x
მეტი
  • 12.01.2025
  • სტატია:139328
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512679
მსურს ჩემი ბედნიერება სხვებს გავუზიარო - ანუ ყველაზე ხელოვანი გამომგონებელი
imageჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ისინი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიან. თუმცა, ბუნებაში იბადებიან ერთეულები, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავთ მსოფლიო. ჩემი ჟურნალისტური გამოძიების სპექტრში
სწორედ ასეთი პიროვნება მოექცა. ერთი შეხედვით უბრალო, მხიარული, მეგობრული ადამიანია. თუმცა, კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ მის უცნაურად მოხატულ გიტარას, რაც უკვე მდიდარ შინაგან სამყაროზე მიუთითებს. თუ გაესაუბრებით უნიჭიერეს მოსაუბრეს აღმოაჩენთ, ხოლო ინფორმაციის მოპოვებას როცა დაიწყებთ მიხვდებით, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოსწავლესთან გაქვთ საქმე. ახალგაზრდა გამომგონებელი, მოყვარული მუსიკოსი, მხატვარი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავ სტატუსსა და ჰობის შორის, რაც ჩემს დღევანდელ რესპონდენტს გააჩნია. იგი წარმატებით მოღვაწეობს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. მის მიღწევებს შორისაა საქართველოს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონადრო და ვინჩის“ საპრიზო ადგილები და გრან-პრი, ლოს ანჯელესში Intel- ISEF-ის კონკურსის მე-4 ადგილი, Space X -ის სიმპატია და ა.შ. ნუ გაგიკვირდებათ, ეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის თემურ ჩიჩუას მონაცემებია. სტატიაში გაჩვენებთ, როგორი ცხოვრების წესი და შეხედულებები გააჩნია მას.
თემო, როგორ გაგვეცნობი და როგორ აღწერ შენს ჩვეულებრივ დღეს?
მოგესალმებით, მე ვარ თემურ ჩიჩუა. ძალიან ჩვეულებრივად იწყება
ჩემი დღე. საშინლად არ მიყვარს დილით ადრე ადგომა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს სკოლას იმისთვის, რომ მეორე სმენა ვარ. შემდეგ, ვემზადები და მივდივარ
ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ, ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ახალ გამოგონებებზე სამუშაოდ და ა.შ. სკოლის შემდეგ, დაახლოებით 6-7- საათისთვის დაღლილ-დაქანცული ვბრუნდები სახლში, ვიღებ გიტარას და ვუკრავ. დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა მჭირდება, ამას კი მაშინ ვახერხებ, როდესაც ჩემი ხასიათის შესამაბის
სიმღერას ვუკრავ, ან ვხატავ.


შენ ახსენე ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატოარია, რა პროექტებზე მუშაობ?
ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორია. შესაბამისად, მაქვს იმისი საშუალება, რომ ნებისმიერი სახის ექსპერიმენტი ავაწყო და სასურველ შედეგამდე სწრაფად მივიდე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა პროექტს ამ ლაბორატორიაში ვაკეთებ, მათი კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა, წვდომა მაქვს ყველა დანადგარზე, რაც უფრო მეტად მიმაღლებს მოტივაციას. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩემ არაერთგზის გამარჯვებულ პროექტზე ხდება მუშაობა.


შენ ხარ 2014 წლის ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული, რას წარმოადგენდა შენი გამოგონება და როგორ მიხვედი მანდამდე?
ჩემი „სამეცნიერო კარიერა“ სწორედ „ლეონარდო და ვინჩის“ 2011 წლის კონკურსით დაიწყო. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი მეცნიერების სერიოზულად
გაგებისთვის, უბრალოდ, ძალიან მიყვარდა ნივთების დაშლა და შემდეგ აწყობა. ბაბუმ წამახალისა. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთეთ „მეხარძრე რობოტი“, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი მომიტანა. 2013 წელს, ჩემმა მოწყობილობამ ტრანსფორმერი „კლეფსიდრონი“ აიღო მე-3 ადგილი, მოვხვდი Intel- ISEF- ის საერთაშორისო კონკურსზე ლოს ანჯელესში, 1783 კონკურსანტს შორის, სადაც ჩემმა პროექტმა მე-4 ადგილი აიღო ინჟინერიაში და მიიღო Space X -ის სიმპატია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ წარმოვადგენდი საქართველოს. 2 პრიზი ერთი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური ჯილდოა, ამდენივე აიღო ესპანეთმა, იტალიამ და ა.შ. რაც შეეხება წლევანდელი გამოგონების „კომპოზიტური ფირფიტები და მათი გამოყენება“ გამარჯვებას, ეს იმ არაჩვეულებრივი ბიჭების დამსახურებაა, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. როდესაც გადავედი კომაროვის სკოლაში, იქ აღმოვაჩინე მეგობრები, ვისთანაც საერთო ინტერესები მაქვს - ნანოტექნოლოგიები. გავაერთიანეთ ჩვენი ძალები და კომაროვის ბაზაზე დავაარსეთ მოსწავლე- გამომგონებელთა კლუბი
INSEC, რომელმაც უკვე 3 პრიზი აიღო.


