x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137466
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
აფრიკის კონტინენტი და მიმდინარე გეოგრაფიული ცვლილებები: პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდის მიმოხილვა

სტატიის ავტორები: თამარ ახალაძე, მარიამ ხიზანაშვილი


აფრიკის დანაწილება
ევროპული სახელმწიფოების მიერ


აფრიკის
კოლონიზაციაში მთავარი როლი ძველმა კოლონიურმა სახელმწიფოებმა, ინგლისმა და საფრანგეთმა
ითამაშეს. მათი ინტერესები ხშირად ეჯახებოდა ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ მაინც კომპრომისითა
და ტერიტორიების გაყოფით მთავრდებოდა. ინგლისმა აფრიკაში ძალიან დიდი ტერიტორიები დაიკავა,
რომელთათვისაც დიდი ბრძოლების გადახდა მოუწია.


დიდი ბრიტანეთის მიერ აფრიკის კოლონიზება


ეგვიპტე


სუეცის
არხის გაყვანის შემდეგ (1969 წ.) განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ეგვიპტე, რადგან
მას დიდი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის,
რომელიც დაინტერესებული იყო ინდოეთთან კავშირების დამყარებით, რადგან ინდოეთი იმ დროს
უმნიშვნელოვანესი ზღვისგადაღმა იმპერია იყო,
სუეცის არხი კი არსებულ მანძილს ანახევრებდა. ეგვიპტე ასევე მიიჩნეოდა ბამბის მსხვილ
მომწოდებლად, მას შემდეგ, რაც აშშ-დან მომარაგება შეწყდა 1861-1865 წლების სამოქალაქო
ომის გამო.

ეგვიპტე, რომელიც იმ დროს მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა იყო, ოფიციალურად
ოტომანის თურქული იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ რეალურად ეგვიპტის ხედივი
( ოსმალეთის სულთნის ნაცვალი) დამოუკიდებლად მოქმედებდა. ეგვიპტის ხელსაყრელმა მდებარეობამ
მოიზიდა ინგლისი და საფრანგეთი და მათ ერთობლივი კონტროლი დააწესეს ეგვიპტის ფინანსებზე.
1881-1882 წლებში ეგვიპტეში იფეთქა ეროვნულმა აჯანყებამ, რომელიც ევროპელთა გავლენის
წინააღმდეგ იყო მიმართული. ინგლისმა ეს მომენტი კარგად გამოიყენა და „თურქეთის დახმარების
მიზნით“ შეიყვანა თავისი ჯარები ეგვიპტეში. 1882 წლის შემდეგ ეგვიპტე ფორმალურად დამოუკიდებელი
იყო, რომელიც იმართებოდა თურქეთის ხედივის მიერ, მაგრამ სინამდვილეში მას ინგლისი განაგებდა
და ეგვიპტეში მუდმივად გარნიზონი ჰყავდა ჩაყენებული სუეცის არხის დასაცავად.



