდებოდა კაცად თავის გასაღება იმისათვის, რომ ბრძოლის ველზე მოხვედრილიყვნენ. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ისტორიაში ცნობილი ქალების ათეული, რომლებსაც მამაკაცად თავის გასაღება დასჭირდათ, რომ თავიანთი მიზნისათვის მიეღწიათ.
1. ჟანა დარკი ორლეანელი ქალწული, საფრანგეთის ეროვნული გმირი და კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ჟანა დარკი, ფლობდა რა წინასწარმეტყველების გასაოცარ უნარს, საფრანგეთის მეფის თანხმობით ჯარის წინამძღოლად დაინიშნა ინგლისის წინააღმდეგ ომში (ასწლიანი ომი). ჟანამ სპეციალური კურთხევაც კი მიიღო საეკლესიო პირებისაგან ქალაქ პუატიეში, მაგრამ წინასწარმეტყველების ნიჭმა და ჯარის წინამძღოლობამაც კი ვერ იხსნა ორლეანელი ქალწული სასტიკი სასჯელისაგან: ინგლისელებმა ის კოცონზე დაწვეს 1431 წელს. 2. ჯეიმს ბერი სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი მარგარეტ ენ ბალკლი. ჯეიმს ბერი XIX საუკუნეში სამხრეთ აფრიკაში ცნობილი ქირურგი იყო. სხვათაშორის, სწორედ ის გახდა პირველი ქირურგი, ვინც აფრიკის კონტინენტზე საკეისრო კვეთა ჩაატარა. მარგარეტის განსაკუთრებულობა კი განპირობებულია იმით, რომ ამ საოცარმა ქალმა თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეძლო ინკოგნიტოდ დარჩენა და არავის შეუტანია ეჭვი, რომ ის ქალი იყო. მხოლოდ მოსამსახურემ, რომელმაც მიცვალებული განბანა, შეიტყო ეს უცნაური სიმართლე და კიდევ, გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ, რომელიც მარგარეტ ბალკლის და ჯეიმს ბერის მიერ ხელმოწერილ წერილებს ჩაუტარდა, საბოლოოდ ახადა ფარდა მის საიდუმლოს. 3.ფრენსის კლეიტონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეომარი ქალი ფრენსის კლეიტონი ჯეკ უილიამსის სახელით მოკავშირეების მხარეზე იბრძოდა აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. მამაკაცად გარდასახვა მას სულაც არ გასჭირვებია: სიმაღლისა და სიგამხდრის გარდა ამაში მას დაეხმარა მამაკაცური ჩვევები, რომლებსაც შესანიშნავად იყო დაუფლებული: მოწევა, სმა, გინება, თამბაქოს ღეჭვა.. მისი საიდუმლო გამოაშკარავდა მხოლოდ მაშინ, როცა 1863 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში ფრენსისი მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ მას არმია დაატოვებინეს. სხვათაშორის, კონფედერანტების (სამხრეთელების) მხარეს ფრენსისს ღირსეული მოწინააღმდეგე ჰყავდა: მათ არმიაშიც იბრძოდა მამაკაცურად გადაცმული ქალი, სახელად ლორეტა ჯანეტა ველასკესი. 4. ნადეჟდა დუროვა სწორედ ეს კავალერისტი გოგონა გახდა შურა აზაროვას პროტოტიპი ფილმში "ბალადა ჰუსარზე". ნადეჟდა პატარაობიდანვე აითვალწუნა დედამ და ის ჰუსარებს გადასცეს აღსაზრდელად. "უნაგირი ჩემი პირველი აკვანი იყო, ხოლო ცხენი, იარაღი და პოლკური სიმღერა-ჩემი პირველი სათამაშოები და გასართობი", -იხსენებდა დუროვა. 