ყველა ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მიუხედავად - ეროვნების, კანის ფერის, რელიგიისა და სხვა განსხვავებებისა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბავშვი დაცული უნდა იყოს დისკრიმინაციისაგან. მათი უფლებაა დაცული იყოს მათი ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ბავშვთა კონვენციით აღიარებული ყველა უფლების დაცვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას.
ადამიანებით ვაჭრობა, მოიცავს ბავშვთა ექსპლოატაციასაც, რომელიც სხვადასხვა მიზნით ხორციელდება. ბავშვთა ტრეფიკინგი შეიძლება ხორციელდებოდეს შრომითი, ან სექსუალური მიზნებისათვის.
ტრეფიკინგის მსხვერპლები ძირითად ის ბავშვები ხდებიან, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობელთა თუ სხვა მზრუნველ პირთა ყურადღებას. ხშირად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განიცდიან "მონურ" მდგომარეობას, რომელთა მშობლები ან სხვა პირები აიძულებენ შრომას, ან "მათხოვრობას" და ფულს თვითონ ართმევენ. ესეც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ფორმაა. ასევე ქუჩაში მცხოვრები ბავშვები ადვილად ებმებიან ტრეფიკიორთა მიერ შემოთავაზებულ სამუშაოს მახეში, რადგან იგი "მიმზიდველად" და "პერსპექტიულად" ჟღერს ხოლმე.
ჩვენს ქვეყანაში კი საკმაოდ აქტუალურია ქუჩაში ცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა და იგი დღესაც არ ექვემდებარება სრულ კონტროლს.
ბავშვები ებმებიან შრომით, ან სექსუალურ ექსპლოატაციაში, რის შედეგად საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს; ხდება მათი გარყვნა. ბავშვები კარგავენ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახში გაზრდის, განათლების მიღების ბაზისულ უფლებებს. პრობლემას კი ის ფაქტი ართულებს, რომ საზოგადოება ხშირად დუმილს ამჯობინებს და თავს იკავებენ ასეთი შემთხვევების გახმაურებისაგან. თავად მსხვერპრი ბავშვები კი სხვადასხვა მიზეზების გამო არიან ჩუმად; ეშინიათ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან უარეს დღეში აღმოჩნდებიან. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია თვალი არ დავხუჭოთ ასეთ შემთხვევებზე და საჭირო ზომები მივიღოთ. არცერთი ბავშვი არაა დაზღვეული მომავალში ტრეფიკიორთა ხელში მოხვედრისაგან და ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას. მიმაჩნია, რომ საზოგადობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება ამ პრობლემის წინაშე.
იმისათვის კი, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა იყოს, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის რაობისა და მისი საფრთხეების შესახებ. ასევე, ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლების კუთხით გატარდეს ეფექტური ღონისძიებები. მნიშვნელოვანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაციების შექმნა, სადაც დახმარებისა და რეაბილიტაციის გარდა გატარდება პრევენციული ღონისძიებებიც, იმისათვის რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების, აღზრდის, კეთილდღეობის და პირადი ცხოვრების უფლება.
ზოია შეხოვცევი.