სუდანი


ეგვიპტის
დამორჩილების შემდეგ ინგლისმა ყურადღება სუდანისკენ მიმართა. 1881 წელს მუჰამედ აჰმადი
პან-ისლამურ აჯანყებას უძღვებოდა ურწმუნოების წინააღმდეგ. მან საკუთარ თავს უწოდა მაჰდი
ანუ მესია, რომელსაც მსოფლიო ბოროტებისგან
უნდა ეხსნა. 1881-1882 წლებში ფართოდ გაიშალა რელიგიურ-ნაციონალური აჯანყება და შეიქმნა
სახელმწიფო, რომელსაც ამ ბრძოლის მეთაურის, მაჰდის სახელის მიხედვით, მაჰდის სახელმწიფო
ეწოდა. ინგლისის მთავრობამ არჩია სუდანიდან თავისი ჯარების ევაკუაცია. ამით ისარგებლა
საფრანგეთმა. 1896 წელს ეკვატორულ აფრიკაში საფრანგეთის სამფლობელოებიდან აღმოსავლეთით
ნილოსის სათავეების მიმართულებით დაიძრა პატარა ფრანგული რაზმი, კაპიტან მარშანის ხელმძღვანელობით, რომელიც მიზნად ისახავდა საფრანგეთისთვის სუდანის
შემოერთებას. ამ გარემოებამ დააჩქარა ინგლისის მოქმედება. მან დაიწყო სუდანის დაპყრობა
ჩრდილოეთიდან, ეგვიპტიდან. 1898 წელს არმიის სარდალი, გენერალი კიტჩენერი სუდანის ცენტრში
აღმოჩნდა. 1898 წლის 2 სექტემბერს ომდურმანთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. 19 სექტემბერს
გენერალი კიტჩენერი სოფელ ფაშოდასთან (ხართუმის მახლობლად) შეხვდა კაპიტან მარშანს და მოსთხოვა მას საფრანგეთის
დროშის დაშვება, რომელიც მას ჯერ კიდევ 10 ივლისს ჰქონდა აღმართული. მარშანმა პარიზიდან
მიღებული მითითების საფუძველზე უარი განაცხადა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მაგრამ
საბოლოო მომენტში საფრანგეთმა უკან დაიხია ქვეყნის საშინაო მდგომარეობის გამო, რომელიც
სამხედრო გამოსვლის საშუალებას არ იძლეოდა. საბოლოოდ, 1898 წელს ინგლისმა მოახდინა
სუდანის ოკუპაცია. იგი ინგლისს დაემორჩილა, თუმცა ოფიციალურად ინგლის-ეგვიპტის კონდომინიუმად
გამოცხადდა. 1899 წლის მარტში დაიდო შეთანხმება,
რომლის მიხედვითაც საფრანგეთი იღებდა ზემო სუდანის ნაწილს.
ინგლისსა და საფრანგეთს შორის ბრძოლა ძირითადად მიმდინარეობდა ნილოსის სათავეებისა და ტროპიკული
დასავლეთი აფრიკისთვის. რათა არ დაეშვათ ფრანგების მიერ მდინარე კონგოს უზარმაზარ ტერიტორიის
დაკავება, ინგლისელები დაეხმარნენ პორტუგალიასა და ბელგიას. 1884 წლის ინგლის-პორტუგალიის
კონვენციით ინგლისმა სცნო პორტუგალიის პრეტენზიები აფრიკის სანაპიროს დიდ ნაწილზე გვინეის
უბის სამხრეთით, შემდეგ კი ბელგიის მეფე ლეოპოლდს კონგოს უზარმაზარი ტერიტორიის დაკავების
ნება დართო. ლეოპოლდის დაპყრობები სცნო ბერლინის კონფერენციამ.
იმ პერიოდში აფრიკისასთვის უძლიერეს სახელმწიფოებს შორის ბრძოლა იმდენად ინტენსიური იყო,
რომ ის შეიძლებოდა ინტერ-იმპერიალისტურ კონფლიქტებსა და ომებშიც კი გადაზრდილიყო. ამის
ასაცილებლად გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა 1884-1885 წლებში მოიწვია ამ ეპოქის
მთავარი ევროპული სახელმწიფოების დიპლომატიური სამიტი, რომლის მიზანი იყო აფრიკის მომავლის
გაანალიზება და მონობის მოსპობა. სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვანი იყო კოლონიალისტი
ქვეყნების სტრატეგიული და ეკონომიკური გეგმები როგორებიცაა ძველი ბაზრების დაცვა, ახალი ტერიტორიების ათვისება და მოსახლეობის ექსპლუატაცია. კონფერენციაზე შეიმუშავეს
ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია, როგორც ბერლინის აქტი, რომელიც ევროპული სახელმწიფოებს
აფრიკის დანაწილებაში ბრძოლის წესებს კარნახობდა. ბერლინის კონფერენციამ, რომელზეც
აფრიკის არც ერთი წარმომადგენლი არ დაასწრეს, აფრიკის დანაწილების პროცესი დაიწყო და
არავითარ ყურადღებას არ აქცევდა არც ადგილობრივ კულტურას, არც ეთნიკურ ჯგუფებსა და
ერთი ტომის ხალხს ევროპელთა მიერ გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს ტოვებდა.
ამან წარმოშო ტრაიბალიზმი, რომელიც დღესაც გრძელდება. იმის გამო, რომ კოლონიზაციის
პერიოდში საზღვრების დემარკაცია ადგილობრივი ტომების გაუთვალისწინებლად ხდებოდა, თანამედროვე
აფრიკულ სახელმწიფოებში სამოქალაქო ომები დღესაც არ წყდება. ეს კი იმის გამო ხდება,
რომ ერთ ქვეყანაში თავმოყრილია რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული ტომი.
მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ აფრიკაშიც, მაგრამ მალე იქნა მიღწეული შეთანხმება,
რომლის მიხედვითაც საფრანგეთი უარს ამბობდა პრეტენზიებზე ნილოსის ხეობაზე, ხოლო ინგლისი
ტუნისსა და მაროკოზე. ამ შეთანხმებით ინგლისს გზა გაეხსნა აღმოსავლეთ აფრიკაში და მოკლე
ხანში დაიმორჩილა კენია, უგანდა, სომალის ნაწილი (ბრიტანეთის სომალი) და კუნძული სოკოტრა.



