x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
პრობლემების გამკლავების ეფექტური სტრატეგია-„მე-ცნობა“
სიტუაციებში, როდესაც სხვა ადამიანი პრობლემას გიქმნით, ეს შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაციაც, სასურველია მოხდეს თქვენს მიერ სიტუაციის აღწერა და თქვენი ემოციების გამოხატვა სხვა ადამიანის პიროვნული შეფასების გარეშე.


ეფექტური მოქმედება პირველ რიგში თვითდაჯერებულობას და საკუთარი ემოციების გამოხატვას ნიშნავს. ამდენად მნიშვნელობა აქვს ჩვენში გაჩენილ ემოციების არ შეგვეშინდეს და გამოვხატოთ ისინი ისე, რომ სხვას არ ვაწყენინოთ, მითუმეტეს, როდესაც გსურთ გამოხატოთ სხვისი ქცევის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება.


კონფლიქტურ სიტუაციაში ამიტომ ხშირად ან პირდაპირ უარყოფითი შეფასებების გამოთქმას ვიწყებთ (დამადანაშაულებელის როლში გამოვდივართ), ან საკუთარი თავის გამტყუნებას მივმართავთ და მსხვერპლის როლს ვიკავებთ. ეს რეაქციები არაკონსტრუქციულია, რადგან კონფლიქტური სიტუაცია შენარჩუნებულია, თქვენ
კი საკუთარი თავის არაეფექტურობის განცდა გაქვთ.

როდესაც ასეთ ვითარებაში თქვენი შეფასებები „თქვენ-ცნობებს“ შეიცავს, მაგალითად „თქვენ ისე იქცევით, რომ სულაც არ გადარდებთ სხვა ადამიანი, მხოლოდ თქვენს თავზე ფიქრობთ“ ან „თქვენ ყოველთვის აგვიანებთ და პატივს არ სცემთ ჩვენს შეთანხმებას“. პასუხისმგებლობა კონფლიქტის გადაწყვეტასა და თქვენს განცდებზე სხვა ადამიანზე გადაიტანება, ამ დროს საკუთარი პრობლემის გაცნობიერება ნაკლებ ან საერთოდ არ ხდება. ჩვენი ემოციების განმარტება საკუთარი პრობლემის ფორმულირებას ნიშნავს - „ როდესაც მაწყვეტინებთ, ვერ ვახერხებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და ვიბნევი“. „მე ცნობა“ არა მხოლოდ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას კონფლიქტური სიტუაციის მიმართ, ასევე ქმნის თქვენი მოსაუბრის დამოკიდებულებასაც.


ადამიანი, ისე რომ არც აცნობიერებს ამას, ყოველთვის აპროტესტებს მისთვის პასუხისმგებლობის მიწერას თქვენი ემოციებისთვის, მიუხედავად იმისა, თქვენ დამადანაშაულებელის თუ მსხვერპლის როლში იქნებით. თუ თქვენ გულწრფელად გამოხატავთ თქვენს გრძნობებს, ეს ვერავის მიაყენებს წყენას და ნაკლებად გამოიწვევს აგრესიას, ამიტომ სიტუაციაში დაძაბულობა კლებულობს და თქვენი პარტნიორი იღებს შესაძლებლობას სხვისი მხრიდან შეფასების გარეშე გააცნობიეროს ვითარება.

"მე ცნობა" აუცილებლად უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ გრძნობების დასახელებას, არამედ იმ პირობების და მიზეზების დასახელებას, რომლებმაც ის გამოიწვიეს.

ამდენად „მე-ცნობის“ სქემა და კომპონენტები შემდეგი სახით ჩამოყალიბდება:


1.სიტუაციის აღწერა: „როდესაც დაგვიანებით მიბრუნებენ სასწავლო წიგნებს...

2. გრძნობის ზუსტი დასახელება: „მე ვგრძნობ გაღიზიანებას,
ვნერვიულობ...

3.მიზეზების დასახელება: „რადგან შეიძლება ვერ მოვასწრო მომზადება...

„მე ცნობა“ უბრალოდ წარმოადგენს პრობლების ჩამოყალიბებას ვინმეს დადანაშაულების გარეშე. „თქვენ -ცნობა“ კი უბიძგებს მოსაუბრეს უარყოს დადანაშაულება ან თავის მხრივ თქვენ შემოგიტიოთ.

