საზოგადოება "მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო“ – ფაქტები არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ 2015, 2 იანვარი, 20:15 იტალიური მედია ბორან Norman Atlantic –ზე დაღუპული ქართველი სასულიერო პირის-არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გარდაცვალების შესახებ წერს. გამოცემამ repubblica.it გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ბორან Norman Atlantic-ზე ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა.
"როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი", განაცხადა ირაკლიმ. როგორც ირაკლი ამბობს, მამა ილიას ზუგჩანთა ჰქონდა, რომელშიც ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. მისი თქმით, როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. "მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისი გემიდან გადმოყვანის დროს, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა", - იხსენებს ირაკლი. მისი თქმით, ვიღაცამ წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდო, მაგრამ ძლიერი ღელვის გამო მამა ილიამ მასთან მიახლოება ვერ შეძლო. ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალი. არქიმანდრიტ ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. სულ ბორანზე გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. არქიმანდრიტი ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. P.S. ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა წლების წინ მომხდარი მსგავსი შემთხვევა: 1962 წელს რიო-დე-ჟანეიროში საერთაშორისო სიმპოზიუმზე ქართველი გინეკოლოგი იოსებ ჟორდანია მიფრინავდა. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მაშველი რგოლები მხოლოდ მგზავრების ნაწილს შეხვდა. მაშინ ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო და გადაარჩინა იგი, თვითონ კი დაიღუპა. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ასეთ ადამიანებს იმქვეყნად!!! 668 18-ს მოსწონს
|