დიდი ბრიტანეთის
და გერმანიის დაპირისპირება


აფრიკის ტერიტორიებისთვის ბრძოლამ გამოიწვია ინგლისის გერმანიასთან დაპირისპირება. მათი პირველი
შეტაკება მოხდა 1885 წელს გერმანელების მიერ სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის (ნამიბია) დაპყრობასთან
დაკავშირებით. ბისმარკმა არ სცნო ინგლისელთა უფლებები. მან სამხრეთ დასავლეთ აფრიკის
ანექსია გამოაცხადა. ამან ინგლისის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ორ სახელმწიფოს
შორის ურთიერთობების შემდგომი გაუარესება მოჰყვა გერმანიის მიერ კამერუნისა და ტოგოს
დაკავებას. განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო ინგლის-გერმანიის ბრძოლამ აღმოსავლეთ
აფრიკაში.


აფრიკის დაპყრობის გაადვილების მიზნით ინგლისის ბურჟუაზიამ
შექმნა სპეციალური პრივილეგირებული კომპანიები- ბრიტანეთის აღმოსავლეთ-აფრიკული კომპანია
1888 წელს, სამხრეთ აფრიკის ბრიტანეთის კომპანია 1889 წელს. აღნიშნული კომპანიები,
რომლებიც მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობდნენ და მთავრობის სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ,
ინგლისის კოლონიური ექსპანსიის მძლავ იარაღად გადაიქცა.



სამხრეთი აფრიკის
დაპყრობა ინგლისელთა მიერ


მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინგლისის დაპყრობებს სამხრეთ აფრიკაში. მის განსაკუთრებულ
ინტერესს იწვევდა სამხრეთ აფრიკაში არსებული ბურების დამოკიდებული რესპუბლიკები- ორანჟი
და ტრანსვაალი. ინგლისს ეს ინტერესი განსაკუთრებით გაუღვივდა მას შემდეგ, რაც ორანჟში
აღმოაჩინეს ალმასის უმდიდრესი საბადოები, ხოლო ტრანსვაალში ოქროს უდიდესი საბადო.
1885 წელს გერმანელების მიერ სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ანექსიის პასუხად, ინგლისელებმა
დაიკავეს ბეჩუანალენდი (დღ. ბოტსვანა), რომელიც ბურების რესპუბლიკასა და გერმანიის
სამფლობელოებს შორის მდებარეობდა და, ამრიგად ბურებს გზა მოუჭრეს დასავლეთიდან. ინგლისელებმა
დაიმორჩილეს ასევე ნიასალენდი (მალავი), ჩრდილოეთი და სამხრეთი როდეზია (ზამბია და
ზიმბაბვე), სვაზილენდი და ბასუტოლენდი (ლესოტო), შედეგად ინგლისი რკალად შემოერტყა
ბურების რესპუბლიკებს.



