x
image
beko777
Mediator image
დოდო ჭიჭინაძე: - მე ვიყავი ბედნიერი, როდესაც სტალინი ვნახე (ძველი, მაგრამ დღესაც აქტუალური ინტერვიუ)
imageყველა დიდი სახელმწიფო არის ღლავი. პატარა სახელმწიფო კი მათთვის ლიფსიტაა
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თითქოს ყველა ქართველ ლეგენდარულ მსახიობთან შეხვედრას თან ახლავს უზომო იმედგაცრუების და სიბრალულის გრძნობა. რაც გამოიხატება მათი ნამოღვაწარის დაუფასებლობაში. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, დამსახურებულ სახალხო არტისტს არანაირი პრობლემა არ აწუხებს. არც სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ აკლია ყურადღება მაგრამ სამწუხაროდ, რამდენადაც შორს ვართ ცივილიზებული ქვეყნის სტატუსისგან, იმდენად შორს არიან ჩვენი ხელოვნებისა თუ ინტელიგენციის ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი პროფესიის გარდა არანაირი საშემოსავლო წყარო არ გააჩნიათ დამსახურებული და კუთვნილი პატივისცემისაგან.
ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, რომ ქვეყანა არ დაიქცევა იმ რამდენიმე ღვაწლმოსილ, ჩვენი კულტურისა და ხელოვნებისათვის გადადებულ, უკვე ხანდაზმულ წარმომადგენლებს ცოტათი მაინც გადავუხადოთ ამაგი და შევუმსუბუქოთ სიბერე, მაგრამ ირჯება დღეს მათთვის ვინმე? სწუხს ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებზე? რა თქმა უნდა, არა, რაც ჩვენი ერის სიმდაბლეზე მეტყველებს. სირცხვილია. საზოგადოებამ არ დააფასოს ხელოვნების ის წარმომადგენლები, რომლებმაც მარადიული უკვდავი ნიმუშები შექმნეს, მაგრამ რატომღაც დღეს ყველა და ყველაფერი მივივიწყეთ.


image– გჯერათ, რომ ყურის ანთება მაქვს? ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფები. ყოველდღე მიხდება სიარული ექიმთან. ბრწყინვალე ადამიანთან, რომელიც არც ერთი წუთით არ ფიქრობს კაპიკი გამომართვას, მაგრამ თვითონ ვგრძნობ თავს დათრგუნულად. შეიძლება ადამიანს წამლის ფული არ ჰქონდეს? ამდენი ხნის ნაშრომი ადამიანი შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს? მაპატიეთ, მაგრამ ეს სირცხვილია.
– ქალბატონო დოდო, რამ შეიძლება იხსნას ჩვენი ქვეყანა ასეთი კრიზისგან?
– როგორც არასოდეს, ახლა კომპიუტერებისა და რობოტების ქვეყანაში საჭიროა ამაღლებული კულტურა. არ შეიძლება მოუსმინოს ადამიანმა ნავში ჯდომით ზღვაში გაცურვას. ეს მარაზმია. ჩვენი თეატრი ყოველთვის ემსახურებოდა ერს. თხუთმეტი წელიწადი მარტო „მეფე ერეკლეში“ ვთამაშობდი ანო ბადორიშვილს. მსგავსი სპექტალი აღვიძებდა მიძინებულ ქართულ გრძნობებს. ხალხნო! ზაქარია ჭიჭინაძემ თავის თავზე აიღო მთელი ქართული წიგნების გამოცემა. გადაარჩინა აჭარა გამუსლიმანებისაგან. მეორე ჩემმა წინაპარმა პირველი საშუალო გიმნაზია გახსნა. ამიტომაც ჰქვია იმ პატარა ქუჩას ჭიჭინაძის ქუჩა. მაინტერესებს, საერთოდ თვითონ სკოლა რატომ არ უნდა ატარებდეს მის სახელს? მისმა შვილმა, ბიძაჩემმა ააშენა პირველი ელექტროსადგური საქართველოში (ზოგიერთი – ავტ.). მაშინდელმა უწიგნურმა ხალხმა მოსპო ყველა წიგნიერი ადამიანი და ახლაც ასე ხდება.