სიტუაციის აღწერა არ უნდა ატარებდეს დადანაშაულების ხასიათს, რადგან ამ შემთხვევაში ის დაცვითი ან აგრესიული რეაქციის მაპროვოცირებელი იქნება. „მე ცნობა“ არ უნდა შეიცავდეს მზა რჩევას, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ თქვენს მიერ სხვა ადამიანის საყურადღებოდ გამოთქმული „მე-ცნობა“ ეფექტს არ იძლევა, სასურველია კიდევ უფრო ძლიერი ემოცია გამოიხატოს, რომელიც ასახავს სხვისი ქცევის შედეგების ეფექტს თქვენს გრძნობებზე.


მაგალითად:
„მე ვგრძნობ გაღიზიანებას, როდესაც მაწყვეტინებენ საუბარს“, მაგრამ არასწორია -
“მე მინდა, რომ შენ არ შემაწყვეტინო და მაცადო ლაპარაკი”

„მე ვგრძნობ მადლიერებას, როდესაც შენ დანაგვიანებულ ეზოს ალაგებ“, მაგრამ არასწორია -„მე გამიხარდება, დავინახო, რომ შენ სახლში რაღაცას აკაეთებ“


ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ „მე-ცნობისთვის“ საკმარისია დავუმატოთ „მე
ვგრძნობ“ -ს „შენ ხარ ..“

სასურველია, რომ წინადადებაში საერთოდ არ იყოს სიტყვა „თქვენ„, რადგან თუ წინადადებაში ეს სიტყვა არის, წინადადება უკვე „თქვენ-ცნობად“ გადაიქცევა.

წინადადება „მე ვგრძნობ უკმაყოფილებას, როდესაც შენ ახდენ ჩემს იგნორირებას“, შეიძლება შეფასდეს, როგორც „თქვენ-ცნობა“, რადგან ის შეიცავს დადანაშაულებას. შედეგად კი ნაკლებად მოსალოდნელია თანამშრომლობა. ყველაფერი, რაც ითქვა სიტყვამდე „თქვენ“, იგნორირებული იქნება. ადამიანებს, როგორც კი ესმით „თქვენ“, უმეტესობა მაშინვე აღიქვამს პიროვნულ შეტევად. ეს იგივეა, რაც „მაგრამ“

არგუმენტირების დროს, როდესაც ის გამოიყენება ყველაფრის უარსაყოფად, რაც სიტყვამდე „მაგრამ“ ითქვა.


ამიტომ „თქვენ“ უნდა ჩანაცვლდეს განზოგადებული სიტყვებით: „ ადამიანები“ ან „ვინმე“:
„მე ვგრძნობ უკმაყოფილებას, როდესაც ადამიანები ახდენენ ჩემს იგნორირებას“.
ასე ჩამოყალიბებულ „მე-ცნობას“ ადამიანები უფრო მეტად მოუსმენენ და მეტი შანსია რომ შესაბამისად შეცვლიან ქცევას.
როდესაც თქვენ პირდაპირ არ ადანაშაულებთ, ეს სხვა ადამიანს „სახეს“ უნარჩუნებს, და მათი რეაქცია უფრო მეტად მიმღებლურია. ასე იქმნება დიალოგის შესაძლებლობა და ერთობლივ გადაწყვეტილებაზე მუშაობა შესაძლებელი ხდება.
თუ „მე-ცნობა“ ძირითადად გრძნობისა და ქცევის აღწერისგან შედგება, შესაძლებელია განსხვავებული თანმიმდევრობით ჩამოყალიბებაც:
„მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც ვინმე სხვა ერს ლანძღავს“
„მე ვგრძნობ წყენას, რადგან არავინ არ მკითხა, მე რას ვფიქრობდი ამ საკითხზე“.
„მე მოველი, რომ ყველა ერთმანეთს პატივისცემით მოექცევა, რადგან ეს სასიამოვნოს გახდის ურთიერთობას“.
„მე უფრო მესიამოვნება, თუ მხოლოდ ერთი ადამიანი ილაპარაკებს ერთ მომენტში, რადგან ასე უკეთ გავიგებთ თითოეულს რა სურს“.


„მე-ცნობა“ კონფლიქტის დროს ეფექტურია მაშინ, თუ
ის აქტიურ მოსმენასთან ერთად გამოიყენება. თუ ადამიანი რწმუნდება, რომ თქვენ გაიგეთ მისი პოზიცია, გრძნობები და მოსაზრებები, ისიც განეწყობა და მზადაა გაიგოს თქვენი პოზიცია. მოსაუბრის ემოციური რეაქცია აქტიური მოსმენის შედეგად
ნელდება, შეშფოთება, უხერხულობა, ან ბრაზი მცირდება. ასეთ ფონზე უფრო ადვილია მისთვის ქცევის შეცვლა და საერთო პოზიციის შემუშავება.


ავტორი: სოფიკო უთრუთაშვილი

14.02.2015

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიკო უთრუთაშვილი
სოფიკო უთრუთაშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0