ბურების ომი


1899 წელს ინგლისის მთავრობამ განაახლა შეტევა ბურების წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდებოდა
ტრანსვაალის საშინაო საქმეებში ჩარევის ფორმით. ჩარევის საბაბი თითქოს იყო ზრუნვა უიტლენდერთა
(უცხოელთა) ბედზე, რომელთაც ტრანსვაალის კონსტიტუციით
არ ჰქონდათ მონიჭებული „ფოლკსრაადის“ (პარლამენტის) არჩევნებში მონაწიელობის უფლება.
უცხოელები ტრანსვაალში ჩადიოდნენ გამდიდრების მიზნით, მათთვის უცხო იყო ამ ქვეყნის
ინტერესები. ინგლისის მთავრობამ მოითხოვა „დაჩაგრული“ უცხოელების ბურებთან გათანაბრება.
ტრანსვაალის პრეზიდენტმა მოხერხებული სვლა გააკეთა: იგი დათანხმდა ხმის უფლება მიეცა
უიტლენდერებისთვის, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ ინგლისი აღარ ჩაერეოდა ტრანსვაალის
საშინაო საქმეებში. ეს ინგლისელთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ცხადია, უარი შეუთვალეს
ეს კი მომავალ ომსა მოასწავებდა. 1899 წლის ოქტომბერში გარდაუვალი აგრესიის გამო ტრანსვაალმა
ომი გამოუცხადა ინგლისს, ასევე მოიქცა ორანჟის რესპუბლიკა და დაიწყო ომი.
1899-1902 წლების ინგლის-ბურების ომი ბურების გმირეული წინააღმდეგობის მიუხედავად ინგლისის
გამარჯვებით დასრულდა. ორივე რესპუბლიკა გაერთიანდა ინგლისის ძველ კოლონიებთან, კაპთან
და ნატალთან, ხოლო 1910 წელს შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი ბრიტანეთის დომინიონის
სტატუსით.

სამხრეთ აფრიკაში ინგლისის ტერიტორიულ ექსპანსიაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა სამხრეთ
აფრიკის პრივილეგირებულმა კამპანიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპის კოლონიის პრემიერ
მინისტი მოლიონერი სესილ როდეზი. მან დააარსა დე ბირსის კომპანია, რომელიც მსოფლიოს
ალმასების 90% აკონტოლებდა. მას სურდა აფრიკაში
ინგლისური სამფლობელოების ერთიანი ზოლი შეექმნა კაიროდან კეიპტაუნამდე, რომელიც ერთმანეთთან
დაკავშირებული იქნებოდა რკინიგზით. ბურები ამ წამოწყებას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ.
1895 წლიდან მოყოლებული 10 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში იდგნენ კონსერვატორები,
რომლებსაც ახასიათებდათ სრული უმოქმედობა ინგლისის საშინაო კანონმდებლობის საქმეში.
სამაგიეროდ, სოლსბერის კაბინეტი ენერგიულად მოქმედებდა საგარეო პოლიტიკური საკითხების
გადაჭრისას. ინგლისის გაბატონებული კლასი- ბურჟუაზია ცდილობდა მშრომელი მასების ყურადღება ჩამოეცილებინა
საკუთარი ქვეყნის საშინაო პრობლემებისგან და ამის გამო ეწეოდა კოლონიურ ექსპანსიას,
რასიზმისა და შოვინიზმის გაძლიერებულ პროპაგანდას.


ამავე პერიოდში კოლონიური პოლიტიკის გასამართლებლად წამოყენებული იქნა ე.წ. „ნეოდარვინიზმის“
იგივე „სოციოდარვინიზმის“ თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ინგლისელებმა ხანგრძლივი
„ბუნებრივი შერჩევის“ შედეგად გამოიმუშავეს ისეთი თვისებები და ნიშნები, რომლებიც მათ
უფლებას აძლევდა გადაქცეულიყვნენ ჩამორჩენილი ხალხების ბუნებრივ მმართველებად.

კიდევ ერთი გზა ბრიტანეთიდან ინდოეთში მოსახვედრად, სუეცის არხის გარდა იყო კეთილი იმედი
კონცხის გავლით, რაც ხსნის კიდეც ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სამხრეთი აფრიკის ექსპანსიის
შესახებ, რადგან მას არ შეეძლო არც ერთი პოტენციური მეტოქის მიერ საზღვაო ბაზის ასეთ
სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ადგილას აშენება. ამიტომაც, ბრიტანეთი თავის უკანასკნელ
საზღვაო ბაზაზე 1975 წლამდე ბატონობდა.

