x
image
beko777
Mediator image
საბრძოლო ნათლობის პირველი ღამე - 17 წლის მეომრის დღიურები აფხაზეთის ომიდან
image"შაქრო იყო ერთი, მათიაშვილი, გურჯაანელი ვაჟკაცი – შენი ტოლი ბიჭი მყავს კახეთში, ზაზა და იმის მაგივრად წამოვედიო, – თავის შვილივით მივლიდა, ზედ დამფოფინებდა – თავი ჩაწიეო, აქ გახოხდი, აქ მალე გაიქეცი, აქ “ადინოჩნები” ესროლე, აქ “მიაყარეო”, მარიგებდა (ეს უკვე ბრძოლის დროს)…


* * *
საღამოს პოზიციათა ცვლა უნდა მომხდარიყო, მდინარე გუმისთის ერთ ნაპირზე ჩვენები იყვნენ სანგრებში, მეორე ნაპირზე კი – აფხაზები. მომცეს AKM-ის ავტომატი, სამი სავსე “რაჟოკი”, ხელყუმბარები, ერთიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ერთი მუხა და ცალკე ტყვია წამალი – თუმცა მანამდე “მომთხოვეს” – მიზანი უნდა შეგიმოწმოთო! ნუგზარი იყო, ბოხაშვილი, რუსთაველი მებრძოლი, მითხრა
- აგერ, იმ სახლის საკვამურს, თუ 30 ტყვიიდან “ადინოჩნებით” 15-ს მაინც გაარტყავ, პოზიციებზე მაშინ წაგიყვანთო. – ვიუკადრისე, რას ქვია 15-სთქო, - ჩავიმუხლე, ავტომატი მხარზე მოვირგე და 30 ტყვიიდან 27 მიზანს გავარტყი… გაგიჟდა ბატალიონის მეთაური, – რა გვარი ხარო, მერეღა მკითხეს, რომ ვუთხარი – გაეცინათ – ახლა ყველაფერი გასაგებიაო…:)


imageსაბრძოლო ნათლობა მძიმე იყო, – ჩემს უკან სოხუმის ახალი რაიონის სამ 16 სართულიან კორპუს გამალბით ესროდა მტერი, ღამის 3 საათამდე დაბომბვა არ შეუეწყვეტიათ, სანგრებიდან ჩვენ არ ვწტვეტდით სროლას – შენ პოზიციური ბრძოლები უძახე და ჩემს ცხვირწინ, ხის ყუთს, რომ ზედიზედ 12 ტყვია მოხვდა, მაშინღა მივხვდი – თავი ცოტა ქვევით უნდა დამეწია.
ჩვენი აკოფი ტალახით იყო სავსე, აკოფში მე და ძია შაქრო ვიყავით, დილის 5-ზე სროლები, რომ მინელდა მერეღა მითხრა, – ნახე რამდენი გისვრიაო… ჩემს ცარიელ “რაჟოკებს” გადავხედე და შემრცხვა – ბევრი ტყვიაწამალი დამიხარჯავს…


მინელებულმა სროლამ, დილის 5 საათზე დამამშვიდა და ფეხზე წამოვდექი სანგრიდან და ბიჭებისკენ გადავდგი ნაბიჯი, არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი წუილის ხმა, თითქოს რაღაც საშინელი მოფრინავდა ჩვენსკენ – მახსოვს შაქრო ძიამ ხელი მკრა, მიწაზე დამაგდო, ზედ გადამეფარა და გუმისთის მეორე მხრიდან გამოსროლილი რაკეტის ნამსხვრევებისგან მიხსნა, საბედნიეროდ თვითონაც გადარჩა (იმ რაკეტის დარჩენილი ნაწილი, მერე სახსოვრად თან წამოვიღე).



imageბიჭებს შეუმჩნევიათ საიდანაც გვესროლეს და მე მითხრეს – აჰა შენ “გრანატამიოტი” და თუ გინდა ესროლეო! – რას ქვია მინდა-თქო, ისედაც გაბრაზებული და ნერვებმოშლილი ვიყავი მთელი ღამის ბრძოლებიდან გამოყოლილი ბოღმა მახრჩობდა (10-ამდე რაკეტა მოარტყეს იმ 16 სართულიანებს), საითაც მიმითითეს იმ სახლს ვესროლე, მეორე სართულს მოხვდა და კედელი გადაინგრა, მიუხედავად იმისა, რომ თავი კინაღამ გამისკდა იმხელა ხმა ქონდა სროლისას იარაღს, მაინც შევამჩნიე, მიზანს მიღწეულ “გრანატამიოტს” იმ სახლის პირველი სართულიდან, მტრის 5 კაციანი ჯგუფი როგორ მოშორდა, სროლასროლით. ბიჭებმა თქვეს – კრაზანების ბუდე გასკდაო და მიუშვეს.
მერე ყველაფერი მიწყნარდა, თურმე იმ სახლიდან ბომბავდნენ მთელი ღამე სოხუმის ახალი რაიონის 16-იანებს, სროლის შეწყვეტის შემდეგ თავს წათვლემის უფლებაც მივეცი, იქვე ტალახიან აკოფში, ბუშლატაზე წამოვწექი, ბალიშად “კასკა” ამოვიდე, ცხელი ავტომატი გულში ჩავიხუტე და… დავიძინე".


რუსთავის ბატალიონი, აფხაზეთის ომი 1993 წელი, ბესო ჩუბინიძე

0
753
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0