imageდღევანდელმა ბომონდმა არ იცის, რომელ მეფეს ერქვა პატარა კახი
- ისეთმა ბომონდმა უნდა დაისვენოს ძვირადღირებულ, ცხრაასდოლარიან სასტუმროებში, რომლებმაც არ იციან, რომელ მეფეს ერქვა პატარა კახი? მაპატიეთ და მათ აჩვენებენ დღეს ტელევიზიით. მსახიობი უნდა იყოს განათლებული ადამიანი. მან უნდა იცოდეს თავისი სამშობლოს უბედური ისტორია, უნდა იცოდეს ყველაფერი. იყოს მრჩეველი ახალი რეფორმატორების. საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და არავის აქვს უფლება ბინძურად იცხოვროს, არსებობდეს ბინძური სექტების დაჯგუფება.
– ქალბატონო დოდო, დღეს ნიჭიერი ხალხი იჩრდილება, ნათქვამია, ქართველები ერთმანეთს ნიჭს არ ვპატიობთო?
– არ შეიძლება ნიჭიერი უკან იდგეს. მე ვიცი ისეთი მწერლები, რომლებიც ფინანსების გამო წიგნებს ვერ გამოსცემენ, რის გამოც ისინი იჩრდილებიან. შეიძლება ვინმეს ეღრიჯო და სთხოვო ფული იმისათვის, რომ ნამუშევრები არ დაიკარგოს? სირცხვილია, სირცხვილი... ჩვენ რუსთაველის სამშობლო ვართ. „ვეფხისტყაოსნის“ სამი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი ებრძვის ქაჯეთს, უსამართლობას და გონება-დახშულობას. ეს არის მომავლის წიგნი, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს. არც ერთ ერს არ აქვს თავის ზეპირსიტყვიერებაში ისეთი ამაღლებული, რაც არის „ვეფხის და მოყმის“ ბალადა. ამის შემდეგ რა უნდა მასწავლოს მე ან ამერიკელმა ან კიდევ გერმანელმა. როგორ შეიძლება სკოლა ფასიანი იყოს. ასევე ძალიან მაინტერესებს, როდესაც ტელევიზიით აცხადებენ უფასოდ მოვჭრითო რადიატორებს. რისთვის სჭირდებათ? რომ გაყიდონ? ბარემ ყველაფერი წაგვართვან.
– მომავალი თაობა ძალიან დათრგუნულია. მათ არსებობისთვის ნორმალურად ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ გააჩნიათ.
– გული მტკივა, როდესაც პატარა ბიჭებს ქუჩაში ვაჭრებად ვხედავ. არ შეიძლება ასე ცხოვრება. აუცილებლად უნდა გაიხსნას სასწავლებლები, პროფტექნიკუმები... ამ ბავშვებმა უნდა ჩაიცვან, უნდა იყვნენ დანაყრებულები. ხოლო, როდესაც მათ არ ეშიებათ და არ ეციებათ, აუცილებლად ისწავლიან. ვინ იცის, რამდენი უნიჭიერესი ბავშვია ქუჩაში, ან კიდევ უპატრონოთა სახლში, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. დამისახელეთ, რომელი დიდი კაცის შვილია დღეს ჯარში. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ.