დასავლეთ აფრიკაში ინგლისსს არ მოუპოვებია ისეთი გაბატონებული მდგომარეობა, როგორც აღმოსავლეთ
აფრიკაში, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიფართოვა ის სანაპირო ზოლი, რომელსაც ადრევე ფლობდა.
ასე ჩამოყალიბდა დასავლეთ აფრიკაში ბრიტანეთის კოლონია ნიგერია, სიერა-ლეონე, ოქროს
ნაპირი ( დღევანდელი განა) და გამბია.



საფრანგეთის კოლონიური დაპყრობები


საფრანგეთის კოლონიალიზმი აფრიკაში ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი, ის დიდი ხნის განმავლობაში
ინტერესდებოდა რეგიონით, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ესაზღვრებოდა, რაც გამოწვეული იყო
საფრანგეთის მიერ იტალიისა და ესპანეთის სანაპირო ზოლის გაკონტროლებითა და მისი აქტიური
ჩართულობით ჯვაროსნულ ლაშქრობებში. მეორე, საფრანგეთმა შვიდწლიან (1756-1763 წწ.) და ნაპოლეონის ომებში (
1790-1815 წწ.) დაკარგა ბევრი ზღისგადაღმა
ტერიტორია და ასევე საფრანაგეთ-პრუსიის ომებში (1870-1871 წწ.) ბევრი დამარცხება იწვნია.
ამიტომ ფრანგული იმპერიალიზმი უფრო მეტად დაკარგული
სიძლიერის აღდგენის მცდელობა იყო, ვიდრე პირდაპირი
კოლონიალიზმის მისწრაფება.

უზარმაზარი ტერიტორიები ჩაიგდო ხელში საფრანგეთმა აფრიკაში, რომელიც კოლონიალიზმის დაწყებამდე
მხოლოდ ალჟირს, სენეგალსა და გვინეის უბის სანაპიროზე გაფანტულ რამდენიმე პატარა ტერიტორიას
ფლობდა.ალჟირის დაპყრობის შემდეგ ფრანგულმა კაპიტალმა ფეხი მოიკიდა ტუნისში, რომელიც
ოსმალეთის ვასალი იყო და მაროკოს დამოუკიდებელ სულთანატში.


1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომის გამო საფრანგეთის პრესტიჟი დაეცა. ამასთანავე, იტალია
და გაერთიანებული სამეფოც ცდილობდნენ ტუნისში გავლენის გაძლიერებას. იტალიის მცდელობა
კრახით დასრულდა, თუმცა დიდი ბრიტანეთი უფრო წარმატებულად მოქმედებდა. მისმა წარმომადგენელმა,
რიჩარდ ვუდმა საფრანგეთის გავლენის შესასუსტებლად მოახერხა ტუნისის, როგორც 1871 წლის ოტომანის იმპერიის პროვინციად აღდგენა. საფრანგეთმა
მაინც მოახერხა ტუნისის ხელში ჩაგდება. მას რეალურად სურდა ტუნისის გაკონტროლება იმის
გამო, რომ ის მეორე ფრანგულ კოლონია- ალჟირს ესაზღვრებოდა და ამით სურდა ბრიტანული
და იტალიური გავლენის გაუქმება. 1878 წელს ბერლინის კონგრესზე გადანაწილების შედეგად
დაკანონდა საფრანგეთის ბატონობა ტუნისში, ხოლო ინგლისისა- კვიპროსზე. საბოლოოდ, ხროუმირის
დაჯგუფებების მიერ ტუნისის ტერიტორიის თავშესაფრად გამოყენებამ საფრანგეთს მისცა ამ
ტერიტორიაზე ინტერვენციის საბაბი.

საფრანგეთის მიერ ტუნისის დაპყრობა ორ ფაზად მიმდინარეობდა 1881-1882 წლებში: პირველად სანამ საფრანგეთი
ტუნისთან გააფორმებდა მისი დაცვის ხელშეკრულებას, შეიჭრა ქვეყანაში და მოახდინა მისი
ოკუპაცია. შემდეგ კი, როდესაც ადგილობრივებმა მას გაუწიეს წიააღმდეგობა, საფრანგეთმა
ძალით ჩაახშო ამბოხება. დაწესდა საფრანგეთის პროტექტორატი ტუნისზე, რომელიც 1956 წლამდე,
ტუნისის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გაგრძელდა.

