დიმა ჯაიანი: - აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ... (ძველი, მაგრამ დღესაც აქტუალური ინტერვიუ)
მასზე ყოველთვის წერენ ან ლაპარაკობენ; დიმა ჯაიანს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი მრავალი საინტერესო სცენური თუ სატელევიზიო სახის შემქმნელია, პარლამენტის წევრიც არის. ბატონი დიმა სოხუმის თეატრის წამყვანი მსახიობია. პარლამეტშიც მისი მთავარი მიზანი და საფიქრალი აფხაზეთის დაბრუნებაა. იგი აღნიშნავს, რომ მასში მშობლიური კუთხის სიყვარული იმდენად ყოვლისმომცველია, იგი ყველა სხვა გრძნობას აფერმკრთალებს. მან საკუთარ თავზე გამოსცადა აფხაზეთის ომის სისასტიკე, რომელსაც იგი ღალატის ომს უწოდებს.
– ბატონო დიმა, რასთან ასოცირდება თქვენთვის აფხაზეთი?
– იმის თქმა, თუ რასთან ასოცირდება ჩემთვის აფხაზეთი, სათქმელად ცოტა ძნელია. რთულია, გამოთქვა სიტყვებით ის, რაც შენს არსებაში ძირეულად არის გამჯდარი. მისი ფესვები ღრმად მიდის და ამას ყოველივეს მშობლიური ეწოდება. მე პირადად არსად მინახავს მსგავსი მხარე, არსად მიგრძვნია თავი ისე მშვიდად, როგორც იქ – სოხუმში.
– ალბათ ეს ყოველივე ომის წინა წლებს ეხება...
– ომამდეც და ომის შემდეგაც ჩემთვის ყველაზე ღირებული იყო და არის ის მიწა, სადაც მუდმივად მიწევდა ცხოვრება, სადაც მიმდინარეობდა ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა.
– ბატონო დიმა, როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ სოხუმის თეატრის პოზიცია ომის დროს?
– ჩვენი თეატრიდან უმრავლესობა მოწინავე პოზიციებზე იბრძოდა. არტილერიის უფროსი იყო ჩვენი თეატრის მსახიობი – როლანდ ხუროძე. მის ხელში ტყვიამფრქვევი არ დადუმდებოდა. ყველაფერს აქვს თავისი მოხმარების წესი, რომლის იქით იარაღი უკვე ფუჭდება. ეს კაცი უკიდურესს გააკეთებინებდა მას...
შემიძლია დავასახელო გია ფარცვანია, ძაძამია... გავიხსენო უძვირფასესი კაცი – გოგი ლომიძე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ესენი ყველა ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.
– ამ დროს თქვენ სად იმყოფებოდით?
– ბოლო წუთამდე სოხუმი არ დამიტოვებია. რამდენიმე ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ რომ ვთქვა, ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძოდი-მეთქი, ტყუილი იქნება. მე უნდა ვყოფილიყავი იქ, სადაც ჩემი უახლოესი ადამიანები იყვნენ...
– როგორც ცნობილია, ამ ომში თქვენი შვილიც იბრძოდა...
– ჯაბა ავღანელთა ბატალიონის წევრი იყო. იგი ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იბრძოდა. იგი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, არავის უთქვამს მისთვის, სოხუმში წამოდი და იბრძოლეო. მან ეს თავისით გააკეთა.
– იქნებ თქვენი შვილის მოქმედება მშობლიური გენების გამოძახილი იყო, რომელმაც თქვენ თვითონ არ დაგატოვებინათ საყვარელი ქალაქი?
– შეიძლება სწორედ ასეც იყო. ჯაბა ამ თემაზე ჩემთან არასოდეს ლაპარაკობს. ერთი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. აფხაზეთის ომი უკვე დამთავრებული იყო. სამხატვრო აკადემიაში გმირულად დაღუპული ერთ-ერთი მხატვრის ხსოვნის საღამო მიმყავდა. ავღანელთა ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა. მან თქვა, მე შემიძლია ისეთი რამ ვთქვა, ამ საღამოს წამყვანს არანაირი სურვილი აღარ ჰქონდეს თქვენს წინაშე გამოსვლისო. მან მოყვა, როგორ იღებდნენ ავღანელები ლაბრას: ორმოცდაათი რჩეული მეომარი მოქცეული იყო აფხაზთა რკალში, არსაიდან ჩანდა დახმარების იმედი. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ომახიანად შემოსძახა: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“ და თუ იცით, ვინ იყო ეს ვაჟკაცი? დიმა ჯაიანის ვაჟიო. ამის შემდეგ ისე დავიმუხტე, მართლაც ყველნაირი სურვილი გამიქრა საღამოს წაყვანის.
– როგორი რეაქცია აქვს ჯაბას, როდესაც ომის რომელიმე დეტალის გახსენება უწევს?
– ეს თაობა შინაგანად დაბერდა თითქოს, მათი შიდა ბუნება, მათ ასაკთან შედარებით, დაბრძენებულია და შუა ხნის ადამიანის აზრებს ეხმიანება. ჯაბა, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წლისაა, გარეგნულადაც და შინაგანადაც ორმოცდაათი წლის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემში. ამ ომმა მათ თავზე რისხვასავით გადაიარა. მათ თვალწინ უკლავდნენ საუკეთესო მეგობრებს, მათი თვალები დღენიადაგ უცქერდნენ დასახიჩრებულ ადამიანებს, ყოველ კუთხეში ჩასაფრებულ სიკვდილს. ამ ყველაფერმა მათ ფსიქიკაზე დიდად იმოქმედა.
