რელიგია ერთმორწმუნე პატრიარქის ვნებანი 2012, 28 მარტი, 20:06 კირილეზე მოგახსენებთ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქზე. არც თუ ისე ახალი ამბავია, მაგრამ - ნიშანდობლივი. მაშ ასე, 2009 წლის ცხელი ზაფხულის ერთ დღეს რუსეთის პატრიარქი დონბასს ეწვია. უკრაინა ისედაც რუსეთის უმცროს ძმად მოიაზრება რუსი "დერჟავნიკების" მიერ და დონბასი ხომ საერთოდ ყოველივე რუსულის ფორპოსტია უკრაინაში. პატრიარქმაც გადაწვიტა სულიერი საზრდოს გარეშე არ დაეტოვებინა იქაური მოსახლეობა და ვიზიტიც შედგა. სამწყსოსთან შეხვედრისას პატრიარქმა ილაპარაკა შრომის მნიშვნელობაზე, ადგილობრივ შახტიორებს გულმოდგინება შეუქო და განაცხადა, რომ არავითარი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ იქნებოდა, ყველა რომ ისე მუშაობდეს, როგორც დონბასელი შახტიორები. სიცხის მიუხედავად (ან იქნებ ამის გამოც) პატრიარქმა გადაწყვიტა სიტყვა "კრიზისის" უბრალო ხსენებით არ შემოფარგლულიყო და შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლური თვალსაზრისი გააცნო აღნიშნული მოვლენის წარმომავლობის თაობაზე. როგორც კირილემ აღნიშნა, ეკონომიკური კრიზისი არის იმ ცოდვების შედეგი, რამაც თანამედროვე ეკონომიკაში შეაღწია. "უბრალო ადამიანებს უწევთ საფასურის გადახდა მათ ნაცვლად, ვინც მილიონებს და მილიარდებს იხვეჭდა" - აღშფოთებული ქადაგებდა მეუფე. ანუ - მომხვეჭელობა და ფუფუნებისაკენ მიდრეკილება ვერ ყოფილა კარგი საქმე. სამწყსომაც გაიხსენა სახარებისეული "აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი მოხვდება სასუფეველში"-ო და შინაგანად დაეთანხმა პატრიარქს. მაგრამ ეშმას არ ეძინა და ერთ-ერთ სულგაყიდულ ფოტოგრაფს ეყო თავხედობა რომ პატრიარქის სურათი გადაეღო, სადაც ჩანს თუ რა საათს ატარებს რუსეთის სულიერი მამა. ამასაც არ დასჯერდნენ ბნელეთის მოციქულნი და მცირე გამოძიებაც კი ჩაატარეს თემაზე: რა ღირს პატრიარქის საათი. ფოტოსურათის გულდასმით შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პატრიარქი კირილე ატარებს შვეიცარული ფირმა Breguet-ს კლასიკური მოდელის საათს: თეთრი ოქროსაგან დამზადებული კორპუსი, ნიანგის ტყავის სამაჯური, ავტომატური მექანიზმი. ფასი: 28-36 ათასი ევრო. ჭეშმარიტად სადამდე მიდის ეშმაკის ხრიკები! რა გახდა 30 000 ევროს ღირებულების საათი, რომ ამ უღმერთო ფოტოგრაფების შიშით რუსეთის პატრიარქს სამწყსოს დასალოცად ხელი ვეღარ აუწევია? აღშფოთებულმა სიტყვა ფარისეველის განმარტების მოძებნა გადავწყვიტე კირილესათვის მშობლიურ, რუსულ ენაზე. აი ისიც: Фарисеи - представители общественно-религиозного течения в Иудее во II в. до н. э. Настаивали на строгом соблюдении писаний религии, проповедовали учение о загробной жизни, занимали враждебные позиции в отношении эллинистической культуры, отличались показным благочестием. В евангелиях Ф. называют лицемерами. Отсюда переносное значение слова – лицемер, ханжа. ნეტავ თუ აქვს რაიმე საერთო ამ დეფინიციას კირილესა და ერთმორწმუნე მოსკოვის საპატრიარქოს სხვა იერარქებთან? NEWSru.com მასალების მიხედვით 1041 2-ს მოსწონს
|