x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რეალური ამბავი მეგობრის ღორისა, რომელსაც მეზობლებმა აგრესიულობისა და "მეამბოხე" ხასიათის გამო "კიტოვანა" დაარქვა.

image მინდა მოგითხროთ რეალური ისტორია მეგობრის ღორზე, რომელსაც მეზობლებმა აგრესიულობის და "მეამბოხე" ხასიათის გამო "კიტოვანა" დაარქვა.
სოფელში სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული, ბევრი ბავშვობის მეგობარი მყავს და ახლაც ერთერთი მათგანის, კერძოდ კი პაატას ერთობ უცნაური ხასიათის და სიდიდით გამორჩეულ ღორზე, მეტსახელად "კიტოვანაზე" მინდა მოგიყვეთ.
ეს" კიტოვანა" მეგობარმა მაშინ იყიდა როცა ჯერ კიდევ პატარა იყო და უფროსი შვილის დაბადების დღეზე უნდა დაეკლა, მაგრამ ბავშვებმა იმდენი "უჩიჩინეს" მისი დაკვლა გადაიფიქრა და ასე გადარჩა მომავალი "მეამბოხე".
გოჭი გაიზარდა და მალე საკმაოდ შთამბეჭდავი ფორმების ღორი გახდა და აქ დაიწყო პაატას მეზობლების "უბედურებაც", ღორი რომელიც საკუთარ ეზოში მშვიდად დასეირნობდა საღორის ეზოში, მეზობლების ბაღებისა და ყანების რისხვად იქცა.
არ დარჩა მეზობელი რომლის ყანა ან ბოსტანი არ აიკლო და არ ააოხრა, ეს კიდევ არაფერი მეზობლის ძაღლებს დაერია და სადაც კი წაასწრო წკმუტუნ–წკავწკავით გაყარა საბრალოები.
სოფლის სახლში ასულს კი მეზობლებმა ასეთი ამბავი დამახვედრეს: მეზობელი საშობაოდ (როგორც ხდება ხოლმე) ღორის დაკვლას აპირებდა შვილთან ერთად და სწორედ ამ დროს გამოიარა ქუჩაში პაატას მაშინ ჯერ კიდევ "უსახელო" ღორმა, გამოიარა და რომ დაინახა დასაკლავად გამზადებული და ფეხებშეკრული ღორი თუ მისი ჭყვიტინი გაიგო–გადაირია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტანკივით გაიტანა მავთულბადის ღობე, გაიტანა და მეზობელს და მის ბიჭს დაეტაკა, მამა წააქცია ხოლო შეშინებული ბიჭი იქვე მდგარ სათავსოზე ავარდა შეშინებული. მერე დასაკლავად განწირულ ღორს მიუბრუნდა და სანამ თოკი ეშვებით არ დაგლიჯა და არ გაანთავისუფლა, არაფრით არ მოეშვა.
სწორედ ამ დღიდან შეარქვა სამეზობლომ პაატას ღორს მეტსახელად "კიტოვანა", "კიტოვანა" ისე გათავხედდა უკვე პაატაც კი ვერ ეკარებოდა.
ისე ისწავლა ეზოში შესასვლელი კარების გაღება, კაცს გაფიქრებინებდა მე ხომ არ დავტოვე კარებიო!
კარს რომ გააღებდა დაიწყებდა თავისებურად ჭყვიტინს და სადაც კი მისწვდებოდა მისი ჭყვიტინი, ეგრევე იქიდან ღორები და გოჭები მორბოდნენ, ეს "არმია" კი მალევე აოხრებდა ბოსტანს და მთელ ეზოსაც.
მეზობლები შეწუხდნენ და პაატას რამდენჯერმე სთხოვეს დაეკლა ან სულაც გაეყიდა "კიტოვანა", პაატა უხერხულ მდგომარეობაში კი ვარდებოდა მაგრამ ღორს ვერ ელეოდა და 5–6 მეზობლის დახმარებით ძლივს დაჭერილ ღორს უღელს ადებდა, მაგრამ რა უღელს უნდა გაეძლო ხარივით უზარმაზარი ღორისთვის.
ერთხელ პაატამ შემომჩივლა: ელგუჯა ეს ღორი ვატყობ მეზობლებს დამაკარგვინებს და სოფელში შედუღების აპარატი რომ გაქვს იმით ძმურად ღორისთვის კისერზე არმატურის უღელი შემადუღებინე რომ ვერ მოიშოროსო, ამაზე ისეთი სიცილი ამივარდა ნახევარი საათი საუბრის თავიც კი არ მქონდა, როგორია ჯერ დაიჭირო "კიტოვანა", მერე კი გაუგონარი საქმე გააკეთო და ღორს არმატურის უღელი დაადგა, მოაზომო და შეადუღო.
ეს აზრი რომ მოვაშლევინე პაატამ დაუარა მეზობლებს და სთხოვა წვრილი საფანტი ესროლეთ ან მარილით დატენილი ვაზნა და იქნება შეეშინდეს და შეგეშვათო.
ბევრმა სცადა მაგრამ უშედეგოდ, ერთხელ მეზობლის ეზოში შესულ "კიტოვანას" მაგარი "იაღლიში" მოუვიდა როცა ფუტკრების 2 სკა წააქცია დინგით და გამწარებული ფუტკრები დაესივნენ, დაესივნენ და ისე დაკბინეს "კიტოვანა", დასიებული ღორს კი არა ბეჰემოთს უფრო მოგაგონებდათ.
პაატამ გადაწყვიტა მოეშორებინა ღორი და გაეყიდა, მაგრამ ვინც კი ნახა არა ძმაო ეს რომ მაჩუქო ვერ წავიყვან, ამას ცოცხალს ვინ დაიჭერსო!