კიდევ უფრო დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა საფრანგეთს
მაროკოს ხელში ჩასაგდებად. ამ ქვეყანაზე პრეტენზიას აცხადებდა ესპანეთი, რომელსაც ჯერ
კიდევ მე-16 საუკუნიდან ეკავა მაროკოს სანაპირო ქალაქები, სეუტა და მელილია. მაროკოს
ხელში ჩაგდებას ცდილობდა გერმანიაც. ამ ნიადაგზე გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირება
უკიდურესად დაიძაბა და კინაღამ ომი გამოიწვია. მაროკოს საკითხი საბოლოოდ 1912 წელს
გადაწყდა, როცა მისი დიდ ნაწილი საფრანგეთის ხელში აღმოჩნდა, ხოლო მცირე- ესპანეთის.
გერმანიამ უარი თქვა მაროკოზე, რის საფასურადაც საფრანგეთმა დაუთმო თავისი სამფლობელოების
ნაწილი კონგოში. იტალიას კი თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცა ლიბიაში.

ამის შემდეგ 1880-1890-იან წლებში საფრანგეთმა განაგრძო
თავისი კოლონიური დაპყრობები დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. დასავლეთ ნაწილში მან
ჩამოაყალიბა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის ფედერაცია, რომელშიც რვა კოლონიური ტერიტორია
შედიოდა: მავრიტანია, სენეგალი, საფრანგეთის სუდანი (მალი), გვინეა, სპილოს ძვლის ნაპირი
(კოტ-დივუარი), ზემო ვოლტა (ბურკინა-ფასო),
დაგომეა (ბენინი) და ნიგერი. ამ ფედერაციამ იარსება 1895-1960 წლებში.
საფრანგეთმა შექმნა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა,
რომელიც ვრცელდებოდა მდინარე კონგოსა და საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთით. აღნიშნული ფედერაცია
შეიქმნა 1910 წელს და მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ფრანგულ კონგოს, გაბონს, შარი-უბანგს
( ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა), ჩადს. აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში საფრანგეთის კოლონიები
გახდნენ მადაგასკარი, კომორის კუნძულები და საფრანგეთის სომალი (ჯიბუტი). სულ საფრანგეთის
ხელში აღმოჩნდა აფრიკის მთელი ფართობის 1/3 (თითქმის 10 მილიონი კვ. კმ).



გერმანიის კოლონიები აფრიკაში


1880-იანი წლებიდან იწყება გერმანიის კოლონიური დაპყრობები. 1884 წელს მან მოახდინა სამხრეთ-დასავლეთ
აფრიკის (ნამიბია) ოკუპაცია. იმავე წელს მან ხელში ჩაიგდო აფრიკული დიდი ტბები რეგიონი, რომელიც მოიცავდა ბურუნდს, რუანდას და ტანგანიკას
(დღევანდელი ტანზანიის დიდი ნაწილი). ეს ტერიტორიები იწოდებოდნენ გერმანიის აღმოსავლეთ
აფრიკად. მათი საერთო ტერიტორია შეადგენდა 995 ათას კვ. კმ-ს, რაც დაახლოებით სამჯერ
აღემატება დღევანდელ გერმანიას.

ამავე წლებში გერმანიამ დაიმორჩილა ტოგო და კამერუნი. 1890 წელს კი მოემზადა კუნძულ ზანზიბარი
ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ინგლისს დაუთმო კუნძულ ჰელჰოლანდის სანაცვლოდ.