imageდაკარგული კუთხეები, დაკარგული ტრადიციები
- დავკარგეთ აფხაზეთი, დაიკარგა სამაჩაბლო, პანკისის ხეობაში რა არ ხდება. ახალგაზრდები ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებენ. ჩემს ახალგაზრდობაში ორად ორი კაცი იყო, რომელზეც იძახდნენ ისინი კაცები არ არიანო და მთელმა თბილისმა იცოდა ეს. ახლა კი იმდენი არიან ამისთანები თურმე, რომ საქართველოს საშველი არ ექნებაო. ასევე არიან პატარა გოგონები... აგერ ჩემს სახლთან არის საუნა, სადაც თოთხმეტი წლის ბავშვები მამაკაცებს ემსახურებიან. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება. ჩვენს მთავრობას მგონი პროსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი უნდა მიეღო. მაგრამ რას დაადგა საქართველოში საშველი?
– ჩვენს ევროპელობაზე რას ფიქრობთ?
– ტყუილია ეგ ამბავი. ეს უთხრან იმ ხალხს, ვინც არაფერი იცის. თორემ მე ვერ მეტყვიან ამას. აბა ერთი გამიბედონ. სხვათაშორის, თვითონ ევროპაც შეყრილმა ხალხმა დაღუპა. რა უქნეს ამერიკას? იქაურმა მუსლიმანმა გააკეთეს ყველაფერი. ამერიკას ნაცია არ გააჩნია, რაც მსოფლიოში ბანდიტი იყო, იქ ჩავიდა, მერე ქუჩის ქალებს ასახლებდნენ. ეს ისტორიაა, რაც ყველამ ვიცით. მე იცით რა მაკვირვებს? ჩვენი შეგნება. ადრე ჩრდილოეთ იტალიიდან სამხრეთ იტალიაში მივდიოდი. შევედით პატარა ქალაქში, სადაც ვხედავ ობელისკს, მუსოლინი აწერია მას. კიდევ ცოტა გავიარე, ისევ მუსოლინი. მივუბრუნდი ჩემთან მყოფ ქალბატონს და ვეუბნები: თქვენ ხომ გეჯავრებათ მუსოლინი. როგორც ფაშიზმის დამაარსებელი ევროპაში და ამდენი ობელისკები რა არის-მეთქი? პირველად ჩემს ცხოვრებაში შემრცხვა. მომიბრუნდა და მითხრა: „დარაგაია მაია, ეტა ისტორია“. საფრანგეთში ნაპოლეონის საფლავი არის ოთხი მეტრის ქვეშ. საფლავი ნორმალურად რომ დაინახო, თავი უნდა დახარო, თავს ვხრი დიდი ფრანგის წინაშე. არადა დაამარცხეს, გადაასახლეს, თან იძახდნენ – „ონ ნე ფრანცუზ, ონ კორსიკანეც“. თითქოს კახელი ქართველი არ არის. მაგრამ როდესაც გონზე მოვიდნენ, მიხვდნენ, რომ ეს იყო მათი ერის სიამაყე. ჩვენ კი გადმოვაგდეთ სტალინის ძეგლები და მიწასთან ვათრიეთ. ერთმა ახალგაზრდამ ადრე თქვა: „აქ რა სისხლის მსმელი კაცის ძეგლი დგასო, „მსოფლიოში იყო ორი უდიდესი პიროვნება: ეს იყო ალექსანდრე მაკედონელი და იოსებ სტალინი“. სიტყვები ეკუთვნის რაბინ გრანიიტაგორს. სტალინმა ორმოცდასამ წელში აღადგინა ყველა ეკლესია საბჭოთა კავშირში.



imageიოსებ სტალინი და ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე
- მე ვიყავი სტალინთან მაშინ, როდესაც მას სამოცდაათი წელი შეუსრულდა. ის ლამაზი კაცი იყო, თანაც ძალიან კარგად აგებული. იცით რას დავაკვირდი? როცა ვინმეს უსმენდა, თითქოს ხედავდა ადამიანის შინაგან მდგომარეობას ისე, როგორც რენტგენი. ღიმილის დროს სახეზე ნაკეცები უკეთდებოდა. ოცდაჩვიდმეტ წელში მთელი ჩემი ოჯახი, ნათესავები განადგურებული იყო, მაგრამ მე იმ შეგნების ქალი არ ვარ, ფაქტია, რომ მან დააჩოქა მთელი მსოფლიო. ჩემთვის ეს უკვე დიდი ამბავია, ანუ ქართველმა კაცმა მიაღწია ყოველივეს. ვამაყობ მისი სახელით.
– რასთან იყო დაკავშირებული თქვენი სტალინთან შეხვედრა?
– არც კონტაქტი, არც არავითარი საუბარი. მე ვიყავი ბედნიერი, რომ სტალინი ვნახე ცოცხალი. გარეთ რომ გამოვედით, მთელი მოსკოვი ქუჩაში იყო და ყვიროდა: „ოტეც, დარაგოი, ლუბიმიი...“ სირცხვილია, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. არ შეიძლება ყველაფერს ბინძურად მიუდგე. მერე რა რომ ოცდაჩვიდმეტმა წელიწადმა საშინლად გადაიარა. ერთადერთი ქალი, რომელიც დაიხვრიტა, მამიდაჩემი იყო (ხათუნა ჭიჭინაძე – რესპ.), მაგრამ არ მაქვს უფლება სტალინს ვიღაცა ვუწოდო. მან მოსკოვი არ დატოვა. ნაპოლეონის დროს ბევრმა ქალაქი დატოვა, მაგრამ სტალინს ეს არ გაუკეთებია. ყველა დიდი სახელმწიფო არის ღლავი, პატარა სახელმწიფო კი მათთვის ლიფსიტაა.


