x
image
beko777
Mediator image
17 წლის ქართველი მეომრის ჩანაწერები სოხუმის ომიდან

image- მაშინ 17-ის ვიყავი, 1993 წლის 17 ივლისი იდგა, ეშბას ქუჩას ფეხით, ზლაზვნით მივუყვებოდი, სოხუმში პირველად ვიყავი და ვცდილობდი თვალების აქეთ-იქით ცეცებით დამემახსოვრებინა ლამაზი ქალაქი. ლამაზი? – ეჰ, სადღა იყო ის სილამაზე, დამწვარი სახლები, დაბომბვისგან ჩამონგრეული კორპუსები. ქართველებს და აფხაზებს დროებითი მშვიდობა (!) ქონდათ გამოცხადებული და შუა ქუჩაში ბოდიალის ამიტომაც არ მეშინოდა… დანიშნულების ადგილი რუსთავის ბატალიონი იყო, იქ მეგულებოდნენ ჩემი უფროსი მეგობრები, მათთან მივდიოდი! სახლიდან მოტყუებით გამოვიპარე… მალევე ჩამოვალ-თქო, დავიბარე, თუმცა სიმართლე მარტო ჩემმა ძმამ იცოდა – ჩემი ძმა ომში წავიდაო, სიამაყით უყვებოდა 15 წლის ლაწირაკი თურმე თავის ძმაკაცებს.
ომი კინოში მქონდა ნანახი, მიყვარდა მსგავსი ფილმების ტელევიზორში ცქერა, “ჯარისკაცის მამა” ხომ საერთოდ ზეპირად ვიცოდი, იმითაც ვტრაბახობდი, რომ სკოლაში სამხედრო მომზადება მქონდა გავლილი, ავტომატის დაშლა-აწყობაც კარგად ვიცოდი, ყუმბარებსაც ვცნობდი და საქალაქო სამხედრო ღონისძიებებში, რუსთავში ჩემი სკოლიდან ყოველთვის წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სამხედროს მასწავლებელი ამაყობდა ხოლმე ჩემით, მაგრამ… ეს ნამდვილი ომი იყო.


ეშბას ქუჩაზე, პურის ქარხნის წინ ლამაზი გოგონა დავინახე, გრძელი, დავარცხნილი თმა ჰქონდა, სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად სახელდახელო სავაჭრო ადგილი გაეშალათ – ის, მსხალს ყიდდა, არადა როგორ მიყვარდა გულაბი მსხალი… მთელი სათლი ვიყიდე, გავუღიმე და სახელიც ვკითხე – მირანდა ერქვა…
სოხუმის ახალ რაიონში, ეშბას ქუჩაზე შემთხვევით წამოწეულმა ტანკმა მიმიყვანა (მახსოვს ტანკს ინგლისური ასოებით ეწერა REINGER), გორელი ტანკისტები იყვნენ, მაგათმა მიმასწავლეს რუსთავის ბატალიონის ზუსტი ადგილი და ნახევარ საათში, სოფელ გუმისთაში ჩვენებსაც მივაგენი.


არვიცი ჩემი დანახვა რატომ გაეხარდათ, მაგრამ ყველა ცდილობდა რაღაცით ყურადღება მოექცია ჩემთვის, ალბათ იმიტომ, რომ პატარა ვიყავი, ან იქნებ იმიტომ, რომ მთელი სათლი გულაბი მსხალი მივუტანე
- დარჩებიო? მკითხეს ბიჭებმა და – აბა რა-თქო, რომ ვუპასუხე, გულწრფელად გაეხარდათ, – დაღამებამდე უნდა ავღნიშნოთო, მითხრეს და იქვე, სომხების მიერ მიტოვებულ სახლში გახსნილ შტაბში, სახელდახელო სუფრა გაშალეს, არაფერი განსაკუთრებული – ჩემს მიერ მიტანილი გულაბი მსხალი, ერთი პური (ორი დღის წინ სოხუმიდან ამოტანილი), ცივი წყალი და ვადაგასული “ტუშონკები”… და ყველაზე მთავარი – კეთილი გული! ასე, გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია!


17 წლის ბესიკ ჩუბინიძე, 1993 წელი აფხაზეთი

1
727
4-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
727
  
0 1 1