ევროპულ
სახელმწიფოთა მოტივები აფრიკის კოლონიზაციისთვის


მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ, თუ რამ
გამოიწვია აფრიკის კოლონიზაცია. რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ერთი ჩამოყალიბებული პასუხი
არ არსებობს, პირიქით, უნდა ვივარაუდით, რომ გარკვეული ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია
ევროპული სახელმწიფოების ამგვარი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნეში შეინიშნებოდა ქრისტიანობისადმი
ინტერესის გამოცოცხლება, რაც გამოიხატებოდა მისიონერების საქმიანობის ევროპის გარეთ
გავრცელებით. ისინი განათლების, რელიგიის და მონოგამიური ურთიერთობების შეტანას ცდილობდნენ
აფრიკულ საზოგადოებებში. მათ საფრთხეს უქმნიდათ ომიანობა, რის გამოც ევროპული ქვეყნებისგან
ითხოვდნენ დახმარებას, რაც გახდა კიდეც კოლონიზაციის ერთ-ერთი მიზეზი. ამას გარდა,
ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარებამაც
შეუწყო ხელი ამ პროცესისთვის უფრო დიდი მასშტაბების მიცემას. თუმცა, მხოლოდ აღნიშნული
ფაქტორები არ იყო კოლონიზაციის მამოძრავებელი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეკონომიკური
ფატორი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პერიოდში ევროპაში იმაზე მეტს აწარმოებდნენ საწაროები,
ვიდრე მოსახლეობას სჭირდებოდა, პროდუქტის რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა და იმის მაგივრად,
რომ ფირმებს მათი რადენობა შეემცირებინათ, ახალი
ბაზრების აღმოჩენას ითხოვდნენ და ზეწოლას
ახდენდნენ მთავრობებზე, რათა თავად ესარგებლათ.

ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი
გეოპოლიტიკური სტრატეგია იყო. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი დაინტერესებული იყო შეენარჩუნებინა
ეკონომიკური გიგანტის სტატუსი და ამისათვის იყენებდა თავისუფალ ვაჭრობას. მას სურდა
რესურსებისა და იაფი მუშახელის გამოყენება. ასევე, მისი მიზანი იყო ინგლისური კულტურის
გავრცელება და მოსახლეობის დაცვა აგრესიული მეზობლებისაგან. იგი აკონტროლებდა სუეცის
არხსა და აღმოსავლეთ აფრიკას, რათა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი გზა ჰქონოდა. ეს ყოველივე
კი ინგლისს ფინანსურად გააძლიერებდა და ჰეგემონად აქცევდა.

საფრანგეთს არ ჰქონდა რაიმე მყარი მიზეზი კოლონიების
შექმნისა, გარდა იმისა, რომ პრესტიჟი აღედგინა. განსხვავებით ბრიტანეთისა და გერმანიისა,
მას შესამჩნევი ეკონომიკური სარგებელი კოლონიზებით არ მიუღია. ამიტომ, ბევრი სწავლულის
აზრით, საფრანგეთს სურდა ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ყოფილიყო აღიარებული გლობალურ სივრცეში, რისთვისაც
კოლონიზაციას მიმართავდა. საფრანგეთი აწარმოებდა მოლაპარაკებებს რამდენიმე აფრიკელ
ლიდერთან. ის ორიენტირებული იყო ექსპანსიის
სამხედრო მიმართულებაზე, რითაც ეკონომიკურად თავსაც იზღვევდა. ფრანგები საკუთარი ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესებას ახერხებდნენ იაფი
მუშახელის გამოყენებითა და აფრიკელთა ციხეში გამომწყვდევით. როცა კი შეეძლოთ ადგილობრივი
მოსახლეობისგან ბამბისა და მიწის თხილის მოსავალი მიჰქონდათ და ბეგარებსაც აწესებდნენ.

გერმანიას, რომელიც თვითონ იყო იმპერიალიზმის შედეგად
შექმნილი, აფრიკის კოლონიზაციაში ჩართვის ორი
მთავარი მოტივი ჰქონდა: პირველი, გერმანია მოქმედებდა ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკის
მიხედვით. მან იცოდა, რომ ეს ქვეყნები საკუთარ დროს ენერგიასა და რესურსებს ისეთ რამეზე
არ დახარჯავდნენ, რაც მომგებიანი არ იქნებოდა, ამიტომ გერმანია ფიქრობდა, რომ თუ ინგლისი
და საფრანგეთი კოლონიებს მოიპოვებდნენ აფრიკაში, მსოფლიოშიც გაბატონდებოდნენ. ამ დროს
გერმანიის მართავდა კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც გერმანიის გაფაართოებისთვის
იღვწოდა. ასევე, მას მიაჩნდა, რომ აფრიკაში კოლონიების შექმნით მას საკმარისი ინსტრუმენტი
ექნებოდა იმისათვის, რომ სხვა სახელმწიფოებს გერმანიისთვის ანგარიში გაეწიათ.