imageმრეწველთა ფრაქცია
- ჩვენ ვერას გზით ვერ გავაკეთეთ ის, რომ აგვემუშავებინა ყველაფერი. თანაც ებრძვიან იმ რამდენიმე ბიზნესმენს, რომელმაც დაასაქმა მაინც ხალხის რაღაც ნაწილი. პირადად უდიდეს პატივს ვცემ მრეწველთა ფრაქციას. მჯერა, ბატონი გოგი თოფაძის. ისინი არიან ხალხი, რომელსაც მართლა შესტკივათ გული ქვეყნის მიმდინარე რთულ პროცესებზე. მათ რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, ყველაფერს მოაწესრიგებენ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. რატომ ერთმა არ მოკიდა ხელი აბრეშუმის აღდგენას? თუმცა რა აღადგინეს? არაფერი. ჩვენ ყველასთან კარგად უნდა ვყოფილიყავით და არ დაგვემართებოდა ის, რისი პრობლემების წინაშეც დგას ქართველი ერის დღეს.
არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც სხვადასხვა უბნებში გიგანტურ სასახლეებს იშენებენ
- აფხაზეთის ომში უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა. ახლახან ვითამაშე ერთ-ერთ ფილმში აფხაზეთზე. ფილმის მონოლოგი დავწერე მე. „ის, რაც მოხდა საქართველოს ძირძველ მიწაზე წარმოუდგენლად შემზარავია. ვფიქრობ, რა მოხდა, რა მოგველის ხვალ? მაშინაც და ახლაც საშინელი უძლურება არ მასვენებს. ერთადერთი შვილი, შვილი აღარა მყავს. პირ-ტიტველა ბიჭების გვამებით არის სავსე ქართული მიწა. ხალხო! იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა ხდება? რატომ გაჩუმებულხართ? მითხარით რა ხება? უფალო აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთის დაცულსა ერსა ჩვენთა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე დაიცავი, რათა ვიტყოდეთ – უფალო დიდება შენდა“.
– ქალბატონო დოდო, ამ ბოლო დროს სხვა ფილმებში თუ მიიღეთ მონაწილეობა?
– სამ ფილმში, რომელიც სტუდენტებმა გადაიღეს. მათ კაპიკი არ გააჩნიათ მოდიან და მეხვეწებიან. შეიძლება უარი თქვა? როგორ გეკადრებათ, ახლა ერთ-ერთი ფილმი იტალიაში მიაქვთ კინო-ფესტივალზე. საერთოდ, არ შემიძლია ვუყურო მშიერ ქართველს. არ მინდა ასეთი საქართველო. ძნელია ვიცხოვრო დღევანდელი ცხოვრებით. არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც სხვადასხვა უბნებში გიგანტურ სასახლეებს აშენებენ. ვინ არიან ისინი? რა ფსიქოლოგიის ადამიანები არიან? ხშირად მეუბნებიან – გაჩუმდი, თქმას აზრი არა აქვსო. მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერს იტანდეს სულით ქართველი ადამიანი?!


ესაუბრა შორენა ნარმანია

0
244
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0