18 წლის ნადეჟდა, შეუყვარდა რა ერთი იასაული, მასთან ერთად გაიქცა მამაკაცურად გადაცმული და სახელად ალექსანდრე დაირქვა. ასე დაიწყო მისი მოღვაწეობა რუსულ არმიაში. მან უამრავ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, სანამ თავად მეფე ალექსანდრე I-მა არ გამოააშკარავა მისი საიდუმლო. მეფე ისე აღფრთოვანდა სამშობლოსათვის თავდადებული ქალიშვილით, რომ მას უფლება მისცა არმიაში დარჩენილიყო. სიკვდილის წინ დუროვამ დაიბარა, რომ ის წესის აგების დროს ის მოეხსენებინათ, როგორც მონა ღვთისა ალექსანდრე, მაგრამ მღვდელმა არ ისურვა საეკლესიო წესების დარღვევა. 5. კატალინა ერასო ამ ქალის ზედმეტსახელი - "მონაზონი-ლეიტენანტი" სავსებით შეეფერება მის დახასიათებას. ის მართლაც ძალიან საინტერესო ისტორიული პერსონაჟია - ქალი-კონკისტადორი, რომელიც XVI - XVII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. მცირეწლოვანი კატალინა მონასტერში მიაბარეს, საიდანაც მან 17 წლის ასაკში მოახერხა გაქცევა, სახელად ფრანსისკო დე ლოიოლა დაირქვა და თავგადასავლების საძებნელად გაეშურა. მამაკაცურად გადაცმულმა ერასომ ესპანეთის ამერიკის ნაპირებს მიაღწია და ჩილეში მომხდარ ომებშიც კი მონაწილეობდა, ამჯერად უკვე ალონსო დიას რამირეს დე გუსმანის სახელით. ერთ-ერთ ბრძოლაში დაჭრილი კატალინა იძულებული გახდა ფარდა აეხადა თავისი საიდუმლოებისათვის. ამის შედეგ ამ მამაცი ქალის შესახებ მთელ ევროპაში გახდა ცნობილი.. უფრო მეტიც, პაპმა ურბან VIII-მ განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვა და ერასოს მამაკაცის ტანსაცმლის ტარების უფლება მისცა. 6. ქალი-პაპი იოანა ეს იყო ქალი, რომელმაც მოახერხა ისე მიახლოებოდა ღმერთს, როგორც ეს მანამდე და მის შემდეგაც ვერცერთმა სუსტი სქესის წარმომადგენელმა ვერ შეძლო. ლეგენდის მიხედვით, იგი ფლობდა პაპის ტიტულს VIII საუკუნეში. პოსტში მოხსენიებული სხვა ქალებისაგან განსხვავებით, იოანას არსებობა დამტკიცებული არაა და ის მხოლოდ ლეგენდად ითვლება. არ არსებობს არანაირი ვერსია იმისა, თუ რა ერქვა მას სახელად: ერთნი მას მოიხსენიებენ აგნესად, მეორენი ჟილბერტად. ლეგენდა ლეგენდად დარჩება, რადგან მისი დამტკიცება ან გაქარწყლება არავის ძალუძს. ვინ გაბედავდა მაშინ (ან თუნდაც ახლა) პაპის კაბის (უკაცრავად, სუტანის) ქვეშ შეხედვას? სხვათაშორის, ამ ლეგენდამ კიდევ ერთ საინტერესო ჭორს დაუდი სათავე- თითქოსდა ამ შემთხვევის შემდეგ ყველა ახლადდანიშნული პონტიფიკი გადიოდა განსაკუთრებულ გამოცდას, ამისათვის მას სვამდნენ სკამზე, რომელზეც სპეციალური ჭრილი იყო გაკეთებული. 7. დოროთი ლოურენსი დოროთი ლოურენსის ისტორია თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა მსხვერპლის გაღება უწევთ მათ, ვინც ჟურნალისტის კარიერა აირჩია. იმისათვის, რომ გამხდარიყო სამხედრო კორესპონდენტი და შესაძლებლობა მისცემოდა პირველი მსოფლიო ომის ამბები უშუალოდ ბრძოლის ველიდან გადმოეცა, დოროთი იძულებული გახდა მამაკაცურად გადაცმულიყო, რადგან მანამდე ის ბრძოლის ველიდან გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ქალებს აკრძალული ჰქონდათ საბრძოლო ამბების შესახებ წერა. ლოურენსის ისტორია სასამართლო დარბაზში გაგრძელდა, რადგან როცა გამოაშკარავდა მისი სქესი, დოროთის ბრალი დასდეს შპიონაჟში და სახელწიფო ღალატში. აი სანამდე შეიძლება მიიყვანოს ქალი პატივმოყვარეობამ. სიცოცხლის ბოლო წლებში დოროთიმ დაწერა წიგნი სახელწოდებით "ერთადერთი ქალი-ჯარისკაცი ინგლისში". 