კრეატიული ადამიანი ხარ, სამეცნიერო საქმიანობის გარდა, მუსიკალურ ცხოვრებასაც მისდევ
ჩემი აზრით, ხელოვნება სჭირდება ყველას, ვისაც ცხოვრებაში არსებობაზე უფრო მეტი რამ სჭირდება. ადამიანის კულტურაზე მოქმედებს მისი მსოფლმხედველობა, რასაც მუსიკა აყალიბებს. შემოქმედი ადამიანი კი არ მიყვება ცხოვრების დინებას,
არამედ მისგან საუკეთესო მომენტების დაჭერას ცდილობს. ეს მუსიკაში იდეალურად ვლინდება, რადგან ის ემოციების ზღვაა. კომპოზიტორი საკუთარ ამაღლებულ გრძნობებს თავის ნაწარმოებებში დებს, ასევეა მხატვარიც, რომელსაც იდეები ტილოზე გადმოაქვს. როცა ამისი აღქმა შეგიძლია, სწორედ მაშინ მდიდრდები
კულტურულად და გამოეყოფი ჩვენ ირგვლივ არსებულ რუხ მასას. რუხი ყველაზე მკვდარი ფერია. ყველაფერს კლავს და გუდავს. როდესაც მასზე სხვა ფერის ლაქები ჩნდება, უფრო ლამაზდება და მრავალფეროვანდება.
ჩემი აზრით ყველა ადამიანმა თავის თავში უნდა ებრძოლოს ამ რუხ ფერს და კრეატიულად იცხოვროს.



შენი აზრით, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
ბედნიერება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი და ეს სხვებსაც გავუზიარო. შეიძლება ადამიანს ძალიან დიდი მიღწევები ჰქონდეს,
მაგრამ აღმატებული გრძნობები ვერ განიცადოს.
მაგალითად, სტივ ჯობსი, ბოლო წლებში დეპრესიით იტანჯებოდა. წარმატება არ ნიშნავს ბედნიერებას. მე კი, რადგან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა, მინდა დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს.


3 სიტყვა, რაც ყველაზე კარგად გამოხატავს თემოს
ეს არის ფერები ( განსაკუთრებით იასამნისფერი) ჰარმონია. ბედნიერება.


Facebook-ზე ხარ როგორც John Brown, რატომ?
პრაღაში ყოფნისას ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა
ჩემი კომიკური გვარის გამოთქმა. ზოგი ჩი-ხუა-ხუას მეძახდა, ზოგი არარსებულ იაპონურ სიტყვებს(იცინის). გადავწყვიტე მომეფიქრებინა მარტივი ფსევდონიმი. ბობ მარლის I Shot the Sherif - ში ყავს მოხსენიებული John Brown, დავინტერესდი მის შესახებს და აღმოვაჩინე, რომ ის იყო თეთრკანიანი, ხელოვანი ადამიანი, რომელიც იბრძოდა შავკანიანიების უფლებებისთვის.ამან ძალიან დიდი აღტაცება გამოიწვია ჩემში. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჰუმანური ვარ.


ასეთი პოპულარული, წარმატებული, ნიჭიერი გამგონებელი და მუსიკოსი ხარ, ფანები თუ გყავს?
ჩემი ყველაზე დიდი ფანი, ჩემი დაა. ის ყველაზე პირველია, რომელიც ჩემს იდეას იზიარებს, ჩემს მუსიკას უსმენს, ჩემს ნახატს ხედავს. ძალიან
აქტიურად მგულშემატკივრობს და საკმაოდ პირდაპირიც არის. მიუხედავათ იმისა, რომ პატარაა ჩემთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები ხომ არ ცნობეს
წესებს და კანონებს. ასევე, ჩემი გულშემატკივრები მეგობრები არიან. ისინი ყოველთვის მოდიან ჩემს დაჯილდოებებზე, ზოგჯერ ერთადაც ვიღებთ მონეწილეობას და ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებებს.


მეცნიერი თუ ხელოვანი, შენ რომელს უფრო მიაკუთვნებ საკუთარ თავს?
ძალიან ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა - მე ვარ ხელოვანი. მეცნიერება ამყავს ხელოვნების დონეზე და სწორედ აქედან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. შესაბამისად, როდესაც ახალ რამეს ვქმნი და ვიღებ სასურველ
შედეგს ჩემთვის ეს არის შედევრი. შესაბამისად,
როდესაც შედევრს ქმნი, უკვე ხელოვანი ხარ.
ამრიგად, მუსიკაც, მეცნიერებაც, ხატვაც და ყველაფერი, რისი კეთებაც მიყვარს, ასეთ პიროვნებად მაყალიბებს. სწორედ ამიტომ, მე ვთვლი რომ ვარ 100%-ით ხელოვანი ვარ.

შეუძლებელია, ასეთ მრავალფეროვან ადამიანთან საუბარმა საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე არ დაგაფიქროს. ბევრს შეიძლება კითხვები გაუჩნდეს იმის შესახებ, ნამდვილად იყენებს თუ არა მასში არსებულ შესაძლებლობებს. და თქვენ, ვინც უკვე შეწყვიტეთ ოცნება, როდესაც სიგარეტს მოუკიდებთ, საკუთარ ბანალურ ცხოვრებაზე, დეპრესიასა და იმედგაცრუებაზე დაიწყებთ საუბარს - ისიც გახსოვდეთ, რომ ამ
ქალაქში არსებობს ბიჭი, რომელიც საკუთარ ბედნიერებას სხვება უზიარებს, რომელიც წელსაც წავა Intel ISEF-ის კონკურსზე (უკვე მეგობრებთან ერთად), გაიმარჯვებს და ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს, რადგან მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ მსოფლიო მეცნიერებაში, ხელოვნებასა და საზოგადოების აზროვნებაში გადატრიალება მოახდინონ.






0
84
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხუროშვილი
მარიამ ხუროშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0