დასკვნა


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროპულმა ქვეყნებმა
აფრიკის კოლონიზაციით, რომელიც ახალი იმპერალიზმის ეპოქაში დაიწყო, საკუთარ ზღვის გადაღმა ტერიტორიებს მიუმატეს 23
მილიონი კვადრატული კილომეტრი. 1914 წელს მხოლოდ ორი ქვეყანა დარჩა დამოუკიდებელი.
ეთიოპია ანუ აბისინია, რომელიც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ძველი ქრისტიანული
ქვეყანაა, თუმცა, მანაც დაკარგა ტერიტორიები: იტალიური ერითრეა დაა ფრანგული სომალი
ანუ დღევანდელი ჯიბუტი. მეორე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო ლიბერია, რომელიც დაარსდა
ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიზაციის საზოგადოების მიერ 1847 წელს და ძირითადად
აშშ-დან დაბრუნებული აფროამერიკელების მიერ იყო დასახლებული. რეალურად ლიბერია აშშ-ზე
დამოკიდებული ტერიტორია იყო.


კონკრეტულად სახელმწიფოებზე რომ ვისაუბროთ,
ბრიტანეთი 1914 წლისთვის აკონტროლებდა აფრიკის ტერიტორიის 30%-ს, საფრანგეთი -
36%-ს, 8-8%-ს გერმანია და ბელგია, 7%-ს პორტუგალია, 5%-ს იტალია, 1%-ს ესპანეთი
და 3% დამოუკიდებელი იყო. როგორც უკვე
ზემოთ ვახსენე, კოლონიზაციის მასტიმულირებელი ბევრი ფაქტორი არსებობდა. თუმცა,
მეცნიერები ორგვარ ახსნას გვთავაზობენ: ევროპოცენტრისტული ახსნის მიხედვით,
იმპერიალიზმი აფრიკაში ევროპული სახელმწიფოების შეჯიბრით, ახალი ბაზრების
აღმოჩენითა და ინვესტიციების დაბანდებით აიხსნება, მაშინ როდესაც აფროცენტრისტული
თეორია კონცენტირდება ძირითადად აფრიკულ სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ომებზე.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აფრიკის კოლონიზაცია ისტორიაში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ევროპის უძლიერეს სახელმწიფოებს შორის
კონფლიქტი, რომელიც გამოწვეული იყო კოლონიების და გავლენის სფეროების
გადანაწილებით, გადაიზარდა მსოფლიო დაპირისპირებაში, რომელსაც პირველი მსოფლიო ომი
ეწოდა.





ბიბლიოგრაფია


Sanderson,
G. N.. "The European Partition of
Africa: Origins and Dynamics", The Cambridge History of Africa. Ed.
Roland Oliver and G. N. Sanderson. 1st ed. Vol. 6. Cambridge: Cambridge
University Press, 1985. pp. 96-158. Oxford
Reference. Encyclopedia of Africa.
2010. Ed. Henry Louis Gates and K. A. Appiah. Oxford: Oxford University Press.
Internet. Link: http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780195337709.001.0001/acref-9780195337709-e-3500#acref-9780195337709-section-2053,
ბოლო ნახვა 28.12.2014Mulvey,
Paul. 2014. Britain and the scramble for
Africa. Internet. Link: https://www.academia.edu/5211991/Britain_and_the_Scramble_for_Africa_lecture_,
ბოლო ნახვა 28.12.2014 დავითაშვილი, ზურაბ. მსოფლიოს ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია.
1.5.2.ახალი პერიოდი: 1871-1914 წლები. თბილისი, 2001.ახალი ისტორია (მეორე პერიოდი). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,
1990.































































0
360
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხიზანაშვილი
მარიამ ხიზანაშვილი
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0