x
ახდენს თუ არა გარეგნობა მნიშვნელოვან გავლენას პიროვნების კეთილდღეობაზე?
ინდივიდის მოქმედებებზე მოთხოვნილებათა მთელი იერარქია ახდენს გავლენას. მოთხოვნილება, ფსიქოლოგ თამაზ გოგიჩაიშვლის განმარტებით, არის ორგანიზმის დანაკლისი, რომლის დაუყოვნებლივ შევსებისკენაც არის მოტივირებული ინდივიდი. ყველასათვის ცნობილია ის ბაზისური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება
ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. თუმცა ვერ ვიტყვით იმავეს უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებების შესახებ. ისინი ხშირად არაცნობიერი ხასიათისაა და შესაბამისად პიროვნება ვერ იაზრებს თავისი ქმედების რეალურ მოტივს. ამის ნათელი მაგალითია ესთეტიკური მოთხოვნილება, რომელიც მშვენიერების აღქმასთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს არის საფუძველი ჩვენი ვარაუდისა, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებისას, ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ინდივიდის გარეგნობა, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის თითქოს ეს ფაქტორი უმნიშვნელო უნდა იყოს.


ჩვენ უფრო მეტად მიდრეკილნი ვართ ვიურთიერთოთ სასიამოვნო გარეგნობის მქონე ადამიანებთან.ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური სახის. ფორმალურ სახის ურთიერთობაბებში ამ ტენდენციას ყველაზე აშკარა შედეგი შეიძლება მოყვეს სამსახურეობრივ სფეროში. ხშირად დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს დასაქმების მსრუვლეებისგან გარეგნულად უფრო მიმზიდველ ადამიანს, როდესაც მათი შესაძლებლობები და უნარები თანაბარია. ამ ტენდენციის შემჩნევა ყოველგვარი კვლევების ანალიზის გარეშეც საკმაოდ ნათელია. როდესაც რაიმე სახის ოპერაციის განხორციელება გვჭირდება სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სტრუქტურაში, მარტივი დაკვირვების შედეგად შეიძლება დავასკვნათ რომ მომსახურე პერსონალის უმრავლესობა სასიამოვნო გარეგნობისაა.


რაც შეეხება არაფორმალურ ურთიერთობებს, მომხიბვლელობის უპირატესობა ამ შემთხვევაში ნაკლებად თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა, ურთიერთობის საწყის ეტაპზე, როდესაც ინდივიდები ეცნობიან ერთმანეთს, გარეგნობა დიდ როლს თამაშობს შთაბეჭდილების შექმნაზე, და შესაძლოა მომავალი ურთიერთობების განმსაზღვრელიც გახდეს, თუმცა უკვე შემდგარ და ღრმა ურთიერთობებში ეს მახასიათებელი ეტაპობრივად უკანა პლანზე გადადის და ადგილი სხვა, გაცილებით მნიშვნელოვან პიროვნულ ნიშნებს ეთმობა. ლამაზ ადამიანებთან ურთიერთობისკენ მიდრეკილება პრესტიჟის მოთხოვნილებითაც შეძლება აიხსნას. შირად მივიჩნევთ რომ გარეგნობით მიმზიდველ ინდივიდთა წრეში ტრიალი კარგად მეტყველებს ამ პიროვნებაზე.


გარეგნობა რომ კეთიდღეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარგად არის ცნობილი შოუ ბიზნესისა და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი პირებისათვის. ისინი ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, ხარჯავენ უზარმაზარ ძალისხმევას და თანხას საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებისათვის. თანდათანობით, ადამიანების მოთხივნილება ფიზიკური მიმზიდველობისკენ კიდევ უფრო იზრდება, რაშიც დიდი წვლილი მასობრივ მედიას მიუძღვის. ადამიანებს ტელევიზორის ეკრანებიდან და პრიალა ჟურნალების გარეკანებიდან თავს ახვევენ სილამაზის მათთვის სარგებლის მომტან სტანდარტებს და ბევრი კონფორმული პირი მარტივად ექცევა მათი გავლენის ქვეშ და ბაძავენ მათ, საბოლო კეთილდღეობის მიღწევის მოტივით.ამის გამო იმდენად სარისკო ნაბიჯებსაც დგამენ, როგორიც არის ქირურგიული ჩარევა. ეს ოპერაციები შეიძლება კრახით დასრულდეს და, არათუ გარეგნობის გაუმჯობესება, არამედ სახეზეა პირიქით, მკვეთრი გაუარესება. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჯოსელინ ვინდელსტეინი (Jocelyn Wildenstein), რომელმაც პლასტიკურ ქირურგიაში 4 მილიონი დოლარი დახარჯა და ჯამში თერთმეტი ოპერაცია ჩაიტარა. ყოველ ჯერზე ის გარეგნობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა საპირისპირო შედეგს იღებდა და საბოლოოდ არაადამიანურად დამახინჯდა.



