სხვა ახალი აღმოჩენა - ხელებიანი თევზი 2014, 12 დეკემბერი, 1:04
მეცნიერები არ ნებდებიან და გამუდმებით ცდილობენ იმის გარკვევას, თუ ვინ ცხოვრობდა ადამიანებამდე პლანეტა დედამიწაზე. პალეონტოლოგები და ანთროპოლოგები ამ საქმეს უზარმაზარ დროსა და მასშტაბურ გათხრებს უთმობენ, რომელთა წყალობით ხანდახან სენსაციებიც ხდება.
პალეონტოლოგების ბოლო კვლევაც სენსაციური გამოდგა. მათ იპოვეს აქამდე არასაკმარისი რგოლი ჩიტებსა და ხმელეთის ცხოველებს შორის. საქმე ის არის, რომ მეცნიერების ვარაუდით, თევზები ევოლუციის შედეგად გარდაიქმნენ ხმელეთის ცხოველებად, თუმცა ფიზიკური მტკიცებულება, კონკრეტულად კი შუამავალი თევზებსა და ხმელეთის არსებებს შორის, აქამდე არ იყო აღმოჩენილი. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ნეილ შუბინმა და ფილადელფიის ბუნებისმეტყველების აკადემიის პროფესორმა ედვარდ დეშლერმა ამ დღეებში გამოაქვეყნეს კანადის ჩრდილოეთით მიმდინარე გათხრების შედეგები, რომლის დროსაც აღმოაჩინეს უნიკალური არსება - ხმელეთის ცხოველების ოკეანური წარმომავლობის მტკიცებულება. ამ აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა თევზების წყლიდან გამოსვლის პროცესი დაახლოებით 380 მლნ ან 360 მლნ წლის წინ და მათი განვითარება ამფიბიებად, რეპტილიებად, ძუძუმწოვრებად და მეცნიერთა ვერსიით, ადამიანებადაც. "ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან იმ დროს, როცა ვაგროვებდით უამრავ მტკიცებულებას თევზებსა და ოთხფეხა ცხოველებს შორის კავშირის დასამტკიცებლად, შეუვსებელი შუალედი რჩებოდა, - ამბობს ჰანს სუესი, სმიტსონის ეროვნული მუზეუმის კვლევის დირექტორის მოადგილე, - ეს კავშირი ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მაგრამ სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ის მართლა არსებობს". არსებას ტიკტაალიკ როსეა უწოდეს და ის უეჭველად თევზი იყო, ოღონდაც ხმელეთის ცხოველის ნიშნებით. მას ჰქონდა ქერცლი, ფარფლები და ლაყუჩები, მაგრამ მას დამოუკიდებლად შეეძლო თავის შემოტრიალება, მიწაზე გადაადგილება, თითქმის ისევე, როგორც ახლა სელაპები ახერხებენ, და შეიძლება სიარულიც კი. ამ არსების რამდენიმე გაქვავებული ნიმუში იპოვეს, დაახლოებით 1.2 დან 2.7 მეტრამდე სიგრძის, მათ შორის არსების უკანა ნაწილებიც იყო. ეს იყო მტაცებელი ცხოველი, რომელსაც ფარფლებს შიგნით, თათების მსგავსი ძვლები ჰქონდა, თუმცა არც ისეთი მყარი კიდურებით, რომ სხეული მიწაზე აეწია. მისი თავი ალიგატორის თავს ჰგავდა, უკანა კიდურები კი ისეთი განვითარებული იყო, რომ მიწაზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა. არსება წყალში სხვა თევზების იკვებებოდა, მიწაზე კი, მეცნიერთა ვარაუდით, შეეძლო ნაპირზე გამოსული უხერხემლოები მიერთმია. როგორც ჩანს ცხოველს მჭრელი კბილები ჰქონდა, მისი ყბის ზომა კი 25-დან 50 სანტიმეტრამდე იყო. ყველაზე მეტად ნაპოვნი ცხოველი ნიანგს ჰგავს, ამიტომაც გაჩნდა მისი აღმოჩენის შემდეგ სამეცნიერო პრესაში სტატიები სათაურით: "ადამიანი ნიანგისგან წარმოიშვა". რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, რატომ გამოვიდნენ თევზები წყლიდან. შეიძლება, ისინი იძულებულნი იყვნენ, წყლის დაშრობის გამო ხმელეთზე არსებულ პირობებს შეგუებოდნენ, ან კიდევ კიდურები დასჭირდათ, რათა დაბინძურებულ გარემოს ხმელეთზე გარიდებოდნენ. საინტერესოა, რომ აღმოჩენილ არსებას ჯერ კლასიფიკაციაც კი არ აქვს. მას ვერც თევზს უწოდებენ ბოლომდე და ვერც ოთხფეხა ცხოველს. არ არის გამორიცხული, მან შუალედური ადგილი დაიკავოს პანდერიქტსს - დაახლოებით 385 მილიონი წლის წინ მცხოვრებ თევზსა და აკანტოსტეგას - მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე ძველ ტეტრაპოდს, 365 მლნ წლის წინ მიწაზე მცხოვრებ არსებას შორის. 229 7-ს მოსწონს
|