– ბატონო დიმა, თქვენი აზრით, ჯაბას თაობა, რომელიც საკმაოდ ნებივრად აღზრდილი თაობაა და ომის ამხელა რისხვა მიიღო საკუთარ თავზე, იფიქრებს თუ არა კვლავ იარაღის ხელში აღებაზე და ქვეყნის სადარაჯოზე კვლავ დადგომაზე, თუ ეს ცხადია, საქართველოსა და მით უფრო აფხაზეთს დასჭირდება?
ეჭვიც არ მეპარება, წეღანაც ვთქვი, ჩემი შვილი ამ თემაზე ჩემთან არ ლაპარაკობს, მაგრამ მისი მეგობრების ნაამბობიდან, რომლებიც იქ იბრძოდნენ, კვლავ დაუბრუნდებიან ბრძოლის ველს, თუ ეს სამშობლოს დასჭირდება.
– რას ნიშნავს იყო გმირი სცენაზე და იყო გმირი ცხოვრებაში?
– ორივე ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ სიამოვნებით აკეთებ, მაგრამ სხვადასხვა ენთუზიაზმით. პირველი ასოცირდება საყვარელ პროფესიასთან, მეორე – სამშობლოსთან. ჩემს თვალწინ უამრავი გმირობის ფაქტები ხდებოდა. ჩვენი თეატრის მსახიობი, ლორენა პაპუაშვილი მოურჩენელ ტკივილს ატარებს. მისი ოცდაოთხი წლის ვაჟი – ვახო ელერდაშვილი ტანკში დაიწვა. მამამ რომ ნახა დანახშირებული შვილის ცხედარი, მეათე სართულიდან გადმოხტა. მხილველის თქმით, ჰაერში რაღაცას ყვიროდა თურმე. მე ასეთი საოცრება არასოდეს მინახავს. მიცვალებულს სახე უცინოდა. იგი გახარებული კვდებოდა იმით, რომ შვილთან უნდა წასულიყო. ამ ორი ვაჟკაცის დამკარგავი ქალბატონი დღესაც ჩვენს გვერდით დგას სცენაზე. ესეც უდიდესი გმირობაა.
– რამდენი მსახიობი დაკარგა სოხუმის თეატრმა ომში?
– ათი საუკეთესო მსახიობი წავიდა ჩვენგან იმ წლებში, ეს უდიდესი დანაკლისი იყო ჩვენთვის. ყოველი მათგანი სულით ხორცამდე იყო შეყვარებული სოხუმზე და ბრძოლის დროს ალბათ სიკვდილზე არც ფიქრობდნენ.
– რას ნიშნავს, იყო ნაღდი სოხუმელი?
– ამის სათქმელად ერთ მაგალითს მოვიყვან: აფხაზეთის ომის დროს დაფიქსირებულია თვითაფეთქების ოცდაცამეტი ფაქტი, ანუ როცა ხდებოდა მტრის საბრძოლო ტექნიკის აფეთქება საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. აქედან ოცდაცხრა უკავშირდება სოხუმის მაცხოვრებლებს. არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი სოხუმელი მოჭიდავე, გვარად ომანაძე. იგი აფხაზებმა მოიმწყვდიეს რკალში და ჩაცხრილეს. თვითმხილველების თქმით მას დაახლოებით ოთხმოცდახუთი ტყვია მოხვდა. მაგრამ სანამ წაიქცეოდა, მაინც მოახერხა ხელყუმბარით თორმეტი აფხაზის აფეთქება, მათთან ერთად თვითონაც აფეთქდა.
– ბატონო დიმა, როგორც თვითმხილველი ამ ომის, ვის გამოყოფდით განსაკუთრებით, ვინც თავდაუზოგავად იბრძოდა აფხაზეთის შენარჩუნებისათვის?
– შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში ეს იყო „მხედრიონი“. მე თვითონ მინახავს, ჯაბა იოსელიანი როგორ ამხნევებდა ბიჭებს. მან ორჯერ აიღო ფუნიკულიორი.
შესძახებდა: „ვინც ლაჩრები არა ხართ, მომყევით!“ და ჯიქურ მიიწევდა წინ. მჯერა, რაც „მხედრიონმა“ გააკეთა ომის დროს, არც ერთ ბატალიონს ამდენი არ გაუკეთებია. იყვნენ „მარადიორები“, რომლებმაც სახელი გაუტეხეს „მხედრიონს“, მაგრამ ესენი თავდაუზოგავები იყვნენ საქართველოს მთლიანობისათვის დაცვის საქმეში. ფუნიკულიორისთვის ბრძოლაში ოთხასი მხედრიონელი დაეცა.
– ბატონო დიმა, თქვენ როგორ ფიქრობთ, დავიბრუნებთ აფხაზეთს?
– აუცილებლად დავიბრუნებთ. ეს შემიძლია თამამად განვაცხადო. მე მაქვს რეალური ინფორმაციები, რომელთა თანახმად, მოხდება ხელშეკრულების გაფორმება რუსეთთან და აფხაზეთი იქნება საქართველოს ფარგლებში მოქცეული დამოუკიდებელი ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ეს გვაქვს აჭარის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ არჩევნები აფხაზეთში ბევრ საკითხს ჩვენდა სასიკეთოდ გადაჭრის.
– ესე იგი, იმედი არ უნდა დავკარგოთ!
– ნამდვილად, უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ესაუბრა ნინო კოშაძე