8. ჰუა მულანი ჰუა მულანი, პაპი იოანას მსგავსად, კიდევ ერთი ლეგენდის პერსონაჟია-ჰყავდა თუ არა რეალური პროტოტიპი VI საუკუნის ჩინური პოემის გმირს-დღესდღეობით გამორკვეული არაა. პოემის მიხედვით, მამაკაცურად გადაცმული მულანი ომში მიდის მოხუცებული მამის მაგივრად. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო იმპერატორმა მას მაღალი წოდება მიანიჭა და ამის აღსანიშნავად მასთან სახლში მისული კოლეგები აღმოაჩენენ მულანს ქალის ტანსაცმელში ჩაცმულს - ასე გამოაშკარავდება მისი საიდუმლო. თუ რით დამთავრდა სინამდვილეში ეს ამბავი-არავინ იცის, მაგრამ ერთი კი ცხადია: მულანის პერსონაჟი ისე მოეწონათ ჰოლივუდელ კინემატოგრაფისტებს, რომ უოლტ დისნეის სტუდიამ საკმაოდ გახმაურებული ანიმაციური ფილმი გადაიღო ამ მამაც ჩინელ გოგონაზე. 9. მერი ენ ტელბოტი მერი ენ ტელბოტი მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული გაეშურა ზღვების დასაპყრობად. ნაპოლეონის ომების დროს ის ინგლისის საზღვაო ფლოტის მეზღვაური იყო. გამოსცადა რა საკუთარ თავზე, თუ რას ნიშნავდა ინგლისის ფლოტში სამსახური XVIII - XIX საუკუნეების მიჯნაზე, მერი ენმა დაწერა ავტობიოგრაფიული ნაშრომი სახელწოდებით "ცხოვრება და გასაოცარი თავგადასავლი ჯონ ტეილორის სახელით ცნობილი მერი ენ ტელბოტისა". 10. ბილი ტიპტონი 1914 წელს დაბადებული ბილი ტიპტონის ნამდვილი სახელი დოროთი ლიუსილი იყო. ზემოთჩამოთვლილი გმირებისაგან განსხვავებით, ამ ქალმა ბილის სახელით საკმაოდ უწყინარი პროფესია აირჩია – ის ჯაზ-ბენდში უკრავდა. თავდაპირველად მამაკაცის კოსტიუმი პროფესიონალური სახის ნაწილი იყო, მაგრამ ის თანდათანობით შეიჭრა დოროთის პირად ცხოვრებაში. მან ჩათვალა, რომ მამაკაცი იყო: ქალი სპეციალურ ბანდაჟს ატარებდა, რომ არავის შეეტანა ეჭვი მის მამაკაცობაში. ამბობდა, რომ გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ არ შეუძლია შვილების გაჩენა. ამას სულაც არ შეუშლია ხელი ეშვილებინა სამი ბიჭუნა, როგორც მამინაცვალს. სიმართლე მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოარკვია სასამართლოს მიერ გაგზავნილმა გამომძიებელმა. 11. მაია წყნეთელი განა შეიძლება მამაკაცურად გადაცმულ გმირ ქალებზე ვისაუბროთ და ჩვენი მაია წყნეთელი არ გავიხსენოთ? მაია წყნეთელი XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი სახალხო გმირია, მათე ყაჩაღად წოდებული. გვარი ცნობილი არაა. ზეპირსიტყვიერი ცნობით, მაია წყნეთელისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულ კაცურად გადაცმულ მაია წყნეთელს ერეკლე II-ის კარზე დაუწყია სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მებატონეთა დაბეზღებამ აიძულა ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მაია წყნეთელის თავგადასავალი აისახა ქართულ ფოლკლორში, აგრეთვე თეატრსა და კინოში. 1959 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა. 164 12-ს მოსწონს |
მერე კიდევ იმის ატანას, 20 ნახვაც რომ არ ექნება