ესთეტიკური ცენტრების ასეთი ხშირი სტუმრობა, ანუ გალამაზებისკენ ასეთი დაუღალავი სწრაფვა, შეიძლება აიხსნას თვითშეფასების ამაღლების მიზნითაც. ჩვეულებრივ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სასიამოვნო გარეგნობით არ გამოიჩევიან და საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას განიცდიან, უყალიბდებათ უარყოფითი მე კონცეფცია, რომელიც მე იდეალისგან ძალიან დაშორებულია. როჯერსის მიხედვით ეს პირდაპირ აისახება თვითშეფასების დონეზე და მკვეთრად აქვეითებს მას.დაქვეითებული თვითშეფასების პირობებში ადამიანებს უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად გამოყენება, რაც წარუმატებლობის წინაპირობაა. შეგვიძლია საპირისპირო ვთქვათ მიმზიდველი გარეგნობის მქონე ინდივიდებზე, რომელთა თვითშეფასება ხშირ შემთხვევაში მაღალია და შესაბამისად მოქმედებენ
თავდაჯერებულად. მათი წარმატება შესაძლოა განპირობებულია არამათი სილამაზით არამედ იმის რწმენით რომ მათი სილამაზე განაპირობებს წარმატებას. ეს შეიძლება ერთგვარ პლაცებო ეფექტად განვიხილოთ. მსგავსი ეფექტის მიღწევას ფსიქოლოგებიც ცდილობენ ხოლმე საკუთარ კლიენტებთან. მაშინ, როდესაც ინდივიდი საკუთარ გარეგნობას გადაჭარბებულ უარყოფით შეფასებას აძლევს, ფსიქოლოგი ცდილობს ეს შეფასება შეცვალოს იმით, რომ ფოკუსირება გარეგნობის შედარებით დადებით ნიშნებზე გადაატანინოს და ამ გზით აუმაღლოს თვითშეფასება და დაუბრუნოს საკუთარი თავისა და მომავლის რწმენა.


სასიამოვნო გარეგნობის ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა მხოლოდ ესთეტიკური მოთხვნილებების სურვილით არ არის განპირობებული, ხშირად ადამიანები ილუზორულ კორელაცას ადგენენ გარეგნობასა და ინდივიდის შინაგან სამყაროს შორის. ანუ ხედავენ კავშირს იქ, სადაც ის რეალურად არ არის. შესაბამისად, ინდივიდი მიდრეკილია სასურველი გარეგნობის მქონე ადამიანის პიროვნებაც სასიამოვნოდ აღიქვას. აქედან ეგვიძლია დავასკვნათ რომ წარმატება, რომელსაც მიმზიდველობა განაპირობებს, სინამდვილეში ნავარაუდები დადებითი
პიროვნული თვისებებით არის დეტერმინირებული.


როგორც ხედავთ, გარეგნობა ამა თუ იმ გზით დიდ გავლენას ახდენს წარმატებისა და კეთილდღეობაზე, თუმცა ცხადია რომ სასურველი შედეგის მიღებისთვის
სილამაზე აუცილებელ და საკმარის პირობას არ წარმოადგენს. არსებობს არაერთი მაგალითი ნაკლებად მიმზიდველი ადამიანის უდიდესი წარმატებისა, იმ სფეროებშიც კი რომლებშიც გარეგნობას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. ადამიანის განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოვლენას არ აფერხებს მისი გარეგნობა. ამის საილუსტრაციოდ
შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰოლივუდის ისეთი წარმატებული ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბარბარა სტრეიზანდი, სარა ჯესიკა პარკერი, ლაიზა მინელი, მიკ ჯაგერი და ა.შ.

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჭოჭუაა
ნათია ჭოჭუაა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0