ამასობაში "ღორის გრიპის" ეპიდემია შემოვიდა სოფელში და ხალხს ღორები დაუხოცა, მეზობლებმა იფიქრეს ეგება გვეშველოს და "კიტოვანაც" მოკლასო, მაგრამ როგორც ჩანს მას სიკვდილი ჯერ არ ეწერა და გადარჩა, დაღრუტუნებდა სოფელში და ძველებურად აწიოკებდა სოფელს.
მშობლები იძულებულნი გახდნენ მოუცლელობის გამო ლამის მიტოვებულ, სოფლის სახლში შორეული ნათესავების, დევნილი ოჯახი მოეყვანათ სახლის და ეზო–ბაღის მოსავლელად და საცხოვრებლად.
ნათესავები წესიერი და მშრომელი ადამიანები არიან და ისედაც კარგად მოვლილი ეზო "ბაღნარად" აქციეს.
პლანტაციებიდან აღებული მოსავლით კი უფროსი გოგონას სწავლის ქირის გადახდაც შესძლეს.
ერთ დღესაც დამირეკეს და მითხრეს: "კიტოვანა" აქამდე არ გვაწუხებდა და ახლა გვაწიოკებსო, ჩვენ აქ სტუმრები ვართ და იქნებ პაატას შენ უთხრა რამეო.
მთელი ეზოს წინა ღობეები ბეტონში ჩასმული რკინის მილებით, რკინის ფირფიტებით და "კუთხოვანითაა" გაკეთებული და გაგვიკვირდა ღორი რო გორ უნდა შემოსულიყო, რომ ვკითხე კარებიდან ხომ არ შემოდის მეთქი, არა კარზე ბოქლომს ვუყრით და რომ ვერ გააღო შორიდან მოუარა და თხილნარის მავთულბადის ღობეს არღვევსო.
დავურეკე პაატას და იქნებ რამე მოუხერხო "კიტოვანას" მე არ მომაკვლევინო მეთქი, სიტყვაზე ვუთხარი თორემ ბავშვობის მეგობრის ღორს ტყვიას როგორ ვესროდი.
რამდენჯერაც დაადგა ხის უღელი იმდენჯერ დაამტვრია და რა უნდა ექნა პაატას!
შევთანხმდით–მეც უნდა ავსულიყავი სოფელში და მეზობლებს გადაგვეწყვიტა პაატას ღორის მომავალი ბედი.
ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ დიდად მისაღები არცერთი არ გამოდგა, ბოლოს მოსულმა ასაკოვანმა მეზობელმა გვირჩია: დაათვრეთ "კიტოვანა", კისერზე "ტრანსპორტიორის ლენტი" გაუკეთეთ და მას მსხვილი ჯაჭვი გაუყარეთ და დააბით "კიტოვანა" და ყველა დაისვენებსო. აზრი ყველას მოგვეწონა, მაგრამ ჯერ "კიტოვანას" მოტყუება გაჭირდა და მერე მისი დათრობის გეგმა ვერ მოვიფიქრეთ, ისევ ბატონმა ბონდომ გვაჯობა ჭკუით და გვირჩია: ვედროში ჩაყარეთ ქატო და 3ლიტრ ღვინოში გახსენითო. მართლაც პაატას სახლთან მოსულ "კიტოვანას" "შეთქმულების"მონაწილეებმა ვედროთი ღვინით გაჯერებული ქატო დავუდგით და "კიტოვანამაც" მალევე "გადასანსლა" ქატო. არ გასულა დიდი ხანი და ისეთი სიტუაცია შეიქმნა ლამის გეგმაც დაგვავიწყდა, ღორმა ჯერ ბანცალი დაიწყო, მერე გეგონებოდა მთვრალი კაცი მღერის შორსო ისეთი ხმები ამოუშვა, ბოლოს კი სულაც დაიძინა. დაიძინა და "დავეტაკეთ" და მალე "კიტოვანას" კისერზე გამძლე მასალის ქამარი შევაბით და ჭანჭიკით შევუკარით, ქამარში კი ჯაჭვი გავატარეთ და 10 მეტრიანი ჯაჭვის ბოლო ბეტონში ჩასმულ მილზე გამოვაბით.
თავიდან უჭირდა "კიტოვანას" შეჩვევა, მაგრამ როგორც გავიგე უკვე შეეჩვია, ერთი ეგაა პაატას მოემატა საზრუნავი, რადგან დღეში 2–3ჯერ წყალი აქვს მისატანი და ჯაჭვის ბოლო სხვა ადგილას გადასატანი.
იმედია კარგ განწყობაზე დაგაყენებთ სოფელში ცნობილი "კიტოვანას" ისტორია.

20
315
17-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
315
  
2015, 4 აპრილი, 18:50
ღორი საყვარელი მარტო შამფურზეა :D მეორე აზრი უფრო გამართლებულია :)
2015, 4 აპრილი, 18:06
ისეთი საყვარელია ვერ გაიმეტეს, თან რომ დაეკლათ მერე მე აქ ჩემზე ხომ ვერ დავდებდი სტატიას. :))))
2015, 4 აპრილი, 17:55
მაგდენ წვალებას დაგეკლათ
2015, 19 მარტი, 14:50
ძალიან კარგი, მოხარული ვარ ღრუტუნა "კიტოვანას" გადარჩენით :))
2015, 19 მარტი, 14:46
მისი დამსახურებაა "კიტოვანა" დღესაც ცოცხალი რომაა. :)))
2015, 19 მარტი, 14:43
კარგია, მთავარია ჰუმანური იყოს :)
2015, 19 მარტი, 14:34
დამიჯერეთ ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონაა, სახელს უხდება. :)
2015, 19 მარტი, 14:25
დიდი პატივია გმადლობთ:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10